მთავარი»საზოგადოება»ჭუჭულიას, შალიკოსა და სოფლის სასაფლაოს ამბავი

ჭუჭულიას, შალიკოსა და სოფლის სასაფლაოს ამბავი

0
Shares
Pinterest Google+

კორმაღალში ცხოვრობდა სოფლის ნამდვილი კოლორიტი, ოხუნჯობისა და იუმორის ნამდვილი შემოქმედი, საოცრად პურმარილიანი კაცი, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის გიორგი არაბიძის დიდი ბაბუა გიორგი ნიკოლეიშვილი, რომელსაც რაიონში ყველა “ჭუჭულია”-ს სახელით იცნობდა. ჭუჭულია მუშაობდა სოფლის ცენტრში მდებარე კორმაღლის საშუალო სკოლაში ყარაულად. სკოლის წინ მდებარეობს სოფლის სასაფლაო, სადაც დგას საუკუნოვანი ხეები. ამ სასაფლაოზე ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დიდი ბალახი იზრდებოდა.
იქვე სახლობდა მეზობლებთან ძალიან შეხუმრებული შალიკო ჟორჟოლიანი, რომელიც თუ კარგად არ დაფიქრდებოდი დღეში ხუმრობით ასჯერ მაინც მოგატყუებდა და შემდეგ ამაზე თვითონაც ხალისობდა და სხვებსაც ახალისებდა. ჰოდა ეტყობა ერთხელაც შალიკომ სიცილის დიდოსტატი “ჭუჭულიაც” მოატყუა …… და დაიწყო “ჭუჭულიამ” “აბაროტის” აღებაზე ფიქრი. და აი რა მოიფიქრა.
შალიკო საღამოობით ჩადიოდა ცელით ან ნამგლით სასაფლაოს ეზოში და ბალახს თიბავდა ცხოველებისათვის. “ჭუჭულია” ზაფხულს ერთ საღამოს პირას, სანამ შალიკო შეუდგებოდა თიბვას, ჩავიდა სასაფლაო ეზოში, ჩაწვა მაღალ ბალახებში და დაუწყო ლოდინი შალიკოს. ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვიდა სასაფლაოს გალავანში შალიკო და დაიწყო თიბვა. გიორგი იგივე “ჭუჭულია” შეუმჩნევლად წევს ბალახებში იმ ადგილთან ახლოს, სადაც შალიკოს მამაა დაკრძალული და როდესაც უკვე ბ-ნი შალვა შუა მუშაობაშია ბალახებში დაწოლილმა “ჭუჭულიამ”დაბალ ხმაზე დაიძახა “შალიკოოო”. შალიკომ ძახილს ყურადღება არ მიაქცია, ეტყობა ეგონა მომეჩვენაო და განაგრძო თიბვა. აცალა ჭუჭულიამ ცოტა და ახლა უკვე მეტი ხმამაღლა დაიძახა “შალიკო ბიჭოოოო”. შალიკო შეჩერდა გაიხედ-გამიხედა, შუბლზე ხელი გადაისვა, ოფლი მოიწმინდა ჩაჯდა პაპიროსი ამოიღო მოუკიდა, ცოტა ფერწასული წამოდგა და ახლა უკვე ძალზე ხმამაღლა გაისმა მიწიქვეშეთიდან: “შალიკო უნდა წაგიყვანოოო”. ამის მეტი ვეღარ გაძლო შალიკომ იფიქრა მართლა მამაჩემი მეძახის იმ ქვეყნიდანო, ფერი წაუვიდა, ხელიდან ცელი გაუვარდა და ის იყო უნდა წაქცეულიყო, რომ ბალახებიდან წამოხტა ჭუჭულია მივიდა, ხელი მოკიდა შალიკოს და უთხრა: “ნუ გეშინია შალიკო მე ვიყავი ის, რომ იძახოდა აწინ შენი წამყვანი იქით ას წლამდე არავინააო”. მოსულიერდა შალიკო და ჭუჭულიას უთხრა: “გადამიხადე ხო შე ოხერო სამაგიერო და მიაყოლა ჰომერული სიცილი”.
მოხვია ჭუჭულიამ ხელი შალიკოს წაიყვანა სოფლის ჭის მახლობლად მდებარე საკუთარ ჭურისთავზე. მალე კოკით წყლის ასაღებად მისულნიც შემოემატნენ მათ და თითქმის დილამდე ისმოდა გიორგი ნიკოლეიშვილის იგივე ჩემთვის “ჭუჭულია ბიძიას” ჭურისთავიდან ტკბილი “მრავალჟამიერი” და “ოცდახუთი ჭუკი მყავდა”……
ახლაც ორივე ერთად განისვენებს იმ სამარადისო განსვენების ადგილას, სადაც წუთისოფელში არსებობის არცთუისე დიდი არსებობის ჟამს ასე ეოხუნჯებოდნენ ერთმანეთს.

ავტორი ედიშერ გვენეტაძე

წინა სტატია

რას ყვება 14 წლის ბიჭი, რომელსაც ISIS-ის ტერორისტებმა ხელ-ფეხი მოკვეთეს?

შემდეგი სტატია

ბაბუჩემის, სიმინდისა და ფოსტალიონის ამბავი