მთავარი»Slider»როგორ მოჰპარა კემულარიამ ინვალიდთა ლიგას მილიონები და როგორ გადაურჩა პატიმრობას

როგორ მოჰპარა კემულარიამ ინვალიდთა ლიგას მილიონები და როგორ გადაურჩა პატიმრობას

27
Shares
Pinterest Google+

მოკლედ, დაფუძნდნენ. და-ფუძ-ნდნენ! და-ფუძ-ნდნენ! და-ფუძ-ნდნენ! – მძიმედ დასამარცვლია, დიახ. უფრო მძიმე გამოდგა გზა „ქართული პარტიიდან“ „გამარჯვებულ საქართველომდე“: იყო დაკავება, იყო გარიგება, იყო აღიარება, რასაც მოჰყვა გაქცევა, პარიზული ღამეები და პარიზული ბიზნესი. იმ მეგობრების გადაგდება,  ვინც გამოყვანაში ფული, არც თუ ისე ცოტა, 5 მილიონი, გადაუხადეს „იმას“, ვინც თავის დროზე ის „გაქაჩა“. შემდეგ იყო აჯა – ჩამოვალ საქართველოში. აქაც იყო გარიგება, ჩამოსვლა, გათავისუფლება და… იმ ხალხთან ისევ ჩახუტება, ვინც თავის დროზე „პარაშასთან“ გაატენებინა არა ერთი ღამე.
ახლა არის ახალი პარტია – „გამარჯვებული საქართველო“ – მრავალჭირნახული „ცნობადი სახეებით“ დაკომპლექტებული…
„ხიფათი მარტო გარედან არ მოდის, დღეს საფრთხეს გვიქმნის საკუთარი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი 7 წელია გვინიშნავს პრემიერებს, ხსნის, მართავს სუს-ს, პროკურატურას, პოლიციას, სასამართლოს უნიშნავს ე.წ. ლიდერს, მაგრამ თან გვეუბნება, რომ მე არ ვაგებ პასუხს ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე, ეკონომიკის მოშლაზე, რომ პატარები შიმშილობენ, რომ ჩვენი ოქროს თაობა გარბის ქვეყნიდან შვილებთან ერთად და სხვა ქვეყნებში ეძებს გადარჩენის გზას, მაგრამ მან არ იცის, რომ ქართველი ხალხი მას აუცილებლად მოსთხოვს მკაცრად პასუხს მთავარზე, რომ ქვეყანას დააკარგვინა ფუნქცია.
ისტორიულად ყოველთვის, თითქმის ყოველთვის, საქართველო იყო ლიდერი კავკასიაში და რეგიონში. დამოუკიდებლობის შემდგომ, საქართველომ სამართლიანად ეს ფუნქცია შეინარჩუნა და განავითარა კიდევაც, ჩაატარა რეფორმები, გახსოვთ.
და ჩვენ გვაღიარებდა ყველა და გვენდობოდა. ახლა ეს სამწუხაროდ ასე არ არის, აღარ არის. ფუნქციადაკარგული სახელმწიფო კი სუსტდება და ადვილად ხელმისაწვდომი ხდება მტრისთვის. ჩვენ გვემუქრება, ხალხნო უკვე, დამოუკიდებლობის დაკარგვა. მე არაფერს არ ვაჭარბებ, ყველა სპეციალისტმა იცის, რომ ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ სპეცსამსახურების მხრიდან, ყველაზე მეტად სახიფათო ქვეყნების, უფრო სწორად ქვეყნის და ეს არის რუსეთი, და ვინმეს ახსოვს 7 წლის განმავლობაში ან გამოძიებული, ან ვინმე დაკავებული საქართველოში? არავის! უნდა გამოფხიზლდეთ, ჩვენ გვაერთიანებს მიზნები, რომ აღდგეს საქართველოს, როგორც ლიდერის ფუნქცია, გავაგრძელოთ რეფორმები. პრაქტიკულად ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში პროფესიონალები და დავამარცხოთ კორუფცია და კრიმილანის პარპაში. დავამარცხოთ სიღარიბე და დავაბრუნოთ ქვეყანაში უკან ხალხი“- ასე დაიწყო თავისი მონოლოგი ოქრუაშვილის „აღმოჩენამ“ კოტე კემულარიამ.
და, რაკი კოტემ გახსნა „გამარჯვებული საქართველოს“ „ბრჭყალები“, დავიწყოთ კოტედან…

აქა ამბავი კოტე კემულარიას „ქველმოქმედებისა“

სისხლის სამართლის საქმე N 1000812.
2000 წლის 10 აპრილს თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (ახალი ტერმინოლოგიით – გამოძიება დაიწყო), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქართველოს „ინვალიდთა ლიგის“ საქმიანობაში გამოვლენილ სამართალდარღვევების ფაქტებზე.
დეტალები: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ინვალიდთა ლიგა“ 1995 წლის 29 ივნისს დარეგისტრირდა. 1998 წლის 25 დეკემბერს ორგანიზაციამ ხელახალი რეგისტრაცია გაიარა და მისი დამფუძნებლები გახდნენ: კონსტანტინე კემულარია, გიორგი კოხრეიძე, გიორგი ძნელაძე, დავით სახვაძე, დავით მაისურაძე და დავით კოხრეიძე.
მოგვიანებით კოტე კემულარიამ პოლიტიკაში გადაინაცვლა, დეპუტატი გახდა გიორგი ძნელაძეც.
1998 წლიდან „ინვალიდთა ლიგა“ გაერთიანდა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა „ინვალიდთა ლიგის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე.
1998 წლის 1 იანვრიდან ზურაბ ჟვანიას ინიციატივით ბიუჯეტის შესახებ კანონში შევიდა სპეციალური ცვლილება, რომლის თანახმადაც „ინვალიდთა საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები გათავისუფლდნენ გადასახადებისაგან“. მეტიც, მათ მიერ გადახდილი აქციზი, დღგ და საბაჟო გადასახადი უნდა აღრიცხულიყო სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, საიდანაც ამ ფულს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენებდნენ (დახარჯავდნენ).
გამოძიებით დადგინდა: კონსტანტინე კემულარიამ, გიორგი კოხრეიძემ და სხვებმა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები გამოიყენეს პირადი გამდიდრებისთვის და წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ყალბი ბეჭდის და ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით არაერთგზის მიითვისეს სახელმწიფო სპეციალური ანგარიშიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხები, რომელიც წესით უნდა მოხმარებოდა ინვალიდებს.
„ინვალიდთა ლიგის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა კოტე კემულარიამ 1997 წელს თბილისში გაიცნო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მცხოვრები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჩეტინკაია (ხიმშიაშვილი) და სთხოვა „ინვალიდთა ლიგის“  კომერციული საქმიანობის განხორციელებისათვის დაეკავშირებინა ოფშერულ ფირმასთან. ჩეტინკაია დაუკავშირდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეს ატენბერგერს. ატენბერგერი გერმანიაში, ზიკეში მცხოვრებ ეკჰარდ ლანგეს, რომელსაც საკუთრების უფლებით ოფშერულ ზონაში, კუნძულ მენზე რეგისტრირებული ფირმა „ი.ე.ს.“-ი ჰქონდა. ლანგესთან მოლაპარაკების შედეგად, კემულარიას, მინდობილობით, მართვის უფლებით გადაეცა ფირმა, რაშიც მან ლანგეს გადაუხადა 1000 გერმანული მარკა.
1998 წლის დასაწყისში „ინვალიდთა ლიგის“ ხელმძღვანელებმა შეიმუშავეს და საკოორდინაციო საბჭოზე დაამტკიცეს პროგრამა „საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი“, რომლის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო შესაბამისი ტელეაპარატურის შეძენა. სახელმწიფო სპეციალური ანგარიშიდან „ლიგას“ გამოეყო 1 მლნ.162 ათასი ამერიკული დოლარი (შესაბამისი კურსით ლარებში).
კემულარიამ და „ინვალიდთა ლიგის“ სხვა ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლების ნაჭყებიას და მღებრიშვილის დახმარებით კონტაქტი დაამყარეს გერმანიაში, ქალაქ უნტერფორინგში რეგისტრირებულ ფირმა „ეუკო“-სთან, რომელსაც „ინვალიდთა ლიგის“ სახელით მისცეს შეკვეთა 1.071.558.86 გერმანული მარკის (692757 აშშ დოლარი) ღირებულების ტელეაპარატურის შეძენაზე. სხვაობის 412.825 აშშ დოლარის მითვისების მიზნით კონსტანტინე კემულარიამ და „ინვალიდთა ლიგის“ სხვა ხელმძღვანელებმა 1998 წლის 14 აპრილს შეადგინეს ფიქტიური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტელეაპარატურა თითქოს უნდა შეეძინათ არა ფირმა „ეუკოსაგან“, არამედ დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ოფშერულ ფირმა „ი.ე.ს.“-ისაგან 1.162.883 აშშ დოლარად. ხელშეკრულებას „ინვალიდთა ლიგის“ სახელით ხელი მოაწერა გიორგი ძნელაძემ, ხოლო ფირმა „ი.ე.ს.“-ის  ხელმძღვანელის ხელმოწერა კემულარიამ გააყალბა, რაც „ლიგის“ ხელმძღვანელების მიერ გაყალბებული ბეჭდით დაამოწმეს.

1998 წლის 14 მაისს და 1999 წლის 2 აპრილს „ინვალიდთა ლიგამ“ ტელეაპარატურის მომწოდებელ ფირმა „ეუკოს“ გადაურიცხა 118 000 და 3250 აშშ დოლარი, ხოლო 1998 წლის 11 აგვისტოს კემულარიამ, როგორც „ინვალიდთა ლიგის“ გერმანიაში ხელზე ჩაიტანა და ფირმა „ეუკოს“ ანგარიშზე „დოლჩე ბანკში“  წარადგინა ორი ჩეკი – 1.014.576 გერმანული მარკის ოდენობით, რითაც სრულიად ანაზღაურდა ტელეაპარატურის ღირებულება 692757 დოლარი და საქონელი გამოგზავნილ იქნა საქართველოში, „ინვალიდთა ლიგის“ მისამართზე.
„ინვალიდთა ლიგის“ სამეწარმეო სამსახურის უფროსმა დავით კოხრეიძემ, ტელეაპარატურის გამოგზავნამდე, დამატებული ღირებულების გადასახადის მისაღებად,  „ინვალიდთა ლიგის“ კომერციული სამსახურის უფროსს დავით სახვაძეს გადასცა შესაბამისი დოკუმენტები, რის საფუძველზეც მან 1998 წლის 24 აგვისტოს ფირმა „ეუკოსაგან“ ხელზე მიიღო და იმავე დღეს მიუნხენის „დოლჩე ბანკში“ გაანაღდა 143.685.52 გერმანული მარკის საბანკო  ჩეკი – მიღებული თანხა სახვაძემ არ წარადგინა „ინვალიდთა ლიგის“ ბურალტერიაში და მიითვისა.
გერმანიიდან გამოგზავნილი ტვირთის თბილისის აეროპორტის საბაჟო სამსახურში განბაჟებამდე კემულარიამ, კოხრეიძემ და „ინვალიდთა ლიგის“ სხვა ხელმძღვანელებმა, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაცია შეცვალეს მათ მიერვე დამზადებული ფირმა „ი.ე.ს“-ის ყალბი ინვოისებით, რომლებშიც საქონლის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს 1.162.883 აშშ დოლარამდე, ხოლო ტელეაპარატურის გამოგზავნის გრაფაში ფირმა „ეუკოსთან“ ერთად მიუთითეს ფირმა „ი.ე.ს“-იც.
კემულარიამ და კოხრეიძემ ტელეაპარატურის შესაძენად გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 412.825 დოლარი მათ მიერვე დამზადებული ფირმა „ი.ე.ს.“-ის ყალბი ბეჭდისა და ყალბი წერილების გამოყენებით მიითვისეს: „ამრიგად, შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ კემულარიამ და გიორგი კოხრეიძემ „ინვალიდთა ლიგის“ სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ყალბი ბეჭდის და ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით მიითვისეს სახელმწიფო სპეციალური ანგარიშიდან გამოყოფილი 412.825 აშშ დოლარი და 143.685 გერმანული მარკა“.
ახლა შეიძლება კემულარიამ სთქვას, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს სდევნიდნენ და ამიტომ „შეუკერეს“ საქმე. ვინც დეტალები არ იცის, შეიძლება დაიჯეროს, ბოლოს და ბოლოს, კემულარია ხომ ახალი საქართველოს აშენების საქმეში გადაეშვა თავით და გამარჯვებულ საქართველომდე უნდა მიგვიყვანოს, როგორ შეიძლება, მას, კარგად დავიწყებულ ახალ სახეს წარსულში გაექურდა ინვალიდები? მაგრამ საქმე ისაა, რომ კემულარიას წინააღმდეგ დოკუმენტებით დადასტურებული ჩვენებები მისცეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც თავისავე ქვეყანაში დაჰკითხეს არაქართველებმა.  ესეც რომ არა, ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ არა ერთ  საქმეზე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით 7-მა ადამიანმა მოიხადა სასჯელი. კემულარიას უბრალოდ ბედმა გაუღიმა და 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციას ციხეს გადაარჩინა.
რაც მთავარია, აპარატურა, რომელიც იყო კონტრაბანდა სამთო ქიმიის შენობაში, საწყობებში იყო შენახული და რუსთავი ორისთვის განკუთვნილი. სხვათაშორის, სწორედ ამ კონტრაბანდული აპარატურის გამო შევიდა თავის დროზე ტელევიზიაში უშიშროება, მაგრამ იმდენად, მობილიზებული იყვნენ იმხანად ტელევიზიის მესვეურნი და ზურაბ ჟვანია (სააკაშვილი მოგვიანებით ჩაერთო საქმეში), საზოგადოება დააჯერეს, რომ შევარდნაძის რეჟიმი თავისუფალ სიტყვას ებრძოდა და საზოგადოებაც „დაბოლდა“ – ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც კემულარიამ „ინვალიდთა ლიგის“ სახელით „აწარმოა“. მან უფრო მძიმე დანაშაულიც ჩაიდინა ინვალიდების წინაშე და ეს დანაშაულიც დოკუმენტებითაა დადასტურებული. მართალია, დღეს ამ მასალების პროკურატურაში მოძიება ძალიან გაჭირდება, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ არსებობს ჟურნალისტის არქივი და ამ სტატიასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება.
დაბოლოს, ლირიკული გადახვევა, 2016 წელს გავრცელებული ინფორმაცია: „კოტე კემულარია „ნაციონალების“ ერთ-ერთი ცნობილი სახე იყო. აქტიურ პოლიტიკაში ბოლო 10 წელია არავის უნახავს. იგი ხობში დაიბადა, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, რის გამოც დღეიდან კემულარია საპორტო ქალაქში ცხოვრებას აპირებს.  პაატა ბურჭულაძე პირჯვარის გადაწერით შევიდა ფოთის ცენტრალურ პარკში, სადაც მხარდამჭერები ელოდნენ. მოძრაობის ლიდერმა ადგილზე მისულებს კოტე კემულარია წარუდგინა, რომელმაც განაცხადა, რომ „ფოთი საზღვაო ჭიშკარია“. გამოსვლისას კემულარიამ ისიც კი აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძის „მძლავრ გუნდს“ ხელისუფლების შეცვლა შეუძლია“.
შედარებისთვის: „ის სიახლე, რაც ჩვენი პარტიის ცხოვრებაშია სასიამოვნო რეალობაა მთლიანად ქართული პოლიტიკური სივრცისთვის და სასარგებლო სიახლეა ადამიანებისთვის, ვინაიდან იდეის გარშემო გაერთიანება და ერთიანი იდეოლოგიის ჩამოყალიბება მსგავსი პოლიტიკური ხედვის, პოლიტიკური მოძრაობისთვის, დასავლეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ქართული რეალობისთვის, სადაც ძირითადად,  სუბიექტები, პიროვნებები თამაშობენ, ეს სიახლეა. ეს არის ძალიან სასარგებლო სიახლე. ეს ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას გააძლიერებს“ – ეს სიტყვები კოტე კემულარიამ 2016 წელს ბრძანა, ოღონდ იმხანად პაატა ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა კენჭს.

ჰოდა, როგორც ერთ გენიალურ ფილმშია –  „ცხვირი ჰგავს? – ჰგავს“…

 

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

(გამოყენებულია ნეტგაზეთის ფოტოები)

 

წინა სტატია

„კარგი იქნება, საკუთარ ოჯახში ჩაიხედოს“ - რა შეახსენა კარლო კოპალიანმა გიგა ბოკერიას?

შემდეგი სტატია

ძლიერი წვიმა, ქარი, მეწყერი - 13 ივნისს საქართველოში ამინდი გაუარესდება

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.