ორი სიზმარი

0
Shares
Pinterest Google+

პაწაწინა თხუნელა თუნი დედას შეკითხვებით არ ასვენებდა:

– დე, მუდამ რატომ ბნელა? თუ გვესმის და ყნოსვაც გვაქვს, ხომ უნდა ვხედავდეთ, ა-ა, დე?

– ასეთია ჩვენი ხვედრი, თუნი. ჩვენ ხომ მიწაში ვცხოვრობთ? აქ არაფრის დანახვა არ გვჭირდება. სმენა და ყნოსვა კი ისეთი გვაქვს, რომ სხვებს შეშურდება. ასეა, როდესაც ერთი რამ მოჭარბებულად გაქვს, მეორე,როგორც წესი, გაკლდება. სამაგიეროდ, ვერცერთი ცხოველი ვერ გრძნობს საშიშროების მოახლოვებას ისე, როგორც ჩვენ, თხუნელები. გახსოვს იმ დღეს, რომ დამიძახე – ვიღაც მოდისო?

– კი, დე, მახსოვს – იცი? ის მაჩვი იყო, ჩვენი დაუძინებელი მტერი, მუდამ ჩვენზე ნადირობს. რომ არა თხუნელების შესანიშნავი სმენა და ყნოსვა, ხშირად ჩაგვიგდებდა ხელში. მაგრამ ასე ძალიან იშვიათად ხდება. განა ეს საკმარისი არ არის? – უხსნიდა დედა.

– კი, მაგრამ ხომ შეიძლება კარგადაც ვხედავდეთ? – ჩააცივდა პატარა.

– როგორ არ გესმის, თუნი? ჩვენ რომ თვალხილულები ვიყოთ, მაშინ ამგვარი სმენა და ყნოსვა აღარ გვექნებოდა, მაშინ, ვინ იცის როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება. მართალია სიბნელეში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენთვის ასე ჯობს. – ისევ უხსნიდა დედა.

– ჰო, მაგრამ იმათ ქვეყანა მაინც ნახეს. მესმოდა იმ დღეს, ერთი წრუწუნა მეორეს ეუბნებოდა – ,, შეხედე რა ლამაზი ცა არისო, როგორი მთვარეო, ვარსკვლავებიო,, – ისე მომინდა მეც დამენახა, ისეე… მაგრამ.. ეჰ. – მესმის, ოდესღაც მეც მინდოდა, ძალიან მწყდებოდა გული. შეუძლებლად მეჩვენებოდა მთელი ცხოვრების სიბნელეში გატარება, მაგრამ ამას თავისი საინტერესო მხარე აქვს!

– რა მხარე, დე? – ვერ გაეგო პატარას.

– აი, როდესაც პირველ სიზმარს ნახავ, თავადვე მიხვდები – მიუგო დედამ. – სიზმარი რა არის, დე? – დაინტერსდა თუნი.

– სიზმარი ძალიან ლამაზი რამ არის, თუნი. ის ძილში გსტუმრობს და როდესაც ეს მოხდება, დაინახავ იმას, რაც უნდა დაინახო, და არა იმას რასაც ფიქრობ, რომ გინდა.

– ვერ გავიგე, დე – შენ ახლა ფიქრობ, რომ ცა და ვარსკვლავები გინდა დაინახო, ხომ ასეა? – ჰო, ძალიან მინდა! ცა, ვარსკვლავები, თეთრი ღრუბლები, კიდევ ის ყვავილები, ფუტკრები რომ ერთმანეთს აჩვენებენ. ჩიტუნები, ასე ლამაზად რომ გალობენ, კიდევ წვიმის წვეთები, თეთრი თოვლი, უხმაუროდ რომ ეფინება მიწას, ვფიქრობ, ძალიან ლამაზი უნდა იყოს! დე, მე როდის ვნახავ სიზმარს? – ვერ ისვენებდა თუნი.

– არ ვიცი, ოდესმე აუცილებლად ნახავ იმას რაც უნდა ნახო, ახლა კი ცოტათი ქვევით გავიკვალოთ გზა, რადგან იწვიმებს და აქ დავსველდებით – უთხრა დედამ.

– დე, საიდან იცი, რომ იწვიმებს? – მიწა გათბა, თან გრუხუნის ხმაც შემომესმა, ასე წვიმის წინ იცის. აბა, მომყევი – დედა თხუნელამ სწრაფად გაიკვალა გზა სიღრმისკენ. – ეჰ, როგორ მინდა სიზმარი მესტუმროს – ინატრა თუნიმ.

– ცა, ვარსკვლავები, მთვარე, ყვავილები, ჩიტუნები… ეჰ – სევდიანად წარმოსათქვა პატარამ. ოჰ, ჩემო მეოცნებევ, მოდი ჩემთან, მოდი, დაიძინე, ნახავ, ოდესმე აუცილებლად ნახავ იმას, რაც უნდა ნახო – დედამ თუნი ჩაიხუტა.

– მალე მინდა, დე – წაიბურტყუნა პატარამ და მალევე ჩაეძინა. გაწვიმდა. წვიმის წვეთები წკაპა-წკუპით ეცემოდა მიწას. თუნის სიამოვნებდა ეს ხმები და უფრო ღრმა და ტკბილ ძილს მიეცა. უცებ განათდა! თუნიმ თვალები გაახილა. ისეთი ძლიერი ნათება იყო, რომ თვალი ვერ გაუსწორა შუქს, გარშემო ვერაფერს ხედავდა! არც ყვავილები, არც ცა, არც ვარსკვლავები, არც თეთრი ღრუბლები! ვიღაც მსუბუქად შეეხო.

– ვინ ხარ? – შეჰკრთა თვალებდახუჭული თუნი.

– მე სიზმარი ვარ, თუნი – უპასუხეს – სიზმარი? – გახარებულმა იკითხა – კი, სიზმარი. ახლა დაფიქრდი ყველაზე მეტად რისი დანახვა გსურს და როცა გეტყვი, თვალები გაახილე. დაიბნა თუნი. ჯერ იფიქრა – ცა, თეთრი ღრუბლები, ყვავილებიო, მაგრამ შემდეგ სიზმარს ჰკითხა:

– გავახილო? – შეგიძლია – მიუგო სიზმარმა. თუნიმ ფრთხილად გაახილა თვალები. მის წინ გაუნძრევლად იდგა ფაფუკი ბეწვით მოსილი, საოცრად ლამაზი, მასზე ტანადი, მაგრამ მაინც პატარა მოღიმარი არსება. თუნი გაოცებული აკვირდებოდა. მერე ბეწვზე სათუთად შეეხო. მიხვდა – მის წინ მისი, თუნის, საყვარელი დედა იდგა! ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ასეთი ლამაზი დედა ჰყავდა! დიდხანს უცქერდა. მერე უთხრა:

– დედა, თუნი ვარ! -ვიცი, ვგრძნობ, თუნი.

– მე გხედავ, დედა – ვგრძნობ, თუნი, ვიცი – შენ ვერ მხედავ, დედა? – შეგრძნება დანახვაზე მეტია, თუნი – ლამაზი ხარ, დე.

– ოჰ, არა, გეჩვენება, თუნი – იუხერხულა დედამ.

– რას ამბობ, დე? ძალიან ლამაზი ხარ! … როგორ არ მინდა ეს სიზმარი დასრულდეს! – თქვა შეწუხებულმა.

– ჰო… არც მე, მაგრამ… თანდათან დაბნელება იწყო, სიზმარი მიდიოდა. – გთხოვ, ჯერ არ წახვიდე, სიზმარო! – შეევედრა თუნი. – უნდა წავიდე, თუნი, დროა. კიდევ გესტუმრები.

– როდის? – როდესაც შენ გახდები დედა, მაშინ მოვალ და შენს პაწიას გაჩვენებ.

– დედაჩემს სიზმარში ისევ ვნახავ? – ვერა, თუნი. მხოლოდ ერთხელ – დედა… და მხოლოდ ერთხელ – შვილი. ასეა… აბა, შეხვედრამდე ,- სიზმარმა თუნი დატოვა.

თუნის იმ წამსვე გაეღვიძა. დედა უკვე შრომაში იყო გართული.

– დე, სიზმარში გნახე! – ახარა თუნიმ. – მიხარია, თუნი, მიხარია. კიდევ ერთ სიზმარს ნახავ და ეს იქნება. ასეა, სულ ორი სიზმარი გვარგუნა ბედმა, მეორე ჯერ დაიგვიანებს, მაგრამ გული არ დაგწყდეს, რადგან, მერწმუნე, ეს მოლოდინი ღირს ამად!

– დე, ძალიან ლამაზი ხარ! – წამოიძახა თუნიმ .

– ოჰ, კარგი ერთი, მოდი მოდი დამეხმარე, მგონი გემრიელ ფესვებს მივაგენი.

– დე, მე რომ სიზმარში მნახე, როგორი ვიყავი? – ჰკითხა.

– დედისთვის ყველა შვილი საყვარელი და ლამაზია, თუნი. მოდი, მართლაც გემრიელი ფესვებია.

– ჰო, მოვდივარ. ცა, მთვარე, ყვავილები… რა სულელი ვარ, არა, დე? – აკისკისდა თუნი.

 

მერაბ ჩხაიძე

 

წინა სტატია

ლევან კალანდარიშვილი – იტალიელი არქიტექტორების თავგადასავალი თბილისში

შემდეგი სტატია

როგორ დაკარგეს ადამიანებმა ბავშვობა, ანუ ციცინათელები...

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.