მთავარი»საზოგადოება»როგორ შეარიგა ცეკას მდივანმა, კანდიდ ჩარკვიანმა დოდო ჭიჭინაძე მშობლებთან?

როგორ შეარიგა ცეკას მდივანმა, კანდიდ ჩარკვიანმა დოდო ჭიჭინაძე მშობლებთან?

9
გაზიარებები
Pinterest Google+

რეჟისორი და ბლოგერი გუჯა შვანგირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„რას წარმოიდგენდა, ვერის ბაზარში ხილის საყიდლად წასვლა თუ ასე შეცვლიდა მის ცხოვრებას.
ისე, რა დრო იყო. მაშინდელ საქართველოში ფილმის გადაღება ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ დიდი თუ პატარა, კინოსთანაც რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული, ცდილობდა რაღაცნაირად მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში.
არადა რა ეკინოებოდათ, თითქოს.. გაგანია ომი იყო, 1944 წელი იდგა, მაგრამ მაშინ ზემოთ ვინც იჯდა , იცოდა რასაც აკეთებდა, და იცოდა ვისთვისაც აკეთებდა.
სპექტაკლები იდგმება, ფილმი ეკრანებზეა, ესე იგი ყველაფერი კარგადაა და ბერლინამდეც მივალთ.
ათასობით ულამაზესი ქალის ფოტოები გაიგზავნა კინოსტუდიაში. “დავით გურამიშვილს” იღებდა ნიკოლოზ სანიშვილი. დრო არ ითმენდა. არადა, ქეთევანის როლზე ვერ შეარჩია ვერავინ.
და სწორედ ვერის ბაზარში გადააწყდა რეჟისორის დედა ულამაზესს და სახლამდე სდია.
მეორე დღესვე დაამტკიცეს როლზე. ამ 19 წლის გოგოს გიორგი შავგულიძესთან მოუწია თამაში.
ტუჩები ჩალურჯებამდე მქონდა მოკუმულიო, იხსენებდა თვითონ. ტუჩებში რომ არ ეკოცნაო, მერიდებოდაო , და კიდევ უფრო გავლურჯდიო, როცა ჩემს გამო სანიშვილმა ჟორას უყვირაო, რა არის კაცო, ქალისთვის არ გიკოცნიაო? და ჟორამ, ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის არაო.
და წავიდა და წავიდა, კოცნის რა გითხრათ და როლებში ჩაძირეს მართლაც. სამედიცინოზე უგამოცდოდ მოწყობილმა თავი დაანება ინსტიტუტს და მართლა თავით გადაეშვა თეატრსა და კინოში.
ცეკას მდივანი, ჩარკვიანი ჩაერია საქმეში, ძლივს შეარიგეს განაწყენებულ მშობლებთან, მის ექიმობაზე ოცნებოდა ოჯახი. სამედიცინოს მაშინდელმა რექტორმა კი როგორა სთქვა?.. სულაც არ დაჭირდებოდაო წამლის გაცემაო, მარტო მისი თვალების დანახვა მოარჩენდაო ავადმყოფს.
და არჩენდა კიდეც, სცენიდან, ეკრანიდან, ცხოვრებაში, კიდეც არჩენდა და რამდენს კიდე ასნეულებდა, ვინ იცის.
დახედეთ აბა, კიდევ ერთხელ ამ ფოტოს.
არა, რა, ადამიანი არ უნდა ბერდებოდეს.
თუმცა, როცა გიყვარს, ნაოჭებსაც ვერ ამჩნევ მაშინ.
კი, ასეთი იქნებოდა 80 წლის ასაკშიც ქართული სილამაზე , დოდო ჭიჭინაძე.
რატომ გავიხსენე და არ მესმის, ჩემამდე არ დადის, რატომ უნდა ვისაუბრო ვიღაც ნაგვებზე, როცა იყვნენ, და დღესაც არიან ქართული ნიჭის, ქართული სულის და გენის მატარებლები, სცენაზეც, ცხოვრებაშიც, ომშიც , მშვიდობაშიც, ყოველდღიურობაში. მართლა ქალბატონები, და მართლა კაცები, არიან, ვიცნობ მეც, თქვენც და მოდით მათზე ვისაუბროთ, და არა იმათზე, ვისაც ტელეეკრანებიდან გვატენიან. ვილაპარაკოთ ნაღდებზე, ათას ნაგავზე ლაპარაკი რომ გადავწონოთ, ვილაპარაკოთ, სხვებს რომ მოუნდეთ მათ რომ დაემსგავსნონ, და მაშინ, აი, მაშინ, ყველაფერი კარგადაც იქნება და “ბერლინამდეც მივალთ” – წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე.

წინა პოსტი

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

შემდეგი პოსტი

„სასულიერო პირმა მომწერა - ვიცი ჩემი გული არ გამოდგება, ამიტომ თირკმელს გავყიდი თუ დაგჭირდათო“