მთავარი»Slider»„პოლიტიკოსმა თავისი სიტყვით საზოგადოებაში დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს“

„პოლიტიკოსმა თავისი სიტყვით საზოგადოებაში დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს“

8
გაზიარებები
Pinterest Google+

რა იდეური კავშირია და განსხვავებაა 1920-იან წლების საქართველოში ეკლესიასთან დაპირისპირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და დღევანდელ ხატმებრძოლებს შორის და რა გავლენას ახდენენ ანტირელიგიური ჯგუფები პოლიტიკურ პროცესებზე? ამ და სხვა თემებზე „პროგრესნიუსს“ ისტორიკოსი ანზორ სიჭინავა ესაუბრა:

_  მებრძოლ უღმერთოთა კავშირი იყო ეკლესიასთან დაპირისპირებული ორგანიზაცია, რომელსაც თავისი გაზეთი ჰქონდა და მორწმუნეებშიც და არამორწმუნეებშიც პროპაგანდას ეწეოდა, მაგრამ ეს ახალგაზრდები ბოლშევიკური მთავრობის მხარდაჭერით მოქმედებდნენ. ეს პროცესები განსაკუთრებით, 1923 წლის შემდეგ გააქტიურდა. მუკ-ის წევრები აწყობდნენ კრებებს, სადაც მსჯელობდნენ ვინ გაეძევებინათ ან გაეპარსათ, ვის წინააღმდეგ რა მეთოდებით ემოქმედათ და ა.შ.
_ „გირჩისა“ და სხვა ლიბერალური შეხედულებების მქონე პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების ბოლოდნოინდელმა აქტივობებმა საზოგადოებას ბოლშევიკური მუკ-ი გაახსენა. თქვენ თუ ხედავთ ასეთ პარალელს?
_ „გირჩის“რელიგიურ სფეროში საქმიანობა ჩემი აზრით, დაკავშირებულია პოლიტიკურ მიზნებთან. იმ შემთხვევაშიც, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის ამრიდებლებს რელიგიურ ორგანიზაციაში აწევრიანებენ და იმ შემთხვევაშიც, როცა ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან. რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ჩვენს კონსტიტუციაში წერია, ამიტომ ადამიანი მორწმუნეა თუ არ არის მორწმუნე, სხვისი რელიგიური გრძნობები უნდა შეურაცხყოს და  მით უმეტეს, პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს.
_  იმ უმძიმესი შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება ასეთმა ქმედებებმა გამოიწვიოს, უნდა არსებობდეს თუ არა კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე?
_ არსებობს ადამიანთა ურთიერთობები სფეროები, რომლებსაც კანონი არ და ვერ აწესრიგებს, იმიტომ, რომ ეს მორალის სფეროს განეკუთვნება და შეიძლება ზნეობრივი ღირებულებებით შეფასდეს. მაგალითად, მატყუარა ადამიანი კანონით არ ისჯება, მაგრამ მის საქციელს საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება. ამ შემთხვევაშიც კანონით რეგულირებული არ არის, მაგრამ არის საზოგადოების დამოკიდებულება. თუ საზოგადოება ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მოქმედებას ქვეყნისთვის და ხალხისთვის პრინციპულად მიუღებლად მიიჩნევს, ამ დამოკიდებულებას არჩევნებზე გამოხატავს.
რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ მორწმუნე ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, სამაგიეროს გადახდა ქუჩაში სცადოს, სწორედ ამიტომ პოლიტიკოსი თავისი სიტყვით და მოქმედებით უნდა ეცადოს, რომ საზოგადოებაში ასეთი დაპირისპირება არ გამოიწვიოს. პარტიას, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ძალაუფლება აიღოს, მორწმუნე ადამიანების შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს, რომ  შეურაცხყოფა არ მიაყენოს თუნდაც მისთვის მიუღებელი რელიგიური აღმსარებლობის, სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანს.
_ სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი, რომ ოპოზიცია აქციებზე დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზაციას ვერ ახერხებს, ეკლესიისა და მორწმუნე ადამიანების მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულებაც გახლავთ.
– კი ბატონო.. მეორე მიზეზი კი ამის გაშუქებაა. სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით უმეტესად, შუქდება ის, რაც განსხვავებული და საზოგადოებრივი კონტექსტიდან ამოვარდნილია. მახსოვს, 90-იანი წლების დასაწყისში, ქართველთა ჯგუფი მოსკოვში რაღაცის გასაპროტესტებლად ჩავიდა. გამოაცხადეს, შიმშილობა გვაქვსო და საელჩოებს წერილები დაუგზავნეს. საელჩოებიდან არავითარი რეაგირება არ ყოფილა, რადგან პროტესტი და შიმშილობა იმ დროს არავის უკვირდა. მაშინ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოაცხადა, პირს ამოვიკერავო და ამის მერე იმდენი საინფორმაციო საშუალება და დიპ-კორპუსის წარმომადგენელი მივიდა, მოშიმშილეები აღარ ჩანდნენ. დღესაც დაახლოებით, ასეთი დამოკიდებულებაა. გირჩი იქნება თუ სხვა, რაღაც არასტანდარტულს, კონტექსტიდან ამოვარდნილს გააკეთებს და მიდის მერე ამის მედიით აფიშირება. ეს პოლიტტექნოლოგიების ერთ-ერთი ხრიკია, რომლითაც ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ ამას ეკლესიამაც და საზოგადოებამაც  ადექვატურად და მოზომილად უნდა უპასუხოს.
_ და მაინც, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს წინა საუკუნეში შექმნილ ბოლშევიკურ ორგანიზაციასთან და 21-ე საუკუნის, ლიბერალური იდეებით მოსულ დემოკრატებს?
_ ამ ახალგაზრდებს კომუნისტური იდეების ერთგულებაში ბრალს ვერ დავდებთ, მაგრამ ტექნოლოგიები და მეთოდები სამწუხაროდ, მეორდება. ისტორიაში არსებობს გამონათქვამი – ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ამიტომ ზოგჯერ ძველი პოლიტიკური სკივრიდან და პოლიტტექნოლოგიებიდან რაღაცას ამოქექავენ და გამოიტანენ. ძველი და თანამედროვე პრესის ფურცლებს რომ გადახედოთ, ხშირად სათაურეებიც კი მეორდება. ეს საზოგადოების ჩამორჩენილობის მაჩვენებლად მიმაჩნია. ლიბერალიზმი თავისუფლების იდეების ერთგულებას და სხვისი თავისუფლების პატივისცემას ნიშნავს. ადამიანი, რომელიც სხვის რელიგიურ თავისუფლებას შეურაცხყოფს, ამით პირველ რიგში, საკუთარ თავს შეურაცხყოფს. როცა პოლიტიკურ ჯგუფებს ფართო მხარდაჭერა და ასპარეზი არა აქვთ, ცდილობენ რაღაც ვიწრო სეგმენტზე იმუშაონ. ყოველთვის მოიძებნება პატარა ჯგუფი, რომელიც მათ ღირებულებებს იზიარებს და ამ პატარა სეგმენტზეა გათვლილი ყველაფერი. ამის კულტივირებას ახდენენ საზოგადოებაში და ფიქრობენ რომ მხარდაჭერას მიიღებენ. ეს მხარდაჭერა შეიძლება პატარა ჯგუფში მიიღონ, მაგრამ ეს არ არის ისეთი მხარდაჭერა, რომ პოლიტიკურმა ჯგუფმა რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

ეკატერინე მიქაბაძე: „ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ეფექტიანი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“

შემდეგი პოსტი

„ნუ გამოიტანთ ამ პრობლემებს ქუჩაში!რას აკეთებთ?! რატომ აკეთებთ?! რის მიღწევას ცდილობთ?!“