მთავარი»ხელოვნება»“მზით გამთბარია ჩემი სიბერე”- 88 წლის თელაველი ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

“მზით გამთბარია ჩემი სიბერე”- 88 წლის თელაველი ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

0
Shares
Pinterest Google+

88 წლის თელაველი ელენე ლუხუტაშვილის გამოფენა გაიმართება. ღონისძიება 16 დეკემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება.

მისი ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ემიგრანტის ცისნამი საყვარლიშვილის ინიციატივით იმართება.

მარტოხელა მოხუცის შემოქმედება საუცხოოა. ნახატები შექმნილია შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით და ცემენტის და ქვიშის გამოყენებით. თავად ქალბატონი ელენეს ცხოვრების ისტორიაც ძალიან საინტერესო და სევდიანია. ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს და რაღაც ამბავს გვიყვება.

ელენე ლუხუტაშვილი: ძალიან მიყვარდა ხატვა, მაგრამ ფანქრები და კრასკები არა მქონდა, ჩემთვინ ეს ხელმიუწვდომელი იყო. აი, როცა მე რაღაცა მიღიტინებდა თავში, ფერადი ყვავილის ფურცლებისაგან ვაკეთებდი სურათებს, მაგრამ ერთი-ორი საათის შემდეგ ჭკნებოდა ის ყვავილის ფურცლები და მერე ვფიქრობდი, ნეტა რით დავხატო, რომ ცოტა დიდხანს იარსებოს-მეთქი. მე აღმოვაჩინე, რომ აგერ კენჭები არის სხვადასხვა ფერის – სერი, თეთრი, ლურჯი, შავი და აკეთე რამდენიც გინდა. აი, კრასკები! მერე უკვე სხვადასხვა ნივთების შეგროვებაც დავიწყე, დამტვრეული ჭურჭლის და ა.შ. ამ ფერებს როგორ ვქმნი იცით? შუშის ქვეშ ფერადი შოკოლადის ქაღალდებია ამოდებული და დაცემენტებული. ყველაფერს ვიყენებ, ნაგვისგან ვქმნი ამ სილამაზეს. მდიდრებს ყველაფერი აქვთ, მაგრამ ღარიბს რომ არ აქვს და დიდი იდეები აქვს, რა ქნას? უნდა იმოძრაოს ტვინით. აგერ, ჩემი მოძრაობა ეს არის.

სიხარულითა და ბედნიერებით დავბერდი მე. ჩემს გალერეაში (სარდაფში) რომ შეხვალთ, იქ სათაურად მიწერია „მზით გამთბარია ჩემი სიბერე“ იმიტომ, რომ ჩემი მზე ჩემი შემოქმედებაა და ეს შემოქმედება მე მამზეურებს. ჯერ რაიონული გამოფენა იყო და გავიმარჯვე. მერე თბილისში იყო გამოფენა და მერე უკვე საფრანგეთში მოხვდა ჩემი ნამუშევრები. ორჯერ ვიყავი საფრანგეთში. იქ არის საგამოფენო დარბაზი „Grand Palais“ და ჩემს ნამუშევრებს რომ უყურებდნენ, ალბათ ფიქრობდნენ, ეს ჩაჩურა დედაკაცი, ამას აკეთებსო?! და მეკითხებოდნენ როგორ ესკიზების გარეშე აკეთებთო? მე კიდე, რა იყო ის ესკიზი არ ვიცოდი.

ის შემოქმედება არ არის, თუ ხალხმა არ ნახა. აკეთე რამდენიც გინდა და ლეიბის ქვეშ ამოდე. ეს დიდი უბედურებაა… როდესაც შენ ქმნი გჯერა, რომ მარტო შენთვინ კი არა ქმნი, შენა ქმნი მომავალი თაობისათვის. ამიტომ, ეს შემოქმედება ჩემი კი არ არის, ჩემო ძვირფასებო, თქვენია. მე ამქვეყნიდან წავალ, ვიცი, რომ მალე წავალ, 88 წლისა ვარ უკვე… ნახატებს ვერ გავყიდი. მითხარით, თქვენ შვილს გაყიდით? რა თქმა უნდა, მეც ვერ გავყიდი ნახატებს. მე როცა აღარ ვიქნები, ეს იქნება თქვენი! მუზეუმი აღარ არის თელავში, აღარც გალერეა, ყველაფერი დაანგრიეს, მაგრამ ალბათ იპოვით თქვენ თვითონვე, სად იქნება ჩემი ნახატები. 500-ზე მეტი ნამუშევარი მაქვს და მე ამას თელავისთვის ვაკეთებ.

წყარო: http://www.jolo.ge

წინა სტატია

სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს — მარკესისა და ბარჩის სიყვარულის ისტორია

შემდეგი სტატია

განსხვავებული სამყარო

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.