მთავარი»ისტორია»საინტერესო ფაქტები XIX საუკუნის ტფილისის შესახებ

საინტერესო ფაქტები XIX საუკუნის ტფილისის შესახებ

1
Shares
Pinterest Google+

ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ (XIX საუკუნის პირველი მესამედი)

ცნობილი გერმანელი მეცნიერი და მოგზაური ედუარდ აიხვალდი კავკასიაში 1825-1826 წლებში იმყოფებოდა. მან თითქმის მთელი საქართველო მოიარა და დაწვრილებითი აღწერა დაგვიტოვა. მისი ცნობები შეიცავს უაღრესად საინტერესო და ყურადსაღებ მასალას XIX საუკუნის პირველი მესამედის საქართველოს ისტორიის შესასწავლად.

***

„ადგილები ტფილისსა და ელიზავეტპოლს (განჯა) შორის უმეტესწილად ცხელია; სიცხეები იწყება მაისის შუა რიცხვებში და თანდათან ზევით იწევს ჩრდილში – ტფილისში 35 გრადუსი და მეტად, ხოლო ელიზავეტპოლში 40-მდე და მხოლოდ აგვისტოს შუა რიცხვებიდან კლებულობს. პერიოდი ოქტომბრიდან მაისის შუამდე ძალზე სასიამოვნოა. ტფილისში თითქმის არ იცის ზამთარი და იშვიათად ყინავს 50-მდე. 1819 წლის დასაწყისში ყინვამ 7 გრადუსს გადააცილა ელიზავეტპოლში, ტფილისში კი 10 გრადუსს, სადაც ათი დღის განმავლობაში მარხილებითაც კი დადიოდნენ; ასეთი რამ უხუცეს ხალხსაც კი არ ახსოვთ.

***

ნავთლუღის მიდამოებში, ტფილისიდან 7 ვერსზე, მტკვრის ნაპირზე არის ნავთობის წყარო, რომელშიც ნავთი ძალზე მცირე რაოდენობით გროვდება, ალბათ, რადგან მდინარე ასე ახლოსაა. ნავთს აქ იმისთვის იყენებენ, რისთვისაც რუსეთში ფისს ხმარობენ, უმეტესად კი ტიკების გასაპოხად. ტიკები კამეჩის, თხის და ცხვრის ტყავისგან კეთდება, რომლის ბეწვიანი მხარე შიგნითაა მოქცეული და ნავთითაა გაპოხილი; შემდეგ მას წყლით გამორეცხავენ და ჰაერზე გაჰკიდებენ, სანამ ნავთი მთლად არ დაიწურება. ამ ტიკებში შემდეგ ღვინო ინახება, რომელიც მისგან უსიამოვნო ნავთის გემოს იღებს, თუმცა ამას ეგუებიან. ძველ ტიკებში ღვინო ძალიან კარგად და დიდხანს ინახება.

***

მთელ საქართველოში არ არის არცერთი კერძო, პრივილეგირებული აფთიაქი, ხოლო ტფილისის სახაზინო აფთიაქი, საიდანაც მთელი სამხედრო კორპუსი იღებს წამლებს, არის ერთადერთი, სადაც იწერენ წამლებს თავისუფალი პრაქტიკისათვის. პრივილეგირებული, კერძო პრაქტიკის ექიმები, რომლებიც მაშინ ორნი იყვნენ, ახლა კი სამნი არიან, ძველი ჩვეულების თანახმად, ავადმყოფებს წამლებს თავისი საშინაო აფთიაქიდან აძლევენ. ასევე ირჯება აგრეთვე ზოგი არაპრივილეგირებული ექიმიც, რომელთაც სამედიცინო სამმართველო საპატიო მიზეზების გამო, თუმცა გარკვეული შეზღუდვით და თავისი ზედამხედველობის ქვეშ, პრაქტიკის ნებას რთავს; ესენი წამლებს ნაწილობრივ თვით აგროვებენ, ნაწილობრივ კი ყიდულობენ სახაზინო აფთიაქში, ან დუქნებში“.

***

საქართველოში გვხვდება ზოგიერთი საკვირველი ჩვევა. ასე, მაგალითად:

გოგოები (ქალიშვილები) წმინდა გიორგის დღის წინა საღამოს ბევრ მარილიანს ჭამენ და სვამენ იმ იმედით, რომ სასიძო გამოჩნდება და მათ სასმელს მიაწვდის.

***

გვალვის დროს, ღმერთს რომ წვიმა გამოსთხოვონ, გუთანში აბამენ თორმეტ ქალს და ხნავენ მიწას; ისინი ლოცულობენ, ყვირიან, იცინიან და ტირიან. ეს პროცესია, რომელსაც მღვდელი მიუძღვის, ჩვეულებრივ თავდება საყოველთაო ხარხარით (სიცილით).

***

წვიმამ რომ გადაიღოს, ახალდაბადებული შიშველი ბავშვი გაჰყავთ წვიმაში.

***

დუშეთის მაზრაში მაღალ მთაზე არის ეკლესია, სადაც უშვილო მოსახლეობა 15 აგვისტოს სალოცავად მიდის. კაცს (ქმარს) ხელში უჭირავს ძაფის გორგალი, ერთ ბოლოს ამაგრებს ეკლესიის კედელზე და მუხლისჩოქზე სამჯერ შემოუვლის ეკლესიას. ამასობაში ცოლს მისი ჩოხის კალთა უკავია და მას უკან მისდევს. ათ წყვილზე ნაკლებს თითქმის არასდროს არ ნახავთ იქ და მთელი პროცესია მხილველს საკმაოდ სასაცილოდ ეჩვენება.

***

ბამბაკში ხის ნაკლებობის გამო ცეცხლის დასანთებად (საწვავად) იყენებენ ნაკელს. როდესაც დილით საქონელს მინდორში გარეკავენ, ქალები დარაჯობენ და როგორც კი ძროხა კუდს ასწევს, ისინი მივარდებიან და შეუშვერენ ხელებსა და წინსაფრებს. ქალები ნაკელს ურევენ თივას, ახმობენ მას მზეზე ქვებზე და შემდეგ გროვებად აწყობენ.

***

საქართველოში არის საყოველთაოდ ცნობილი ხელოვნური საშუალება, რათა წყალი ცივად შეინახონ. წყალს ასხამენ მოუჭიქავ თიხის ქოთანში, მას შემოახვევენ ტილოს, დგამენ მზეზე და ტილოს განუწყვეტლივ წყალს ასხამენ. რაც უფრო ცხელა, მით უფრო მალე ცივდება შიგნითა წყალი გარეთას აორთქლებით. ეს საშუალება ცვლის ყინულის ნაკლებობას ზაფხულში. მდიდარ ქართველებს თავის სარდაფებში აქვთ ჭები, რომელშიც ზაფხულობით დგამენ წყლიან ჭურჭელს, რათა ის ცივად შეინახონ.

***

ქართველი მეფეების დროს ტახტის გლეხებს გამოეყოთ ადგილი დასასახლებლად, სადაც მათ ააშენეს სახლები და საჭირო საბინაო სამეურნეო სათავსები, როგორც მაგ., ხილის ბაღები და ბოსტნები, წისქვილები, ყანები. მიწის ამ ნაკვეთს ეწოდებოდა საკომლო და განისაზღვრებოდა მიწის უფრო მეტი ან ნაკლები ნაყოფიერებით; ნაყოფიერ და კარგად რწყვად ადგილებში სახნავად დადგენილი იყო 15-დან 30 დღემდე; ბორცვიან და ძნელად სარწყავ ადგილებში 60 დღე, ხოლო მთებში 120 დღეც კი.

წყარო: http://bu.com.ge

წინა სტატია

საქართველოდან მოტაცებული ყმაწვილი – უსუფი, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ სამეფოს მართავდა

შემდეგი სტატია

მომაკვდავი ოდრი ჰეპბერნის უკანასკნელი სიტყვები

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.