მთავარი»საზოგადოება»ტექნიკურ უნივერსიტეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განიხილეს

ტექნიკურ უნივერსიტეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განიხილეს

0
Shares
Pinterest Google+

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვევით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დეკანებს, პროფესურასა და სტუდენტებს შეხვდნენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხილვა სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში შედგა.

როგორც შეხვედრაზე „თიბისი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ახორციელებს, რომელიც “თი ბი სი ჰოლდინგისა” და აშშ-ში ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების მიმართულებით ცნობილი დეველოპერული კომპანიის Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად სწორედ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დასახელდა.

 

მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტის მშენებლობისა და განვითარების სამუშაოები 9 ფაზას მოიცავს, ბიუჯეტი კი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.

საბოლოო ჯამში, პირველი ქართული ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გამტარუნარიანობა შესაძლებელია წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ავიდეს. მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და ანაკლიის ნავსადგურის გახსნა 2020 წელს იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტი, რომლის სიღრმე 16 მეტრი იქნება, უკვე შეძლებს ისეთი დიდი გემების მიღებას, რომლებზეც 10 000 კონტეინერი ეტევა. ამასთან, პორტის ტერიტორიის მიმდებარედ, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაც იგეგმება. პროექტის შემუშავებასა და მშენებლობაში ჩართულია მსოფლიოს წამყვანი დეველოპერული კომპანიები. ხაზარაძის თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ბოლო კარიბჭე, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს, ხელს შეუწყობს სოლიდური ინვესტიციების მოზიდვას, წარმოების განვითარებასა და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ეფექტიანობასა და უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, პორტის ამოქმედებით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ჩვენი ქვეყანა, ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, თამამად გაუწევს კონკურენციას შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, ასევე, ჩინეთს და ბალტიისპირეთს.

 

ამ ეტაპზე, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში, რომელსაც ღრმაწყლოვანი ნავსადგური არ გააჩნია. ანაკლიის პორტის მშენებლობა ასევე გულისხმობს ისეთი ინფრასტუქტურის მოდერნიზებას, როგორიცაა ავტობანები და რკინიგზა. ლევან ახვლედიანის თქმით, პორტის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც ცენტრალური კორიდორის სრულყოფილად ფორმირებას, რაც უმოკლესი დამაკავშირებელი გზა იქნება ევროპასა და აზიას შორის.

ლევან ახვლედიანის თქმით, პროექტის პირველ ფაზას 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მოხმარდება და 110 ჰექტარზე განთავსდება. ამ ეტაპზე ჩატარებულია ყველა კვლევა, მათ შორის: პორტის სრული საზღვაო აკვატორიის ზღვის ფსკერისა და სანავიგაციო ტერიტორიების შესწავლა, გეოტექნიკური სამუშაოები სახმელეთო და წყალქვეშა ნიადაგის გამოსაკვლევად, ტალღებისა და ქარის სიმძლავრისა და საპორტო ტერიტორიის რელიეფური შესწავლა, ნიადაგისა და წყლის ეკოლოგიური კვლევა, ფლორისა და ფაუნის კვლევა და ა.შ. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს ანგარიში უკვე წარედგინა.

კონსორციუმის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა ანაკლია სითის მშენებლობასა და განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ქალაქი, რომელიც 2000 ჰექტარზე გაშენდება, მზარდად განვითარებადი იქნება. პროექტის ამოქმედების შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის 60 მლრდ აშშ დოლარი დამატებითი ღირებულება და  21 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა, როგორც უმსხვილესი ჩვენს ქვეყანაში, საინტერესო და მიმზიდველია ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი პროფესურისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რადგან სწორედ ისინი არიან პოტენციურად მომავალი თაობა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში უნდა დასაქმდეს და მოემსახუროს ქვეყნის ამ სტრატიეგიულ კომპლექსს, იზრუნოს მისი ლოგისტიკური სერვისების განვითარებაზე.

 

არჩილ ფრანგიშვილის თქმით, ეს არის მუდმივი პროექტი, რომელიც ასევე განავითარებს სამეცნიერო და საინჟინრო დარგებს საქართველოში. როგორც რექტორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე უნივერსიტეტი, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს უახლესი ტიპის ჰიდრავლიკური ლაბორატორიის შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება სიმულაციისა და ფიზიკური მოდელირების განხორციელება. ლაბორატორიაში სამუშაოდ ავსტრიაში სპეციალურად გადამზადდება 40 ახალგაზრდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი ლაბორატორიითა და ამ გუნდით გეგმავს ანაკლიის პროექტის მოდელირების პროცესში ჩართვას.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

 

18.12.2017

 

წინა სტატია

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება

შემდეგი სტატია

ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.