მთავარი»საზოგადოება»ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ადვოკატის უნარ-ჩვევებს პრაქტიკული საქმიანობით განივითარებენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ადვოკატის უნარ-ჩვევებს პრაქტიკული საქმიანობით განივითარებენ

0
Shares
Pinterest Google+

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტები, უახლოეს მომავალში, ადვოკატის უნარ-ჩვევების დაუფლებასა და განვითარებას პრაქტიკული საქმიანობითაც შეძლებენ.

 

ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული მიზნის მიღწევას, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარების ხელშეწყობითაა ნაკარნახევი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან კოოპერაციით გეგმავს. ორივე მხარის მზაობა, შედგეს ორმხრივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა, დღეს, სტუ-სა და ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი.

 

თანამშრომლობის მემორანდუმის ამოქმედებით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ყველა საფეხურის სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ყოველწლიური პრაქტიკული კურსი ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრსა და ეთიკის კომისიაში, რითაც მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას დააგროვებს; ასევე, მონაწილეობა მიიღოს „სავალდებულო სტაჟირების“ პროექტში და ჩაერთოს საერთო ინტერესის სფეროში შემავალ ნებისმიერ ერთობლივ აქტივობაში, მათ შორის კვლევით-სამეცნიერო თუ პრაქტიკულ საქმიანობაში, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება-ჩატარებაში.

 

თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – ქეთევან ქოქრაშვილმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა – ირაკლი გაბისონიამ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ – დავით ასათიანმა, შესაბამისი ფაკულტეტისა და ასოციაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს თანამშრომლობის მემორანდუმი გააცნეს და იმ ძირეულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ადვოკატის პროფესიისთვისაა მნიშვნელოვანი.

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

 

02.03.2018

 

წინა სტატია

ტექნიკურ უნივერსიტეტში დიანა ნაფეტვარიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

შემდეგი სტატია

წვიმა რომ წამოვა...

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.