მთავარი»საზოგადოება»მალე – ქართული წარმოების გაზის გაჟონვის კონტროლის მოწყობილობა ბაზარზე გამოვა

მალე – ქართული წარმოების გაზის გაჟონვის კონტროლის მოწყობილობა ბაზარზე გამოვა

1
გაზიარებები
Pinterest Google+

დასახელება: ბუნებრივი აირის გაჟონვის კონტროლისა და სიგნალიზაციის მოწყობილობა.

პატენტმფლობელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

გამომგონებლები: არჩილ ფრანგიშვილი, ნუგზარ იაშვილი, იური ხუტაშვილი.

მიკროელექტრონიკის ქარხანა „აგე-ტელეკომი“ – პარტნიორი ქარხანა, სადაც დამზადდება ქართული გამოგონება – ბუნებრივი აირის გაჟონვის კონტროლისა და სიგნალიზაციის მოწყობილობა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღი: 2017 წელი, 5 აპრილი. რეგისტრაციის თარიღი 2018 წელი, 21 აგვისტო.

მალე, რამდენიმე ბიუროკრატიული საფეხურის გავლის შემდეგ, ქართულ ბაზარზე გამოვა ქართული წარმოების, ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი ბუნებრივი აირის გაჟონვის კონტროლისა და სიგნალიზაციის მოწყობილობა.

პროექტზე მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2014 წელს დაიწყო, ჩამოყალიბდა სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.

ახალი გამოგონების შესახებ „პროგრესნიუსს“ ესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ავტომატიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი, გამომგონებელი, საინჟინრო აკადემიის წევრი, ნუგზარ იაშვილი:

– გაზის გაჟონვის აღმომჩენი ხელსაწყო ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა. მივაღწიეთ შედეგს და დღეს გვაქვს გამოგონების დონეზე შექმნილი მოწყობილობა.

– პირველ რიგში მაინტერესებს, სად დამზადდება ეს ხელსაწყო?

– გვყავს პარტნიორი, მიკროელექტრონიკის ქარხანა „აგე-ტელეკომი“ (ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი). ახლა საუბარია ხელსაწყოს საცდელი პარტიის დამზადებაზე. 10-15 ცალს დავამზადებთ და ჩავატარებთ ცდას.

– ყველა გამოგონება უკავშირდება განვითარებულ მოვლენებს. 2014 წელს რამ გამოიწვია თქვენი ამ თემით დაინტერესება?

– ხელსაწყოს დამზადება აუცილებლობამ, ფაქტებმა განაპირობა, რასაც ადგილი აქვს არა მხოლოდ დღეს. ჩვენ ვმუშაობდით ავტომატიზაციის ხელსაწყოებისს შექმნაზე. ვნახეთ, რომ ამერიკაში, ისრაელში, კანადაში და მრავალ სხვა ქვეყანაში ადამიანი ბინას ვერ გაყიდის, ვერ გააქირავებს და თავად მფლობელსაც არავინ შეუშვებს საცხოვრებლად, თუ ბინაში (კორპუსსა თუ კერძო საცხოვრებელ სახლში) არ არის დამონტაჟებული ხანძარ და გაზგაჟონვის საწინააღმდეგო მოწყობილობები, ეს შედის აუცილებელი დაზღვევის მოთხოვნაში. სწორედ ეს გახდა საფუძველი, დაგვეწყო მუშაობა ქართული წარმოების ხელსაწყოს გამოსაშვებად და რაც მთავარია, ეს ხელსაწყო უნდა ყოფილიყო ბაზარზე არსებულზე ბევრად უკეთესი, ახალი სიტყვა ამ სფეროში. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი, სადაც წარმოდგენილია ბევრი მსგავსი ხელსაწყო.

– სხვადასხვა ქვეყნის წარმოებისა, რომელთაგან უმეტესობა უვარგისია. არ ვიცი, რატომ ხდება ასე და რატომ არის, რომ ჩვენთან, საქართველოში, ლამის მეორადი ტექნიკა შემოდის – მაგრამ ფაქტია. გაზის გაჟონვის აღმომჩენი ხელსაწყო საქართველოშიც იყიდება, ისე, როგორც, ალბათ, სხვა ქვეყნებში. სხვაგან რა ხდებ, არ ვიცი და ჩვენთან, სადაც კი დააყენეს ეს აპარატი, ყველგან დისკომფორტი შექმნა…

– დიახ, ასეა, დისკომფორტს ნამდვილად ქმნის და მინდა გითხრათ, რომ ნაკლებ საიმედოცაა.

– ჩინური, თურქული…

– არის იტალიური, გერმანული, ინგლისური, რომელიც ძვირი ღირს და შედარებით კარგია.

 – მაგრამ ყველაფერზე რეაგირებს, ორთქლზეც კი „კივის“.

– კი, იმიტომ, რომ ხელსაწყოში გამოყენებული პირველადი გადამწოდი სათანადო არაა. რა ხდება? გადამწოდი არის ნაჭრის ფენა, რომელიც გაჟღენთილია ისეთი ნივთიერებით, რაც რეაქციის შემდეგ (გაზის გაჟონვის შემთხვევაში) ცვლის სტრუქტურას, ასეთ დროს წარმოიშვება ელექტროენერგია. აი, ამ დენს ვიჭერთ ჩვენ.

– რას აკეთებს ჩვენი ხელსაწყო?

– გვაძლევს გამაფრთხილებელ ნიშანს, რომ გაჟონვა მოხდა, აინთება ნათურა (ვთქვათ მწვანე ფერისა) და იქნება ზარი. თუ დროთა განმავლობაში გაზის გაჟონვამ მოიმატა, უკვე იქნება არა გამაფრთხილებელი, არამედ საგანგაშო სიგნალი, რომელიც გადაეცემა ჩამკეტ სარქველს. სარქველი ჩაკეტავს სახლში გაზის მიწოდებას.

 – გაზის მიწოდება შეწყდება.

– დიახ, და ამით გადავრჩებით აფეთქებას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საუკეთესო ხელსაწყო, არსებულებს შორის.

 – და რაც მთავარია, ეს არის ქართული.

– დიახ. მხოლოდ ის, რომ ვთქვათ, ჩვენ მიერ გამოგონებული ხელსაწყო არის საუკეთესო, არაა საკმარისი. არსებობს სერთიფიცირების ორგანოები. გარდა იმისა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ამბობს, შევქმენი ხელსაწყო, ვიღაცამ ეს უნდა დაადასტუროს – შეესაბამება თუ არა ხელსაწყო ევროპულ მოთხოვნებს და არის თუ არა გაზრდილი საიმედოობა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ჩვენ ახალი მიდგომებით გავზარდეთ ხელსაწყოს ფიზიკური რესურსი, მომსახურება ძალიან მარტივია და იმუშავებს ხანგრძლივად, დაახლოებით ათი წლის მანძილზე.

– რა მდგომარეობაა ახლა?

– ხელსაწყო გადის გამოცდას, ჩავატარეთ აპრილში, შედეგი დადებითი იყო, კიდევ უნდა ჩავატაროთ ერთი გამოცდა. მინდა გითხრათ, რომ გამოცდას დაესწრნენ საქართველოში არსებული ყველა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვისაც ეხება საკითხი – „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, გაზის მომარაგების და ტრანსპორტირების კომპანია, აკრედიტაციის ცენტრი, მეტროლოგიის სააგენტო, სულ 15 ორგანიზაცია. ჩავატარეთ გამოცდა.

 – შენიშვნები თუ იყო?

– იყო წინადადებები. ჩვენი ხელსაწყო კომბინირებულია, წყვეტს მეთანის (ეს არის, რაც გაზქურებში გვაქვს) და მხუთავი აირის (CO, რომელიც არასრული წვის სედეგად გამოიყოფა გამათბობლებში) მიწოდებას, კეტავს ყველაფერს.

– ამბობენ, რომ „ყაზტრანსგაზი“ წინააღმდეგი წავიდა ამ გამოგონების.

– არა, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ მათთან. „ყაზტრანსგაზმა“ გვითხრა, ჩაგვეშვა წარმოებაში ჩვენი ხელსაწყო და ისინი გამოაცხადებდნენ ტენდერს, უპირატესობის შემთხვევაში გადმოვლენ ამ ხელსაწყოზე.

– გარდა იმისა, რომ ეს არის ქართული წარმოებისა და აქვს ჩამკეტი, სხვა კიდევ რა დადებითი მომენტი შეიძლება იყოს?

– გარდა ამისა, ჩვენ აქვე, ადგილზე, ვართ ის ადამიანები ვინც მოემსახურება მოსახლეობას.

– ანუ, ვინც გამოიგონა ხელსაწყო, ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, ასე გამოდის, ხომ?

– დიახ, ასეა.

– ხომ არ გაფუჭდება ხელსაწყოს ხარისხი გზადაგზა?

– არა, რატომ? ამ ხელსაწყოთი დაცული ხართ. თუ სახლში არ ხართ და გაჟონვა მოხდა, ხელსაწყო თავის ფუნქციას მაინც შეასრულებს, ჩაკეტავს გაზის მიწოდებას. არის საშუალება, ხელსაწყოს გამწოვი მიუერთდეს, ასევე პერსპექტივაში გვაქვს გავაკეთოთ ისე, რომ ხელსაწყომ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნოს 112-ს, ახლობლებსა და მეზობლებს.

– რა აფერხებს ამ ხელსაწყოს ჩაშვებას წარმოებაში?

– ბიუროკრატიული, აუცილებელი რეგულაციები, რაც უნდა გავიაროთ. უნდა გვქონდეს სერთიფიკატი, მიდის ახლა პროცესი. ასევე, მთავარია რეგულაციები, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყანაში და არ გვაქვს. მთავარი ისაა, რომ ახალი კორპუსები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაბარდეს სახანძრო და გაზის უსაფრთხოების ხელსაწყოების გარეშე, ძველ სახლებში კი აუცილებლად უნდა დამონტაჟდეს. აუცილებელი უნდა გახდეს სახლების დეტექტორებით აღჭურვა.

– ამბობენ, ადრე იყიდებოდა ეს ხელსაწყოო.

– არა, არ იყიდებოდა.

– სად მონტაჟდება ეს ხელსაწყო?

– გაზის წყაროსთან, სამზარეულოში, ჭერიდან 30 სმ-ის დაშორებით, ჩამკეტი კი ყენდება გაზის შემომავალ მთავარ მილზე. დღეს ვამბობთ, რომ ჩვენი ხელსაწყო ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ სერთიფიკატის აღების შემდეგ უფრო თამამად განვაცხადებთ ამის შესახებ.

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

წინა პოსტი

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტი გახსნა

შემდეგი პოსტი

როგორ მიჰყიდა რუსთაველი რუსულ კომპანიას სააკაშვილ-უგულავა-ჭიაბერაშვილის „ტროიკამ“