მთავარი»ქართული მწერლობა»ჯადოსნური ზღაპარი

ჯადოსნური ზღაპარი

1
Shares
Pinterest Google+

ეძღვნება მამებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს ვერ…….. მაგრამ მზად არიან……….

ერთ კვირაზე მეტი იყო რაც თოვდა. ნადირობა მეორე დღიდან გაჭირდა. უფრო სწორად ვერც ვერაფერი მოინადირა. მგლების ხროვას არსად შეხვედრია, რათა ერთად ენადირათ, რადგან თოვლმა გზა-ბილიკი დაფარა. თითქოს ერთბაშად ზვავი ჩამოწვაო ისეთი თოვლი დადო.

-ნეტავ რამდენ ხანს გასტანს ასე? ოჯახს რა ვუყო? ასე ხომ დავიხოცებით?! – ძლივს მოძრაობდა თოვლში სანადიროდ გამოსული მამა-მგელი.

-ერთი კვირა სრულდება არაფერი უჭამიათ! რა ვუყო? რა ვიღონო? დღესაც ხელცარიელი როგორ მივიდე? მე მქვია მამა? მე ვარ მგელი?… მაგრამ მე ხომ ყველა ღონე ვიხმარე? მე ხომ იმ ადგილებშიც კი გავედი, სადაც არცერთი სხვა მონადირის ნაკვალევიც არ ჩანდა? მე ხომ ძალიან ვეცადე?…ჰო, ვეცადე, მაგრამ რა ამით? ოჯახი მაინც მშიერია, მაინც! თავი ზევით ასწია და სიმწრით დაიყმუილა:

-რა ვიღონ-ო-ო-ო, ბულ-უ-უ-უ?! ექომ რამოდენიმეჯერ გაიმეორა იგივე შეკითხვა. ბულუ კი, როგორც ყოველთვის, დუმდა! ბულუ მგლების კერპი იყო და ამიტომაც დუმდა.

-არაფერს მეუბნები? ვერაფერს მირჩევ? მესმის შენი, ბულუ, მესმის შენი… – თავს ძალა დაატანა მშვიდად რომ ეთქვა, თორემ გაცოფებას ცოტა აკლდა. ბუნაგს უახლოვდებოდა. მშიერი ლეკვების წკმუტუნი შემოესმა და ამან სულმთლად გააგიჟა. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა ცივი ნესტიანი ჰაერი. ისევ თოვდა. ძალიან ლამაზად თოვდა. დიდრონი ფანტელებით.

-რა ლამაზია ეს ოხერი..ეჰ, უცნაურია ცხოვრება…ახლა რომ ამაზე იფიქრებ…ხვალ აღარ ითოვებს! კი! მე ეს ვიცი! ასე იქნება! ისევ გაიგონა წკმუტუნი და ახლა მისი უსაყვარლესი ძუ მგელის ხმაც:

-ცოტა მოითმინეთ, ცოტა და და მამაც მოვა. აუცილებლად რაღაცას მოიტანს, ვიცი, ხელცარიელი არ დაბრუნდება!

-როდის, როდის? – ტიროდნენ მშიერი ლეკვები და სანამ ძუ მგელი უპასუხებდა თითონ გასძახა:

-მოვედი! მოვედი! ხუთი პირღია ლეკვის თავი ერთად გამოჩნდა ბუნაგიდან და როდესაც მამა ხელცარიელი დაინახეს ყურები ჩამოყარეს და იმედგაცრუებულნი, უხმოდ, ისევ უკან შებრუნდნენ. მამა მგელს ამის დანახვაზე პირველად დაენამა სისხლიანი თვალები და პირველად დაიყმუილა მისმა სხეულმა ისე, რომ ეს არავის ესმოდა. როდესაც ბუნაგში შევიდა წამოიძახა:

-მეც მოვედი და ხვალ საუზმეც გექნებაათ! ძუ მგელმა უსიტყვოდ გამოხედა, ლეკვები აყმუილდნენ:

-რატომ ხვალ დილით და ამაღამ არა? რატომ, რატომ?

-დამშვიდდით, მომისმინეთ! – თქვა მამამ. სმენად იქცნენ.

-ჩემო ვაჟკაცებო, თავადაც ხედავთ ძალიან დიდი თოვლია.

-ჰო, ვხედავთ! მერე? – გააწყვეტინეს ლეკვებმა.

-მოუსმინეთ! – მკაცრად თქვა დედამ.

-მერე ის, რომ…ვახ, როგორ დავიღალე… მერე ის რომ ნანადირევი აქამდე ვეღარ მოვათრიე. ახლა ღამდება, გათენებისას მე და დედათქვენი წავალთ და ჩამოვათრევთ. ოღონდ ახლა არ იტიროთ და ხვალ ერთი კვირის სამყოფი გექნებათ! ამასობაში თოვაც შეწყდება, გაზაფხულია მაინც… ოღონდ ახლა არ იტიროთ, სადაც ამდენი მოგითმენიათ ერთი ღამე რაღაა? ჰა? რას მეტყვით, მამა გენაცვალოთ?!

-აღარ ვიტირებთ – ერთხმად თქვეს.

-ჰო, და ძალიან კარგი! ახლა მე და დედათქვენი ერთმანეთს გვერდით მივუჯდებით, თქვენც ახლოს მოიწიეთ და მე ერთ ჯადოსნურ ზღაპარს გიამბობთ.

ძუ მგელს ვერაფერი გაეგო, უცნაურად გახედა მამა მგელს, მერე ძალიან ახლოს გვერდით მიუჯდა და თავზე თავიც მიადო. მამა მგელი, გარეგნულად მშვიდი, შიგნიდან ისეთივე არეული იყო, როგორც გარეთ ამინდი. ლეკვები, ერთმანეთს ჩახუტებოდნენ და გარინდულიყვნენ ჯადოსნური ზღაპრის მოლოდინში.

-აბა, ყურადღებით მომისმინეთ ყველამ! შენც, დედავ! – და დაიწყო:

-ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მართლაც მომხდარა, ამიტომ მთლად ზღაპარიც არ არის, იგი ბაბუაჩემისაგან ვიცი. მეც ისე გიამბობთ, როგორც ვიცი. მაშინაც დიდთოვლობა იყო. მგლები სანადიროდ ვეღარ გადიოდნენ. დიდი შიმშილი დაიწყო! მრავალი ოჯახი ამოწყდა ჩვენი მოძმისა და სხვა ცხოველებსაც. აქა-იქ მაინც გადარჩენილან, ჩვენც იმიტომ მოვედით დღემდე.

მამა მგელი ცოტა ხანს დუმდა. სათითაოდ შეავლო თვალი ოჯახის წევრებს.

-მერე, მამა? – ჰკითხეს ლეკვებმა. მამის სხეულმა ისევ დაიყმუილა და ისევ ვერავინ გაიგო!

-მერე? ჰო, ახლავე…მგლების ერთ ოჯახში დედ-მამასთან ერთად ხუთი ლეკვი იზრდებოდა. მოშივდათ ლეკვებს და წავიდა მამა სანადიროდ. ბევრი იარა, სად არ ეძება საკვები, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. შვილებს, აგე ერთი კვირა ხდებოდა, არაფერი ეჭამათ… შიმშილით უწყდებოდა შვილები…ვერაფერს ფიქრობდა. გამოსავალი არ ჩანდა! გადაწყვიტა! ბულუს მიმართა!

-არა! -ისე იღრიალა ძუ მგელმა, რომ ლეკვები შიშით აცახცახდნენ.

-როგორ არა, ჩემო საყვარელო, როგორ არა, ნამდვილად ასე იყო, მე ეს კარგად ვიცი და არ შემეკამათო გთხოვ – ძალიან მშვიდი იყო.

-მერე, მამა, მერე? – დამშვიდნენ ლეკვები.

-ოხ, თქვენ ცნობისმოყვარეებო, მოდით, მოდით ჩემთან, მე ხომ ჯერ არასოდეს ჩაგხუტებივართ. კი მიცვივდნენ, მაგრამ უხერხულობდნენ, უკვირდათ. დედის ალერსი კი! მაგრამ, მამის?

-მოდით…იყოს ეს პირველი და უკანასკნელი…

-არა, გთხოვ! – ახლა გაცილებით ხმადაბლა თქვა ძუ მგელმა.

– როგორ არა?! მე რა, უკეთ არ ვიცი? ეს გადაწყვეტილია!

-მამა, გააგრძელე რა ჯადოსნური ზღაპარიიი – სთხოვეს ლეკვებმა.

– კი, კი, აბა?! ჰო, და ბულუს მამა მგელმა – ჩემს ოჯახს სარჩო გამოუგზავნეო – ბულუმ დიდხანს არ შეისმინა. ოჯახი ეღუპებოდა…ისევ სთხოვა, ახლა უფრო ძლიერად და ბულუმაც არ დააყოვნა პასუხი – კარგი – უთხრა – გამოვუგზავნი საკვებს, მაგრამ სანაცვლოდ შენ ჩემს სამსახურში უნდა ჩადგე!

– თანახმა ვარო-მამამ-თუ ოჯახს გადამირჩენ შენს სამსახურში ჩავდგებიო.

ბულუმ ჰკითხა:

– მერე იცი, რომ მათ ვერასოდეს ნახავო?

– ვიციო – მიუგო მგელმა.

– მაშინ ხვალ გათენებისას შენ და შენი ძუ მგელი ჩემთან მთაზე ამოდით, იქ ნადავლი დაგვხდებათ. ძუ მგელი ნადავლს წაათრევს, შენ კი ჩემთან დარჩებიო!… ასეც მოხდა. მეორე დღეს ძუ მგელმა შვილებს საკვები მიუტანა და ამით სიცოცხლე შეუნარჩუნა, მამა მგელი კი ბულუსთან სამუდამოდ დარჩა!

-მამა მგელი ბულუსთან რას აკეთებს? – ჰკითხეს ლეკვებმა.

-ეგ არავინ იცის, მაგრამ ერთი კია – რაღაცას ნამდვილად აკეთებს მისთვის! …ახლა დავიძინოთ! რას იტყვით?

-დავიძინოთ! – ერთხმად მიუგეს. პატარებს ეძინათ. ზოგჯერ წაიკნავლებდნენ, მშობლებმა იცოდა, რომ ეს შიმშილისგან იყო და ორივეს სხეული უხმოდ ყმუოდა. ორივე დუმდა. ერთმანეთს ვერ უყურებდნენ, ხმას არ იღებდნენ, მათ გულებს ბაგაბუგი გაუდიოდა. მეორე დილით ლეკვები რაღაცნაირმა ყმუილმა გამოაღვიძა. ეს მათი დედა იყო. ასე დედა არასოდეს ყმუოდა. ბუნაგიდან გაცვივდნენ. დედა საკვებს მოათრევდა. წკმუტუნით შეეგებნენ. დედა სულმთლად დასველებულიყო, თვალები ჩაწითლებოდა, დაღლილიყო.

-დე, მამა სად არის? – ჰკითხეს.

-აჰა! ჭამეთ! – თოვლზე ჯერ კიდევ თბილი საკვები დადო.

-დე, მამა? – ისევ ჰკითხეს.

-მამა…ბულუმ წაიყვანა მამა… ბულუმ წაიყვანა.

-ახლა მივხვდი რატომაც ერქვა ,,ჯადოსნური ზღაპარი,,! – წამოიძახა ერთმა.

-მეც! მეც! – თქვეს დანარჩენებმა.

-მამას ვეღარ ვნახავთ!

-ჰო, ვეღარ… -სამაგიეროდ ის ბულუსთან არის!

-ჰო, ეგრეა!

-დედა რატომ არ ჭამს?

-დეეე! მოდი! დედამ არაფერი უპასუხა…საკვები რამოდენიმე დღე ეყოთ. ძუ მგელს საკვებისთვის პირი არც შემდგომ დაუკარებია. იმ დღეს თოვაც შეწყდა. კიდევ რამოდენიმე დღეში კი ბილიკებიც გამოჩნდა. ჯადოსნური ზღაპარი კი თაობიდან თაობაში გადადიოდა და, როგორც წესი, მთხრობელი ბულუს სამსახურში დგებოდა.

მერაბ ჩხაიძე

წინა სტატია

ანანაურის ყორღანის 4400-წლიანი საიდუმლო

შემდეგი სტატია

პატარა ამბები

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.