მთავარი»Slider»რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს აზერბაიჯანის საზღვართან? – ალი ბაბაევი აქამდე უცნობ დეტალებს იხსენებს

რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს აზერბაიჯანის საზღვართან? – ალი ბაბაევი აქამდე უცნობ დეტალებს იხსენებს

23
გაზიარებები
Pinterest Google+

2008 წელი, აგვისტო – ომი, რომელმაც ყველაფერი არ ჩამოწერა. ისტორიები, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას.
აქამდე უცნობი ან კარგად დავიწყებული ძველი ისტორიული ამბების შესახებ „პროგრესნიუსს“ ესაუბრება ალი ბაბაევი, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე:
_ მოკლედ გადავავლოთ თვალი 2008 წლამდე პერიოდს, რომელმაც, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო სიტუაციის ესკალაციას. გასული საუკუნის 90-იანი წლების, დაპირისპირებებისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, საქართველო ასე თუ ისე მშვიდობიან რელსებზე გადავიდა.  ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება ერგნეთის ბაზრობიდან დაიწო. მოსახლეობა სავაჭრო ურთიერთობებით დაუკავშირდა ერთმანეთს, აღდგა მიმოსვლა.
_ არ დაგვავიწყდეთ, რომ აქ ძირითადად კონტრაბანდა ტრიალებდა.
_ კი, კონტრაბანდაც იყო. ზოგადად, ყველაფერი შედარებითია, პირველი ნაბიჯი ყოველთვის ქაოსით იწყება, რაც გარკვეუყლი დროის შემდეგ, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, კანონის ჩარჩოებში ექცევა. იმისათვის, რომ კონტრაბანდა გაკონტროლებულიყო, ბაზრობის გაუქმება საჭირო არ იყო. ერგნეთის ბაზრობის არსებობამ ხელი შეუწყო ბიზნესსაც,  ქართველმა ბიზნესმენებმა ცხინვალის რეგიონში თავიანთი ბიზნესის გაფართოება დაიწყეს, ამან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესს შეუწყო ხელი.
ხელისუფლებაში მოდის სააკაშვილი და პირველი, რასაც აკეთებს არის ბაზრობების გაუქმება.  მხოლოდ ერგნეთის კი არა, სადახლოს, წითელი ხიდის ბაზრობები ჩაიკეტა, რამაც უარყოფითი ასახვა ჰპოვა როგორც ეკონომიკაზე, ასევე მოსახლეობას შორის აღმდგარ ურთიერთობაზე. ბაზრობების დაკეტვის უარყოფით შედეგზე, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც საუბრობდნენ უცხოელი თუ ქართველი ექსპერტები. ამას დაემატა ე.წ. ალტერნატიული მთავრობა და სანაკოევის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა. პოლიტიკური მარაზმი იყო „სიმღერა“ „კოკოითი ფანდარასტ“. ამ ყველაფერმა ურთიერთობა დაძაბა და ერებს შორის აგრესიული დამოკიდებულება თვალშისაცემი გახდა. ხაზგასმითაა აღასნიშნავი სანაკოევის „ფენომენი“. კაცი, რომელიც იყო სეპარატისტული მთავრობის თავდაცვის მინისტრი და 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებში იარაღით იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოიყვანა, რასაც რუსეთი აღფრთოვანებით შეხვდა.
_ ქართული და რუსული პრესა აღფრთოვანებით წერდა სანაკოევის შესახებ.
_ დიახ. ერებს შორის ურთიერთობის დათბობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკაში და რომ არა სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა, რომლითაც მან რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი, დარწმუნებული ვარ აგვისტოს ომი არ იქნებოდა. ფაქტია, რუსეთი ჩასაფრებული იყო და ელოდა მოვლენების  განვითარებას, საჭირო დროს საჭირო მომენტში გამოჩნდა და რა მივიღეთ? გადავხედოთ სტატისტიკას: ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, აგვისტოს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა ორ პირს, რომლებზეც გაიცემა სახელმწიფო გასაცემელი. IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა, აქედან 26 ათასზე მეტი აგვისტოს ომმა დააზარალა და უსახლკაროდ დატოვა. ყველაზე მთავარი: საქართველოს ხელისუფლების ორგანოები და ქართული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გამოდევნილი იქნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დასახლებული პუნქტებიდან და ოლქის ტერიტორია (მათ შორის, ახალგორის რაიონი და მამისონის უღელტეხილი) სრულად მოექცა საოკუპაციო ძალების და ოსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ. ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა ცხინვალის რეგიონის 135 დასახლებულ პუნქტზე, რომელთა უმეტესობა იყო შერეული – ქართულ- ოსური. აღსანიშნავია, რომ ის სოფლები, რომლებიც მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული თითქმის სრულად არის განადგურებული. შერეული სოფლებიდან, ქართველები გამოაძევეს.
დიახ, ეს ომი საქართველოსთვის იყო ძალიან დიდი უბედურება, დაიღუპა ბევრი ახალგაზრდა, 136 სოფელი დაიკარგა, ეს საქართველოს რეალობისთვის ცოტაა?
_ ამ ტერიტორიებს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ქვების გროვა უწოდა, ხოლო ცოტა ხნის წინ კი ისიც გავიგეთ რომ ომმა საქართველო ამოასუნთქა.
_ დიახ. მე , როგორც საქართველოს მოქალაქე ამ ომის მონაწილე ვარ, ყველა პროცესი ჩემი თვალით ვნახე. მე ვიყავი გორში 9 აგვისტოს. ვნახე რა მდგომარეობა იყო – იმ დროს, როცა ხალხი პანიკაში იყო, ჯარი მეთაურის გარეშე დატოვეს და რეზერვისტები, რომელთაგან ბევრმა აგვისტოს 7-ში ან 8-ში მის ცხოვრებაში პირველად აიღო ხელში იარაღი, გარბოდნენ. აი, სწორედ ამ უპატრონობის გამო დაიხოცა უამრავი ადამიანი. აი, ამიტომ ჩავარდა ბევრი ტყვედ, რომელთა დიდი ნაწილი წამებით მოკლეს. ეს ყველაფერი სააკაშვილის და მისი გუნდის წევრების დამსახურებაა.
_ ომის მსვლელობის და შემდგომ პერიოდში არა ერთ სოფელში ვიყავი, მათ შორის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. ადამიანები ღიად საუბრობდნენ, როგორ მიატოვა ისინი ხელისუფლებამ.
_ ქარელში, გორის რაიონის სოფლებში რამდენიმე სოფელში, მათ შორის თედოწმინდა, ლევიტანი, აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ თედოწმინდაში, სადაც ქართველები, ოსები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობდნენ, იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, ხალხს არ ჰქონდა წამალი, არ იყო საკვები, ფაქტიურად მშივრები იყვნენ. მე მივმართე „სოკარის“ გენერალურ დირექტორს მაჰიდ მამედოვს დამხარება გაეწია ამ სოფლებისთვის.  ის არც დაფიქრებულა მითხრა, რომ რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებდა არა მხოლოდ აზერბაიჯანელი, არამედ ქართველი და ოსი ხალხისთვის, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობდნენ. 14 აგვისტოს,  სამოცდაათზე მეტ  ოჯახზე გათვლილი ჰუმანიტარული დახმარება გავამზადეთ და ჩემს მეგობრებთან, ძმებ შახვერდოვებთან ერთად წავედით თედოწმინდაში. ამ დროს რუსის ჯარი იგოეთში იყო განლაგებული, კასპის ჩასახვევში კი ჩვენი შენაერთები, მაგრამ იმ ხიდთან საიდანაც სამთავისისკენ მიდის გზა, იდგა რუსის ჯარი. ყველა პუნქტი მათ ჰქონდათ დაკავებული. მე ვთხოვე საქართველოში მყოფ ჩვენს სასულიერო პირს, იასინ ალიევს წამოსულიყო ჩემთან ერთად. ორი მანქანით ვიყავით წასულები, ერთ მანქანაში იასინ ალიევი იჯდა, მეორეში მე. ქართულ პოსტზე გვითხრეს, რომ არ გაგვიშვებდნენ, ამ პუნქტს ირაკლი კოდუა აკონტროლებდა. შევუთვალე კოდუას, აქედან ცოცხალი არ მოვიცვლი ფეხს-მეთქი. შედგა შეთანხმება და გაგვიშვეს. ჩვენი მანქანები რუსებმაც გააჩერეს, ძალიან სერიოზული საუბარი შედგა ჩვენს შორის, ბოლოს რაციით ვიღაც გენერალს მალაპარაკეს, რომელიც დაინტერესდა მიგვქონდა თუ არა იარაღი. მოკლედ, ჩვენ გავიარეთ 25 პოსტი, მინდა გითხრათ რომ 25-ვე პოსტზე იდგნენ ე.წ. „ნაიომნიკები“. თედოწმინდაში ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა, ზოგს შიმშილისაგან გული მისდიოდა.
_ სოფელს რატომ უნდა გაჭირვებოდა ასე.
_ ასეთი მდგომარეობა დაგხვდა. სამი ეროვნების წარმომადგენელს – ქართველს, ოსს და აზერბაიჯანელს ვთხოვე შეექმნათ ჯგუფი, რომელიც სამართლიანად გაანაწილებდა ჩატანილ სანოვაგეს, ჩვენ იმ დღეს, გვიან ღამით დავბრუნდით თბილისში. უკან გზაზე ქართველი ჟურნალისტები დამხვდნენ და მთხოვეს კომენტარი ამ სოფლებში არსებულ ვითარებაზე. მე მათ მოვუყევი რაც ვნახე, ამ დროს რუსთავი ორის ჟურნალისტი მეუბნება რომ მე არ აღვწერდი ვითარებას საჭიროდ და რომ უნდა მეთქვა იქ ქალებს აუპატიურებენ, ადამიანებს ხოცავენ. მე ვუთხართი მას – კი, ხალხს უჭირს, პრობლემები აქვთ, მაგრამ არავის უთქვამს რომ გააუპატიურეს და იძალადეს, მე ეს არ მინახავს, მაგრამ ვნახე რომ ვარძელაშვილი იყო რუსი ოფიცრის მძღოლი, ვნახე ლომაია და სხვა ჩინოვნიკები, მაგრამ რაც ვთქვი არაფერი გააჟღერეს – არ მოეწონათ.
19 აგვისტოს ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია რომ ატენის ხეობაში ყველაზე ბოლო სოფელში ლევიტანში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ისევ მივმართე „სოკარის“ გენერალურ დირექტორს, 1000 ოჯახზე გავთვალეთ და მეორე გზაზე, ამჯერად  ჩემთან ერთად იყვნენ „სოკარის“ წარმომადგენლები ფაიქ გულიევი და სხვები,  ის „ნაიომნიკები“ რომლებიც 14-ში ვნახე, აღარ იდგნენ პოსტებზე, უკვე უბრალო ჯარისკაცები იდგნენ. ჩვენ შევხდით ლომაიას, ვარძელაშვილს და სხვებს, რომელთაც მოგვამაგრეს ადგილობრივი წარმომადგენელი.
_ რას ამბობდა ხალხი?
_ სოფლის მცხოვრებლებმა გვითხრეს რომ მთავრობამ მათ „პეჩენიები“ დაურიგა. ჩვენ ატენის ხეობიდან ლევიტანამდე დავარიგეთ ჰუმანიტარული დახმარება და მინდა გითხრათ, რომ სოფლის მცხოვრებლები დღემდე მადლიერად გვიხსენებენ. უკან გვიან ღამით დავბრუნდით. საინტერესო იცით რა არის? ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ჩვენს ჰუმანიტარულ აქციაზე არაფერი უთქვამს. სამი საერთაშორისო აზერბაიჯანული ორგანიზაცია,  ჩაერთო ჰუმანიტარულ აქციაში.
დღეს, ადამიანები გამოდიან და აცხადებენ რომ თურმე ამ ომმა საქართველო გააცნო  დანარჩენ მსოფლიოს, რომ თურმე მილიარდები გამოუყვეს საქართველოს და ეს ჩვენი  დამსახურებააო, აი, ესენი არიან საქართველოს მტრები და არა გმირები, როგორც უნდათ თავი      წარმოაჩინონ. გმირები ი ს ადამიანები არიან ვინც იომა, გაუძლო იმ საშინელ მდგომარეობას რაც იქ იყო, გმირები ისინი არიან ვინც თავი და ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს.
_ აზერბაიჯანის საზღვართან საქართველოს ხელისუფლების მანქანების რიგები იდგა.
_ დიახ, ასე იყო. დამიკავშირდა ნანა ლეჟავა და მითხრა, რომ აკეთებდა წითელ ხიდზე სიუჟეტს და დახმარება მთხოვა. ჩვენ ჩავედით წითელ ხიდზე, ორივე მხარის მესაზღვრეებს გავესაუბრეთ. საქართველოს მხარემ არ მოგვცა ინფორმაცია, აზერბაიჯანის მხარეს შევხვდით საბაჟოს და პოლიციის წარმომადგენლებს, აზერბაიჯანში მომუშავე ქართველებს. მათ ძალიან საინტერესო სურათი დაგვიხატეს.  გავარკვიეთ რა მდგომარეობა იყო 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით. მესაზღვრეებმა და მოსახლეობამ გვითხრეს, რომ ამ პერიოდში საზღვარი გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ გადაჰყავდათ ოჯახის წევრები, საყვარლებიც კი.
ძალიან დიდი პანიკა იყო, აზერბაიჯანიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულებიც წავიდნენ, ადგილობრივები როგორც ამბობდნენ საქართველოს მხრიდან გადმოსული სახელმწიფო ნომრიანი მანქანების რიგი იდგა. იგივე მდგომარეობა იყო ბელექანის საზღვარზე. ბელექან-ზაქათალაში სასტუმროები დაჯავშნილი ჰქონდათ ხელისუფლების ჩინოვნიკებს, თავისი ოჯახების, ნათესავების და საყვარლებისთვის. ეს ნამდვილად ასე იყო.
დღეს ეს ხალხი გულზე მჯიღს რომ იცემს და დიდი აღტაცებით საუბრობს, რომ თურმე, საქართველოს უბედურება ააცილეს თავიდან, ეს უბედურება კი თავად მოიტანეს. საქართველოს ტერიტორიის 22% მათ ჩააბარეს მტერს შეთანხმებით, გარიგებით და ამის ვალდებულება ჰქონდათ. დღეს რომ მათ კიდევ საქართველოში ხმის ამოღების უფლება აქვთ, პარლამენტში არიან და ტელევიზიის ეკრანებიდან მოძღვრავენ ერს, აი, ეს არის ფსკერი.
ადამიანები რომელთაც საქართველო გაყიდეს პატრიოტიზმზე საუბრობენ, მე მრცხვენია მათ ნაცვალდ. ქართველი ხალხის თვალში ესენი არარაობები არიან, იმიტომ რომ მათ გააუბედურეს ქვეყანა. განა ასფალტის დაგება, რომელიც ორი თვის შემდეგ ისევ დასაგები იყო, არის მთავარი? დღეს ამ ძალას ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ მიჰყავს თავისი განცხადებებით და ქმედებებით, საქართველოს სახელი შელახეს, ისინი აღვივებენ ეროვნულ შუღლს. ღიად გეუბნებით ეროვნულ შუღლს აღვივებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ საქართველო დაეცეს. საქართველოში დღეს ისეთი ძალები არსებობს, რომლებიც ფინანსდებიან გარედან და ეწევიან ანტითურქულ, ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდას. ღიად, მაგრამ კარგად შენიღბულად, ებრძვიან ევროპულ ღირებულებებს. ისინი იკვებებიან იმ ძალებით, რომლისთვისაც საჭიროა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებობდეს დაპირისპირება. ბოლო სტატისტიკით, დღეს საქართველოდან თურქეთში გასული, 137 ათასი ადამიანი მუშაობს. რუსეთში ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ამ ადამიანების ბედზე არავინ დარდობს, აკეთებენ განცხადებებს, თითქოს მართლა პატრიოტები იყვნენ და თითქოს მართლა ადარდებდეთ საქართველოს მომავალი.
ავიღოთ დავით გარეჯთან დაკავშირებული პროვოკაციული განცხადებები, აქციები. ვინ დგას ამათ უკან? – ის ხალხი, ვისაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დავით გარეჯის საკთხი მოგვარებადია და თუ აქამდე არ მოგვარდა, მხოლოდ იმიტომ რომ არც ერთ ხელისუფლებას ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია. სპეციალური კომისია შეიქმნა ცოტა ხნის წინ, შეხვედრები მიმდინარეობს, მუშაობს კომისია და ამ ფონზე თქმა იმისა, რომ თურმე დავით გარეჯს აზერბაიჯანი გვართმევს, საქმეს წინ წასწევს?
დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორიაზე, მოუგვარებადია ქედი, რომლის ნახევარი აზერბაიჯანის, ნახევარი საქართველოსია. იქ არის ორი ტაძარი. დღეს კი გამოდიან და ამბობენ რომ თურმე სრულიად დავით გარეჯი მიაქვს აზერბაიჯანს. არავის არაფერი მიაქვს, აცალონ კომისიას მუშაობა, შეთანხმდებიან მხარეები და მერე გააკეთონ დასკვნები, კომენტარები. ვინ დავობს, რომ დავით გარეჯი ისტორიული ძეგლია, ვინ დავობს, რომ დავით გარეჯი მართლმადიდებლური ტაძარია? ვინ დგას „ამხედრებულების“ უკან? ისინი, ვინც აგვისტოს ომის დროს აზერბაიჯანის საზღვართან იდგნენ და მიატოვეს უპატრონოდ ადამიანები, ისინი, ვინც ფინანსდებიან საქართველოს მტრებისაგან. აი, ესაა უბედურება.
რაც შეეხება ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას, ეს ორი ერი ყოველთვის მეგობრები იყვნენ და პარტნიორები. რაკი მე ვარ აზერბაიჯანელი და ამიტომ არ ვამბობ ამას – სადაც უჭირდა საქართველოს აზერბაიჯანელები იქ იდგნენ ყოველთვის.
აქცია წამოიწყეს „სოკარში“ ბენზინს არ ჩავასხამთო. დაინტერესდნენ და გაარკვიონ რამდენი სოციალური პროექტი ხოერციელდება „სოკარის“ მიერ. ძალიან ბევრი. რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს ბაქოში, რამდენი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში? არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი. კრიმინალი ოქრუაშვილი და ნათელაშვილი რომ ლაპარაკობენ, საზღვარზე არ უნდა შემოუშვანო, ესენი ყველანი დაფინანსებულები არიან. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯჯანელები ვართ საქართველოს პატრიოტები, ჩვენი წინაპრები აქ იბრძოდნენ, საქართველოსთვის. ჩვენ იმ ბორჩალოელების შთამომავლები ვართ, კრწანისის ომში ირანელებს რომ ებრძოდნენ და კიდევ ვიბრძოლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც უჭირს საქართველოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს, საქართველო იყოს მთლიანი, აი, ამისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ არავის შევარჩენთ ჩვენს ერებს შორის შუღლის ჩამოგდებას.

 

.

 

წინა პოსტი

"ომში გადავრჩი და ჯალათების ცემის შედეგად "კატემ" კისტა მითხრა - თავში"

შემდეგი პოსტი

გვარამიას საქმის მასალები ყუთებში - უკაცრავად, ამის წაკითხვა, დამუშავება როგორ მოასწარით?