მთავარი»Slider»ნეტა ის მამა, პოლიეთილენის პარკით რომ მოჰქონდა შვილის ცხედარი თუ აკითხავს თავისი შვილის საფლავს?!

ნეტა ის მამა, პოლიეთილენის პარკით რომ მოჰქონდა შვილის ცხედარი თუ აკითხავს თავისი შვილის საფლავს?!

2
Shares
Pinterest Google+

“აფხაზეთიდან მძიმე ნაბიჯებით მომავალ, ნაადრევი ზამთრის დადგომის გამო – გაყინული, პოლიეთილენის პარკში ჩადებული ჩვილი-შვილის გვამით ხელში, თვალებში ცრემლგაყინულ, ტკივილისგან სახეგამეხებულ საკუთარი სახლიდან დევნილ მამას, ჩემს სოფელში ჩემმა ძმამ და მეზობლებმა შვილის ცხედარი გამოართვეს და პატარა თათბირის შემდეგ – სად დაემარხათ, რომ ადვილად მისაგნები ყოფილიყო, სადღაც ნაპოვნ, ხის ყუთში ჩადეს და მიწას მიაბარეს…
1993 წლის ოქტომბრის ცივი, დილა იდგა! აფხაზეთიდან დევნილ ადამიანთა ქარავანი არ წყდებოდა, არ მთავრდებოდა…
ჩემი სოფლის მოსახლეობა ტრასაზე იყო გამოფენილი და დაღვრემილი მდუმარებით თვალს ადევნებდა ახალი ქართული ისტორიის უმძიმესი ტრაგედიის და ქართული პოლიტიკის შეცდომების გულისმომკვლელ, ამაზრზენ შედეგს!
მხოლოდ შვილზე მიწის მიყრის მერე წამოსკდაო თვალებიდან, აქამდე დაგუბებული ცრემლი უბედურ მამას – ყვებოდა ჩემი ძმა.
დღეს სოხუმის დაცემის დღეა. გაცნობიერებულია თუ არა ის მარცხი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა ზუსტად ოცი წლის წინათ განიცადა?! ვგონებ არა!
ამ დღეს მწარედ გაიხსენებს დევნილთა ნაწილი, ალბათ ისინიც, ვინც ამ კუთხის საქართველოსთვის შესანარჩუნებლად იბრძოდა, კიდევ ვიღაც ჩემნაირი და თქვენნაირი ვინც ბოლომდე ამ ჩემს “პოსტს’ წაიკითხავს…
ხვალ დიდი ზარ-ზეიმი იქნება სოხუმში… იქ გამარჯვებას და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ!
თუმც აფხაზთა დამოუკიდებლობა სრულიად ეფემერულია და ისინი მათი სურვილისამებრ პატარა ტბის (საქართველო) ნაცვლად დიდ ზღვაში (რუსეთი) იხრჩობიან და რაც მთავარია ამას, მწარედ გრძნობს მათი მოაზროვნე ნაწილი, ნურავინ ფიქრობს, რომ იქ ჩვენს დაბრუნებას ხალისით ელოდებიან (არადა, ამას ხშირად გაიგებ ზოგიერთი თავი ჭკვიანად რომ მოაქვს, იმ პოლიტიკოსისგანაც კი), პირიქით არანაკლებად ვძულვართ(გამონაკლისების გარდა)
ვიდრე ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, როცა აფხაზეთში ეს ტრაგედია იწყებოდა.
ჩემს დღევანდელ მიზანს არ წარმოადგენს, აფხაზეთში ქართველ პოლიტიკოსთა თუ ქართული საზოგადოების მიერ დაშვებულ შეცდომათა ანალიზი, რომლის სათავეც მუჰაჯირობიდან მოდის (და უფრო ადრინდელი დროიდანაც), მაგრამ მე მინდა ვისაუბრო იმ უდიდეს შეცდომაზე, რომელსაც დღესაც ვუშვებთ!!
ჩვენს მატერიალურად და უმეტესად სულიერადაც განადგურებულ საზოგადოებას აფხაზეთისთვის არ სცალია! ისე, დასაფიქრებლად არც მაშინ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ეცალა, თორემ ასეთი სავალალო შედეგი არ გვექნებოდა.
დღეს დილით, ისევე როგორც გუშინ და გუშინწინ უამრავი დევნილი მიაკითხავს ბაზრობებზე თავიანთ ჯიხურებს და სავაჭრო წერტილებს და მათთვის იქნება ჩვეულებრივი არსებობისთვის ბრძოლის დღე!
დღეს ჩვენი თანაუბნელი ბირჟის ლოთები და “კრაკადილშიკემი” ისევ შეიძენენ ყველა იაფ (ხრეშის) არაყს ან ნახევარ ლიტრა “ეფიქსის”- ბენზინს “კრაკადილის” მოსახარშად! დილით დედები ჩვეულებრივ გაუშვებენ სკოლაში და ბაღში შვილებს და არც ერთი დედა არ ეტყვის შვილს, რომ დღეს დიდი ქართული ტრაგედიის დღეა…
იქნებ მასწავლებლებს მაინც გაახსენდეთ, მოზარდებს უთხრან, რომ აფხაზეთი – საქართველოს ულამაზესი კუთხეა და სამოთხეა… რატოღაც არა მგონია…
ყველაფერი ტრადიციისამებრ ჟურნალიდან სიის კითხვით დაიწყება! დღეს “რუსთავი-2” კიდევ ერთხელ გაუშვებს რეპორტაჟს აფხაზეთის დაცემის პერიპეტიებზე, მაგრამ არა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია განგვაცდევინოს, არამედ მის “პოლიტიკურ დამკვეთთა” ნებით, კიდევ ერთხელ ეცადოს შეაძულოს ხალხს “მთავარი მტერი” – რუსეთი! რუსეთი მართლაც არ არის ჩვენი მოყვარე, ნამდვილად მტერია – მაგრამ ეს უბრალოდ პოლიტიკური მოცემულობაა, რომელიც აღარ შეიცვლება!

მოდი ვაღიაროთ! ჩვენ აფხაზეთი დაგვავიწყდა! აფხაზეთის ტრაგედია დღეს ჩვენთვის მხოლოდ სტატისტიკაა…. ომში დაიხოცა ოცი თუ ოცდაათი ათასი ქართველი და სამასი ათასი ადამიანი დევნილად იქცა! თუმც, “ჩემი ცოლის დაქალების” კი არა, სხვა ბევრად მდარე ქართული სერიალების გადასაღებად თანხებს ვპოულობთ, ჩვენ ვერ მოვიძიეთ სახსრები იმისთვის, რომ გვეჩვენებინა ერთი აფხაზეთიდან დევნილი თუ იქ დაღუპული ადამიანის ისტორიაა…
შესაძლოა, დღეს ჩვენ ვერ გადავიღოთ “ჯარისკაცის მამის” მსგავსი ფილმი, რადგან ამას სახსრებთან ერთად ნიჭი და სერგო ზაქარიაძის ტალანტის მქონე შემსრულებელი სჭირდება, მაგრამ ხომ უნდა ვცადოთ?!
შესაძლოა. ჩვენმა მწერლებმა ვერ შექმნან “ომი და მშვიდობის” დარი ნაწარმოები (ისევ ნიჭის უკმარისობის გამო), მაგრამ მცდელობა მაონც თუ ჰქონია ვინმეს?! ადამიანი ძნელად ან საერთოდ ვერ განიცდის თუნდაც ტრაგიკულ სტატისტიკას, მაგრამ ის მგრძნობიარეა კონკრეტული ადამიანის უბედურების მიმართ!
ჩემთვისაც , აფხაზეთის უბედურება ის ტრაგიკული სტატისტიკა არ გახლავთ, რომელსაც დღეს საინფორმაციო წყაროებიდან მოვისმენთ. ჩემთვის აფხაზეთის ტრაგედია ჩემი თვალით ნანახი ის ძარღვებში სისხლგაყინული და შუბლშეკრული მამაა, რომელსაც პოლიეთილენის პარკით მოჰქონდა აფხაზეთის დაცემისას სექტემბრისთვის კი არა ზათრისთვისაც კი უჩვეულოდ ცივ ამინდში გაყინული ჩვილის ცხედარი! და რომელსაც ეს უმანკო არსება სასაფლაოზე დაამარხინეს ჩემა ძმამ და მეზობლებმა! აი ეს არის ტრაგედია!
საერთოდ კულტურის სამინისტროს არსებობა ნონსენსია, მაგრამ თუკი ის არსებობს, მისი ვალი ხელოვანთა შორის შიდა ინტრიგებში მონაწილეობა კი არა, სწორედ ის უნდა იყოს, რომ გამოაცხადოს კონკურსი, მოძებნოს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრები ერთი ადამიანის ტრაგედიის საზოგადოებისთვის საჩვენებლად… და რადგან კინო დღეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა ამისთვის დე იყოს ფილმი! (სამწუხაროდ დღეს წიგნებს ნაკლებად კითხულობენ).
კათარზისი უდიდესი რამ არის! კათარზისს შეუძლია ქართველთა მოძულე აფხაზსაც აუჩვილოს გული! (კლასიკური მაგალითია -ლიონ ფოინხტვაგერს აქვს აღწერილი, როცა ულმობელი ფაშისტი ოფიცერი უყურებს მოწინააღმდეგეთა მიერ გადაღებულ ფილმს. სადაც გერმანელთა წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცის თავგადასავალია აღწერილი და უნებლიეთ, მისი (ანუ მოწინააღმდეგის) თანამგრძნობელი ხდება)
ასეთია. ხელოვნების, კათარზისის – განწმენდის ძალა!
ერთ კარგ ფილმს იმდენი რამის გაკეთება შეუძლია აფხაზეთის არდასავიწყებლად, რამდენიც არ გაუკეთებია ძველი და ახალი მთავრობის (ვითომ საქმიანი იერის მქონე) დუჟინ მინისტრებს და მათი სამინისტროების აპარატებს ერთად!!
ვიყოთ გონიერნი… აუჩქარებლად ვაკეთოთ ჩვენი საქმე თუნდაც აფხაზეთის დასაბრუნებლად… დღეს, სხვა იარაღი არ გვაქვს… დღეს მხოლოდ ხელოვნება შეიძლება იყოს ის იარაღი, რომელიც როგორც მინიმუმ აფხაზეთის ტრაგედიას არ დაგვავიწყებს!
ნეტა ის მამა, პოლიეთილენის პარკით რომ მოჰქონდა შვილის ცხედარი თუ აკითხავს თავისი შვილის საფლავს?!
იქნებ, ბალახმა წაშალა საფლავის კვალი და მამა ვერ იპოვა და ვერ გადაასვენა დამარხული შვილი ან იქნებ დაივიწ… არა! არა მგონია, მამა იპოვიდა… აუცილებლად მიაგნებდა აფხაზეთის ომის სრულიად უმანკო-უცოდველი მსხვერპლის – საკუთარი შვილის საფლავს!
27 სექტემბერი 2013 წელი. აფხაზეთის ტრაგედიის უმძიმესი დღის 20 წლისთავი” – წერს ფეისბუქზე ბესიკ ლაგვილავა.

წინა სტატია

"ამ დროს ქუთაისის მერიის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, შენობის დიდი ნაწილი გამოიბუგა"

შემდეგი სტატია

საქართველო თავის უკანასკნელ ომში მოკვდა. ომში და არა ლოგინში!