მთავარი»საზოგადოება»“სკოლაში ფულის აგროვება არის უკანონობა და არავის აქვს უფლება მშობლები დაავალდებულოს“

“სკოლაში ფულის აგროვება არის უკანონობა და არავის აქვს უფლება მშობლები დაავალდებულოს“

8
Shares
Pinterest Google+

სწავლის დაწყების წინ კლასების მოწესრიგებისთვის მშობლები ხშირად აგროვებენ თანხას და ბევრი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ამ თემას ორგანიზაცია  “მშობლები განათლებისთვის”  აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავშუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“არსებობენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებსაც სხვა და სხვა მიზეზით არ სურთ ან არ შეუძლიათ სკოლისთვის იყიდონ ფარდები, წემო-ცემენტი, თავისი ხელით შეღებონ სკოლის კედლები, დახეხონ საკლასო ოთახები, მერხები, სკამები და ა.შ. ეს მშობლები და მათ შორის, მეც, ვთვლით, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლის შენობების თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან გათანაბრება, მისი მოვლა-პატრონობა, დასუფთავება-დალაგება.

 თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება არ ყოფნის სკოლისთვის ფარდების თუ სხვა წვრილმანების ყიდვას, მაშინ უნდა თქვას, რომ სჭირდება მშობლების დახმარება და ერთად ვიმსჯელოთ, 5-5 ლარი შევაგროვოთ, ზოგადი განათლების დაფინანსება გადავანაწილოთ სხვანაირად თუ საერთაშორისო დონორებს ვთხოვოთ სკოლების დალაგებაში დახმარება.

არავის, დედამიწის ზურგზე არ აქვს უფლება, ზემოთ ნახსენები მშობლები დაავალდებულოს და დაამუნათოს, რომ მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ფულის აგროვებაში, რომელიც ხდება ხელზე და არ აღირიცხება სკოლის საბანკო ანგარიშზე და შემოსავლებში.

არც სხვა მშობლებს!
არც მასწავლებელს!
არც დირექტორს!

თუ ისინი (ხალისით) არ დებენ 5-5 ლარს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მშობლები არიან უყურადღებოები, არ უყვართ თავიანთი შვილები ან არ აღელვებთ ფარდებიან ოთახში იჯდება მისი შვილი თუ უფარდებოში. ეს

ნიშნავს, რომ ისინი მასშტაბურად უყურებენ პრობლემას. არ აპირებენ სხვის მაგივრად პასუხისმგებლობის აღებას და არ სურთ თანხების არალეგალურ ბრუნვაში გარიონ ხელი.

ვიცი, ყველა დირექტორი იტყვის, რომ მის სკოლაში მშობლებს არავინ არაფერს აძალებს.
ვიცი, რამდენი შრომა უწევთ მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყების წინ, კლასი რომ ოდნავ მოწესრიგებული დაახვედროს მოსწავლეებს.
ვიცი, რომ დამლაგებელს ახლა გაუზარდეს ხელფასი, მაგრამ მაინც უმცირესია და ვერ აუდიან სკოლის უზარმაზარი შენობების დალაგებას. ამიტომ ძირითადად შემოიფარგლებიან დერეფნებით, სველი წერტილებით და საკლასო ოთახებამდე შეღწევის დრო და ენერგია აღარ არსებობს.
ვიცი, ყოველთვის გამოჩნდება მშობელი, რომელიც იტყვის, რომ სკოლა არაფერ შუაშია, მშობლებს სურთ ფულის შეგროვება შვილების კეთილდღეობისთვის.

რადგან პრობლემა რეალურად დგას და რადგან ასე გვაწუხებს მშობლებს საჯარო სკოლის შენობის მოწყობისა და დასუფთავების საკითხები, არსებობს პრობლემის მოგვარების ორი ლეგალური გზა.

  1. ზოგადი განათლების შესახებ კანონში არსებობს ასეთი მუხლი 51. ის გულისხმობს, რომ საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრები. მათ შორის, შემოწირულობები, რომლებიც მოხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. შემოწირულობის მსურველ მშობლებს შეუძლიათ შექმნან დამოუკიდებელი ფონდი, რომლის საშუალებითად დაეხმარებიან სკოლას პრობლემების გადაწყვეტაში. ფონდში თანხის ჩარიცხვას შეძლებს ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის მშობელი, დონორი ორგანიზაცია თუ თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც მშობლები დააყენებენ პრობლემას და მოითხოვენ მათი შვილების პრობლემების გადაწყვეტას. ფონდი იქნება დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ყველა გადარიცხვა აისახება სკოლის ბიუჯეტში. ეს იქნება მშობლების მხრიდან ყველაზე სწორი და მართებული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ფონდს შექმნიან ის მშობლები, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს და ის არ იქნება საყოველთაო. (კლასის ფონდი რომ იყო 90-იანებში ეგ არ იგულისხმება)
  2. მშობლებმა ერთად, ღიად და პრინციპულად მოსთხოვონ სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და თვითმმართველობის ორგანოებს სკოლების მოწყობა, მოვლა-პატრონობა.

ეს ვითომ გულის ტკივილები და 5-5 ლარის აგროვება, არის უკანონობა და თუ ვინმეს პირით შემოგითვლიან, რომ ფული გროვდება, მშვიდად უთხარით, რომ სხვა დროს არ შეგაწუხონ ამ საკითხზე, რადგან ეს არ არის პრობლემის მოგვარების ლეგალური გზა და ამით დიდი არაფერი იცვლება თქვენი შვილებისთვის. არ აღელდეთ და მშვიდად, მაგრამ ძალიან პრინციპულად დაიცავით თქვენი პოზიცია.
ცამდე მართალი ხართ, უმცირესობაში მყოფო მშობლებო.” – წერს მეგი კავთუაშვილი.

mshoblebi.ge

წინა სტატია

ფილიპინების პრეზიდენტი მოქალაქეებს უფლებას აძლევს, ესროლონ იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ქრთამს მოითხოვენ

შემდეგი სტატია

ერთ დღეს შეწყვეტილი სიცოცხლე - 5 ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია