მთავარი»საზოგადოება»საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს სიმდიდრე

საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს სიმდიდრე

2
Shares
Pinterest Google+

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წავიკითხე: „ბერიამ თბილისის ცირკის ქვეშ უზარმაზარი საცავი ააშენებინა, სადაც მსოფლიოში არსებული ყველა მცენარის თესლი ინახებოდა. სწორედ ლავრენტი ბერიას მოუვიდა თავში, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში, რომ მსოფლიოში არსებული ყველა მცენარის საცავი შეექმნა. დღესდღეობით მსოფლიოში ორი ასეთი საცავია: ერთი რუსეთში, მეორე კი – ნორვეგიაში. 1935-1939  წლებში ბერიას ინიციატივით თბილიში  ცირკი აშენდა. პროექტის ავტორები არქიტექტორები ნიკოლაი ნეპრინცევი, ვლადიმერ ურუშაძე და სერგეი საგუნეცი იყვნენ.

ურუშაძე იგონებდა: ბერია კაბინეტის შუაგულში შემეგება, ხელი ჩამომართვა, და მაგიდისკენ მიმითითა.

_ პირადად ხომ არაფერი გინდათ?…აი მაგალითად – ოჯახში. როგორ დავიჯერო რომ პატარა თხოვნაც არ გაქვს ჩემთან?

_ ნამდვილად არა ამხანაგო ბერია.

_ კარგი…. მაშინ მე მაქვს ერთი თხოვნა შენთან და კარგად მომისმინე. გავიკითხე და მითხრეს, ურუშაძეზე უკეთ საქართველოში ბუნკერებს ვერავინ აშენებს. სულ მალე ახალი ცირკის მშენებლობას ვიწყებთ. პროექტის ავტორები ნეპრინცევი და საგუნეცი არიან. იცნობ ალბათ….

_ დიახ, კარგად ვიცნობ მათ და კარგი სპეციალისტები არიან.

_ ჰოდა, ძალიან კარგი. ესე იგი არჩევანში არ შევმცდარვარ. მინდა შენც ჩაერთო ამ პროექტში და ფუნდამენტთან ერთად სანამ მთავარ შენობას ამოიყვანენ, უზარმაზარი ბუნკერი ააშენო იქ. ეს შესაძლებელია ტექნიკურად?

_ დიახ. შესაძლებელია. ბუნკერი თავდაცვითი ნაგებობა უნდა იყოს?  _ არა. ის უნდა იყოს სხვადასხვა მცენარის, მარცვლეულისა და მსგავსი ჯიშების საცავი, რა თქმა უნდა მათი უსაფრთხოდ შენახვის ყველა წესის გათვალისწინებით, იცოდე, იქ შენახულმა ყველა მცენარის თესლმა მინიმუმ 1000 წელი უნდა გასძლოს“…

1937 წლისთავის 40 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული, ორსართულიანი ბუნკერი მზად იყო. ის 80 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა და საკმაოდ უნიკალური ნაგებობა გამოვიდა. ჰქონდა ორი შენიღბული შესასვლელი – სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გვირაბში სატვირთო მანქანა ეტეოდა. ობიექტი პირადად ბერიამ ჩაიბარა ურუშაძისგან. ცირკის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა თერმულმა ბუნკერმა ფუნქციონირება დაიწყო და მასში სატვირთო მანქანებით შეჰქონდათ სპეციალური ყუთები. თითოეულში 100 კილოგრამი საჯიშე თესლი იყო მოთავსებული. პირადი ნომერი ჰქონდა დაშტამპული და შესაბამის ადგილზე ინახებოდა. ბუნკერის ზედამხედველი „ჩეკას“ მეორე რანგის კომისარი  დომენტი სურგულაძე იყო. „დომენტი, ხომ იცი გენდობი და იცოდე ერთი მარცვალიც რომ გაგიფუჭდეს ჩემს გაბრაზებას არ ექნება საზღვარი“, – აფრთხილებდა ბერია. იმ დროს რაც მთელს მსოფლიოში მცენარის თესლი არსებობდა  თბილისის ცირკის საიდუმლო ბუნკერში მოიყარა თავი. 1956 წელს კი, როცა ხრუშჩოვმა სტალინი კულტად გამოაცხადა, მაისის ერთ დილას „კაგებეს“ ოფიცრები მოვიდნენ და იქაურობა დალუქეს – ურუშაძე კი დაკითხვაზე წაიყვანეს. სამი დღის შემდეგ ბუნკერიდან მისი შიგთავსის გამოტანა დაიწყეს. ერთ კვირაში ყველაფერი გამოზიდეს და მოსკოვში გადაიტანეს – რაც თითქმის ოცი წლის განმავლობაში სათუთად გროვდებოდა. ბოლოს ბუნკერის ორივე კარი საიმედოდ ამოქოლეს და ეს ორსართულიანი, უნიკალური ნაგებობა მტკვრის წყლით აავსეს. მრავალი უნიკალური ჯიშის მცენარის თესლის დიდი რაოდენობით მოსაპოვებლად – სხვადასხვა ქვეყანაში ჩეკისტური ოპერაციების ჩატარება გახდა საჭირო. მათ შორის ისეთ შორეულშიც,  როგორიც ბრაზილია და ამერიკის შეერთებული შტატებია. სწორედ ბრაზილიიდან ჩამოიტანეს უნიკალური ლურჯი ქლიავის კურკები, რომელიც დღეს უკვე თითქმის გადაჯიშებულია და მხოლოდ მიუვალ ჯუნგლებში გვხვდება. მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და ბევრ დაავადებას კურნავს. 30 – იან წლებში ამ მცენარის კურკები ოქროზე ძვირად ფასობდა. სპეციალურ აღრიცხვაზე იყო და ქვეყნიდან მისი გატანა სიკვდილით ისჯებოდა. ბერიას ჩეკისტებმა კი ბრაზილიიდან 109 კილოგრამი ლურჯი ქლიავის კურკა ჩამოიტანეს და თბილისის ცირკის ბუნკერში შეინახეს. ისეთივე ჩეკისტური მოხერხებულობით ჩამოიტანეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან – 100 კილოგრამი ყველაზე მაღალი ხის – ამერიკული სეკვოიას თესლები, რომლის გატანა ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონით დღესაც მკაცრად ისჯება“.

ეს საინტერესო ისტორია, რამდენიმე დღის წინ ისევ ამომიტივტივდა, როცა სრულიად შემთხვევით შევხვდი ძალიან საინტერესო ქალბატონს…

„სამკურნალო, არომატული, სანელებელი, საღებავი, თაფლოვანი და შხამიანი მცენარეების გენეტიკური რესურსის ბიომრავალფეროვნება საქართველოში“, – ზუსტად ვიცი, რომ ამ პროექტის შესახებ საქართველოს მოსახლეობის 99%-მა არაფერი იცის. სტატიის კითხვის დაწყებისას, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი იტყვის – რა დროს ესაა. არადა, სწორედ რომ დროულია! ჯერ კიდევ არ არის გვიან! დარგს, რომელსაც შეუძლია საქართველოს მილიონები მოუტანოს, ხოლო ქართველ ხალხს ჯანმრთელობა ქიმიური პრეპარატებით კი არა, ბუნებრივი რესურსით შეუნარჩუნოს, ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, შველა სჭირდება!

თამარ კაჭარავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის – „ბიომრავალფეროვნება და ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევები“-ხელმძღვანელი, ბიოტექნიკური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი:

_ ეს არის მიმართულება, რომელიც სწავლობს საქართველოში არსებულ სასარგებლო მცენარეებს, რომელთაც სამკურნალო დანიშნულების გარდა, გააჩნიათ არომატული, სანელებელი, თაფლოვანი, შხამიანი  უნარები. ნებისმიერი მცენარე გარკვეული ნორმით არის სამკურნალო საშუალება.

_ საქართველოში, როგორც ვიცი, არის მრავალფეროვანი ბაზა, ათვისებულია?

_ არ არის ათვისებული. საქართველო 1994 წელს შეუერთდა რიო დე  ჟანეიროს მრავალფეროვნების კონვეციას და ამ დროიდან დაიწყო ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება. სამართლიან გამოყენებას და განაწილებას დაცვაც უნდა ახლდეს თან, ამიტომ 1996 წელს, აგრარულ უნივერსიტეტში, პროფესორ კოროხაშვილის მიერ,  ჩამოყალიბებულ იქნა სასწავლო მიმართულება – სამკურნალიო მცენარეების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები, სადაც პროფესორმა მეც მიმიწვია.

_ ესე იგი, გვაქვს აუთვისებელი ბაზა.

_ დიახ და ამ ბაზას დაცვა ხომ ჭირდება? გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს დაცვა, ეს კი გულისხმობს ბიომრავალფეროვნების პლანტაციების წარმოქმნას. სამრეწველო პლანტაციების წარმოქმნას მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების დამუშავებაა საჭირო.

_ აი, სწორედ ეს არის პრობლემა?

_ დიახ.

_ კარგით, ათვისებულს როგორ იყენებს წარმოება?

_ წარმოება, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ითვისებს.

_ იმიტომ რომ არა გვაქვს?

_ დიახ. ძირითადად ათვისება ხდება ნედლეულის სახით – საქართველოდან გააქვთ ნედლეული.

_ და უკან ჩვენი სიმდიდრე გვიბრუნდება დამუშავბებუილ-შეფუთული.

_ დიახ. კატაბალახა, მანდაგორა და სხვა ნედლეული გერმანიაში გამქონდა თავის დროზე, მაგრამ მიმქონდა სამრეწველო პლანტაციებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს სიმდიდრეს სჭირდება მოვლა და დაცვა. თუ გავიტანთ ნედლეულს, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი მოყვანა და დაცულ იქნას ბალანსი. მეტსაც გეტყვით, ბოლო წლებია განვითარებულმა ქვეყნებმა აკრძალეს ანტიბიოტიკების მოხმარება ბავშვთა კვებაში და ასევე ცხოველთა კვებაში. ჩვენ გვაქვს მცენარეები, რომლებიც ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. საჭიროა მხოლოდ შესწავლა და ათვისება.  გვაქვს მცენარეები რომლებიც ორგანიზმს წმენდენ მძიმე მეტალებისა და რადიონუკლეიტებისაგან. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, ჰქონდა იდეა აგვეშენებია ქარხანა, სადაც ამ მცენარეებისაგან დამზადდებოდა აბები. იცით, რადიონუკლეიტების უაღრესად დიდი შემოტევაა მსოფლიოში, მძიმე ლითონების მხრივ კი მასშტაბური კატასტროფის წინაშე ვდგავართ ადამიანები. დიახ, ჩვენ გვაქვს მცენარეები, რომელთა საშუალებით შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ შემოტევას! სამწუხაროა, რომ ვერ ვახდენ დაგროვილი ცოდნის რეალიზებას, მხოლოდ ფრანგიშვილის მხარდაჭერა, არაა საკმარისი. ერთხელ, ერთი მინისტრის მოადგილემ მითხრა: ქალბატონო თამარ, სამკურნალო ბალახები კი არა კიტრი და პამიდორი ვერ მოგვიყვანიაო.

_ კიტრი და პამიდორიც სამკურნალო მცენარე რომ არის არ იცოდა?

_ ნებისმიერი მცენარეა სამკურნალო, ჭანგაც კი.

_ მცენარეთა განაშენიანება- მოვლა,  ძვირადღირებული სიამოვნებაა?

_ საქმე რაშია იცით? კომუნისტური მმართველობის დროს, რატომღაც ითვლებოდა რომ ეს იყო ექიმბაშების საქმე, თუმცა ლულუმბას უნივერსიტეტში, სადაც მე გავიარე ასპირანტურა და თუ არ ვცდები ასევე კიევის უნივერსიტეტში, იკითხებოდა ეს კურსი. მიუხედავად ამისა, მაინც ითვლებოდა, რომ ეს საქმე ექიმბაშების საქმე იყო. საქართველოში დარგი ტრადიციულია, მაგრამ თანამედროვე თაობისთვის მაინც უცხო. 2016 წელს სამკურნალო და არომატულ მცენარეთა VI საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო ამშვენებდა, იგივე ლოგო დაამშვენებს AGRICO – 2018, რომელიც გაიმართება შრი ლანკის დედაქალაქში – კოლომბოში, ეს ჩვენი მიმართულების კიდევ ერთი აღიარებაა.

დღეს ძალიან მოდურია ეთნობოტანიკური უნარჩვევები, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ცენტრი. მთელი ევროპა ზის ტიბეტში და სწავლობს მათ უნარ-ჩვევებს, ამ ფონზე ჩვენთან რა ხდება?  ჩვენს ბებიებს აქვთ უნიკალური რეცეპტები, როგორ მოვიპოვოთ, დავამზადოთ, მოვიხმაროთ სასარგებლო მცენარეები, მაგრამ… სამწუხაროდ, ჩვენთან მონიტორონგიც კი არ ხდება. ქვეყანამ უნდა იცოდეს სად რა და რა რაოდენობის მცენარეა გავრცელებული.  ჩვენ სპონტანურად ვაკეთებთ ყველაფერს…

_ საქართველოში ყველაზე უხვმოსავლიანი ადგილები სადაა?

_ მაღალმთიანი ზონა, ამ მიმართულებით მდიდარია რაჭა, აჭარის მაღალმთიანი ზონა. აქ ხარისხი არის უმაღლესი. ჩვენ გავაკეთეთ კატაბალახას ანალიზი,  რომელშიც  აღმოჩნდა 27,8 იყო ექსტრაქტული ნივთიერებები, მაშინ როდესაც, ევროსტანდარტით არის 15%-მდე. ჩვენ გავაგზავნეთ ნიმუშები გერმანიაში, მათ ჩვენი ანალიზის პასუხები გადაამოწმეს, ვერ დაიჯერეს რომ ასეთი მონაცემი შეიძლება ყოფილიყო, გაოცებულები დარჩნენ. ანუ, ჩვენთან სასარგებლო ნივთიერებები ორჯერ მეტია, ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში. კლიმატი, გარემო  პირობები ბევრს ნიშნავს. აგრარულ უნივერსიტეტში როდესაც იყო ეს მიმართულება  ჩვენ გვყავდა დოქტორანტები, მაგისტრები, ბაკალავრები.

_ მილიონების მოტანა შეუძლია ამ დარგს.

_ რათქმა უნდა.

_ მაგრამ რატომ არავინ ინტერესდება?

_ რა გითხრათ, აბა?

_ რა არის საჭირო დარგის განვითარებისთვის?

_ სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს. როგორც კი გავიტანე ეს პროგრამა, ქალბატონმა ნათელა სახოკიამ მაშინვე დასვა საკითხი რატომ არ არის დოქტორანტურა, ბაკალავრიატი?  სტუ-ს რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის, უზარმაზარი ძალისხმევით და დახმარებით არის საერთაშორისო აღიარება, არის ინტერესი, გააქვთ ნედლეული. რატომ უნდა გადიოდეს ნედლეული საქართველოდან, მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია პროდუქცია დავამზადოთ და გავიტანოთ. ბუნებრივ პირობებში გამშრალი ბალახი და ფესვები უკვე პროდუქციაა, მას თავისი მომხმარებელი ყავს, სპირტხსნარს თავისი.

_ მაგრამ თბილისში იყიდება დამზადებული მცენარეები.

_ ეს კუსტარულია.

_ სანდოა?

_ არა, იმიტომ რომ ყველა ბალახს შეგროვების თავისი დრო და წესი აქვს, ნებისმიერ დროს დაკრეფილი მცენარე არაა სასარგებლო. ჩვენ გვქონდა პლანტაციები, სასწავლო წიგნები. მინდა გითხრათ რომ მოვლენებს გავუსწარით და ევროკავშირის დიპლომი ავიღეთ, ანუ ჩვენი საქმიანობა აღიარებულია დასავლეთში, ვართ აზია-ევროპის ოკეანეთის ქვეყნების წევრი ამ მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ…

დაბოლოს, თემა ძალიან საინტერესოა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ სტატიების ციკლი გამოვაქვეყნოთ ამ საკითხებზე.

 

პ.ს. ფოტოები მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ კაჭარავამ.

 

წინა სტატია

კიევში ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

შემდეგი სტატია

როგორ დაინახეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან "სუპერ ლურჯი სისხლიანი მთვარე" - (ფოტო)

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.