მთავარი»საზოგადოება»მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა შარშანდელზე მეტი იქნება

მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა შარშანდელზე მეტი იქნება

0
Shares
Pinterest Google+

გიორგი ცუცქირიძე, ექსპერტი: “საქსტატის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $281 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით ნაკლებია. საქსტატის მიერ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება მიიჩნევა, რაც გასულ წლებში უცხოური ინვესტიციების შემოდინების სტაბილური მიმართულება იყო; ახლა არც იმაზე აქცენტების გადატანა მიმაჩნია სწორად, „აჭარაბეთის“ ირლანდიური კომპანიის მიერ შესყიდვა რომ არა, რომელმაც ინვესტიციებში აზერბაიჯანი ჩაანაცვლა, პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა თითქოსდა ცალსახად 47 %-ით ნაკლები იქნებოდა.

საერთაშორისო პრაქტიკაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ახასიათებს ხშირად ცვლილებების საკმაოდ მაღალი მერყეობა, როგორც გრძელვადიან, ასევე საშუალო ვადიან ციკლშიც კი. და შესაბამისად, ცალკეული საინვესტიციო მიმართულება სულაც სხვა მიმართულებით შეიძლება იქნეს ჩანაცვლებული. მოგეხსენებათ, რომ ინვესტიციები არის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი. შესაბამისად, ინვესტიციების შეფასებისას, გარდა მისი მოცულობითი სიდიდისა გამოიყენება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ბუნებრივია, რაც მაღალია ეს თანაფარდობა, მით მეტია მშპ-ის ზრდაში ინვესტიციების ხვედრითი წილიც. თუმცა მშპ-ის ზრდაში მხოლოდ ინვესტიციები არ მონაწილეობს და თუნდაც საერთო მოხმარებას ან წმინდა ექსპორტს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, არა მხოლოდ მიმდინარე მაჩვენებლების, არამედ გასული წლების დინამიკის ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებში იყო პუი-ს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი ირლანდიაში დაფიქსირდა, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებელი გაიზარდა 33.6 % დან 80 %-მდე, რაც არა თუ ევროკავშირის, არამედ საერთაშორისო რეიტინგში სულაც პირველი მაჩვენებელი იყო. მაგრამ 2016 წლიდან ამ მაჩვენებელმა დაიწყო მკვეთრი შემცირება და 2017 წელს უკვე უარყოფით ნიშნულზეც კი დავიდა -1.42 %-მდე, შესაბამისად, პირველი პოზიციიდან 169 ადგილზე დაქვეითდა. ბოლო წლებში ირლანდიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ლუქსემბურგს, 2016 წელს 76.9 %, როდესაც 2015 წელთან შედარებით(19.6 %), მნიშვნელოვნად მოიმატა, მაგრამ მომდევნო 2017 წელს, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა 10.7 %-მდე. იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობამ მშპ-სთან 2016 წელს 11.8 % შეადგინა(მე-14 პოზიცია), 2017 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 7 %-მდე, ანუ რეიტინგში 28-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

ჩვენთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაიწყო 2014 წლიდან და შესაბამისად ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს იყო, როდესაც ინვეტიციების მოცულობამ 1 894,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან- 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი 2015 წელს გაიზარდა 11.7 %-მდე, ხოლო 2017 წელს -12 %, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგში. მართალია, 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა(2018 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციებმა 1 232,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და შესაბამისად, მისი მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი შემცირდა 7.6 %-მდე, მაგრამ 2014-2017 წლების საშუალო მაჩვენებელი 11 %-ის ფარგლებში იყო. ნიშანდობლივია, რომ ამ მაჩვენებლით ჩვენ სტაბილურად შევდივართ წამყვანი 20 ქვეყნის რიცხვში. თვალსაჩინოებისათვის 2016 წლის მიხედვით, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 4.59 %-ს შეადგენდა. ბალტიის სახელმწიფოებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი მშპ-ში საშუალოდ 2 %, სასომხეთში-3%, ხოლო თურქეთში კიდევ უფრო ნაკლები-1.4% იყო.

როგორც ვხედავთ, მიუხედავად გასულ წელს საინვესტიციო ნაკადების შედარებით შემცირებისა, რაც ზოგადად დამახასიათებელია სინვესტიციო ციკლებისთვის, საქართველოს ბოლო წლებში აქვს პუი-ს ინდიკატორის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია სტაბილური მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე. რაც შეეხება დარგობრივ მაჩვენებელს, თუ ბოლო წლებში წამყვან პოზიციებზე საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი, მშენებლობა და ენეგეტიკა იყო, სულ უფრო იზრდება ინვესტიციების მოცულობა დამამუშავებელ მრეწველობაში და ტურიზმის სფეროში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. აქვე აღსანიშნავია, „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომლის საინვესტიციო პორტფელის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თავის მხრივ ფონდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში შედის.

ნიშანდობლივია, რომ ქვეყანა მომსახურების სექტორთან ერთად, ნელ-ნელა გადადის ეკონომიკის რეალური სექტორის გაფართოებაზე. ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა მომსახურების სერვისებთან ერთად, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ დარგებში წახალისებას. ახალი სამთავრობო ინიციატივებიც, რაც განათლების რეფორმას და ინოვაციური და მაღალტექნოლოგიურ პლათფორმაზე აგებულ საინვესტიციო სტრატეგიას უკავშირდება, ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ინვესტორებთან „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე გადასვლა, რაც ინვესტიციების დარგობლივი მიდგომიდან რეგიონალურ ჭრილში გადატანას ითვალისწინებს;

მთავრობის ახალი სტრატეგია და ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, თუნდაც ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემა – Global Finance-ის მიერ, რომელიც ინვესტორთა გადაწვეტილებების თავისებური ბარომეტრია, საქართველოს ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დასახელება. იძლევა იმის ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა სულ მცირე შარშანდელზე მეტი იქნება.

საერთაშორისო ეკონომიკა გვიჩვენებს, რომ მაღალი ხარისხის ბუნებრივი და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობა ბაზირებული ტექნოლოგიური პოტენციალის ფართო გამოყენებაზე, მოგცემს საშუალებას გადავიდეთ ეკონომიკის სწრაფ და ინკლუზიურ ზრდაზე, რაც არის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ყველაზე მოკლე და აპრობირებული გზა”.

წინა სტატია

„იქნებ თავის მოკვლა მინდა“ - რატომ არ უშვებდა აბონენტი სახლში გაზის სპეციალისტებს? (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ზონალური პარკირების საფასური დადგინდა - A ზონა 1 ლარი, B ზონა - 2 ლარი, C ზონა - 3 ლარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.