მთავარი»საზოგადოება»მსოფლიოს ქვეყნების საახალწლო და საშობაო კულინარიული ტრადიციები

მსოფლიოს ქვეყნების საახალწლო და საშობაო კულინარიული ტრადიციები

0
Shares
Pinterest Google+

არ გაინტერესებთ, რა კულინარული ტრადიციები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რა განსაკუთრებული კერძებით ხვდებიან ახალ წელს, ვთქვათ იაპონიაში, მექსიკაში, ნეპალში ან ვიეტნამში? იქნებ რომელიმე მოგეწონოთ კიდეც და თქვენს სადღესასწაულო სუფრას ეგზოტიკურ „სამშვენისადაც“ კი შემატოთ.

დანიელების ტრადიციული კერძი — ჩირით ფარშირებული შემწვარი ბატი, ან კარტოფილთან და წითელ კომბოსტოსთან ერთად შემწვარ-გამომცხვარი ღორის ხორცია. დესერტად გრიუტცეს მიირთმევენ — სქელ კისელმოსხმულ და მოხალული ნუშით შეზავებულ ბრინჯის ფაფას. ყველაფერ ამას კი გლიოგსა და ლუდს აყოლებენ.

ინდუისტურ ნეპალში ახალ წელს შუა აპრილში აღნიშნავენ. დღესასწაულს, რომელსაც ბისკეტ ჯატრას უწოდებენ, ნეპალელები არა იმდენად სუფრასთან, არამედ უფრო ხმაურიანი თეატრალიზებული სანახაობებით აღნიშნავენ. თუმცა მთლად სუფრის გარეშეც არ იტოვებენ თავს. ყველაზე პოპულარული ამ დღეს კერძი დალ ბატია, რომელიც ოსპის, პომიდვრის, ხახვის, ჯანჯაფილის, ბრინჯისა და სხვადასხვა სანელებლისგან მზადდება.

იტალიელი დიასახლისები საშობაოდ აუცილებლად საკუთარი ხელთ ამზადებენ ძეხვ კოტეკინოს, რომელიც სუფრაზე ოსპთან ერთად მიაქვთ. ოსპი იტალიელებისთვის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა.

მექსიკელებს სანელებლებიანი და ცხარე კერძები უყვართ. საზეიმო სუფრისთვის აუცილებლად ამზადებენ რომერიტოსს (რომლის ძირითადი ინგრედიენტები კრევეტები და კარტოფილია) და ფარშირებულ ინდაურს. მაგიდაზე ასევე აუცილებლად უნდა იყოს სიმინდი, ცერცვი (ან ლობიო) და ნამცხვარი. სასმელებიდან უპირატესობას ანიჭებენ მსუბუქ ღვინოს, პუნშსა და, რაღა თქმა უნდა, ტეკილას.

ინგლისელების ტრადიციული კერძები საშობაოდ — ეს ფარშირებულია ინდაური, ბოსტნეულის გარნირი და პუდინგია. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული გულისყურით ამზადებენ პურის ნაფხვენების, ფქვილის, „სალის“, ქიშმიშის, კვერცხისა და სხვადასხვა სანელებლებისგან. სუფრასთან მიტანამდე ზემოდან ასხამენ მაგარ რომს, უკიდებენ ცეცხლს და ისე მიაქვთ სტუმრებთან.
ვიეტნამში ახალ წელს წელს, იგივე ტეტს, მთვარის კალენდრით აღნიშნავენ და მოძრავია. სადღესასწაულო კერძებს ძირითადად ბრინჯისა და ხორცისგან ამზადებენ. მაგალითად, ღორის ხორცი ქოქოსის რძეში, ან ბამბუკის ფოთლებში გადახვეული და შემწვარი ბრინჯისა და ღორის ხორცის ღვეზელი ჩუნგი.

საფრანგეთში არანაირი სუფრა არ იშლება ტრადიციული ხამანწკების, ფუა-გრის ბუტერბროდების, სხვადასხვა სახეობის ყველისა და, რაღა თქმა უნდა, ფრანგული ღვინის გარეშე.
იაპონელებს სწამთ, რომ წაბლს წარმატება მოაქვს. ამიტომ მას ბევრ კერძში ამატებენ: გარნირებშიცა და დესერტებშიც. მაგალითად, მოხარშული ბრინჯისგან დამზადებულ ღვეზელში, რომელსაც ისინი მოტის უწოდებენ. საახალწლო სუფრაზე მოტის გარდა მიაქვთ ზღვის კომბოსტო, ბარდა, ცერცვი/ლობიო და ქაშაყის ხიზილალა.

გერმანიაში სადღესასწაულო სუფრა ვაშლისა და თხილ-კაკლის გარეშე არ იშლება. ვაშლი სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ნაყოფად მიიჩნევა, კაკალი და თხილი კი — ცხოვრებისეული სირთულეებისა და იდუმალების სიმბოლოდ. ამ ორ ინგრედიენტს ნამცხვრებშიც აუცილებლად იყენებენ და ფრინველისა თუ სხვა ხორცის ფარშშიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციული და აუცილებელი კერძი — ეს ფარშირებული ინდაურია, რომელსაც განსაკუთრებული მეთოდით ამზადებენ. ფრინველს ყველა იმ ინგრედიენტით ტენიან, რომელსაც კი მოიძიებენ შინ: ყველით, შავი ქლიავით, პურით, ნივრით, ლობიოთი, სოკოთი, ვაშლითა თუ კომბოსტოთი.

ჩეხი დიასახლისების საახალწლო სუფრის მშვენება და სიამაყე ვაშლის ფენოვანი რულეტი — შტრუდელია, რომელიც ნაყინთან, ნაღებთან ან მურაბასთან ერთად მიაქვთ მაგიდაზე. დანარჩენი სადღესასწაულო კერძები აბსოლუტურად უბრალო, მარტივი, თუმცა ნოყიერია: წვნიანი, თევზი, ქერის ფაფა.

პორტუგალიაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ყურძენი, ვინაიდან ის სიუხვისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოს მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, სანამ საათი თორმეტჯერ რეკავს, ყურძნის თორმეტი მარცვლის შეჭმა წესად აქვთ ქცეული. რაც მთავარია, თითო მარცვალს თითო სურვილს „აყოლებენ“.

პოლონური ტრადიციის მიხედვით, საახალწლო სუფრა თორმეტი სხვადასხვა კერძისგან უნდა შედგებოდეს, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში ხორცეულისგან. სუპები, ფაფები, კარტოფილი, ნამცხვარი… და რაც უმთავრესია, სუფრის მშვენება — თევზი: ლაბადასხმული, შემწვარი თუ მოხარშული. ეს უკანასკნელი ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოა.

ჰოლანდიაში უმთავრეს საახალწლო კერძად ტკბილი ღვეზელი მიიჩნევა — ფრიტიურში შემწვარი და შაქარმოყრილი. სუფრაზე ასევე მიაქვთ დამარილებული ცერცვი — ჰოლანდიელების ეროვნული კერძი.

წყარო: http://sputnik-georgia.com/

წინა სტატია

რატომ არის საშიში ხელოვნური ნაძვის ხე

შემდეგი სტატია

პირველი ჯარისკაცი და ეროვნული გმირი, რომელსაც ომში იარაღი არც კი სჭერია

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.