მთავარი»Slider»როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, ოთხი წლის ბავშვი, დედამისი და მოხუცი ბებია

როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, ოთხი წლის ბავშვი, დედამისი და მოხუცი ბებია

28
Shares
Pinterest Google+

ისტორიას, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სანდრა რულოვსი პირველი ლედი იყო, ვწერდი.
ის, რასაც წაიკითხავთ, უფრო მძიმე სანახავი იყო, ვიდრე ტექსტით გადმოიცემა. მე, დარეჯან მეფარიშვილმა ის უბედურება, რომელსაც ყოველდღე, საკუთარი ოჯახის წევრების ზურგზე,  გრძნობდა  ყოფილი ჟურნალისტი და ჩემი ყოფილი რესპოდენტი ნატა მესხი, საკუთარი თვალით ვნახე.

“უკანასკნელ პერიოდში სატელევიზიო სივრცეში კანდიდატების გაუთავებელმა რეკლამებმა და დაპირებებმა ჩემი ოჯახის უახლოესი წარსულის მძიმე მოგონებები და ჭრილობები განმიახლა.
იმის გამო, რომ შემთხვევით გადაიკვეთა ჩვენი და გამხეცებული ჩინოვნიკების კორუფციული ინტერესები ჩვეულებრივი ადამიანები მოულოდნელად მათ მიერ მართული კრიმინალების ტერორის და დევნის ობიექტად გადავიქეცით. ვერავინ მასწავლის რას ნიშნავს სისტემების წინააღმდეგ ხმა ამოღებული ადამიანების ბედისწერა.
უთანასწორობის, ძალადობის 7 წლიანმა ბრძოლამ გაგვანადგურა. ორჯერ გულის შეტევამ და ინსულტმა დედაჩემი სრულიად დააბრმავა, მოეშალა ტვინის ფუნქცია. ცოცხალ ზომბს დაამსგავსეს. მეხუთე წელია ვუვლი, ძალიან მეცოდება ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ. გული მტკივა, როცა მეუბნებიან კარიერულ წინსვლაზე იფიქრე და დედა თავშესაფარში ჩააბარეო. შესაძლებელია მე და ჩემს გოგონას ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია ძვირფასი ადამიანის უსიყვარულოდ მიტოვება, თუნდაც ამას ვეღარ აცნობიერებდეს….
როცა მიზანმიმართულად მიწასთან გასწორებენ ფეხზე წამოსადგომად აუცილებელია უფლის რწმენა და კეთილი ადამიანების თანადგომა. შეძლო პატიება, უარი თქვა შურისძიებაზე… ჩემს თავთან მუშაობა დამჭირდა პოზიტიური განწყობით ცხოვრების გასაგრძელებლად. ადვილი ნამდვილად არ იყო…
იმას ვამბობდი, ტელევიზიებში გაჩაღებულმა წინასაარჩევნო ისტერიკამ ტკივილი გამახსენაო. ეს დღეები თვალებიდან ცრემლებს და მოძალებულ სევდას ვერ ვიშორებ. მეგონა ყველაფერი დავივიწყე, მაგრამ ასე არ ყოფილა. იმ პიროვნებებს, რომლებიც დიდების ზენიტში იყვნენ, ხელის მხოლოდ ერთი მოძრაობით შეეძლოთ ჩვენი დაცვა და გულცივად ზურგი გვაქციეს თურმე ვერ ვაპატიე. დღეს უკვე მათი წინასაარჩევნო ტექსტების და განცდების აღარ მჯერა. ერთ რამეში დავრწმუნდი . მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა , სქესისა ადამიანი ხარ, ან არა! წლები და გარემოებები ვერ შეგცვლის. და ვერც ფული და უფულობა. უსამართლობასთან ბრძოლის რკინის ქალამნებმა ნათლად დამანახა ბევრი პოლიტიკოსის, მედია საშუალებების, არა სამთავროების რეალური სახე, ახლობლების დასაცავად, პოზიციების შესანარჩუნებლად როგორ ბრმავდებოდნენ და ყრუვდებოდნენ. 2011-2012 წლებში, როცა მაღალ ჩინოსნების ლობირების გამო სამართლებრივი ბრძოლის თითქმის ყველა გზა გადაგვიჭრეს სასოწარკვეთილმა ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს მის ორგანიზაციაში მივმართე. ტირილით დავწერე წერილი, ვუამბობდი, ჩვენი ბინის წინ სახელმწიფო შენობებში შეჭრილი უკანონოდ მოქმედი მომწამვლელი საწარმოების გამო ცხოვრება ჯოჯოხეთად რომ გვექცა, ბენზინის, გამონაბოლქვის, ათასნაირი ქიმიური საშუალებების შხამიან სუნში თანდათან ვკარგავდით ჯანმრთელობას . მანქანებს რომლებსაც ღებავდნენ, ჩვენივე ფანჯრების წინ აშრობდნენ. ქიმიურ ნარჩენებს იქვე წვავდნენ. საწამლავის ნისლში სასუნთქი ჰაერი გვენატრებოდა სარკმელსაც კი ვერ ვაღებდით. ბინაში საკვები და ყველაფერი მძაფრი საშუალებების სუნით იყო გაჟღენთილი. ჩემს გოგონას თავის ეზოში არ ჰქონდა თამაშის უფლება. დიახ, საკუთარმა ქვეყანამ ჯანმრთელობაც წაართვა და ბავშვობაც. ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული ალერგიული წყლულებისგან და სასუნთქი გზების დაავადებებისგან მუდმივად საავადმყოფოებში ვხვდებოდით…..ამ ყველაფრის ფონზე გაცნობიერებული გვქონდა რა მაღალჩინოსნების ინტერესები , სიცოცხლის გადასარჩენად თანახმა ვიყავით ჩვენი ბინის სანაცვლოდ ალტერნატიულ ფართში გადასვლაზე. არ გვითხოვია ფეშენებელური არაფერი, მხოლოდ მშვიდ, ადამიანურ პირობებში არსებობას ვნატრობდით. გულუბრყვილოდ მწამდა, რომ სანდრა, როგორც დედა და ქალი იკისრებდა მედიატორის როლს და გასაჭირში არ მიგვატოვებდა. გარკვეული პერიოდი მათი მხრიდან დუმილის და ორგანიზაციაში ჩემი დაჟინებული ზარების შემდეგ როგორც იქნა მისი სახელით დამირეკეს, პირველმა ლედიმ უარი თქვა ჩარევაზე და დახმარებაზე იმ მოტივით, რომ ეს საკითხი მას არ ეხებაო. არასოდეს დამავიწყდება ის წუთები….თავზარი დამეცა, ფეხებიდან ნიადაგი გამომეცალა ასეთ სისასტიკეს არ ველოდი. ნუთუ ამ ქალსაც პირველი ლედი ერქვა და ლედი დისაც…. მოქალაქეები, პატარა ბავშვი 21-ე საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებივით სულს ვღაფავდით, ვიტანჯებოდით და ახლოსაც კი არ გაგვიკარა, პირიქით, არა ადამიანური წამებისთვის და ჩაგვრისთვის გაგვწირა, რამაც უმძიმესი დაღი დაასვა ჩვენს ცხოვრებას. პრეზიდენტის მეუღლემ ხელი გადააფარა იმ მაღალ ჩინოსნებს, რომლებიც დღეს საარჩევნო კამპანიაში მის გვერდით იმყოფებიან. ხელმა ხელი დაბანაო….დღესაც მიჭირს ამ ყველაფრის გააზრება. მისთვის ხომ გამოსავლის მოძებნა რთული არ იყო. არ ვიცი ასეთი ადამიანები როგორ ახერხებენ საკუთარი შვილების თვალებში ჩახედვას, როცა მათ თანატოლებს მძიმე განსაცდელში ტოვებენ. რა, ჩვენი შვილები არ იმსახურებენ ბედნიერ ბავშვობას და ღირსეულ მომავალს? წლების განმავლობაში წერილობით არა ერთხელ მივმართე ყოფილ მერს გიგი უგულავას, კვირიკაშვილს და ბღუჯა ქუმსიშვილს, რომლებიც ჩემთვის უსულგულო ხელისუფლების ზოგად სახელებად გადაიქცა, რა განსხვავებაა თქვენსა და ოკუპანტებს შორის, როცა ყველა ამოსახოცად გვიმეტებთ….
წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს გაშმაგებული, უზნეო ჩინოვნიკებისგან შემდგარი სისტემისგან შიშველი ხელებით ოჯახის დაცვა? როცა ნებისმიერი აქტივობისათვის, პროტესტისთვის ამხედრებულად გაცხადებენ. გსჯიან, გაწიოკებენ, ფიზიკურად გისწორდებიან. ბავშვით არა მარტო გემუქრებიან გისრულებენ კიდეც. 4 წლის იყო ჩემი გოგონა , როდესაც ანგარიშსწორების მიზნით მისი ბენზინით ცოცხლად დაწვა სცადეს. დღევანდელი დღესავით ახსოვს შეშინებული საშველად კივილით როგორ გამოიქცა . ის ბენზინი საღამოს სახლშიც შემოგვისხეს. სასწაულმა გადაგვარჩინა. ანგაჟირებულმა პოლიციამ კი, დამნაშავეებს ხელი გადააფარა, ისევ ჩვენ დაგვიპირისპირდა. არა მარტო პოლიცია. სახალხო დამცველი თანამშრომლები უმწეობის გამო უარს გვიცხადებდნენ დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვალწინ ლიკვიდაციით და დაპატიმრებით მემუქრებოდნენ. რა აღარ იკადრეს ჩვენს გასაჩუმებლად… სოციალური მუშაკების საშუალებით შვილის წართმევა და კიდევ მრავალი, რის გახსენებაც აღარ მინდა. ეს არის უსამართლო ქვეყნის უპატრონო ადამიანების ყოფის კლასიკური შემთხვევა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლების სიხარბე, და ბოროტება უდევს საფუძვლად. დიდი ხანია არ გასულა რაც ჩვენი წამება დასრულდა. ახლაც გვიწევს ზოგიერთი გაუმაძღარი ჩინოვნიკების კორუფციული გარიგებებისგან თავის დაცვა. ამიტომ ვიმეორებ, უზნეობას, ბოროტებას პარტიული კუთვნილება არ აქვს. ეს სულ სხვა, რაღაც შინაგანია, რაც ოჯახიდან და აღზრდიდან მოდის. ერთი თხოვნა მექნება, დაგვინდეთ, ამ პოსტის შემდეგ ნუ მომაკერებთ სოც. ქსელებისთვის დამახასიათებელ ათასნაირ იარლიყებს. ვარ რიგითი ქართველი, რომელიც ჯიუტად ვრჩები საკუთარ, წლების განმავლობაში კორუმპირებული მთავრობებისგან გაღატაკებულ ქვეყანაში და მოვითხოვ ცივილიზებულ ურთიერთობებს და კანონებს. არცერთ ჯგუფს არ წარმოვადგენ.
ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ იტალიურ ფილმს ‘ ” ცხოვრება მშვენიერია “, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილ პატარა ებრაელ ბიჭუნას და მამამისს ეხება. არაჩვეულებრივი მაგალითი და გზა, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე შვილის ფსიქიკას და სიცოცხლეს. იდენტური ისტორიები, იმ განსხვავებით, რომ ჩვენ საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან განვიცდიდით გენოციდს და ჩაგვრას.
არ იფიქროთ, რომ მხოლოდ სანდრა რულოვსის მიმართ მაქვს უსამართლობის განცდა და კითხვები. ორივე მთავრობის პირობებში არსებობდნენ პიროვნებები, რომლებმაც ჩვენს მიმართ გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინეს. ამიტომ ვიმეორებ, პარტიული თვალსაზრისით და პრინციპით აღარ ვაფასებ ადამიანებს, უსამართლობას, მომხვეჭელობას, სადიზმს ვერავინ გაიძულებს, თუ სულში ამის მარცვალი არ გაქვს. უბრალოდ, არსებობენ გარემოებები, სადაც ინდიკატორების საშუალებებით ხდება ამის გამოვლენა. ახლა, როცა მის მიმართ გამოთქმული ამაღლებულ ფრაზებს- ცივილიზებული, ევროპელი , უსაფრთხოება, ბედნიერებას… ვისმენ უნებურად ბავშვობისას ჩემი სომეხი ეროვნების მეზობლის მიერ მოყოლილი ანეგდოტი მახსენდება. სომხის ცოლი, რომელიც ყოველდღიურად ტოლმას ამზადებს და გაბეზრებული ქმარი განსხვავებული კერძის მომზადებას მოითხოვს.
მომდევნო დღეს გუფთის სუპს დახვედრებს. და ქვაბის თავსახურის ახდისას ქმრის რეაქცია: ვაა , ტოლმებო, გაიხადეთ პლაში?
დღეს ბევრი პოლიტიკოსი მართლაც “პლაშ” გახდილ ტოლმას მაგონებს არ ვარ ექსპერტი, რომ, მეგრელების და სომეხების ინტელექტი, გონიერება, სისხარტე ერთმანეთს შევადარო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს საუცხოო ადამიანებს ვიცნობ. უბრალოდ, იმედი მაქვს პატივცემულ ზუგდიდელებს ეყოფათ გამჭრიახობა და გუფთა მწვადად ან ხინკლად არ მოეჩვენებათ. იმის თქმა მინდოდა, რომ პოლიტიკოსებმა ისე უნდა იცხოვრონ, რომ უკან გახედვის, ხალხისთვის პასუხის გაცემის არ შეეშინდეთ და შერცხვეთ”, – წერს ნატა მესხი.

წინა სტატია

რატომ ეწინააღმდეგება ბიზნესი ამფეთქებლის იშვიათი პროფესიის სწავლებასა და განვითარებას?

შემდეგი სტატია

ჭოხონელიძის გაგდებული ლუკმა ლომჯარიას ჯამში ჩავარდა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.