მერაბ ჩხაიძე

1
Shares
Pinterest Google+

„თუ მხოლოდ თავი გკარნახობს ჯობია არაფერი დაწერო!“, – ამ სიტყვების ავტორი მსახიობი და რეჟისორი მერაბ ჩხაიძეა.
ჩვენ გაძლევთ საშუალებას ბატონი მერაბი გაიცნოთ „მედლის მეორე“ მხრიდან.
თქვენ გექნებათ საშუალება წაიკითხოთ და შეაფასოთ ბატონი მერაბის (და არა მხოლოდ ბატონი მერაბის) ნოველები, მოთხრობები.

მიდიოდა…
მიდიოდა. – რა ხანია ამ გზას ვადგავარ, დაუსრულებს(ასე მგონია). არ შევიმჩნიე. ვერ შემამჩნია(ჩემი ბრალია). რაა სამყარო? სიცოცხლე რაა? ჰმ… სიყვარული? აი მაყვლის ბუჩქი, სულ დახუნძლული ტკბილი ნაყოფით. არ ჩანს დამკრეფი… ტევრის გადაღმა ატმის ხე ხარობს. მზერით ურჩია: – ,,ნუ მიეცემი სიხარულის ქაფიან მორევს. ძნელია ჟამი და ზომიერი.,, იცლება გული, მტოვებს მოლიდინი კარგის და ავის. მარიდებს იმედს ცივი გონება. ნაბიჯებს ვითვლი, თან გაცვეთილ წაღებს დავყურებ. მიმიყვანს, მგონი. ღიმილით გავაფერადე ეს წამი რუხი… (და ტუჩებს შორის ბალახის ხმელი ღერო მხრებთან ერთად ათამაშთა). – შენი სიშორე სულერთი ხდება!(ასეა სწორი). ვერაფერს გშველი, ვერავის ვშველი. არც ხე დამირგავს და არც მწყურვალი შემხვედრია კაცთაგან. ერთხელ, ოდესღაც, ნაპირზე მოფართხალე თევზი დავუბრუნე არ ვიცი ვის. მეორე დღეს კი, ჩიტი მოვკალი….მერე მრავალჯერ გული. მეც მომიკლეს(ეს ისე)…რაა სიცოცხლე? ჰმ, სიყვარული? ფრინველთა მსგავსად, შურდლივით, მიწისკენ, ფრთებმოკეცილი! ბოლოა ვარდნა და მახსენდება ყველა ღიმილი, რომლისთვისაც ოდესმე მომიკრავს თვალი… რა ხანია ამ გზას ვადგავარ! სად არის ბოლო?!… მომწყურდა, რაღაც… …მიდიოდა…

-გამქრალი სამყარო-
მოლოდინი უსაფუძვლო როდი იყო. პირველად უნდა შეხვედროდა, ფორიაქს ვერ ფარავდა. – უნდა მოვწესრიგდე… პერანგი დააუთოვა, სახლი მიალაგა. აბაზანაში შეყოვნდა, ცხელი წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ. მერე პირი გაიპარსა, თმებზე ხელი გადაისვა, ხალათი შემოიცვა და სარკის წინ შეჩერდა. სახეს დააკვირდა. აშკარად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ასეთი მშვიდი და ზედმიწევნით პროპორციული სახე არასოდეს ჰქონია. თვალებში უცნობმა ირეალურობამ დააფიქრა, მაგრამ ახსნისთვის დრო აღარ დაუკარგავს. სასტუმრო ოთახში გავიდა და ფანჯრიდან უხვად შემოჭრილ მზის სხივებს მიეფიცხა. როდესაც სხეული შეუშრა ის დაუთოვებული პერანგი ჩაიცვა. აუჩქარებლად იკრავდა ღილებს. შარვალი რუხი შეარჩია, ფეხსაცმელები ქამრის ფერი, და სარკეს მიუბრუნდა. ისევ დააკვირდა სახეს და შეამჩნია, რომ ცხვირის წვერი ოდნავ მოხრილიყო, ლოყებიც ჩაცვენოდა. – ახლოს არის… პირველად მოდის,ღიმილით უნდა შევხვდე. თავი დახარა და რაღაც წაიბუტბუტა. ისევ გახედა თვალებს. ის ძალიან ახლოს იყო. იმდენად ახლოს, რომ სარკე ახლა მხოლოდ თვალებს ირეკლავდა, ისე, თითქოს მისი სხეულიც და სულიც თვალებში მოთავსებულიყოს. – როგორც იქნა! აქ არის! – ეს თქვა, სწრაფად შეტრიალდა და ტახტისკენ გადაიწია. ნაბიჯი ვეღარ გადადგა, სარკის მეშვეობით თავის შეკავება სცადა და ისიც თან გაიყოლა… იატაკზე ყოველი ნამსხვრევი წამის წინ გამქრალ სამყაროს ისევე ხალისით ირეკლავდა, როგორც მანამდე სარკე…

– ასეთი გავჩნდი –
ეძღვნება მ.ს. და კიდევ… გიცქერს და გხედავს. გიღიმის, მაგრამ… სხვისთვისაც… შემდეგ. დიდრონი თვალები, მშვენიერი და არაქალური გეუბნებიან: – ნაბიჯი ჩემგან! ისევ შენთვის. ისე… გავისაუბროთ. ვიცი მოსმენა, ოღონდ… არცერთი სიტყვა. იყავი ჩუმად. მე გულით გკითხავ. არ მიპასუხო. დუმილი მეტყვის შენზე ბევრ რამეს, მთავარს. არ მიპასუხო, თორემ უსიტყვოდ წავალ. შენ კი…შენ ჯერ იფიქრებ – ,,უცნაურია,, – და მერე ამ ამბავს მორიდებით გაუზიარებ საერთო ნაცნობს და ისიც სწრაფად დაგეთანხმება, რადგან ქალია და, რადგან ნაკლებად იცის დუმილის ფასი. ნაბიჯი ჩემგან, რადგან არ მჯერა არცერთი კაცის! მე მიყვარს მხოლოდ და ის ანტიპოდია შენი და თქვენი! და უსქესო… მას ვუთანაგრძნობ… ის კი მე მეტად, რადგან ვუყვარვარ შეუდარებლად, რადგან გავჩნდი ასეთი – ჭკვიანი ქალი… და ეს არ აფრთხობს.

-არ ვიცი-
კიდევ 29 ნაბიჯი და მარცხნივ… ისევ პატარა მაწანწალა: – ხურდა არ მაქვს…(საერთოდაც) – ეე, ერთხელ მაინც რააა – წაიმღერა. გავცდი მას და ქალაქს. იქით საითაც მერე მარჯვნივ. ისევ იმ ქვას წამოვდე ფეხი. დაინახა. ჩაიცინა. გავუღიმე. დაიბნა, მიტრიალდა. ნაბიჯი ოთახის სიღრმეში და ფანჯარაზე ფარდა ხელის მტევანმა გადააფარა. მობილური მგონი მეათედ აწკარუნდა. არ მობეზრდა? -მოხვალ? -გარდავიცვალე – რა თქვი? მთვრალი ხარ? პირისიპირ ვიჯექით და თვალებიდან სულში მიშვებდა. (გავპარჭყე ხელებიც და ფეხებიც). სწრაფად გაშიშვლდა. ჟინი და ვნება მხოლოდ. ასეა! პროცესია! (,,პროცესი,, კაფკას ). არ ვიცი რატომ და არ ვიცი სად ვარ…

წინა სტატია

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უნიკალური საცავით

შემდეგი სტატია

დამალობანა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.