პატარა ამბები

0
Shares
Pinterest Google+

ლევანი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ლევანს ბევრჯერ სტკენია, მაგრამ ჩვეულებრივ ვერ შეამჩნევდით. იგი ჩვეულებრივად იღიმოდა. იგი ჩვეულებრივი იყო სახლში, სამსახურში, ეზოში და ქუჩაში. რითიც და როგორც შეეძლო ლევანი ჩვეულებრივად ეხმარებოდა ყველას. იგი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ჩვეულებრივად მოხუცდა და ერთ დღეს ჩვეულებრივად გარდაიცვალა. როდესაც ასაფლავებდნენ, თვალებზე ყველას ჩვეულებრივ ცრემლი ჰქონდა, მათ შორის მესაფლავესაც, ჩუმად რომ თქვა – ,,არაჩვეულებრივი კაცი იყო!,, – ო.

გია ძალიან სწრაფი იყო. გია ჩქარიც იყო. იგი სწრაფად წყვეტდა, რომ უნდა ეჩქარა. გიას ასევე უნდოდა ყველაფერში ყველაზე წინ ყოფილიყო. გია კი არ ჩაგივლიდათ, იგი ჩაგიფრენდათ. რამდენჯერ დაუძახიათ – ,,გია, სად გარბიხარ?,, – ო, მაგრამ ისე სწრაფად გარბოდა სიტყვას ვერ აწევდნენ. ამის გამო მას არავისი არ ესმოდა. გიამ თითქოს ყველას ყველაფერში გაუსწრო. ერთ დღეს, როდესაც როგორც იქნა შეჩერდა და მიიხედ-მოიხედა, ვერ გაერკვა წინ იყო თუ უკან, რადგან გარშემო არავინ იყო.

თავაზიანი, თბილი, მხიარაული და გულღია იყო ნიკა. ნიკას არასოდეს არავისთან უთანხმოება არ მოსვლია. ნიკას ბიჭები პატივს სცემდნენ, გოგონებს კი მოწონდათ. ნიკა სკოლაში კარგად სწავლობდა, ამიტომ ინსტიტუტშიაც ჩააბარა. თანაკურსელებმაც შეიყვარეს ნიკა. მერე ის ომი დაიწყო, ნიკა რომ მოხალისედ წავიდა და წელიწადზე მეტი რომ გაგრძელდა. დასრულდა ომი და დაბრუნდა ნიკა. ჯმუხი, ქურფი და სიტყვაძუნწი გახდა ნიკა. მონატსრები მოიარა და ბოლოს მაინც ,,წამალზე,, შეჯდა. ნეტავი რა ნახა ასეთი იქ, იმ ომში ნიკამ, ასე რომ სული დაუმძიმა? ომის ამბები არასოდეს არავისთვის გაუმხელია. ეს კი იყო: მამაო აქვითინებული გამოვიდა ერთ დროს გულღია, მხიარული ბიჭისაგან, ახლა რომ საწოლში ჩაკარგულიყო და ბოლო აღსარება თქვა.

დევი დევივით კაცი იყო და ხმაურიანიც. თინა სიფრიფანა და ჩუმი. თავის დროზე დევიმ რომ თინას ხელი სთხოვა, თინამ თავი დახარა, ხელი გაუწოდა და გულიც მიაყოლა. დევი ოჯახს არჩენდა, თინა ოჯახსაც უვლიდა და ხმაურიანი დევის სტუმრებს დღეში ორჯერ მაინც სუფრასაც უშლიდა. ხმაურიანი დევი სულ ხმაურობდა, თინას ხმა კი არავის გაუგია. თინა დევის მთელი ცხოვრება ყველაფერში მიყვებოდა და ერთ დღესაც სულაც გადაყვა. დევიმ თინას რაც საჭირო იყო ყველაფერი გაუკეთა და როდესაც საფლავიც დაასრულა და სახლში დაბრუნდა გონება დაკარგა. თვალი რომ გაახილა, სიფრიფანა თინა გვერდით ჰყავდა. მას შემდეგ ერთად არიან და თინას ცივი ნიავიც არ ეკარება, რადგან იქ ნიავი არ არის.

თედო და კაკო მეზობლები იყვნენ. თედომ დიდი სახლი ააშენა. კაკომ თედოს სახლს გახედა და თედოს სახლზე დიდი სახლი ააშენა. თედომ სახლი გადახურა და კარგად მოაწყო. კაკომაც გადახურა, მაგრამ კარგად ვერ მოაწყო. გავიდა ხანი. თედო გარდაიცვალა. კაკოც გარდაიცვალა. თედოს შვილმა დიტომ დიდი სახლი გაყიდა და დიდ ქალაქში პატარა ბინა იყიდა. კაკოს შვილმა თომამაც გაყიდა დიტოს სახლზე უფრო დიდი სახლი და დიდ ქალაქში მანაც იყიდა პატარა ბინა. თედომ რომ სახლი ააშენა და დიტომ გაყიდა როქოსამ იყიდა. კაკომ რომ ააშენა და თომამ გაყიდა, ის სახლი ისმაილმა იყიდა. ახლა დიტოს და თომას მეზობელი ზაური აშენებს დიდ სახლს და ბერდია მალულად აკვირდება.

ანა სკოლიდან სახლში მიდიოდა და რეზი დაინახა. ანას ფითქინა ლოყები აუღაჟღაჟდა, რაც რეზიმ ვერ შეამჩნია, რადგან ანა არ დაუნახავს. გავიდა სულ ცოტა ხანი ახლა რეზიმ დაინახა ანა. ამჯერად ყმაწვილის ლოყებმა იცვალეს ფერი, მაგრამ არც ანას შეუმჩნევია რეზის ლოყები, მის გამო რომ ვარვარებდნენ. ასე ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ როდესაც მათი მზერა გადაიკვეთებოდა, მაშინ ორივეს ლოყების სიწითლეს მორცხვი ღიმილიც ამშვენებდა. ანას და რეზის არასოდეს ჰქონიათ დიალოგი. მეტიც, სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისათვის. არც ანას მოცახცახე ხელი ეჭირა რეზის ხელს. გავიდა ხანი. დიდი ხანი გავიდა. ანა და რეზი ქუჩაში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. თვალებმოჭუტულმა რეზიმ ანას გახედა. ანამაც შეხედა რეზის. ამჯერად მათ ლოყებს ფერი აღარ შეცვლიათ. ორივეს ფერმკრთალი და დანაოჭებული სახე ჰქონდა. ორივე წელში მოხრილიყო. ,, საიდან მეცნობა?,, – გაიფიქრა რეზიმ. ,, ნეტა რას მომშტერებია?,, – გაიფიქრა ანამ. მერე გზა განაგრძეს. რეზი მარჯვნივ წავიდა, ანა მარცხნივ. ისე კი ორივე ერთ მხარეს მიდიოდა, იქით.

ლუკას ცოლი ჰყავდა, უყვარდა და მერე გაშორდა. ლუკას შვილი ჰყავს და უყვარს, რომელიც იმ ცოლმა წაართვა, ჯერ რომ უყვარდა და მერე გაშორდა. ლუკას ოდესღაც მეგობრებიც ჰყავდა, სახლიც ჰქონდა და სამსახურიც. ახლა აღარავინ და არაფერი გააჩნია, ყველა და ყველაფერი დაკარგა. სამაგიეროდ (წონასწორობის თეორიის მიხედვით) ლუკა სწორედ იმდენით გათავასუფლდა, რამდენიც დაკარგა. ლუკას ერთნი თანაუგრძნობენ, მეორენი აქილიკებენ, მესამენი ჭკუას ასწავლიან. ლუკა მშვიდად და უემოციოდ უსმენს მათ, რადგან იმდენად გათავისუფლდა, რომ სულით გაღატაკდა.

ბესარიონი ბავშვობაში ფანტაზიორობდა, ყმაწვილკაცობაში კი ტყუილები დასჩემდა. მის გარშემო ეს ყველამ იცოდა და მისი არავის სჯეროდა. ბესარიონი ამის გამო სულაც არ წუხდა. ერთ დღეს იგი რაღაც დროით გაუჩინარდა და როდესაც გამოჩნდა გაზრდილიყო და მან რაღაც თქვა. ისეთი რამ თქვა, ვინც იცნობდა იმათმაც კი დაიჯერეს. მერე უფრო ხმამაღლა თქვა და ახლა სხვებმაც დაიჯერეს. მერე ქვეყანაში არჩევნების დრო მოვიდა და ბესარიონი ისეთ რაღაცაებს ამბობდა, რისიც ყველას სჯეროდა, რადგან ბესარიონი იმას ამბობდა, რასაც ხალხი ხედავდა, ბესარიონმა სიმართლის თქმას უმატა და უმატა. არჩევნების დღეს კი, ხალხი მას ხმას აძლევდა და აძლევდა. ახლა ბესარიონი პარლამენტში ზის და სიმართლეს სწორედ იმ დოზით ამბობს, რომ მისმა მხარდამჭერებმა ტყუილში ისევ იცხოვროს. სამაგიეროდ დროდადრო ბესარიონი ხალხს მკერდში გრძელ ხელს ჩაუყოფს და მფეთქავ, დაღლილ კუნთს მოუფხანს, განსაკუთრებით არჩევნების წინ.

ლევანი შეძლებულად ცხოვრობდა და კარგი ოჯახიც ჰყავდა. ლევანის მეზობლად ახალგაზრდა თიკამ ბინა იყიდა. თიკას საქმიანობას იოლად ვერ დაადგენდით, მაგრამ მშვენიერი გარეგნობის კი იყო! ერთხელ თიკა ლევანს სადარბაზოსთან შეხვდა, თვალი თვალში გაუყარა, სქელი ტუჩები გადაფურჩქნა და თეთრი კბილებიც დაანახა. იმ დღის შემდეგ ლევანმა მოსვენება დაკარგა. ოჯახში გახშირებული კინკლაობა ხშირად ჩხუბში გადადიოდა. თიკა ლევანს უფრო ხშირად ხვდებოდა, ჯერ სადარბაზოსთან, მერე კაფეში და ერთ დღესაც ლევანმა ოჯახი მიატოვა და თიკამაც გაყიდა თავისი ბინა. ლევანს უყვარდა თიკა. თიკას არავინ არ უყვარდა. ამიტომ იქ, სადაც ლევანმა თიკას ბინა უყიდა და ერთად ცხოვრება დაიწყეს, ასევე ჰქონდა სადარბაზო. ერთერთში ჯუბა ცხოვრობდა. ჯუბასაც კარგი ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ერთ დღეს სადარბაზოსთან თიკას შეხვდა, რომელმაც სქელი ტუჩები გადაფურჩქნა და ენის წვერი თეთრ კბილებზე აუჩქარებლად გაისვა. ახლა ჯუბამაც დაკარგა მოსვენება. იმ სახლს, სადაც თიკამ და ჯუბამ ერთად ცხოვრება დაიწყეს, ასევე ჰქონდა სადარბაზო. ლევანი საწყის პოზიციას დაუბრუნდა. პატარა ელენე და ნინი თანაკლასელები იყვნენ. კოხტა ელენე ბიჭუნებს ძალიან მოწონდათ. ნინი პუტკუნა იყო. ნინი ელენეს გაებუტა. ელენემ ნინის ჰკითხა თუ რა იყო მიზეზი. ნინიმ – პრანჭია ხარო. ელენემ ეს არ მიიღო, რადგან სულაც არ იყო პრანჭია. გოგონები კი შერიგდნენ, მაგრამ მთელი ცხოვრება ნინი პუტკუნა იყო და ელენე სულ პრანჭია ეგონა.

სანდრო პოეტი იყო. გიგა პოეტობდა. სანდრო ნონკონფორმისტი იყო. გიგა სამშობლოს წინსვლას და კიდევ ვიღაცაებს უმღეროდა. გიგა დიდ პატივში ჰყავდა სამშობლოს და იმ ვიღაცაებს. გავვიდა ხანი. გიგა დიდი პატივით დაკრძალეს პანთეონში. კიდევ გავიდა ხანი. სანდრო პანთეონში გადაასვენეს. დღეს სანდრო ჰყავთ დიდ პატივში, რადგან სანდრო პოეტი და ნონკონფორმისტი იყო.

ნონა ძალიან ლამაზი იყო. ნონა პრეტენზიულიც იყო. ყველა მამაკაცს იწუნებდა. ნონა ფიქრობდა, რომ ცხოვრება წინ ჰქონდა. როდესაც ნონას მოეწონა, თითონ დაიწუნეს. ნონას რომ ეგონა ცხოვრება წინ ჰქონდა, ახლა უკან დარჩა. ნონა ნანობს. ნონა მარტოა და მოხუცია.

ცაცა საყვარელი მამაკაცისგან დაორსულდა. ამის შემდეგ ის მამაკაცი ცამ ჩაყლაპა. ცაცა ნათესაობამ გაკიცხა და განაჩენიც გამოუტანა აბორტის სახით. ცაცა პროვინციიდან დიდ ქალაქში გაიქცა და შვილი გააჩინა. ბედნიერი ცაცა შვილს ზრდიდა. გაიზარდა ცაცას შვილი, დაოჯახდა და ტყუბებიც შეეძინა. ახლა ცაცა უფრო ბედნიერი იყო. მერე ცაცა გარდაივალა. დღეს ცაცას შვილიშვილებსაც ჰყავთ შვილები. მრავლდება და იზრდება ცაცას შთამომავალი, უკანონო შვილი რომ გააჩინა და პროვინციდან დიდ ქალაქში განაჩენს რომ გაექცა. მამაკაცი, ცამ რომ ჩაყლაპა, მიწას მიუბარებიათ.

ზურას ,,წამალი,, უყვარდა, მაგრამ იშვიათად იკეთებდა. გოგი ნარკომანი იყო. ზურა ორჯერ გააფრთხილეს და მერე ციხეში მოხვდა. გოგი არასოდეს გაუფრთხილებიათ და არც დაუჭერიათ. გოგის პატრონობდნენ და ამიტომ სულ კაიფში იყო. ზურა ციხიდან გამოვიდა და აღარ კაიფობს. გოგი ვეღარ კაიფობს. გოგი, რომელსაც პატრონობდნენ, აღარ არის…

მერაბ ჩხაიძე

წინა სტატია

ჯადოსნური ზღაპარი

შემდეგი სტატია

ამადეო მოდილიანისა და ანა ახმატოვას სიყვარულის ისტორია

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.