მთავარი»საზოგადოება»მაია კობახიძე – სად არის მასწავლებელთა ხელფასის გაზრდისთვის საჭირო ნახევარი მილიარდი?

მაია კობახიძე – სად არის მასწავლებელთა ხელფასის გაზრდისთვის საჭირო ნახევარი მილიარდი?

7
გაზიარებები
Pinterest Google+

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკასხელფასების ზრდას ითვალისწინებს. 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარსა და მეტს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე „პროგრესნიუსთან“ აცხადებს, რომ სამინისტრო მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდას მათი მასობრივად შემცირების ხარჯზე გეგმავს და საკუთარ ვარაუდს ციფრებით ადასტურებს:

_ ძალიან ცუდი გზით მივდივართ. განათლების მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ 2020-2021 წლიდან პედაგოგთა ანაზღაურება 1500 ლარს მიაღწევს და ზოგიერთი მასწავლებლის ხელფასი  2000 ლარი და მეტი გახდება. მე მაინტერესებს, სად არის ხელფასის გაზრდისთვის საჭირო ნახევარი მილიარდი? საიდან მოაქვთ ეს თანხა, როდესაც 2014 წლიდან ვითხოვთ პედაგოგის საბაზო ხელფასის 70-80 ლარით გაზრდას და გვპასუხობენ, რომ ბიუჯეტს ეს 40-50 მილიონი არ აქვს. თუ ბიუჯეტს აქამდე 40-50 მილიონი არ ჰქონდა, 2020 წლისთვის ნახევარი მილიარდი ექნება, რომ ხელფასებზე გაიღოს?
_  ფიქრობთ, რომ ხელფასების გაზრდისთვის საჭირო თანხას მასწავლებელთა შემცირების ხარჯზე მიიღებენ?
_ დიახ, ამას პედაგოგთა შემცირების ხარჯზე გააკეთებენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნახევარი მილიარდი მასწავლებელთა მთლიანი რაოდენობის კი არა, მხოლოდ იმ 21 000-მდე მასწავლებლის ხელფასების გაზრდისთვის არის საკმარისი, რომლებიც დღეს უფროსი, მენტორი და წამყვანი მასწავლებლები არიან.  ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რა ობიექტური კრიტერიუმების დაცვით მოხდება პედაგოგთა შერჩევა, ვინ დარჩება სისტემაში და ვინ წავა. მიდის საუბარი ახალგაზრდა კადრების შემოდინებაზე, რისი წინააღმდეგიც ბუნებრივია, არ ვარ და თაობათა ცვლა გარდაუვალია, მაგრამ საინტერესოა,  საფეხურების გაუქმება სწორედ ამ კადრების შემოსვლას ხომ არ უკავშირდება?  ანუ ახალგაზრდა კადრები შემოვლენ და შესაძლოა, პირდაპირ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები გახდებიან ისე, რომ მათი პრაქტიკული საქმიანობა არავის  გამოუცდია.
_ საფეხურების გაუქმებასთან დაკავშირებით, თქვენი მოსაზრებები სამინისტროს თუ გააცანით?
_„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახეზეა აბსოლუტურად ჩაკეტილი რეფორმის მზადების პროცესი, ამიტომ ჩემი პოზიცია მხოლოდ საჯარო განცხადებით გამოვხატე. ჩემთვის გაუგებარია ბატონი მინისტრი განცხადებები კარიერული წინსვლის საფეხურების გაუქმებაზე.  გამოდის, რომ დამწყები მასწავლებელი პირდაპირ შეიძლება გახდეს მენტორი, წამყვანი.. ასეთი რამე არ არსებობს. ჩვენ ვიცით პროფესორი რა საფეხურებს გადის, რომ პროფესორის სტატუსი მიიღოს, ამიტომ გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებს ეს ამაზე მსჯელობა. ბატონი მინისტრი ასახელებს წლის საუკეთესო მასწავლებელს, ეროვნული ჯილდოს მფლობელს ვლადიმერ აფხაზავას და ამბობს, რატომ უნდა იბრძოლოს ბატონმა აფხაზავამ სტატუსების მოპოვებაზე, როდესაც ის ისედაც იმსახურებს მენტორის სტატუსსო. დიახ, იმსახურებს და ასეთი ბევრი მასწავლებელი გვყავს. თუნდაც, 2018 წლის ეროვნული ჯილდოს  მფლობელი მანანა კაპეტივაძე, ეროვნული ჯილდოს ათეულის მასწავლებლები, ხუთეულის ფინალისტები და მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში წარმატებით საქმიანობენ, მაგრამ ამ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ.  არსებობენ პედაგოგები, რომლებსაც ეკუთვნით სტატუსი საფეხურების გავლის გარეშე, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ერთეული შემთხვევა. ჩემთვის გამაოგნებელია, როცა ბატონი მინისტრი ვლადიმერ აფხაზავას მაგალითს მოქმედი სისტემის შეცდომად აღიქვამს, ვინაიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა ამ საკითხს პირდაპირ ითვალისწინებს. სქემაში არის  კონკრეტული ნორმა ჩადებული, რომლის მიხედვით განათლების მინისტრი ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების მიღწევების მქონე, ღვაწლმოსილი მასწავლებლის ან ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.
_ თუ ასეთი კომისია გვაქვს, ველოსიპედის გამოგონება რა საჭიროა?
_ასეთი კომისია განათლების სამინისტროს არ შეუქმნია! ამიტომ მე ვსვამ ძალიან ლოგიკურ კითხვას – ნაცვლად იმისა, რომ ეს ნორმა აამოქმედონ და განსაკუთრებული დამსახურებისა და ღვაწლის მქონე მასწავლებლებს სქემით განსაზღვრული რომელიმე სტატუსი მიანიჭონ, საფეხურებს აუქმებენ? რატომ არ გამოიყენეს ეს ნორმა? ჩემთვის ეს არის შოკისმომგვრელი, რადგან ერთი პრეცედენტიც არ გვახსოვს, რომ რომელიმე მასწავლებლისთვის ასეთი ტიპის კომისიას სტატუსი მიენიჭებინოს. რატომ მუშაობს სამინისტრო ისეთი მეთოდებით, რომ არ მომზადებულა რეფორმის დამარეგულირებელი ნორმატიული აქტების არც ერთი პროექტი და საჯარო მსჯელობის საგანი არ გამხდარა? როდესაც 2014 წლის ბოლოს სახელმწიფო კომისიამ დაიწყო მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული სქემის პროექტზე მუშაობა, სამინისტრომ ღიად შემოგვთავაზა სქემისა და სქემის დამარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტები, სადაც დეტალიზებული იყო რეფორმის  ყველა საკითხი. ახლა საუბარი მხოლოდ ზოგადი ხედვით მიმდინარეობს და გადაწყვეტილების მიღება ისე სწრაფად ხდება, რომ მოსაზრების გამოხატვის საშუალებაც არ გვაქვს. ამიტომ უამრავი კითხვები ჩნდება და ვნახოთ.. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

“პროგრესნიუსი”

 

წინა პოსტი

როგორია შენი ოცნების ავტომობილი? „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვების ნამუშევრებს ელის

შემდეგი პოსტი

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება ძალიან კარგი იქნება