მთავარი»Slider»„პატიებას ვთხოვ ზვიადის სულს, ამ ცოდვის გამო უკვე დამსაჯა უფალმა“ – ჟურნალისტის საჯარო მონანიება

„პატიებას ვთხოვ ზვიადის სულს, ამ ცოდვის გამო უკვე დამსაჯა უფალმა“ – ჟურნალისტის საჯარო მონანიება

68
Shares
Pinterest Google+

 

გაზეთი „საქართველოს“ ყოფილი რედაქტორის მოადგილემ, სერგი ჯანაშიამ „იმედის“ ეთერში გიორგი კალანდიას ფილმის „დახვრეტილი საქართველო“-ს ნახვის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ვინანიებ საჯაროდ, თქვენს წინაშე, ამ დიდი აუდიტორიის წინაშე იმ ფაქტს, რომ მეც მიმიძღვის წვლილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში, როგორც სახალხო ფრონტის გაზეთ”საქართველოს’ რედაქტორის მოდგილეს.
გაზეთ “საქართველოს” არცთუ ცოტა წვლილი მიუძღვის სამხედრო გადატრიალების იდეოლოგიურ მომზადებაში.

ახლახანს ვუყურე გიორგი კალანდიას ფილმს იმ მოვლენებზე და ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე.

ადრეც მითქვამს, დამიწერია კიდეც, რომ მეც დამნაშავე ვარ და ჩემს წილ დანაშაულს ვგრძნობ -მეთქი, მაგრამ ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე პირველად ვამბობ ამას.

მართალია, იარაღი არ ამიღია ხელში და არ მიომია ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ იდეოლოგიური ომი ნაკლები ომი არაა.

მატერიალურად, არც სამსახურებრივი კარიერის თვალსაზრისით არაფერი სარგებელი მინახავს იმ პროცესებში მონაწილეობისაგან, მაგრამ ბევრმა ისარგებლა, ბევრმა ჯერ სამხედრო საბჭოში, მერე სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში, სახელისუფლებო იერარქიის სხვადასხვა კიბეებზე პოვეს თავიანთი ადგილი და ზოგი მათგანი დღესაც ზის პარლამენტში სახელისუფლები კვოტითა თუ ოპოზიციური გუნდიდან.

ცალკე უნდა ითქვას მაშინდელი ინტელიგენციის როლზე. ამ ე.წ.ინტელიგენციის წარმომადგენლები არა მხოლოდ სიტყვით, იარაღით ხელშიც იბრძოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ყველამ იცის, თუ ვინ არიან ისინი. მათ დღემდე არ ყოფნით ვაჟკაცობა, რომ მოინანიონ თავიანთი დანაშაული. მე, ბუნებრივია, ცოცხლებზე ვსაუბრობ, თორებ ბევრი მათგანი იმქვეყნადაა უკვე და იქ განიკითხავდა უფალი…

სახალხო ფრონტის ლიდერს, ნოდარ ნათაძეს, ეყო იმისი კაცობა, რომ საჯაროდ მოენანიებინა თავისი შეცდომა და დანაშაულიც.

დროა მას სხვებმაც მიბაძონ.

იმისი დროცაა დიდიხანია, დეტალურად გამოძიებულ იქნას ყველაფერი და დაისაჯონ დამნაშავეები-კიტოვანი, სიგუა, სხვები.. იოსელიანი წასულია იმქვეყნად, მაგრამ ბევრი მისი თანამებრძოლი, რომელიც ტყვიას უშენდა მომიტინგეებს, ცოცხალია.

ნონსენსია, რომ პუტჩის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიდუბის პანთეონში განისვენებს იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვაწეს.

ნონსენსია ისიც, რომ პუტჩის მეორე ორგანიზატორი თავისუფლად დასეირნობს თბილისსა და მოსკოვს შორის, ხოლო მესამე პუტჩის სული და გული, მშვიდად ცხოვრობს თავის ბინაში, დედაქალაქში.

ლამის ოცდაათი წელია გასული იმ ამბების მერე, მაგრამ მისი აჩრდილი თან სდევს საქართველოს და განვითარების საშუალებას არ აძლევს.

სანამ სამართლიანობა არ აღდგება და დასასჯელი არ დაისჯება, არაფერი გვეშველება. ეს ღმერთის რისხვაა ჩვენს თავს, რომ ზვიადის შემდეგ ყველა არჩეული თუ თავსმოხვეული მთავრობა ერთმანეთზე უარესია..

მინდა პატიება ვთხოვო ზვიადის სულს, იმ პუტჩის დროს დაღუპულ მისი თანამებრძოლების სულს, ყველა დახვრეტილი მომიტინგის სულს და რა თქმა უნდა,მათი ოჯახების,შვილების წინაშე ვიხრი ქედს და პატიებას ვთხოვ.

მე ამ ცოდვის გამო უკვე დამსაჯა უფალმა. სამუდამოდ,სანამ ცოცხალი ვარ, დიალიზის აპარატს მიმაჯაჭვა…

ვინც უყურეთ იმ ფილმს,ყველამ გაისიგრძეგანეთ,რომ მსგავსი ძალადობა,ხელისუფლების ძალით მიტაცების მცდელობა და მისი განხორციელება ისეთივე შედეგების მომტანია,როგორი შედეგებიც მივიღეთ 91-92 წლების სამხედრო გადატრიალებისაგან

კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას…“ – წერს სერგი ჯანაშია.

 

„კაცის ნათქვამი“ – ასე შეაფასა სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ სერგი ჯანაშიას საჯარო მონანიება.

წინა სტატია

„განათლება ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მივიღე და შვილსაც აუცილებლად საჯარო სკოლაში შევიყვან“

შემდეგი სტატია

მკვდარი თაგვები ხორცთან, კვების პროდუქტების ფალსიფიკაცია – დაწყებულია გამოძიება