მთავარი»Slider»„შენელებული მოქმედების ნაღმები“ – რა საფრთხეებს შეიცავს ყარსის ხელშეკრულება საქართველოსთვის?

„შენელებული მოქმედების ნაღმები“ – რა საფრთხეებს შეიცავს ყარსის ხელშეკრულება საქართველოსთვის?

18
Shares
Pinterest Google+

2021 წელს, 100 წელი უსრულდება ქალაქ ყარსში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელსაც საზოგადოება ყარსის ხელშეკრულებით სახელით იცნობს და 1921 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ყარსში გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელს აწერენ: თურქეთი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები.
თურქეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ მუსა ქიაზიმ ყარაბექირი, დეპუტატი მუხტარ ბეი, აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი. რსფსრ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი. საქართველოს სსრ-ს წარმოადგენდნენ შალვა ელიავა, საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი დასამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი; ალექსანდრე სვანიძე საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა. სომხეთის სსრ-დან მონაწილეები იყვნენ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი და შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი. აზერბაიჯანის სს რესპუბლიკას წარმოადგენდა სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი.
მოლაპარაკები გაიმართა ყარსის ვალის რეზიდენციაში.
მოლაპარაკებები ეხებოდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რაც მთავარია, საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი. საქართველოსთვის ეს ეხებოდა ბათუმის ოკრუგის სამხრეთ ნაწილს, აგრეთვე ართვინის ოკრუგს (მთლიანად) და არტაანის ოკრუგის ჩრდილოეთ ნაწილს. სომხეთისთვის ეს იყო ყარსის ოლქი ყაგიზმანითურთ და არტაანის ოკრუგის სამხრეთ ნაწილი, აზერბაიჯანისთვის კი ნახჭევანი. მოლაპარაკებები ორ კვირას გრძელდებოდა. საბოლოო შეთანხმება შედგა 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს.
ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს გადაეცა ყარსი, არდაგანი და ართვინი, ხოლო საქართველოს საზღვრებში მოექცა ბათუმი. ამ დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ხელშეკრულებაში, რომლის ორიგინალი ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი, არ არის არავითარი ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
ამასთანავე, საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 25 მარტის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები “დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ შეთანხმებას ტერიტორიების განაწილების თაობაზე.
საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1992 წელს აღიარა ყარსის ხელშეკრულება.
რა საფრთხეებს შეიცავს დოკუმენტი საქართველოსთვის?
პროგრესნიუსს“ ისტორიკოსი ანზორ სიჭინავა ესაუბრა:

_ დღევანდელი მდგომარეობით, ყარსის ხელშეკრულება მოქმედი არ არის.  ამასთან, სახელმწიფო, რომელმაც ხელშეკრულება დადო ანუ საბჭოთა კავშირი, აღარ არსებობს. ჩვენ, როგორც გაეროს წევრმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ვცანით თურქეთის სახელმწიფო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა თავის საზღვრებში. ასევე, გვცნო თურქეთმა ჩვენ ჩვენს შემადგენლობაში, აზერბაიჯანის სახელმწიფომ ჩვენს შემადგენლობაში და სომხეთის სახელმწიფომ ჩვენს შემადგენლობაში. ასე, რომ საზღვრებთან მიმართებაში და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ძველი დოკუმენტი ძალადაკარგულია და ვერაფერს შეცვლის. სამართალშიც ასეა. ადრე მიღებულ კანონს აბათილებს გვიან მიღებული კანონი. რუსეთის სახელმწიფომაც ცნო საქართველო, როცა გაეროს წევრი გახდა, თურქეთმაც, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც. ჩვენც ჩვენი მხრიდან ვცანით ეს სახელმწიფოები იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც გაეროს მიერ არის ცნობილი და აღიარებული. ამიტომ ვიმეორებ, რომ ყარსის ხელშეკრულება დღევანდელ ვითარებას ვერაფრით შეცვლის.
_  დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან, აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანა დაიწყეს, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო ძაბავს.
_ ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად დადგა. მაშინ ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ – მსოფლიო ერთიანდება და საზღვრები საჭირო არ არისო. თანაც, მოსკოვის გადაწყვეტილებით, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო გაერთიანებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საზღვრების დადგენას განსაკუთრებულ  მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. სწორედ ამიტომ იმ ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ბუნებრივად საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო , ქართული კულტურული ფასეულობა და ქართველი ხალხის შექმნილი გახლავთ, მოექცა დღევანდელი აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ადრეც იყო ამაზე საუბარი და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები ცდილობდნენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეთანხმებას. ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ჩვენი სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც დღევადელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა. იყო საუბარი იმაზეც, ეს ნაწილი რომ ჩვენს საზღვრებში მოქცეულიყო, სანაცვლოდ, სხვა ტერიტორია შეგვეთავაზებინა და ამით აზერბაიჯანელების ინტერესების დაკმაყოფილება მოხდარიყო. ეს ისტორიული სამართლიანობა არ არის, მაგრამ ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირმა შექმნა ეს რეალობა და ამ რეალობას ძალიან ძნელია გადააბიჯო, იმიტომ, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ ვითარებას იყენებს და არ უნდა, რომ დაზარალდეს.
_ გამოდის, რომ მთლიანად აზერბაიჯანული მხარის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული?
_ კეთილ ნებაზე არა, ფაქტობრივად ეს არის საზღვრები.  მე ზუსტად რომელი ნაწილია ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ეს საზღვრისპირა ტერიტორია დღესაც კი არ არის დადგენილი და გამიჯნული. საზღვარი რომ არის, იქ საზღვრის აღმნიშვნელო ნიშნული უნდა იყოს, რაც არ არის  ან თუ არის, არაკვალიფიციურად არის გაკეთებული, ამიტომ ეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების საგანი უნდა გახდეს. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ. ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. სხვა გზა არ არის, სხვა გზა ცუდი გზაა..

 

წინა სტატია

მეცნიერებმა შექმნეს მინერალი, რომელსაც ატმოსფეროში CO2-ის შთანთქმა შეუძლია

შემდეგი სტატია

ხანძარი იერუსალიმთან - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.