მთავარი»ქართული მწერლობა»ოდა ჩემს და-ძმებს

ოდა ჩემს და-ძმებს

0
Shares
Pinterest Google+

– გამარჯობათ, დებო და ძმებო.
აი, თურმე როგორი ყოფილა ჩვენი მშობლების ჯოჯოხეთი:
სპერმით მოთხვრილი შავი მიწა და ზედ მტირალა, დაძიძგნილი, თავკომბალა ემბრიონები.
აქ გავლით ვარ, იცით წამოსვლას არც ვაპირებდი. ბარგიც კი არ შემიკრავს, რაც ჩამილაგეს სულ ეს არის:
სავარცხელი, კაბა – ჩემი საყვარელი, ორი წყვილი ფეხსაცმელი, ოქროს საყურე, ვერცხლის ბეჭედი და ჩვენი ძმის მლაშე ცრემლები.
აი, თურმე როგორი ყოფილა ჩვენი მშობლების ჯოჯოხეთი:
დედა ძროხას წველის, აავსებს ვარცლს, ცეცხლზე შემოდგამს ასადუღებლად, რძე უნდათ შვილებს – არგაჩენილებს, სულ ერთი წამით ჩაეძინება და რძე გადმოვა, ჩააქრობს ცეცხლს, აღარც რძე არის, აღარც ცეცხლი.
მამა აკვნებს თლის, თოთხმეტს ერთად. გამოთლის, გააპრიალებს, ხუთს ერთ ხელში დაიჭერს, ხუთს – მეორეში, ორს კისერზე ჩამოიკიდებს, ორსაც ღრძილებს წამოავლებს (სადღაა კბილები) და მოდის, მოდის, რომ დაარწიოს თოთხმეტი შვილი – არგაჩენილი, მაგრამ ჯერ სად ხარ, წინ კენჭი გდია, პატარა კენჭი, წამოჰკრავს მამა მარცხენა ფეხს ამ პატარა კენჭს და სადღაა აკვნები, როგორც შუშა ისე იმსხვრევა.
აი, თურმე როგორი ყოფილა ჩვენი მშობლების ჯოჯოხეთი.
მე აქ გავლით ვარ.
დებო და ძმებო, საყვარლებო,
ერთი თხოვნა მაქვს:
ქუჩის გადაღმა ჩემი პატარა ჯოჯოხეთია.
იქ შვილი ცხოვრობს ჩემი, საშოდან ძალით გამოგდებული, ისიც არ ვიცი – ბიჭია? გოგო?
უმღერეთ ხოლმე იავნანა თქვენს დისშვილს ან თუ სიმღერა არ გეხერხებათ, უბრალოდ იტირეთ ხოლმე, ხმა რომ გაიგოს თქვენი, რომ იცოდეს, რომ თქვენც აქვე, სადღაც ახლოს ხართ.
დებო და ძმებო, საყვარლებო, ჩემი ცოდვა თქვენს წინაშე მხოლოდ ის არის, რომ მე პირველი ჩავისახე დედის საშოში.
დებო და ძმებო, საყვარლებო, ერთი კითხვაც მაქვს:
როცა ღმერთს რაღაც უჭირს, რაღაც აწუხებს, შველას ვისა სთხოვს?
აქ წამოსვლამდე ოთხი დღით ადრე სიზმარი ვნახე – უცნაური – იჯდა ღმერთი თავჩაღუნული და გალურჯებულ ხელებს სულს უბერავდა, თითოქს ითბობდა.

დებო და ძმებო, საყვარლებო,
თქვენ ალბათ ღმერთთან უფრო კარგად ხართ,
მისთვის გიტოვებთ ჭრელ ხელთათმანებს, თუ შემოივლის იქნებ გადასცეთ.
დებო და ძმებო, საყვარლებო,
ჩემი კუბო შვიდზე მიფრინავს
აქ ხომ გავლით ვარ
ხელში მხოლოდ One Way Ticket მიჭირავს,
მივფრინავ შორს – Paradise თუ Paris
ვერ გავარჩიე რა აწერია.
დებო და ძმებო, საყვარლებო, გკოცნით სულ ყველას
მაგ დაჩეჩქვილ, დასახიჩრებულ პაწაწინა სხეულებზე
ეს როგორი ყოფილა ჩვენი მშობლების ჯოჯოხეთი.

ქორო

კუბო, რომელიც შვიდზე გაფრინდა, სადღაც ახლოს Paradise-თან თუ Paris-თან აფეთქდა,
ვერ იპოვეს ვერც ნამწვავები, ვერც ნაფლეთები.
იმ ადგილას, სადაც თურმე კუბო აფეთქდა, ხედავენ ხოლმე ხშირად ერთ მოხუცს, ხელში ფურცლით და ზედ ნაწერით:
”გთხოვ, მომიქსოვო ორი წინდა
და კიდევ ქუდი, თბილი ქუდი, ჭრელი პომპონით,
მცივა ხოლმე.
წინასწარ გიხდი დიდ მადლობას
პატივისცემით,
მე, შენი ღმერთი”

ნინო თარხნიშვილი

წინა სტატია

ალბერტ აინშტაინის საიდუმლო წერილი ღმერთზე

შემდეგი სტატია

საცოდავი დედაჩემი - თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული... - რევაზ ინანიშვილი დედაზე

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *