მთავარი»საზოგადოება»მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც

0
გაზიარებები
Pinterest Google+

„ინვესტორებისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, მაგრამ ამისთვის ბაზარზე შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციის კადრები უნდა არსებობდეს და აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ სინერგიას და თანამშრომლობას“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეჯ „სპექტრში“ გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„სპექტრის“ დღევანდელი მაგალითიც არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც კერძო ბიზნესი, საგანმანათლებლო დაწესებულება და მთავრობა მშვენივრად თანამშრომლობს იმისთვის, რომ ყველამ თავის მიზანს მიაღწიოს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალ, მომზადებულ და  განათლებულ კადრებს, რომლებზეც არის მოთხოვნა, კომპანიები ხელს შეუწყობენ დასაქმების გაზრდას და მთლიანობაში განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა“ – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროფესიული განათლების სასწავლებლებს მხარდაჭერა აღუთქვა სხვადასხვა მიმართულებით –  იქნება ეს ახალი შენობები, გრანტები, აპარატურა, ახალი პროექტები თუ სხვა.  ნათია თურნავას ინფორმაციით, „ნენსკრა“, „თბილის ენერჯი“, სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ჰესი, ასევე სახელმწიფო ენერგოსისტემა მზად არიან,  პროფესიული განათლების, მომზადებული სპეციალისტები აიყვანონ სამსახურში.
მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია, დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.
„დიპლომები, რომლებსაც „სპექტრი“ გასცემს და თქვენ მიიღებთ, აღიარებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში, თქვენნაირ სპეციალისტებზე გლობალურად არის უდიდესი მოთხოვნა, მაგრამ ჩვენი, მთავრობის  ამოცანაა, სხვადასხვა ქვეყანასთან დავამყაროთ ორმხრივი ურთიერთობები და გავაფორმოთ ხელშეკრულებები, რომ, სურვილის შემთხვევაში, თქვენ საზღვარგარეთაც შეძლოთ ღირსეული დასაქმება, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტებმა და არა როგორც არალეგალური შრომითი მიგრაციის სუბიექტებმა. მათ შორის ასეთივე შესაძლებლობა შევქმნათ მთლიანად ევროპაში, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი ევროპული სახლის ნაწილი. ასევე ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ბიზნესი იყოს კონკურენტული, რომ უკეთესი ხელფასები შემოგთავაზონ და არ მოგინდეთ სხვა ქვეყანაში წასვლა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

წინა პოსტი

ნათია თურნავა: პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ 

შემდეგი პოსტი

ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოსკოვში ხომ არ არის - მდინარაძე