მთავარი»საზოგადოება»ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მომავალი მეღვინეები უცხოეთში გაივლიან სტაჟირებას

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მომავალი მეღვინეები უცხოეთში გაივლიან სტაჟირებას

2
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მხარდაჭერით, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის ინიციატივით, უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილმა. კონფერენციის მონაწილე სტუდენტებსა და სტუმრებს მიესალმნენ: იტალიიდან ვიდეოჩართვით ITER VITIS-ის პროექტის მენეჯერი პანკე ემანუელა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ქვარცხავა;  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე;
„კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქობლიანიძე.

„ეს არის პიორველი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ახალ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. კონფერენცია ეხება მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემებსა და მსოფლიოში თანამედროვე ტენდენციებს  ღვინის კულტურასა და ეთნოგრაფიას, ღვინის ბიზნესსა და მარკეტინგს, ღვინის ტურიზმს. კონფერენცია წარმომადგენლობითია რამდენადაც გვაერთაიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტებს, საქართველოსა  და საერთაშორისო მასშტაბით“ – აღნიშნა თამარ ქობლიანიძემ.

„ინტერ ვიტსი“ არის ევროპაში ერთ-ერთი კონტროლირებადი გზა, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ევროკომისიამ კი 2009 წელს აღიარა.
„ინტერ ვიტისი“ – კულტურული გზა, რომელიც ევროპაში ხელს უწყობს ღვინის, ყურძნის, ღვინო პროდუქციისა და ღვინის ისტორიის, როგორც კულტურული ფასეულობების განვითარებას.
საქართველო „ინტერ ვიტისის“ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

„ინეტრ ვიტისის“ წარმომადგენლობი საქართველოში პირველი ვიზიტით 2009 წელს იმყოფებოდნენ და პირველი პარტნიორობაც შედგა კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, თუმცა, თანამშრომლობა არ გაგრძელდა სხვადასხვა მიზეზთა გამო: „ჩვენ განვაახლეთ თანამშრომლობა „ღვინის გზის ასოციაციასთან“, გასული წლიდან კი პროფესორ თამარ ქობლიანიძესთან გვაქვს აქტიური ურთიერთობა. მადლობა მინდა გადავუხადო მას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კონფერენციის მოწყობისათვის, რამაც საშუალება მოგვცა საქართველოში დავბრუნდეთ“, – განაცხადა ვიდეოჩართვისას პანკე ემანუელამ.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საერთასორისო კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტთა შორის. კონფერენციის დასახელება ზუსტად განსაზღვრავს საქართველოსთვის იმ დარგის მნიშვნელობას, რომელსაც მევენახეობა-მეღვინეობა ჰქვია. ვაზი და ღვინო ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
ღვინის სამშობლო – ასე ამბობენ საქართველოზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღვინის უძველესი ქვეყანა. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა ველური ვაზი გააშინაურა. მრავალი დამადასტურებელი მტკიცებულება არსებოსბ იმისა, რომ სიტყვა ღვინო მსოფლიოში ქართული სიტყვისაგან გავრცელდა. ღვინის ჭურჭელი – ქვევრი და ქვევრში ღვინის შენახვა –  მიეკუთვნება ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას, რომელიც საქართველოში დღემდე შემორჩენილია. ქვევრის დამუშავება და მნიშვნელობა ქართვულ მეღვინეობაში უდიდეს ადგილს იკავებს და მისი წარმოშობა შორეულ წარსულში იწყება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი 8000 წელს ითვლის, ღვინის დაყენების ამ უძველეს მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა.

„კონფერენცია მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს მეღვინეობა-მევენახეობის დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და მის აღორძინებას ქვეყნის ისეთ ადგილებში, რომელიც ღვინის კულტურის მდიდარი ისტორიული წარსულითა და არასახარბიელო დღევანდელობით ხასიათდებიან. კონფერენციის მიზანია იზრუნოს ქართული ვაზის გენოფონდის გადარჩენაზე, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით უნიკალური ქართული ღვინოების დამზადების მეთოდოლოგიის შენარჩუნება-პოპულარიზაციაზე. უცხოური გამოცდილების საფუძველზე წაახალისოს მევენახეობა-მეღვინეობის ბაზრის შესწავლა და მათთვის მოწინავე კონცეფციების, მარკეტინგის კომპონენტის გამოყენება. ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ჩამოყალიბებას, რითაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკეთეს პერსპექტივას“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში რუსუდან ქუთათელაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანს გიორგი ქვარცხავას ინფორმაციით: „რაც ყველაზე საინტერესოა სტუდენტებისათვის, დღევანდელი წარმატებული სტუდენტები ITER VITIS-ის პროექტის მენეჯერის პანკე ემანუელას ხელშეწყობით და ჩვენი პარტნიორების დაფინანსებით გაემგზავრებიან უცხოეთში, ღვინის კერებში, სტაჟირებაზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კონფერენციის ჩატარება წინგადადგმული ნაბიჯია, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვება“.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

წინა პოსტი

„ნაციონალური ზონდერებითაა გავსებული ძალოვანი სტრუქტურები.. სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები“

შემდეგი პოსტი

„შეიძლება არ გაუცია ბრძანება, დამიზნებით ესროლათ, მაგრამ ამას ხომ ხედავდა ტელევიზიით მაინც“ (ვიდეო)