მთავარი»ხელოვნება»პაბლო პიკასოსა და ოლგა ხოხლოვას სიყვარულის ისტორია

პაბლო პიკასოსა და ოლგა ხოხლოვას სიყვარულის ისტორია

1
Shares
Pinterest Google+

“არ არსებობს ქალი, რომელიც მასთან ბედნიერი იქნება”

პიკასომ ოლგა ხოხლოვა 1917 წელს გაიცნო, ევროპაში რუსული ბალეტის გასტროლის დროს. მას დასის დირექტორმა სერგეი დიაგილევმა დასისთვის, რომელიც ევროპაში საგასტროლოდ ემზადებოდა, დეკორაციები და კოსტიუმების ესკიზები შეუკვეთა. პაბლო ყველა სპექტაკლს ესწრებოდა, სიამოვნებით საუბრობდა დასის დირექტორთან სერგეი დიაგილევთან და ახალგაზრდა კომპოზიტორთან სტრავინსკისთან. ხატავდა მათ პორტრეტებს. როდესაც პიკასო თავისი შთაბეჭდილებების შესახებ მეგობრებს უყვებოდა, საუბრობდა მომხიბვლელ რუს ბალერინებზე, თუმცა მხოლოდ ერთზე ფიქრობდა.

ეს ოლგა ხოხლოვა იყო _ დასის ულამაზესი ბალერინა. ის რუსული არმიის გენერლის ქალიშვილი, განათლებული, ჭკვიანი და პატივმოყვარე გახლდათ. ოლგას მშვენივრად ესმოდა, რომ ადვილი არ იყო დიაგილევის დასში მოხვედრა და კიდევ უფრო _ რთული ახალგაზრდა ლამაზ მოცეკვავეებს შორის თავის დამკვიდრება, მაგრამ ოლგამ ეს შეძლო. სწორედ მან მიიპყრო პიკასოს ყურადღება.

ტემპერამენტიანი და ქაოსური ესპანელი ფერნანდა ოლივიეს შემდეგ, რომელთანაც პაბლომ უწესო ცხოვრებისა და ოპიუმის გემო გაიგო, ოლგამ ის თავისი ჩრდილოეთური სიმშვიდით, ტრადიციულობითა და ელეგანტურობით მოხიბლა.

მაგრამ ყველაზე მთავარი _ ოლგა მას იზიდავდა არა მხოლოდ როგორც მამაკაცს, არამედ როგორც მხატვარსაც. პაბლო გრძნობდა ოლგას სილამაზეს, მისთვის ეს სილამაზე სუფთა, სრულყოფილი და ოდნავ გულუბრყვილო იყო.

და ოლგა? ის ყურადღებით აკვირდებოდა მხატვარს. მას სიამოვნებდა მისი ყურადღება, აღფრთოვანებული მზერა. ოლგას ჯერ კიდევ არ ესმოდა, რომ ეს ფერმწერის მზერა იყო, რომელიც მას გონებაში უკვე ხატავდა. ოლგასთვის ეს გახლდათ ინტრიგა _ და ეს პირველი ნიშანი იყო, რომ შეყვარებოდა. ოლგა ვერც კი ხვდებოდა, რომ სწორედ ის, კლასიკური და ტრადიციული სლავი ქალი პიკასოს შემოქმედების ახალი ეტაპის _ ნეოკლასიციზმის სულისჩამდგმელი გახდებოდა.

ერთადერთი ენა, რომელზეც მათ ურთიერთობა შეეძლოთ _ ფრანგული იყო. ის მათი სიყვარულის ენა გახდა. შეყვარებული პიკასო დასს მთელ ევროპაში დაჰყვებოდა: რომში, ნეაპოლში, ფლორენციაში. ოლგას სიყვარული მის ცხოვრებაში მთავარ ადგილს იკავებს, ოლგა მისი შთაგონების წყარო გახდა.

პიკასო გატაცებით მუშაობდა დეკორაციებზე, ესწრებოდა გამოფენებს. შემდეგ იყო მადრიდი, ბარსელონა. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ საბალეტო დასი ესპანეთის მეფეს ალფონსო მეთორმეტესა და დედოფალ ევგენიას წარუდგინეს.

ოლგა გასაოცრად ბუნებრივი და ჰარმონიული იყო მეფისა და დედოფლის გვერდით. მისი ბუნებრიობა და დახვეწილობა კი უფრო და უფრო იზიდავდა პიკასოს. ის ასხივებდა საოცარ სიმშვიდეს, რომელიც პაბლოს პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მძიმე დღეებში სჭირდებოდა. ოლგას გვერდით ის ეძებდა ჰარმონიასა და სიყვარულს, რომელიც ასე აუცილებელი იყო მისი მოღვაწეობისთვის.

1917 წლის შუახანებში პიკასოს მეგობრებისთვის ცნობილი გახდა მისი სიყვარულის შესახებ. ივლისში ისინი ბარსელონაში აწყობენ ბანკეტს. ოლგა არ მალავდა, რომ შეყვარებული იყო. მას არ სურდა საყვარელ კაცთან განშორება, ოლგას ოთახი მხატვრის სახელოსნოდ გარდაიქმნა.

მათ ესპანეთში ოთხი ბედნიერი თვე გაატარეს. ნოემბერში პაბლომ ოლგა დედას გააცნო. მან სევდიანად შეხედა ოლგას და მოულოდნელად წარმოთქვა: “არ არსებობს ქალი, რომელიც მასთან ბედნიერი იქნება”. ამ სიტყვებს ოლგა ბევრჯერ გაიხსენებს, მაგრამ ახლა ის ბედნიერია. სწორედ ამ დღეებში პაბლო ხატავს ოლგას _ დედის ესპანური მანტილიეთი. ეს შედევრი პიკასოს შემოქმედებაში განუმეორებელ ქალთა სახეების გალერეას ქმნის, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ოლგას უჭირავს.

1918 წლის დასაწყისში ოლგა დიაგილევის დასს ტოვებს და იმავე წლის ივლისში პაბლოს ცოლად მიჰყვება. ეს მათ ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდი იყო. თაფლობის თვე ბიარიცში გაატარეს და დროებით დაივიწყეს ომი და რევოლუციები. პარიზში დაბრუნებისას მათ დაიქირავეს ბინა, რომელსაც შესანიშნავი ხედი ჰქონდა და ეიფელის კოშკს გაჰყურებდა. პაბლო ოლგას აღმოჩენას განაგრძობდა. ოლგა სიამოვნებით ზრუნავდა სახლის სიმყუდროვეზე, პაბლო აღფრთოვანებული იყო მისი განათლებითა და კულტურით, წიგნებს ოლგას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

პაბლო თავის გრძნობებს ფუნჯით გადმოსცემდა. ამ თემაზე რამდენიმე ნახატი შექმნა: “ოლგა კითხულობს”, “ოლგა სავარძელში ჯდომისას კითხულობს”, “ოლგა სავარძელში კითხულობს”. ნელ-ნელა მათ პარიზის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებთან დაიწყეს ურთიერთობა.

პიკასო ამაყობდა თავისი ცოლით, რომლის სილამაზე და ელეგანტურობა პარიზის სალონებში მაღალ დონეზე იყო შეფასებული. მხატვრის სახელი სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. ის ბევრს მუშაობდა, მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი ეკავა ქალის სახეს: მაღალი წრის წარმომადგენლებსა და ყველაზე ჩვეულებრივებს, ბალერინებს, ნაცნობებს, ცოლის მეგობრებსა და რა თქმა უნდა, ოლგას.

1920 წელს ოლგა დედობისთვის ემზადება. ორივე ბედნიერი იყო. პაბლოს შემოქმედებაში გაჩნდა ახალი თემა _ დედა. ის ქმნიდა ახალ ნამუშევრებს: “დედა და ბავშვი ზღვასთან”, “ოჯახი ზღვის პირას”, დედა და ბავშვი”. 1922 წლის თებერვალში ოლგას ვაჟი _ პოლი შეეძინა. პიკასო ამაყი იყო, როგორც მამა და როგორც მხატვარი: ოლგამ მას ვაჟი აჩუქა.

პაბლოს წინაშე გაიხსნა მანამდე უცნობი სამყარო, ბავშვი სათამაშოებით, ხის ცხენებითა და ნაცრისფერი სპილოებით, პიეროსა და არლეკინის საკარნავალო კოსტიუმებით. მისი სიყვარული შვილისადმი, როგორც ცოლისადმი, გამოიხატებოდა ფერწერით. მან ბავშვის პორტრეტების არაჩვეულებრივი გალერეა შექმნა.

ელეგანტური წყვილი შანელის კოსტიუმებით, ესწრებოდნენ მაღალი წრის საღამოებს, ღამის ჯაზ-კლუბებს, სპექტაკლებს. მათ მეგობრებსა და ნაცნობებს შორის იყვნენ _ კოკო შანელი, არტურ რუბინშტეინი, მარსელ პრუსტი, ჯეიმს ჯოისი, იგორ სტრავინსკი, მათ გაიცნეს მონაკოს მომავალი მმართველები _ პრინცესა შარლოტა და პრინცი პიერი, ევროპის სხვა არისტოკრატული ოჯახების წარმომადგენლები, მათ შორის პორტუგალიის მეფე მანუელი და რუსი არისტოკრატები, რომლებმაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთი დატოვეს.

ოლგა მთლიანად გადაეშვა მაღალი წრის ცხოვრებაში, პიკასოსთვის კი ახალი შთაბეჭდილებებია, ის აკეთებდა ჩანახატებს, მუშაობდა საბალეტო დეკორაციებზე, ხატავდა. ოლგა და პაბლო ბარსელონაში წავიდნენ, სადაც პიკასომ სალვადორ დალი გაიცნო. გარეგნულად ყველაფერი ძველებურად იყო, ვერც ოლგა და ვერც პაბლო ვერ ამჩნევდნენ შინაგან ფსიქოლოგიურ კონტრასტს.

ოლგა ცხოვრობდა ოთახებში, სადაც იდეალური წესრიგი მეფობდა: ყველაფერი თავის ადგილზე იყო, საუკეთესო მკერავების მიერ შეკერილი ტანსაცმელი, კლასიკური გარემო, რომელიც მაღალი წრის მიღებებისთვის იყო განკუთვნილი.

პიკასოსთან კი მეფობდა ქაოსი, ოთახში ავეჯი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა, კუთხეში მიწყობილი იყო მისი და მისი მეგობრების: მატისის, სეზანის, რენუარის ნახატები, ესკიზები, კედლებზე ეკიდა აფრიკული ნიღბები, სკამებზე უწესრიგოდ ეყარა წიგნები, მოლბერტები, დაუმთავრებელი სკულპტურები… ირგვლივ მიმობნეული იყო სიგარეტის ნამწვები.

ოლგა ჯიუტად ცდილობდა მის ჩართვას პარიზის მაღალი საზოგადოების ცხოვრებაში. პიკასო ხშირად ხვდებოდა ახალი ტალღის მხატვრებსა და მეამბოხე პოეტებს. ოლგა ოცნებობდა ტრადიციულ ოჯახზე და მის მიერ შექმნილ სამყაროში არაფრის შეცვლა არ უნდოდა.

მაგრამ პიკასო? შექმნილი იყო კი ის მშვიდი ოჯახური ცხოვრებისთვის? ოლგას ვერ წარმოედგინა თავისი ცხოვრება მაღალი წრის საზოგადოების გარეშე. ეს არც იყო გასაკვირი _ ის დაიბადა და გაიზარდა ამ გარემოში. პიკასოსთვის კი ევროპისა და პარიზის სალონები მხოლოდ ახალი სიუჟეტები, ახალი ემოციები და ახალი თემები იყო მხატვრობაში. ეს იყო გარკვეული ეტაპი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში, მაგრამ პაბლოს სამუდამოდ იქ დარჩენა არ შეეძლო და გამუდმებით ეძებდა რაღაც ახალს…

მარკ შაგალის თქმით, ისინი სხვადასხვა პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ოლგა გრძნობდა მათ ურთიერთობაში დაძაბულობის ზრდას. ჯერ კიდევ გარეგნული კეთილდღეობის ქვეშ იმალებოდა მამაკაცის შეუპოვარი წინააღმდეგობა, პაბლოს ნამუშევრებიდან ქრებოდა კლასიკური პორტრეტები და მოცეკვავეების ნახატები, რაც ოლგას შეშფოთების მიზეზი ხდებოდა.

ოლგა ცდილობდა მათ ურთიერთობაში გაჩენილი ბზარების შენიღბვას, მაგრამ 1927 წელს პიკასომ გაიცნო 17 წლის მარია-ტერეზა ვალტერი, რამაც მათი ურთიერთობა უფრო დაძაბული გახადა.

30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერი მოვიდა, პაბლო დაინტერესდა პოლიტიკით და კომუნისტურმა იდეებმა გაიტაცა. ოლგა გულგრილი იყო პოლიტიკის მიმართ, მამამისი საიმპერატორო არმიის ოფიცერი იყო, და რა თქმა უნდა, ქმრის პროკომუნისტური შეხედულებები მას ძალიან აშინებდა.

ცხოვრება გართულდა… ოლგა ცდილობდა, გაეგო, რა შეიცვალა მათ ურთიერთობაში, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა. ოლგა უარს ამბობდა განქორწინებაზე. მას ძველებურად უყვარდა პაბლო და იმედოვნებდა, რომ ერთობლივი ცხოვრება დალაგდებოდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ოლგა პიკასოს გაორებას ამჩნევდა: როგორც ქმარი და მამა ის ოჯახზე ზრუნავდა, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად ატარებდნენ არდადეგებს, მოგზაურობდნენ, მაგრამ, როგორც მხატვარი, ის ახალ თემებს ეძებდა. პაბლოს შემოქმედებაში ჩნდებოდა ახალი სტილი _ კლასიკური პორტრეტების ნაცვლად ოლგასთვის გაუგებარი სიურრეალიზმი და ექსპრესიონიზმი, გაჩნდა ახალი სიუჟეტები და რაც ყველაზე საწყენია _ ახალი მოდელი, მარია-ტერეზა.

ოლგა ინტუიციურად ხვდებოდა მათი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ არ უნდოდა ამის დაჯერება, ბოლოს და ბოლოს, ახალი მოდელი არ ნიშნავს ახალ სიყვარულს… მაგრამ მარია-ტერეზას ორსულობამ, ჯერ ქალიშვილისა და შემდეგ ვაჟის დაბადებამ ოლგა მათ სიყვარულში დაარწმუნა. ის სასოწარკვეთილი იყო და შვებას რელიგიაში ეძებდა.

ოლგა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის მარტო დარჩა. ქვეყანა, სადაც ბედნიერი იყო, მოულოდნელად მისთვის უცხო გახდა. ოლგა ვერ დაბრუნდებოდა ახალ, უცნობ რუსეთში. მას არ შეეძლო შერიგებოდა პიკასოს გულგრილობას.

1935 წელს ოლგამ პიკასოს მიტოვება გადაწყვიტა და დაიწყო განქორწინების პროცესების ტალღა. ოლგა პარიზში გაემგზავრა, სადაც სურდა, დაემალა ყველაფერი, შეეცვალა გარემო. მას არავის დანახვა არ უნდოდა და გამუდმებით პაბლოზე ფიქრობდა. ოლგა იმედგაცრუებული იყო, მას აღარ აინტერესებდა მაღალი წრის წარმომადგენლები, არ ეძებდა ახალ ნაცნობებს.

შვილი? ის ბავშვი აღარ არის, პოლი თითქმის 16 წლის იყო. ის სწავლობდა და ცხოვრობდა საკუთარ სამყაროში, სადაც მშობლები ვერ შეაღწევდნენ. ოლგა გრძნობდა, რომ პიკასო ისევ უყვარდა, შორიდან ადევნებდა თვალს მის შემოქმედებას. ის გაოცებული იყო პაბლოს მსუბუქი ყოფით: ის იცვლის საყვარლებს _ მარია-ტერეზა ვალტერი, დორა მაარი, ფრანსუაზა ჟილო… მოულოდნელად ოლგა მიხვდა, რომ მისთვის ნამდვილი სიყვარული _ ერთადერთ და მარადიული ქმართან ცხოვრება იყო სიხარულსა და გაჭირვებაში. ოლგა ცხოვრობდა მოგონებებით და საკუთარ ცხოვრებაში არაფრის შეცვლა აღარ სურდა. განქორწინების ხანგრძლივი პროცესი 1955 წელს დასრულდა _ ოლგას გარდაცვალების დღეს… ის მოკვდა, როგორც ოლგა პიკასო, დარჩა მხატვრის ოფიციალურ ცოლად, თითქოს ამით სურდა ეთქვა, რომ მთელი ცხოვრება ყოველთვის პაბლო პიკასო უყვარდა.

მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა, გაზეთი “პრემიერი”

 

წინა სტატია

ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს

შემდეგი სტატია

რაც უფრო ბედნიერია ადამიანი, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს და ნაკლებად ავადმყოფობს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.