მთავარი»ქართული მწერლობა»“კავარადოსი” კი მღეროდა, იგონებდა საყვარელი ქალის ალერს, კაბის შარიშურს და ეგებებოდა სიკვდილს

“კავარადოსი” კი მღეროდა, იგონებდა საყვარელი ქალის ალერს, კაბის შარიშურს და ეგებებოდა სიკვდილს

2
გაზიარებები
Pinterest Google+

ახალი, ლურჯი Toyota Rav4 პირდაპირ შუა გზაზე იყო გაჩერებული და იქიდან ჩემი საყვარელი კავარადოსის არია ისმოდა პუჩინის “ტოსკადან”… თანაც პავაროტის შესრულებით.

ამ არიაზე ვაფრენ!

ანდრიასთან და ჩემს ძაღლთან ერთად სტადიონზე ავედი, რომ არ დაგვეკარგა ფორმა, რომელსაც ბაკურიანში მუდმივი “ლაშქრობებით” და ბადმინტონის თამაშით მივაღწიეთ მე და ანდრიამ.

მე ძაღლს სტადიონის გვერდზე გზაზე იქით აქეთ ვასეირნებ, ხოლო ანდრია ამ დროს ტრენაჟორებზე ვარჯიშობს!

სტადიონზე, საიდანაც ალბათ თბილისის საუკეთესო ხედი იშლება, ერთის მხრივ მთაწმინდაზე – მამადავითზე, ხოლო მეორეს მხრივ – სამების ტაძარზე, ბევრი ნარკომანი მინახავს, არა ხედების დასათვალიერებლად, არამედ “ნარკოდილერისგან” წამლის მისაღებად და იქვე გასაკეთებლად, ხშირად ძალიან ძვირფასი მანქანებით ამოსული; ზოგი მათგანი მუსიკასაც რთავს მაღალ ხმაზე, მაგრამ კავარადოსის არიას პუჩინის “ტოსკადან”?! ო,არა… უფრო “ჰიპ-ჰოპი” ერთი ორჯერ “ასსა-ფართის” მოყვარულებსაც გადავეყარე, მაგრამ “ტოსკა”?! არა -მეთქი! არა!

ძაღლი იმ ადგილისკენ წავიყვანე, რომელსაც “რექსის ტაულეტს” ვეძახი, და ამ გზაზე ამ ლურჯი მანქანისთვის უნდა ჩამევლო.

ერთ თბილისურ რესტორანში ოპერის ყოფილი მომღერლები მღერიან. მათ პროგრამაში აქვთ “კავარადოსის” არია და სწორედ ამის გამო, მე ხანდახან დავდივარ აქ. ერთხელ ბელორუსული ოპერის ვარსკვლავი და დირიჟორი გვყავდა სტუმრად და ის გააოცა შესრულების ხარისხმა.

“Это невозможно!” – თქვა გაოცებულმა მომღერალმა ილია სილჩიკოვმა, რომელიც საოპერო შემსრულებელთა რამოდენიმე კონკურსის ლაურეატია და თავადაც იმღერა არია და რუსული რომანსი.

მეორედ კი, მეგობრის გოჩა ღვალაძის 50 წლის იუბილეზე, ჰოლანდიელი სტუმრები მარია და რუდი მივიყვანე იქ და როცა რესტორნის მომღერლებმა “კავარადოსის არია” შეასრულეს, ჩემს სტუმრებს ცრემლები მოადგათ თვალებზე… ყოველგვარი გადამეტების გარეშე – ცრემლები ნაკადულებად ჩამსდიოდათ სახეზე!

ჰოლანდიაში სამაგიეროს გადახდა სცადეს და ამსტერდამში მე და ეკა წაგვიყვანეს პოპულარულ იტალიურ რესტორანში, “Pasta e Basta” სადაც თავად მეფის ოჯახის წევრები, ცნობილი კინოვარსკვლავები და მომღერლები ხშირად სტუმრობენ. იქ ყველა ოფიციანტი მომღერალი იყო და საკმაოდ მაღალი ოსტატობით ასრულებდნენ პუჩინის, ვერდის, როსინის და ბელინის არიებს.. ჩვენ ისე ხმამაღლა და იმდენს ვგულშემატკივრობდით და “ბრავოს” არ ვაკლებდით ჩვენს ოფიციანტს, საკმაოდ სიმპათიურ გოგონას, რომელმაც ერთხელ ოფიციანტ ბიჭთან ერთად, პირდაპირ ჩვენს მაგიდასთან ვერდის “ტრავიატადან” ალფრედის და ვიოლეტას დუეტიც კი შეასრულა, რომ იმ გოგონამ ბოლოს გულითადი მადლობა გადაგვიხადა… თუმცა, საერთოდ, თავად მასპინძლებმაც აღიარეს – ქართველებს ჰოლანდიელი მომღერლები ვერ შეედრებოდნენ!

მაინტერესებდა ვინ იყო “ტოსკას” მოყვარული ნარკომანი და როცა მანქანას გავუსწორდი, დაუფარავი ინტერესით შევიხედე შიგნით… გაოცებული წამით ადგილზე გავიყინე და ალბათ ასეთ უხერხულ პოზაში დავრჩებოდი, რექსს რომ არ მოექაჩა ჯაჭვი…

შავი ხუჭუჭა თმები მხრებზე ეყარა და ზუსტად იმ ფერის სამოსი ემოსა, რა ფერისაც იყო მანქანა… თუმცა, თავად მანქანის სალონი კანისფერი ტყავისა იყო და თავადაც, როგორც მისი ლამაზი მანქანა წარმოადგენდა კონტრასტს მსუბუქად მზედაკრული კანისფერისა და ლურჯი სამოსისა… რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა… ქალი იყო!

საჭესთან ქალი იჯდა… როგორი ქალი?! ლამაზი?! მაშინვე მოუთმენლად იკითხავს ვიღაც! რა სისულელეა, ქალის დახასიათება სიტყვებით – ლამაზი, უშნო…

ლამაზი კუბელი და ტაილანდელი ქალი ერთი ღამით, სულ რაღაც ათ დოლარად შეგიძლია იყიდო (ხანდახან ხუთადაც!) … მექსიკელი – ორმოცდაათად, რუსი – ასად, მოსკოველი პუტანა (ეგ ყველაზე ოხერი კატეგორიაა) – ასიდან ოთხასამდე, ევროპელი ხუთასად… იმის თქმა მინდა, რომ კარგი მობილური ტელეფონი “ლამაზ ქალზე” ბევრად ძვირი ღირს, მაგრამ.. განა ამ სიტყვით შეიძლება დაახასიათო ქალი?! ლამაზი, ულამაზო… არსებობს ქალები, რომლებსაც ფასი არ აქვს… რომლებიც მთელ ცხოვრებად ღირს…

მე დანტე არ ვარ და არც პეტრარკა, რომ მოვინდომო და ერთი სიტყვით აღვწერო, მისივე მანქანისფერ მოკლე, კაბით მოსილი, მუქსათვალიანი, მოშვებულ, თავისუფალ პოზაში მჯდომი, კავარადოსის არიის მოყვარული ახალგაზრდა ქალი, რომელიც დილის 08:30 საათზე “ვარანცოვის” თავზე, ებრაელის თეთრი ვილის უკან, თბილისის ულამაზესი ხედის ფონზე პერლამუტისფერ ლურჯ, ლამაზ მანქანაში იჯდა და ამ მანქანით გზა ჰქონდა გადაკეტილი… და თუ მაინც და მაინც ერთ სიტყვაზე მიდგა ჯერი, მე ვიტყოდი, რომ ეს იყო… საინტერესო ქალი… ქალი ისტორიით… სწორედ ის ქალი, რომელსაც შეგიძლია ცხოვრება გადააყოლო…

“კავარადოსი” კი მღეროდა, იგონებდა საყვარელი ქალის ალერს, კაბის შარიშურს და ეგებებოდა სიკვდილს – მისი დრო მოსული იყო; ის ვისაც ესოდენ უყვარდა სიცოცხლე, განწირული იყო სასიკვდილოდ – მას მალე დახვრეტდნენ!

ნეტა რა უნდოდა დილის 08:30 საათზე ამ ქალს ამ ადგილზე?! ან რატომ გაჩერდა აქ და ასე?!

.. და ეს ყველაფერი “კავარადოსის” არიის ფონზე! მე მგრძნობიარე კაცი ვარ! შესაძლოა ხანდახან ზედმეტადაც და რაღა თქმა უნდა, ჩემში ათას ფიქრს აღძრავდა ეს ყველაფერი ..

ნარკომანი არ უნდა ყოფილიყო… ის ხომ თავისი ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკით და შუა გზაზე გაჩერებული მანქანით, ყურადღებას იქცევდა… მერე რა, რომ ამ გზაზე იშვიათად მოძრაობენ მანქანები?! ნარკომანს რად უნდა ზედმეტი ყურადღება?!

სამწუხაროა, აღარ არის ჩემი “მეფისტოფელი”! ყოფილი “დინამოელი”, რომელთანაც ვმეგობრობდი და აქ სტადიონზე ათასი საკითხი განმიხილავს პოლიტიკური თუ ზნეობრივი, მიუხედავად იმისა, რომ სახელიც კი არასდროს მცოდნია მისი და რომელიც მუდამ ისე ირონიულ-სარკასტულად აფასებდა, ირგვლივ ყველაფერს, რომ მე უბრალოდ “მეფისტოფელი” ვუწოდე – რითაც ავირიდე მისი სახელის დამახსოვრების საჭიროება და რომელმაც, საიდანღაც ყოველთვის ყველაფერი იცოდა… მთავრობაში მიმდინარე ინტრიგებიდან დაწყებული, უბანში ამტყდარი ჩხუბის დეტალებით დამთავრებული! მას ეცოდინებოდა, ვინ იყო ეს ქალი და რატომ იდგა აქ!

მაგრამ ჩემი “მეფისტოფელი” ხომ მოკვდა!

ტანზე დავიხედე… მაინტერესებდა როგორ გამოვიყურებოდი.. მე მიყვარს კარგი სპორტული ტანსაცმელი! ცოტა გული დამწყდა… ბაკურიანიდან ჩამოსვლის მერე ეკამ ყველა შორტი და მაისური სარეცხ მანქანაში შეყარა… ძველები მეცვა, თუმც ხარისხიანები… პრინციპში არა მიშავდა.

ბაკურიანში მე და ეკა ანდრიასთან იმისთვის ჩავედით, რომ თბილისის საზიზღარი, სუნიანი ჰაერის ნაცვლად, ცოტა სუფთა ჰაერი გადაგვეყლაპა…

ზაფხულში ბაკურიანში მხოლოდ ბავშვით თუ გაერთობი. ცხენზე შესვამ და ტარებას ასწავლი, ბუნებაში გაიყვან, ლამაზ ადგილებს ანახებ…

ჩვენ ერთი ადგილი შევარჩიეთ, გორაზე ასულები, ოთხ მუხას შორის ვშლიდით პლედს და როცა ჩვენ ადგილზე ვეწყობოდით, აუცილებლად ისმოდა მთის არწივის ჭყივილი და ის აუცილებლად დაარტყამდა ჩვენს თავზე ირაოს, იმის შესამოწმებლად, მტერი ხომ არ შემოიჭრა მის “სამეფოში” და რა იცი… იქნებ, სადღაც ნადავლისთვისაც გამოეკრა მსხვერლის დასაგლეჯად თურქული იატაგანივით მოღუნული ნისკარტი.

მე ანდრია ცოტა უფრო მაღლა და შორსაც წავედით და იქ აღმოვაჩინეთ ულამაზესი ასწლოვანი ნეკერჩხლის ხე, რომელსაც “ანდრიას ნატვრის ხე” ვუწოდეთ და ამ ხეზე ასულმა ანდრიამ, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ინატრა, “ისეთი ბიჭი მინდა გავიზარდო – ყველა გოგონებს მოვწონდეო!”

მერე ხშირად ავდიოდით იქ, ხის სანახავად, რადგან ანდრიას ეშინოდა – ბიძინამ ხომ არ წაიღო, ჩემი ხეო!

სადილის მერე ყოვედღე ჩავდიოდით “კრისტალ პალასის” ქვემოთ, სადაც ანდრია საბავშვო მოედანზე ერთობოდა და ცხენზე ჯდებოდა…

ერთხელაც, საბავშვო მოედანზე ერთ ბავშვს დაუმეგობრდა, რომელიც ანდრიაზე ერთი წლით იყო უმცროსი და რომლისთვისაც ანდრია შეუვალ ავტორიტეტად და “ბოსად” იქცა, როცა გააგებინა, რომ მალე ხდებოდა 8 წლის!

“ყოველ დილით ათ საათზე აქ ვართო” – თვალებში შემომხედა და მითხრა ანდრიას მეგობარი ბავშვის ახალგაზრდა დედამ.

იმ დღეს, მე და ანდრიამ ჩემს უნივერსიტეტელ ჯგუფელს 34 წლის უნახავ, ქეთი ხარაძეს შევუარეთ. ქეთი საქართველოში წარმატებული ბიზნეს-ლედია, რომელიც სასტუმრო “Crystal Hotel & SPA” -ს ხელმძღვანელობს. ამ ხნის განმავლობაში, რამდენჯერმე ტელეფონით ვისაუბრეთ, როცა ჩემი სტუმრებისთვის და ახლობლებისთვის სასტუმროში ნომრის დაჯავშნა მინდოდა. ეს იყო და ეს!

იყო დრო, როცა ქეთი უნივერსიტეტის დერეფანში გაივლიდა, კიბის თავზე სიგარეტის მოსაწევად გამოსული ბიჭები საუბარს წყვეტდნენ და მზერას აყოლებდნენ, მანამ სანამ, რომელიმე აუდიტორიაში შევიდოდა.

ქეთიმ Lounge-ში დაგვპატიჟა და ანდრია რის ანდრია იქნებოდა არ გაელაღა… “Pizza margarita” მოითხოვა და.. რატომღაც დაიწუნა… მერე “Pizza peperoni” შეუკვეთა ქეთიმ მისთვის… ამით კი ისიამოვნა!

“ქეთინო დეიდამ, მაგარი ჩაი დამალევინა,” – უთხრა დღით კმაყოფილმა ანდრიამ ჩვენს ნომერში დაბრუნების მერე ეკას.

ძაღლთან ერთად ლურჯ მანქანას ჩავუარე და როცა რექსმა “დილის ტუალეტი” მოიმთავრა უკან დავბრუნდით.

მანქანიდან უკვე ბელინის “ნორმას” “Casta Diva”-ს მელოდია ისმოდა. დარწმუნებული არ ვარ, თუმცა მგონია, რომ მარია კალასის ხმა იყო.

ახლა უკვე პირდაპირ სახეში შემეძლო მეცქირა ქალისთვის, რომელიც მელოდიაზე მხოლოდ ოდნავ არხევდა თავს, სათვალის უკან კარგად არ ჩანდა, მაგრამ მგონი, ხანდახან ნეტარებისგან თვალებსაც ხუჭავდა.

ახლა შევნიშნე, რომ ჩემს ბოტასებსაც ბაკურიანის ტალახი ეცხო. არ მესიამოვნა.

მოკლე კაბა მუხლს ზემოთ საკმაოდ მაღლა ჰქონდა აწეული. თავის მოუტრიალებლად შემომხედა. თუმც, ჩემს საკმაოდ დაჟინებულ, თუმცა არა უტიფარ მზერას არა მგონია შეეწუხებინა. კაბის ოდნავ გასწორებაც არ უცდია. რაც არ უნდა გამოსჩენოდა, საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებული ქალი იყო!

ეტყობოდა, რომ წარმატებული ქალი იყო; სავარაუდოდ, კარგი და მაღალანაზრაურებადი სამსახურით უცხოურ კომპანიაში და შესაძლოა, საკუთარი ბიზნესითაც კი… მაგრამ აქ რა უნდოდა?! ნუთუ ესეც ნარკოდილერს ელოდებოდა?!

“მამი დავიწყო პრესის ვარჯიშები?!” – დამიძახა ანდრიამ.

ოთხი ხუთი თვის წინ, ანდრიას სტადიონის გვერდზე ტრენაჟორებზე პრესის ვარჯიშები დავაწყებინე. ზედმეტი წონა აქვს. თავიდან ერთხელაც ვერ იწეოდა. ახლა ორმოცჯერ იწევა. ხელს ვერ მოკიდებ ისეთი ძლიერია, თუმცა წონას ჯერ ვერაფერს ვუხერხებთ! უყვარს “Pizza peperoni”, ბურგერები და მსგავსი საკვები… და ყველაზე უარესი წონისთვის მაინც მობილურები, პლანშეტები, ლეპტოპები და ტელევიზორი და მათთან ჯდომა და მათ შიგნით ცხოვრებაა…

ჩემი უფროსი ვაჟი მახო გერმანიაში სწავლისას ტროიანების ოჯახში ცხოვრობდა. სწორედ იმ ტროიანის, რომელსაც კომპიუტერული პროგრამების ფირმა ჰქონდა და რომლის ფირმაც იყო ავტორი მსოფლიოში ცნობილი “ტროიან ანტივირუსის” და კიდევ სხვა უამრავი პროგრამის;

როცა ეს გავიგე, ვიფიქრე გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა და ბავშვობიდანვე ჩამერთო მომავლის ტექნოლოგიების შესწავლაში; როცა ამის შესახებ ოჯახის დედას ვუთხარით, მან კატეგორიული უარი განაცხადა – ბავშვის დაღუპვა თუ გსურთ, ეს უნდა გააკეთოთო! ის კი არა, მახოს ტელეფონიც დაუწუნეს; საკუთარ ბავშვებს მხოლოდ ის ტელეფონი ჰქონდათ, რომლითაც, მხოლოდ დარეკვა და სმს-შეტყობინების მიღება იყო შესაძლებელი! არავითარი ინტერნეტი და სხვა პროგრამები… და ეს ყველაფერი ხდებოდა მსოფლიოში ცნობილი პროგრამისტების ოჯახში!

სამაგიეროდ, მახოს ველოსიპედი უყიდეს და სკოლაში სიარულის გარდა “უიკ-ენდებზე’ ველოსიპედით დაატარებდნენ ქალაქგარეთ ულამაზეს ადგილებზე, დაათვალიერებინეს ქალაქები და ულამაზესი მუზეუმები…

ანდრიას მეორე ვარჯიშზე არაბულის-ნაჯვარ ყავისფერ “ტორნადოზე” აღვირით ცხენის მოხვევა ასწავლეს და ის გახარებული ჭყლოპინებდა ცხენზე ამხედრებული.

“მამა! მამა! ნახე როგორ დამყავს!” – იცინოდა და ყვიროდა შორიდან.

როცა ცხენიდან ჩამოვსვით და მე ეკა და ანდრია საბავშვო მოედნისკენ წავედით, ანდრიას წინა დღეს გაცნობილი მეგობრის დედა ჩვენს მოპირდაპირე მხრიდან, ბავშვთან ერთად მოდიოდა მოედნისკენ!

“როცა იმ ქალს გამოველაპარაკები და შენს თავს გავაცნობ ვეტყვი, რომ შენ ჩემი და ხარ, კარგი ეკა?!” – “წავეღადავე” ეკას.

ეკამ თავიდან ვერ გაიგო რა ვუთხარი. მერე როცა ავუხსენი ყასიდად გაბრაზდა, მერე გაიცინა, – “რა გეშველება, შე უბედურო!”

“აქ რაღაცით ხომ უნდა გავერთოთ, ეკა?! ვითამაშოთ!” – გავუცინე მე.

იმ დღეს დიდველის საბაგიროთი სათხილამურო ტრასის თავზე ასვლა გადავწყვიტეთ.

ანდრია გვისმენდა, როცა დიდველის საბაგიროს თავზე კაფეში, ეკას ბაკურიანთან დაკავშირებულ ძველ ისტორიებს ვუყვებოდი და”ოსური ხაჭაპური” ვახსენე, რომელიც ანდრიამ გაიგო, როგორც “ორსული ხაჭაპური”.

მან სწორედ “ორსული ხაჭაპური” დაუკვეთა მებუფეტეებს, რომლებიც სანამ ავუხსნიდი, კარგა ხანს დაბნეულები შეჰყურებდნენ ანდრიას. როცა გაიგეს – ბევრი იცინეს… როცა დააზუსტეს თუ რას გულისხმობდა, ანდრიამ აუხსნა – პატარა ხაჭაპურს – დიდი ხაჭაპურის მუცელში… მოუტანეს კიდეც… ოღონდ ხაჭაპურის “მუცელში” ბევრი ყველით…

ნეტა როგორი იყო ედემის ბაღი?! როცა საყველოს მთის წვერზე ცხვრების ფარამ გადაიარა ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, როგორსაც ალბათ სამოთხეში გრძნობდნენ ადამი და ევა… ტანჯვა, შფოთვა, ოფლის და სისხლის ღვრა ხომ მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამი და ევა სამოთხიდან განდევნეს!

მე ძაღლთან ერთად წინ და უკან დავდიოდი გზაზე, რომელზეც ლურჯი მანქანა იყო გაჩერებული. როცა მანქანას მესამედ ჩავუარე გადაწყვეტილი მქონდა გამოვლაპარაკებოდი ქალს… ამჯერად, პუჩინის ტოსკას “Vissi d’arte” ისმოდა მანქანიდან. მგონი, ისევ მარია კალასის შესრულებით!

საოცარი არიაა.

ცხოვრებაში ყველას გქვონია მომენტი, როცა გვეჩვენება, რომ ღმერთი უსამართლოდ მოგვექცა, რომ არ ვიმსახურებდით იმ გამოცდას, რომელიც ცხოვრებამ მოგვივლინა.

ბესო, რა დავაშავე ასეთი, ადამიანზე ცუდიც კი არ მითქვამს, არათუ გამიკეთებია, რატომ ვიყავი ამის ღირსიო – მკითხა დედამ, ალბათ ექვსი-შვიდი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ სიარული შეეძლო და მე სოფელში ეზოში ხელგაყრილი დავასეირნებდი.

გული ჩამწყდა.

მზე ახალი ჩასული იყო და ცაზე პირველი ვარსკვლავი გამოჩნდა. მე არ ვიცი ვარსკვლავების სახელები. მაგრამ ეს ის ვარსკვლავი იყო , რომელიც ცის შუაგულში გამოჩნდება და მკაფიოდ ანათებს. იქნებ – ვენერა?!

“დედა შეხედე, რა უცნაურად ანათებს-მეთქი” – ვუთხარი, რომ საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა.

“მართლა… რა უცნაურია”, – მითხრა დედამ.

მერე ვუთხარი, რომ ღმერთი რჩეულებს გამოცდას უწყობს, რადგან მათთვის ამზადებს საუკეთესო ადგილს და რაღაც ესეთები… თუმცა, რა გამოცდა სჭირდებოდა დედაჩემს, რომელმაც მთელი ცხოვრება სათნოდ, კოხტად, სუფთად და ლამაზად იცხოვრა?!ისე ლამაზად, როგორი ლამაზიც თავად იყო?!

ტოსკა კი, იყო ქალი, რომელიც ხელოვნებით ცხოვრობდა, უმღეროდა ლამაზ ცას, ცაზე ვარსკვლავებს, ლოცულობდა წმინდანთა ხატებთან, ყვავილები მიჰქონდა უფლის ტაძარში სამსხვერპლოზე და რომელმაც საყვარლის – მხატვარ კავარადოსის გადასარჩენად, ქალური ღირსების დათმობაზეც კი განაცხადა თანხმობა, თავის არიაში ღმერთს საყვედურობს – რით დავიმსახურეო “ასეთი საჩუქარი”…

ლურჯკაბიან ქალს შევხედე, წამით შევყოყმანდი, ხომ არ გამოველაპარაკო-მეთქი.. თუმცა, ახლა ზურგიდან ვუახლოვდებოდი და გადავწყვიტე, როცა უკან დავბრუნდებოდი და მექნებოდა მისი სახის პირდაპირ ნახვის საშუალება მაშინ გამოვლაპარაკებოდი… მით უმეტეს, რომ სწორედ ახლა აიყვანა კალასმა ხმა უმაღლე ტრაგიზმამდე და თითქმის იკივლა, – “რისთვის, რისთვის, სინიორ (“სინიორის” ქვეშ ღმერთი იგულისხმება)… რით დავიმსახურე ეს საჩუქარი?!”

ანდრიას დავუმალეთ, რომ 16 აგვისტო ანუ მისი დაბადების დღე დადგა, რადგან მის გადახდას თბილისში მეგობრებთან ერთად ნატრობდა და არ გვაპატიებდა ამ სურვილის უგულებელყოფას, თუმცა ვუთხარით, რომ მისი 8 წლის “სადაბადების-საიუბილეო დღის აღსანიშნავი ზეიმები” დაიწყო, რომელიც სამი დღე გაგრძელდებაო და ისევ “Crystal Hotel Lounge” – ში წავიყვანეთ!

ქვიშხეთიდან ჩვენი მეგობარი და ჯგუფელი ზაზა გულისაშვილიც ჩამოვიდა… იქ სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას უწევს ინსპექტირებას. ეტყობა, უნდოდა ენახა, ამდენი წლის მერე, ქეთინო ხარაძე თუ იცნობდა და ცოტა ეწყინა, როცა ქეთის დავურეკე და ამით სასტუმროს Lounge-ში ზაზას სტუმრობის “საიდუმლო” გავამხილე!

მენიუ რა თქმა უნდა ისევ ანდრიამ შეუკვეთა, რომელსაც აქაური ბარმენი და ოფიციანტები თავისი სრულიად დამოუკიდებელი და თამამი საქციელის გამო, უკვე იცნობდნენ და ის ძირითადად პიცისგან, სალათ “ცეზარისგან” და წვენებისგან შედგებოდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და უგემრიელესი “ლაზური ხაჭაპური” და სასმელებიც შევაპარეთ!

“არ შეცვლიხარ, ზაზა!” – იყვირა ქეთიმ.

“მხოლოდ ორი ნაოჭი…” – დავიწყე მე, მაგრამ ზაზამ გამაწყვეტინა, მზის სათვალეების ხმარება არ მიყვარს, ამიტომ მზეზე თვალებს ვჭუტავ და იმის ბრალია ეგ ორი ნაოჭიცო და ქეთიმ გაიცინა – ხედავ ამას, ეგ ორი ნაოჭიც არ უნდა ჰქონდესო…

ბევრი სტუდენტობის დროინდელი სახალისო ამბავი გავიხსენეთ… მგონია ის დრო დაბრუნდაო – თქვა ქეთიმ. მერე ეკას უთხრა, რომელიღაც ბესოს პოსტი წავიკითხე… ხომ იცი როგორი წერა იცის და დიდხანს ვიტირეო…

ახალგაზრდობის ნოსტალგია! რა დრო გასულა და თითქოს გუშინ იყო ის… ის ყველაფერი…

“გახსოვს ბესო, მათემატიკური კონფერენცია, რომ ჩატარდა ჩვენი სტუდენტობისას ბაკურიანში; მაშინ აქ დიდველზე მხოლოდ ერთი დიდი მინდორი იყო… დათომ (კიღურაძემ) აქ შეირთოო ქეთინო (დანელია)… აქ დადიოდნენ “კრუგებზე”… მე კი შორი-ახლო ვიყავი და ვუყურებდი; აქ სხვა არაფერი იყო, გასართობი მაშინ…” – მითხრა ქეთიმ.

ანდრიას რა თქმა უნდა, უყვარს ლამაზი ცხოვრება და გაილაღა… ბოლოს ისეთი ნასიამოვნები იყო, რომ ზამთარში ჩამოსვლაზე ჩამოუგდო საუბარი ქეთის! ბოლოს კი ჩაეხუტა…

ჩემს ეკას კი უყვარს, ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა და ისიც კარგად გაერთო!

ძაღლთან ერთად ლურჯი მანქანისკენ სახით შევტრიალდი და როცა დავიძარი, კიდევ ერთხელ დავიხედე ბაკურიანიდან ჩამოყოლილ ტალახიან ბოტასებზე, “Puma” -ს ოდნავ გახუნებულ მაისურზე… არა უშავს, მე ხომ თავს არავის ვაწონებ…

თუმცა, ადამიანი ყოველთვის ცდილობს იმაზე უკეთესი, ლამაზი და მნიშვნელოვანი გამოჩნდეს ვიდრე არის… და მაინც მე სულ სხვა რამ მაინტერესებს… მე მაინტერესებს, რამ ამოიყვანა ეს ქალი დილის ცხრის ნახევარზე აქ.. უკვე ათი წუთი გავიდა, ნარკოდილერები არ ჩანან… ეს ქალი კი უსახლკაროს ნამდვილად არ გავს, სხვა ადგილი ვერ მოძებნოს პუჩინის და ბელინის უფრო “ხარისხიანად” მოსასმენად…

რა ვკითხო, რომ ტრივიალური, მარტივი და თავხედი ლოველასი არ ვეგონო? – ვფიქრობდი ჩემთვის.

ანდრიამ დაბადების დღე მარჯანიშვილის “მაკდონალდსში” გააგრძელა… იქ რა ხდებოდა არ ვიცი, რადგან მე ჩემმა უფროსმა ვაჟმა რესტორან “11 კათხაში” დამპატიჟა – ანდრიას დაბადების დღე იქ აღვნიშნოთო.

მართალს ვიტყვი, ერთი ერთზე არასდროს ვყოფილვარ ჩემს უფროს ვაჟთან ერთად რესტორანში… საერთოდაც, სრულიად დამოუკიდებელი და წარმატებული კაცია. არ უყვარს თავის საქმეებზე საუბარი. ეს კი უნიკალური შანსი იყო სასაუბროდ… ნოემბერში ამერიკაში მიდის სიმპოზიუმზე… იქამდე ინვესტორებს, რაღაც ბიზნეს-პროექტს სთავაზობს…

სხვა რამეზეც ვისაუბრეთ… ის კი ვიცოდი, რომ ქალებში მარტივად აღწევს წარმატებას, მაგრამ მაინტერესებდა, ვინმე ხომ არ უყვარდა… ახლა არავინო – გაიცინა…

არადა მახსოვს, სამიოდ წლის წინ, როგორ ვგულშემატკივრობდი ჩემი შვილის “შეყვარებულობას” და მისი მაშინდელი შეყვარებულის, მართლა ულამაზესი გოგონას სურათებსაც ხშირად ვათვალიერებდი FB-ში…

თუმცა, მერე კიევში წავიდა დიდი ხნით, იქ ებრაელებმა მათი ოფისის გახსნაში და თანამშრომელთა მომზადებაში დასახმარებლად წაიყვანეს! იქიდან ხშირად მიგზავნიდა კიეველი გოგოების ფოტოებს Viber-ში… ეს როგორ მოგწონს მამი… ეს?… ეს?… ეს?… ამას კრისტინა ქვია… ასიათასიანი მანქანით დადის და პატარა ძაღლი დაყავს ჩანთით… მამამისი მილიარდერია… – იცინოდა ტელეფონში…

და დაივიწყა ძველი შეყვარებული…

ჯერ არ იცის, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როცა ნოსტალგია მოაწვება და გაიხსენებს იმ ქარიშხალს, რომელიც საზაფხულო ბანაკში ყოფნისას ამოვარდა, იმ ლამაზი გოგონას კარავი მოგლიჯა და შეშინებული გოგონა აიძულა, მახოსთან კარავში შეეფარებინა თავი …

მე ეს ისტორიაც მომწონდა და ის ლამაზი გოგონაც, თუმცა…

ახლა კი მითხრა, რაღა დროს სიყვარულიაო, მამი… გოგოების მეტი რა არის…

ამიტომაც, სხვა თემებზე გადავედით!

ისედაც ვიცოდი, რომ უნარიანი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ მაინც ბევრი რამ სიახლე იყო ჩემთვის.

ორი კვირის წინანდელი ამბავიც მომიყვა, როცა სოფელში ორ მეგობართან ერთად ემილი ბაბუას მოსანახულებლად ჩავიდა.

ხობის წყალთან რაღაც ღია ბარი გაუხსნიათო და წამოსვლის წინ იქ დავპატიჟეო მეგობრები.

იქ ან გაიგეს ვისი შვილი ვიყავი ან რაღაც სხვა მიზეზით, ვიღაც ტიპმა რამდენჯერმე ჩვენს სუფრასთან დაჯდომა და საუბარი მოინდომაო, ვითომ გვემეგობრებოდა, ვითომ “ძველი ბიჭი” იყო…

მისი ჩვენთან ყოფნა არ გვესიამოვნა და ჯერ მე და მერე ჩემმა თბილისელმა მეგობარმა, ვისთანაც ერთად ახლა იტალიაში მივფრინავ, მიუთითა – აქ შენი ადგილი არ არისო;

ამის მიუხედავად, მაინც შემომიჩნდა, პატივისცემის და სამეგრელოდან თბილისელი სტუმრებისთვის “პლანის” ჩუქების შემოთავაზებით, რომ თუმცა ორი ჩემი ხნის იყო, იძულებული გავხდი, მეთქვა – აქედან დაახვიე, “ბიჭოო”!

ის გაბუნძულდა და მერე ვიღაც ტიპი მოვიდა, რომელიც 27 წლის ნაჯდომობით და ციხიდან ახალ-გამოსულობით იწონებდა თავსო. იმან ვითომ გარჩევა დაიწყო – მეგობარს რატომ მიჩაგრავო… თავიდან ახსნა ვცადე და როცა მივხვდი, აზრი არ ქონდა, მასაც დაახლოებით იქითკენ მივუთითე, სადაც წინამორბედს… 27 წლის ნაჯდომს შვიდი კაცი ახლდა, ცოტა ხანს მიყურა-მიყურა და მერე მითხრა – ჩვენ მაინც მეგობრები ვართო და ხელი გამომიწოდაო, ჩამოსართმევად და შესარიგებლად.

წამით ვფიქრობდი, ჩამომერთვა თუ არა, ხელი და ბოლოს შორიდან მთელი ძალით ისე დავუტკაცუნე ხელი ხელზე, რომ ეგრძნო, სულ არ მაინტერესებდა მისი ციხეში გატარებული 27 წელი და საერთოდაც ეგრძნო, ვინ იყო სიტუაციაში ბოსიო!

ამის მერე, უცებ “ნაჯდომობით თავმომწონე” და მისი შვიდი თანმხლები შეტრიალდა, სამ მანქანაში ჩასხდა და საბურავების წუილით წავიდაო იქიდან!

ის ტიპი რომელიც “პლანს” გთავაზობდა შესაძლოა, პოლიციის აგენტი იყო შვილო-მეთქი – ვუთხარი მახოს. ყოველთვის ფრთხილად იყავი მსგავს ტიპებთან! აგენტებთან. თუ პოლიტიკურად გავაქტიურდი, ყოველთვის შეეცდებიან რაღაც კრიმინალი შეგტენონ, რომ კონტროლის საშუალება ქონდეთ-მეთქი.

არ ვიცი.. არ გამოვრიცხავ, მაგრამ… არა მგონია, აგენტი ყოფილიყოო – მიპასუხა.

შესაძლოა არც იყო, მაგრამ… მოვიკითხავ, მაინც!

ჩვენ რესტორნის აივანზე, მოაჯირთან ვისხედით. მახო “ღადაობდა” და რაღაც ძალიან “ნავაროჩენი”, სენსორებიან ყურსასმენებში (ნაუშნიკებში) მასმენინებდა ქართულ “საქეიფო” სიმღერებს.. თუმცა, აქა იქ “ღადავის” გარეშე ვისმენდით, მართლა კარგ ქართულ და უცხოურ მელოდიებს!

დილანდელი “კავარადოსის არიის” მსმენელი ქალი გამახსენდა და ამ არიის ჩართვა ვთხოვე. არ ქნა. არ უხდებაო ამ გარემოს…

გარეთ კი კოკისპირული წვიმა წამოვიდა.

ჩვენს გვერდით მაგიდაზე მსხდომი იტალიელები გავიცანით. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად დიდი წვალებით ლაპარაკობდნენ გაგვაგებინეს, რომ ვენეციის მახლობლად ცხოვრობდნენ… მე ვუთხარი, რომ მეგობარი მყავს აბრუცოში ღვინის და ყურძნის კონცენტრატების ქარხნის მეპატრონე ბიასე დი ტომაზო, რომელიც ჩემთან საქართველოში ორჯერ იყო და სულ მეპატიჟებოდა მასთან იტალიაში.

ოო, კარგ ღვინოს უშვებენო აბრუცოში – მგონი ამის თქმას აპირებდა იტალიელი მამაკაცი და ჭიქა მომიჭახუნა!

მახომ უთხრა, რომ მათ დაასწრებდა იტალიაში ჩასვლას! ზეგ უკვე მილანში ვიქნებიო – უთხრა იტალიელებს.

იტალიის და საქართველოს სადღეგრძელო მათთან ერთად შევსვით, ჩელენტანოს “Azzurro, ტატატატა troppo azzurro”-ც წავუმღერეთ და მერე ავუხსენი, რომ ძალიან მიყვარდა პუჩინი და განსაკუთრებით “კავარადოსის არია”.

მგონია, ამათ ოპერა მაინც და მაინც არ უყვარდათ! ჩელენტანოს “აწვებოდნენ”!

ბოლოს წვიმის გამო, მათთვის ტაქსის გამოძახებამ ჩვენ მოიგვიწია… იქვე სოლოლაკში სასტუმრო “ასტორიაში” ცხოვრობდნენ. ტაქსის გამოძახებისთვის დახარჯული ფულის გადახდა მოინდომეს. რა თქმა უნდა, გავიცინეთ, არ გამოვართვით და… გაუკვირდათ.

ამათ მაინც არ უნდა უკვირდეთ ყურადღება – იტალიელები, ხომ მაინც სამხრეთელები არიან – თქვა მახომ.

“ისე, ამათი დედა ვატირე… მე ხომ თითქმის სულ რესტორნებში ვვახშმობ. შემოვლენ ეს უცხოელები… სულ ათი დოლარის რაღაცას შეუკვეთავენ და სხედან საათობით… ეს რესტორნის ოფიციანტები და ადმინისტრაცია ისე ეპყრობა, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანი სტუმრები იყვნენ… ქართველებს კი, რომლებიც ორას, სამას, ხუთას ლარს ხარჯავენ, ყურადღებას არ აქცევენ. რა არის მამი ეს თუ არა მონური სული?! – მითხრა უცებ გაბრაზებულმა მახომ, – არ მინახავს, მაგრამ გამიგია, ზოგიერთი ტურისტი რესტორანში საკუთარი საჭმლითაც მოდის და ადმინისტრაციას ერთ დოლარს სთავაზობს, რომ რესტორანში მაგიდასთან ადგილი დაიკავოს და თავისი საჭმელი შეჭამოს! უმეტესობას კი ვიცი, რომ დღეში მაქსიმუმ ათ, თხუთმეტდოლარიანი ბიუჯეტი აქვთ განსაზღვრული!”

მე მივუახლოვდი ლურჯ მანქანას. არჩევანი რამდენიმე ფრაზას შორის უნდა გამეკეთებინა – “რამე ხომ არ გიჭირთ, გენაცვალე?!” ან “პრობლემა ხომ არ არის რამე?!” ან ცოტა უფრო ინტელექტუალურის პრეტენზიის მქონე – “გიყვართ ბრამსი?! ბრამსი თუ გიყვართ?!” ან საერთოდ თავხედური და უტიფარი -“ამ დილაადრიან აქ რამ მოგიყვანათ?! ცუდად ხომ არ გეძინათ?!”

ქალმა თავი გაიქნია თითქოს მუსიკას აყვა… ჯერ მთაწმინდისკენ გაიხედა, მერე უცებ მე შემომხედა, სათვალე მოიხსნა, შავი, ისეთივე საინტერესო თვალები ჰქონდა, როგორიც თავად იყო..

ნაბიჯები შევანელე… ჯერ არ ვიცოდი რის, მაგრამ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ უცებ თავი მთაწმინდისკენ შეატრიალა.

ჩავიარე.

რესტორნიდან მე და მახო უკვე გასვლას ვაპირებდით, როცა იტალიელების დაცლილი სუფრის უკან მჯდომი უფრო ვიეტნამელის ან ტაილანდელის გარეგნობის ქალი წამოდგა, ჩვენთან მოვიდა და გვკითხა ინგლისურად თუ ვსაუბრობდით.

როცა თანხმობა მიიღო – მისთვისაც აეროპორტში წასასვლელად ტაქსის გამოძახება გვთხოვა.

საიდან ხართ – ვკითხე ქალს. საფრანგეთიდანო – მიპასუხა. ახალგაზრდა ფრანგი მამაკაცი, ვისთანაც ერთად სუფრასთან იჯდა, ჩვენსკენ არც კი იყურებოდა. ეს არ მიფრინავს, მარტო მე მივფრინავო – ისიც გვითხრა აზიური გარეგნობის “ფრანგმა” ქალმა.

მახომ ტაქსის გამოძახება დაიწყო და თან მითხრა – ხედავ, ქალი გამოუშვა, თვითონ კი არ მოვიდაო. მერე გოგონას ისიც აუხსნა – არ მოგატყუონ, აქედან აეროპორტში ტაქსი 25 ლარზე მეტი არ ღირსო.

ტაქსი მასაც გამოვუძახეთ.

წვიმამ გადაიღო. რესტორნის კიბესთან შავი “მერსედესი” მოვიდა. ზურგჩანთიანი ვიეტნამური თუ ტაილანდური წარმოშობის “ფრანგი” გოგონა მანქანაში ჩაჯდა. ფრანგი “ვაჟკაცი” მანქანასთან არც მისულა, ხუთი მეტრის მოშორებით გაზონებს მიღმა იდგა და იქიდან დაუქნია ხელი გოგონას.

“ნახე.. ნახე…” – მითხრა მახომ ირონიულად და თავი გაიქნია.

ლურჯ მანქანას უკნიდან ვუახლოვდებოდი. უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორ და რა ფრაზით დავიწყებდი საუბარს, რომ ისიც მეჩვენებინა, რომ ქუჩის ლოველასი არ ვიყავი, პირიქით.. თან იმასაც მოვახერხებდი, რომ ჩემი ინტელექტი გამომეჩინა ქალის წინაშე… მხოლოდ ერთი არ მახსოვდა პუჩინის შეემთხვა ეს ამბავი თუ როსინის მაგრამ ამას არა უშავდა… ამას მაინც ვერ გაარკვევდა…

“ეს იცით?! – ვაპირებდი მეკითხა ძალდაუტანებელი ღიმილით, – პუჩინიმ(როსინიმ?! რა მნიშვნელობა აქვს…) ფეხი მოიტეხა და თაბაშირში ჩაუსვეს. როცა მეგობრებმა მოსანახულებლად მიაკითხეს, ის მხიარულ განწყობაზე დახვდა მათ.

– “ბედნიერი ვარ! – თქვა პუჩინიმ.

– რატომ?! – კითხეს გაოცებულმა მეგობრებმა.

– ვერ ხედავთ?! – თაბაშირში ჩასმულ ფეხზე ანიშნა, – ჩემი ძეგლის ჩამოსხმა უკვე დაიწყეს!”

გამეღიმა, როცა ამ სახალისო ამბის გაგონებაზე, ქალის საპასუხო ღიმილი წარმოვიდგინე.

მერე ყველაფერი თავისით წავიდოდა… ეს იქნებოდა მსუბუქი სასიამოვნო ფლირტი…

უცებ მანქანის დაქოქვის ხმა გავიგე. ნაბიჯს მოვუჩქარე… არა, რაღაც უნდა მეთქვა, ისე ვერ გავუშვებდი… სანამ მივიდოდი, მანქანა ადგილიდან დაიძრა. მერე შემოტრიალდა და ჩემსკენ დაიძრა.

გამეჩერებინა?! სულელურად გამოვიდოდა…

ლურჯი მანქანამ გვერდზე ჩამიარა. ქალმა შემომხედა, გამიღიმა. თვალი გავაყოლე. მანქანამ სიჩქარეს მოუმატა და მალე დაღმართზე დაეშვა.

მგონი ისევ მარია კალასი მღეროდა. ოღონდ ამჯერად – “Ave Maria”-ს…

რამდენიმე წამი ერთ ადგილზე ვიდექი. ნეტა ვინ იყო?!

მერე ხმამაღლა გავიცინე.

“ანდრია. მორჩი! წავედით სახლში!” – დავუძახე ანდრიას, რომელიც ტრენაჟორზე ქანაობდა.

 

ბესიკ ლაგვილავა

(გამოქვეყნებულია ფეისბუქზე)

წინა პოსტი

სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში ჩავიდა

შემდეგი პოსტი

ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა შარშან 1 მილიონის უძრავი ქონება შეიძინა