მთავარი»საზოგადოება»ისინი 26 წლის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ – დიდება გმირებს!

ისინი 26 წლის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ – დიდება გმირებს!

3
Shares
Pinterest Google+

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული მებრძოლები, 26 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდნენ.
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით, 2300-მდე (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) პირი კვლავ დაკარგულად ითვლება.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების მოძიების, ნეშტების ამოცნობისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხებზე. შექმნილია ერთობლივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველი, ოსი, რუსი და აფხაზი მონაწილეებისგან შედგება. ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.
შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, ამათგან 200-მდე ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1990-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 12 პირია ამოცნობილი და მათი ნეშტები ოჯახებს გადაეცა. მათგან 7 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრები: გოჩა გიორგაძე, ზურაბ ნადარეიშვილი, თამაზ ტყეშელაშვილი, ალექსი ბერაძე, გივი მანაგაძე, აკაკი მანაგაძე და კახი ბზიკაძე არიან.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში, 15 მარტს, 17 საათიდან დაიწყება.

დიდება გმირებს!

თამაზ ვახტანგის ძე ტყეშელაშვილი _ დაიბადა 1970 წელს, 18 ივლისს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში. 1993 წლის 31 ივლისს ჩაირიცხა სამხედრო ნაწილში 51 656; ქუთაისის 21-ე მექანიზირებულ ბრიგადაში. დაიღუპა 1993 წლის 24 სექტემბერს, სოხუმში, ფუნიკულიორზე ბრძოლებისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა მისი ევაკუაცია. (ნეშტი ამოცნობილ იქნა აგუძერას საავადმყოფოს ეზოში არსებული სამარხიდან ამოღებულ ნეშტებს შორის. თამაზ ტყეშელაშვილს 17 მარტს მშობლიური სოფლის, ნიგვზიანის სასაფლაოზე დაკრძალავენ).

კახი ბზიკაძე _ დაიბადა 1962 წლის 8 ნოემბერს, გუდაუთის რაიონის სოფელ აბგარხუკში. როგორც ეროვნული მოძრაობის წევრი, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, აფხაზმა სეპარატისტებმა ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. (სამარხი ნაპოვნი იქნა მის მშობლიურ სოფელში, აბგარხუკში. კახი ბზიკაძეს 16 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ზურაბ ნადარეიშვილი _ დაიბადა 1967 წელს, 11 თებერვალს, სოხუმში. იყო სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას პირადი მცველი. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზი სეპარატისტებისა და მთიელ კონფედერანტთა მიერ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაზე განხორციელებული შეტევის დროს. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. (ნეშტი აღმოჩენილ იქნა სოხუმში, ე.წ. იაშტუხას სასაფლაოზე არსებულ სამარხში. ზურაბ ნადარეიშვილს 16 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ).

ალექსი (ლექსო) ბერაძე _ დაიბადა 1965 წლის 31 აგვისტოს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში. 1993 წლის აგვისტოდან ირიცხებოდა 51 656 -ე სამხედრო ნაწილში, რეზერვისტთა მესამე ბატალიონში. 21 სექტემბერს, მებრძოლებთან ერთად, მივლინებულ იქნა ქ.სოხუმში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. 1993 წლის 26 სექტემბრიდან, სოხუმზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. (ნეშტი ამოცნობილ იქნა სოხუმში,‘’ახალი რაიონში’’, მე-15-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამარხიდან ამოღებულ ნეშტებს შორის. ლექსო ბერაძეს 17 მარტს მშობლიურ სოფელში, ბუკნარის სასაფლაოზე დაკრძალავენ).

გივი მანაგაძე _ დაიბადა 1938 წლის 30 იანვარს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 24-ე ბრიგადაში, 243-ე ბატალიონში. მოკლულ იქნა აფხაზი სეპარატისტების მიერ 1993 წლის 29 სექტემბერს, არადუზე განხორციელებული შეტევის დროს. (სამარხი ნაპოვნი იქნა სოფელ არადუში. გივი მანაგაძეს 16 მარტს, წყალტუბოს რაიონის, სოფელ მაღლაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ).

გოჩა (გიორგი) გიორგაძე _ უფროსი ლეიტენანტი. დაიბადა 1963 წელს, 9 მაისს, თბილისში. იყო საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის ასეულის მეთაური. 1993 წლის 2 ივლისიდან მივლინებული იყო აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ზემო. მოწინააღმდეგესთან ერთ-ერთი შეტაკების დროს ალყაში მოექცა და იმ დღიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. (მისი ნეშტი ამოცნობილ იქნა თბილისის ზღვის საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ პირთა შორის. გოჩა გიორგაძეს 16 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ).

აკაკი მანაგაძე _ დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს, ოჩამჩირის რაიონის სოფელი არადუში. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში. 1993 წლის 28 სექტემბერს მოკლეს აფხაზმა სეპარატისტებმა, არადუზე განხორციელებული შეტევის დროს. (სამარხი ნაპოვნი იქნა სოფელ არადუში. აკაკი მანაგაძეს 16 მარტს ხობის რაიონის, სოფელ ხეთის სასაფლაოზე დაკრძალავენ).

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

წინა სტატია

მოსახლეობა წინაპრების სასაფლაოებს შლის და ყიდის

შემდეგი სტატია

დღეს ბიბლიოთეკებში რაც ხდება, კატეგორიულად მიუღებელია

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *