მთავარი»Slider»შალვა შავგულიძის ბრწყინვალება და სიღატაკე

შალვა შავგულიძის ბრწყინვალება და სიღატაკე

11
გაზიარებები
Pinterest Google+

 

პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა: „უხერხულობას ნამდვილად არ ვგრძნობ და, პირიქით. იმ მოსამართლეებს, რომლებმაც დააშავეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მათ აბარებს სასამართლო ხელისუფლებას დღეს „ქართული ოცნება“.
❗რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებზეც მაგიურ ძალას ახდენს გვარები, განსაკუთრებით ერთი გვარი – მურუსიძე და ეს ძალიან კარგად იცის ამხანაგმა შავგულიძემ. ამიტომაა, რომ სწორედ მოსამართლეებზე, უფრო სწორად, ერთ გვარზე აპელირებს! მით უმეტეს, რომ ეს მოსამართლე ცოტა ხნის წინ უვადო ვადით დაინიშნა მოსამართლედ.
დიახ, მურუსიძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს მიუსაჯა არაადეკვატურად დაბალი სასჯელი და ჩვენ, რიგით ადამიანებს, რომლემბმაც ვიცით კითხვა (წერაც), მაგრამ არ ვიცით კანონი, ეს განაჩენი მიგვაჩნია მურუსიძის მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევად!
ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან მართლები ვართ – სახეზეა მკვლელობა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაიდინა, ფაქტია! თუმცა, ეს მკვლელობა ორმაგად მძიმეა, რადგან ის მოქმედმა ჩინოსნებმა ჩაიდინეს და ჩვენ ვიცით, რომ ამ დროს კანონი სრული სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს, ამიტომ ჩვენ მართლები ვართ როცა მურუსუძის გვარი, რბილად რომ ვთქვათ, გვაღიზიანებს.
დიახ, მურუსიძემ საქართველოს სახელით, მოქმედ ჩინოსნებს, არაადეკვატურად დაბალი სასჯელი მიუსაჯა ჩადენილი სასტიკი მკვლელობისთვის!
ეს შესავალისთვის (ასე ვთქვათ), ახლა მთავარი:
შალვა შავგულიძე ამბობს: „ევროპულ საქართველოში“ წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები აღიარებენ, რომ მაშინ ცუდი იყო, რომ მათ მიერ იმართებოდა სასამართლო ხელისუფლება”… ამასობაში, “ევროპიელებს” არჩევანი მოუწონეს “ნაციონალებმა” და მათაც შავგულიძეს დაუჭირეს მხარი.
მათ მოინანიეს, – თქვა შავგულიძემ, – სანდრო გირგვლიანის და გირგვლიანების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული.
ჩემო მეგობრებო (ფრენდებო), თქვენ მოისმინეთ სადმე ეს მონანიება? ან რას ნიშნავს მონანიება, როცა სანდრო გირგვლიანის ოჯახი აღარ არსებობს. როცა სანდროს მკვლელობას შეეწირა მისი გამზრდელ-აღმზრდელი – სრულიად ოჯახი? აქ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხომ სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე ვსაუბრობთ და არა რიგით მკვლელობაზე, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, კვირაში რამდენჯერმე ხდება.
მაგრამ ეს ემოციაა და ცოტა ხნით გადავდოთ.
მთაწმინდის მაჟორიტარობაზე მეოცნებე იურისტი შალვა შავგულიძე ტყუის! ის ძალიან კარგი იურისტია და ძალიან კარგად იცის, რომ ცალკეული გვარები გირგვლიანის საქმეში, არაფერია!
სიმართლე კი ისაა, რომ მურუსიძე სხვაგვარად მართლა ვერ მოიქცეოდა:
სწორედ იმ ადამიანებმა, ვინც გუშინ შავგულიძე “დეპუტატის ვაკანსიაზე” მთაწმინდის ოლქში წარადგინეს და მხარი დაუჭირეს, სპეციალურად სანდრო გირგვლიანის საქმის გამო, შეიტანეს კანონში ცვლილებები, დაამატეს მუხლები და ასე დაიცვეს სანდრო გირგვლიანის მკვლელები შესაბამისი სასჯელისაგან.
და, ეს კარგად იცის შალვა შავგულიძემ, იმიტომ რომ, სწორედ ის აპროტესტებდა ამ კანონცვლილებას და ის, კანონის მიღების პროცესში, წინასწარ ამბობდა, რომ მოსამართლეს სხვა გზას არ უტოვებს კანონი, გარდა იმისა, დაბალი სასჯელი მიუსაჯოს ბრალდებულებს!
ის ადამიანები, ვინც თურმე მოინანია და ამიტომ შავგულიძე “უხერხულობას არ გრძნობს”, იყვნენ დეპუტატები, რომელთაც გირგვლიანის საქმიდან მკვლელების დასახსნელად ყველაფერი გააკეთეს!
და, როცა, გირგვლიანის მკვლელები ციხიდან “პრაგულკაზე” კუს ტბაზე კაფეში კოფეს დასალევად, ან სხვაგან გაჰყავდათ, შალვა შავგულიძე ამას აპროტესტებდა!
მე მახსოვს (ალბათ სხვებსაც), რომ შალვა შავგულიძე კანონში შეტანილ უსამართლო და უკანონო ცვლილებებსაც აპროტესტებდა.
მაშ, რატომ ახსენებს დღეს, შალვა შავგულიძე მხოლოდ მურუსიძეს? რა დააშავა მურუსიძემ? კანონი მიიღეს შავგულიძის დღევანდელმა მეგობრებმა (და, ვინ იცის იმჟამინდელმაც) და მურუსიძემ შეასრულა! რა უნდა ექნა მურუსიძეს, გადამდგარიყო?
მკვლელებთან შამპანურის დალევა თუ შეიძლება, რაც სხვათა შორის, “ადვოკატურში არ ჯდება”, მურუსიძე რატომ უნდა წასულიყო სამსახურიდან, სხვას ვერავინ განიხილავდა გირგვლიანის მკვლელების საქმეს ბოლო ინსტანციაში?
ხაზგასმით: ბოლო ინსტანციაში!
აქვე, არ დაგავიწყდეთ, მურუსიძემ ხაზგასმით თქვა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოადგინა, როცა შავგულიძემ არ გაასაჩივრა, საჭირო დროს და საჭირო მომენტში, საჭირო ვადებში, ის, რაც გასასაჩივრებელი იყო! რაზედაც შავგულიძემ ძალიან უსუსური პასუხი გასცა!
საოცრად ვბრაზდები, როცა შავგულიძეს გვარებზე გადააქვს შექმნილი სიტუაციის მთელი სიმძიმე. გვარები კი არა სისტემა, სისტემააა… სისტემა, რომელიც დღეს შავგულიძეს უჭერს მხარს!
ყველაზე მთავარი, გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში ჩართული იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც კანონში სპეციალური დამატებები შეიტანეს, სპეციალურად გირგვლიანის საქმისთვის! და ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ, დალია შამპანური…
და დღეს ეს დეპუტატები, შალვა შავგულიძეს, სასტიკად მოკლული სანდრო გირგვლიანის და ტრაგიკულად ამოწყვეტილი გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს, უჭერენ მხარს. თავად ადვოკატი კი უხერხულობას არ გრძნობს.
თუმცა, რა უნდა ვილაპარაკოთ, პროკურორადაც ხომ იგივე ხალხმა წარადგინა – სამართლიანობის აღსადგენად!

პ.ს. რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას “კოლექტიური ზარდიაშვილების”, “კოლექტიური მურუსიძეების” თუ სხვათა წინააღმდეგ და რატომ არ გააკეთა, ამას სხვა დროს მოგახსენებთ…

დარეჯან მეფარიშვილი

 

 

წინა პოსტი

გაიგეთ მეტი - ციური სხეული - შავი ხვრელი 

შემდეგი პოსტი

ცესკომ გამოაქვეყნა იმ პარტიების სია, რომელთაც სურვილი გამოთქვეს შუალედური არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა