Slider

„სოციალურ დახმარებას უწყვეტენ ყველაზე გაღატაკებულ კატეგორიას, რომელიც არც ოცნებასთან და არც ნაცმოძრაობასთან არ მოიაზრება“

„პროგრესნიუსს“ „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი ესაუბრა:

_ ორი კვირის წინ ჩვენმა ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოხდეს აფხაზეთის მთავრობის თბილისიდან ზუგდიდში თავისი სტრუქტურებიანად გადაყვანა. მაშინ, როდესაც აფხაზეთში დარჩენილი ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია და არც აფხაზეთიდან დევნილებს ულხინთ, არ შეიძლება აფხაზეთის მთავრობა 500 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთ საქართველოში  იყოს. მოსახლეობას დახმარება ჭირდება და მთავრობა ახლოს უნდა ჰყავდეს.
_  დევნილების უდიდესი ნაწილი თბილისში ცხოვრობს, ამიტომ აფხაზეთის მთავრობის დედაქალაქში ყოფნასაც თავისი არგუმენტები აქვს.

_  თბილისში გადანაწილებულ დევნილებზე სახელმწიფო ზრუნავს და სხვებთან შედარებით, მეტი ყურადღება აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონში მცხოვრებლებზე. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. სურამში, ჭერის ჩამოვარდნას რომ ყოველ წუთს ელოდებიან და წყალი და შუქი ენატრებათ, ისეთ დანგრეულ სანატორიუმში, 28 წელი იცხოვრა ინფარქტგადატანილმა, ინვალიდმა კაცმა, ალიოშა ლომსაძემ ინსულტიან ცოლთან ერთად. ყველამ იცოდა, რომ ამ  სანატორიუმიდან 25 ოჯახისთვის ბინა უნდა გადაეცათ და პირველი  ეს ოჯახი უნდა ყოფილიყო. დეკემბერში დაიწყეს ბინების დარიგება, სხვას მისცეს და ეს ოჯახი ისევ ნანგრევებში დატოვეს. ინსულტიანმა ცოლმა იმდენი ინერვიულა, რომ ხაშურის კლინიკაში კვირაობით იწვა, ქმარი კი ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა და რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. სად იყო ამ დროს აფხაზეთის მთავრობა? რატომ არ იბრძოლა ამ ინვალიდების ინტერესებისთვის? ცნობისთვის, ავადმყოფი ცოლი დღემდე სურამის სანატორიუმის ნანგრევებშია დარჩენილი კიდევ ერთ ოჯახთან ერთად.  სხვებმა კი იცვალეს და იცვალეს ბინები. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში დევნილებისთვის ბინების გადაცემაც და სოციალური შემწეობების დარიგებაც შერჩევით ხდება.  ორი წელია ვიბრძვით, რომ სოციალური დახმარებების თანხები გადაისინჯოს, რადგან უმრავი ადამიანი ამ დახმარებას უსამართლოდ იღებს. რამდენიც გნებავთ, იმდენ კონკრეტულ მაგალითს დაგისახელებთ.  ერთ-ერთ რეგიონში სოციალური დახმარება აქვს დანიშნული ოჯახს, რომელსაც ბიზნესები აქვს, ჯიპით მოძრაობს და ორსართულიან სახლში ცხოვრობს. ეს ოჯახი წინა ხელისუფლების დროიდან, ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულია და დღემდე ვერავინ ეხება. იცით, რომელ კატეგორიას უუქმებენ დახმარებას? ე.წ. უპატრონოებს, მიწასთან რომ არიან გასწორებული.
_ ამ ოჯახის შესახებ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თუ აცნობეთ?
_ ასეთი მონაცემები შესაბამის სტრუქტურებს ბევრჯერ მივაწოდეთ, მაგრამ ყური არავინ გაიბერტყა. გუშინწინაც დაგვირეკა 9 აპრილს მოწამლულმა ქალბატონმა, რომელმაც სახლ-კარი დაკარგა, ქუჩაში ზის და სოციალურ დახმარებასაც უუქმებენ. წარმოიდგინეთ, სოციალურ დახმარებას უწყვეტენ ყველაზე გაღატაკებულ კატეგორიას, რომელიც არც „ოცნებასთან“ და არც ნაცმოძრაობასთან არ მოიაზრება. ყველა პარტიას აღრიცხული ჰყავს თავისი კოორდინატორები და მხარდამჭერები და „უპატრონოები“ ასე, ჰაერში არიან გამოკიდებულები. თუნდაც ტრაგედია, რომელიც ბაღდათში მოხდა. აფხაზეთიდან დევნილი, მრავალშვილიანი დედის, მზისა ჯიჯელავას 10 სულიანი ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას თვეში 500 ლარამდე ოდენობით. ამიტომ არ მჯერა, რომ გორგაძების  ოჯახი 1300 ლარიან დახმარებას იღებდა. რაში უნდა ეყოს 500 ლარიანი დახმარება მრავალშვილიან ოჯახს, როდესაც ექიმთან უბრალო კონსულტაცია 50 ლარი ღირს,  პროდუქტები და მედიკამენტები ლამის ყოველ დღე ძვირდება და 5 თეთრიანი სამედიცინო ნიღბებიც კი 50 თეთრი გახადეს.
_  როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძე უმუშევრობის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის.ჩემთვის მიუღებელია, რომ 40 -50 წლის ჯანღონით სავსე ადამიანები წლების განმავლობაში, სოციალურ შემწეობას იღებდნენ – განაცხადა მან ჯანდაცვის მინისტრის საპარლამენტო მოსმენაზე.
_დიახ მიუღებელია, როცა ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები წლების მანძილზე სოციალურ შემწეობას იღებენ, მაგრამ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ასეთი ასაკის და კატეგორიის დასაქმებას და ამის მაგალითებიც გვაქვს. რამდენიმე დღის წინ, სამშენებლო კომპანიას 50 წლის მამაკაცის დასაქმებისთვის მივმართეთ, მაგრამ გამოცდილებას ითხოვენ და არაფერი გამოვიდა. ასე, რომ სამუშაო რომ იყოს, ამ ადამიანებს დახმარება არც დაჭირდებოდათ.

_  საუბრის ბოლოს, იქნებ გვითხრათ რა შედეგი მოჰყვა აფხაზეთის მთავრობისთვის ლოკაციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილს? _  ჩვენ მივიღეთ წერილი აფხაზეთის მთავრობის მხრიდან, სადაც ამიტომ ხვალ ვაპროტესტებთ ამ წერილს და დაჟინებით მოვითხოვთ აფხაზეთის მთავრობა თავისი სტრუქტურებით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდეს. ჩვენს წერილზე პასუხად მივიღეთ, რომ  შევარდნაძის პარლამენტმა ასე დაადგინა და თანხების დაზოგვისა და პოლიტიკური აქტივობებისთვის ასე ჯობს. რაღა დროს შევარდნაძის პარლამენტის დროინდელი დადგენილებაა, როცა დღეს სრულიად სხვა მოცემულობაში ვცხოვრობთ? ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და აფხაზეთის მთავრობის ზუგდიდში გადასვლის მოთხოვნით საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close