მთავარი»Slider»„მანკიერებათა წყებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ანგრევს, საფუძველი სკოლაში ეყრება“

„მანკიერებათა წყებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ანგრევს, საფუძველი სკოლაში ეყრება“

15
გაზიარებები
Pinterest Google+

„პროგრესნიუსს“ ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ექსპერტი განათლების საკითხებშიზურაბ ვახანია ესაუბრება:

 ასობით მილიონი ლარის დახარჯვის მიუხედავად,  წინა ორი ხელისუფლების დროინდელ განათლების „რეფორმას“ მოსწავლეების რეალური ცოდნისა და უნარ-ჩვევათა დონე და მათი პიროვნული განვითარება არ გაუუმჯობესებია. პირიქით, რამდენიმე მიმართულებით უკუსვლა შეინიშნება, რაც თვალსაჩინოა, როგორც მოსწავლეთა საერთაშორისო ტესტირებებზე, ისე მისაღებ გამოცდებზე. განათლების სისტემის ამ მდგომარეობამდე მიყვანა მეცნიერული ფსიქოლოგიის უგულებელყოფის სავსებით კანონზომიერი შედეგია.
_ უფრო კონკრეტულად?
_  დავიწყოთ იმით, რომ მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო პროგრამები და სტანდარტები მეტისმეტად გადატვირთულია, როგორც სირთულის, ისე საერთო მოცულობის მხრივ. მათი ნამდვილი დაძლევა არ ძალუძს არათუ საშუალო, არამედ კარგი მონაცემების მქონე მოსწავლესაც კი. არარეალურად გადატვირული სასწავლო პროგრამები მოსწავლეებს აიძულებს, ყოველდღიურად სიყალბეში და ცუღლუტობაში იცხოვრონ. მთელი სასწავლო პროცესი, არსებითად, ურთიერთმოტყუებისა და საქმის მიფუჩეჩების გარემოში მიმდინარეობს. სწორედ აქაა იმ მანკიერებათა ძირითადი ფესვი, რომლებიც ამჟამად მთავარ სახელმწიფოებრივ პრობლემას შეადგენს და რომელიც ანგრევს საქართველოს სახელმწიფოს. ეს მანკიერებებია: მიდრეკილება კორუფციისაკენ, კანონის უპატივცემულობა, დაბალი სამოქალაქო შეგნება, უინიციატივობა და უგერგილობა. ყოველივე ამას მყარად ეყრება საძირკველი სწორედ სკოლაში, სადაც მოსწავლისთვის ნიშნის მისაღებად ერთადერთი გზაა დატოვებული _ სხვადასხვაგვარი სიყალბე.სწავლაზე გულაცრუებულ მოსწავლეებს სარბიელად ქუჩა რჩებათ. ამასთან, ახალგაზრდებში ღრმად გამჯდარი არასრულფასოვნების გრძნობა იწვევს გაუცნობიერებელ და უმართავ აგრესიულობასა და კრიმინალურ ქცევებს, ნარკომანიასა და სხვა სიმახინჯეებს. ამ უბედურებებს სწორედ სკოლა უწყობს ხელს.
_ დიდი ხანია, სწავლაზე გულაცრუებულ მოსწავლეებში ქუჩა კომპიუტერმა ჩაანაცვლა. ახალგაზრდების ინტერნეტდამოკიდებულებაზე  რა აზრის ხართ?
_ ეს კიდევ ერთი უბედურებაა. მოსწავლეთათვის უფასო კომპიუტერების დარიგება უზარმაზარ ხარჯებს იწვევს, შედეგები კი ფრიად საეჭვოა, თუ სულაც უარყოფითი არა. ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა ისედაც ეკრანომანიის სენითაა დაავადებული, რაც ნარკომანიისა და აზარტომანიის მსგავსი მძიმე ადიქციაა და სასტიკად აფერხებს სწავლა-განათლებასა და ნებისყოფის განვითარებას.
_ ზოგიერთი პედაგოგისგან მსმენია, რომ მოსწავლეებს წიგნი უხარისხო სახელმძღვანელოებმა შეაძულა..
_  არ ვიცი, რამდენად შეიძლება სახელმძღვანელომ წიგნი შეაძულოს, მაგრამ სახელმძღვანელოთა უმრავლესობა გადატვირთულია სპეციალური ვიწრო-დარგობრივი ტერმინებით, ფაქტებითა თუ ფორმულებით, დაწერილია ბავშვისათვის ყოვლად მიუღებელი და არაბუნებრივი მძიმე ენით. არ ხდება საკითხთა წესიერი, ინტენსიური დამუშავება და მათი მრავალმხრივი გააზრება, ცნებათა შორის კავშირების დამყარება და ღრმა სისტემური ცოდნის ჩამოყალიბება. სასწავლო პროგრამის დიდი მოცულობის გამო სწავლება აგებულია პროგრამის ზერელე, ექსტენსიურ „გადარბენაზე“. ამ სახელმძღვანელოთა არათუ შესწავლა, არამედ უბრალოდ წაკითხვაც კი ძალიან მძიმეა. ამას რა თქმა უნდა, სავალალო შედეგები მოაქვს. საშუალო და უფროსკლასელ მოსწავლეთა უდიდეს ნაწილს გული უცრუვდება საზოგადოდ, სწავლაზე და, არსებითად, აღარაფერს არ სწავლობენ. მოსწავლეთა ის მცირე ნაწილი კი, რომლებიც მაინც ცდილობენ სწავლას, გამუდმებით განიცდიან მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესებს. ეს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ახალგაზრდების სულიერ, გონებრივ, ფიზიოლოგიურ თუ ფიზიკურ განვითარებას. მთელ თაობებს უყალიბდება ღრმა არასრულფასოვნების გრძნობა, რაც სავალალოა როგორც პიროვნებისათვის, ისე ოჯახისა თუ საზოგადოებისათვის. ამრიგად, ჩვენი სკოლის მთავარი გასაჭირი არა იმდენად ფინანსურია, რამდენადაც _ შინაგანი.
_ როგორც ჩანს, პრობლემასთან გამკლავებისთვის ხელისუფლებათა ცვლა საკმარისი არაა. თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ?
_ საჭიროა სასწავლო პროგრამებისა და სტანდარტების მკვეთრი შემცირება (სულ მცირე _ განახევრება) როგორც სირთულის, ისე საერთო მოცულობის მხრივ. ამასთან, არ უნდა შემცირდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათების რაოდენობა! საჭიროა სწავლების მეთოდიკათა სერიოზული გარდაქმნა, აქტიური სწავლების მეთოდიკათა დამკვიდრებით. ბოლო უნდა მოეღოს ფსიქოლოგიური მეცნიერების უგულებელყოფას განათლების სისტემაში, რაც საბჭოთა ხანიდან იღებს სათავეს.
საქართველოში სასწავლო პროგრამების მოცულობა რეალურთან მიახლოებული იყო მხოლოდ 1965-1970 წლებამდე (ვგულისხმობთ მხოლოდ პროგრამების ჯამურ მოცულობას და არა მათ ხარისხსა და შინაარსს!). მას შემდეგ დაიწყო უნიადაგო ნოვატორობა და სტახანოვური „ლისენკოიზმი“ განათლების სისტემაში, რათა საბჭოთა მოსწავლეს ყველა მაჩვენებლით გადაესწრო კაპიტალისტური ქვეყნის მოსწავლისთვის. სასწავლო პროგრამები განუხრელად რთულდებოდა და მძიმდებოდა. ამას დაემატა მოსწავლის ასაკის შემცირება 1 წლით (როცა სკოლაში 6 წლიანთა მიღება დაიწყეს). შემდეგ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში სავალდებულო 11-კლასიანი სწავლება შეიცვალა 9-კლასიანით. ამიტომ მრავალ საგანში 11 კლასის პროგრამები, უმნიშვნელო შეკვეცის შემდეგ, 9 კლასში ჩატენეს, რის შემდეგაც ვითარება მთლად კატასტროფული გახდა. ვითარება კიდევ უფრო მძიმეა ამჟამად:  სკოლაში შესვლისთანავე, კომპიუტერისა და ინგლისური ენის სავალდებულო საყოველთაო სწავლება რომ იწყება. ეს ყოვლად დაუშვებელია, კატეგორიულად დაუშვებელია.

განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თავის დროზე, მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში დაიწერა  მიმართვა, რომელსაც ხელს აწერდნენ ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, სწავლული მდივანი და სწავლების ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე. მიმართვას შეუერთდნენ: მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ზე მეტი თანამშრომელი, თბილისისა და ქუთაისის სკოლების 80-ზე მეტი მასწავლებელი, განათლების მუშაკები, მოსწავლეთა მშობლები და სხვანი. მიმართვა 1998 წელს გაეგზავნა განათლების მინისტრ თამაზ კვაჭანტირაძეს. 2000 წელს გაეგზავნა ალექსანდრე კარტოზიას, დამატებით გამოქვეყნდა მასწავლებელთა გაზეთშიც „ღია მიმართვის“ სახით. 2005 წელს იგივე მიმართვა გაეგზავნა მინისტრ კახა ლომაიას, გამოქვეყნდა გაზეთში „ახალი განათლება“; 2008 წელს პირადად გადავეცით მინისტრ გიორგი ნოდიას, ხოლო 2009 წელს წარვადგინეთ განათლების მეცნიერებათა აკადემიის კონფერენციაზე და გავუგზავნეთ მინისტრ დიმიტრი შაშკინს… ჩვენ მიერ მრავალგზის საჯაროდ გამოთქმული არგუმენტების საპასუხოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ვაიმეცნიერები“ გვიწოდა და ალბათ ეს იყო დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის გამორჩეული დასჯის, მისი დახურვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ამ უკანონობის აღმოფხვრის მიმართულებით, არც ახალი ხელისუფლება აკეთებს რაიმეს, თუმცა განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ  მეცნიერთა ხმა ნაციონალების წასვლისა და „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგაც შეუსმენელი დარჩა. განათლების სამინისტრო მშვიდად უყურებს როგორ უარესდება წლიდან წლამდე  განათლების ხარისხი და ასე თუ გაგრძელდა, მალე საქართველოში წერა-კითხვის მცოდნე საძებნელი გვეყოლება.

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

"ზალკალიანი ვერ გამოდგა საქართველოს წარმომადგენლად ლავროვთან მოლაპარაკებებზე"

შემდეგი პოსტი

გრიპის ვირუსის მიუხედავად, ბაღები და სკოლები მუშაობას 15 იანვარს განაახლებენ