მთავარი»საზოგადოება»ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მოათავსეს

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მოათავსეს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს.
მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ქალი დღეს დილით მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში. ის 15 იანვრის შემდეგ იმყოფებოდა ჩინეთში, ბურჯიანის პროვინციაში.

ექიმის განმარტებით, როგორც თავად პაციენტი ამბობს, ჩასვლის შემდეგ იზოლირებულად ცხოვრობდა, საკვებს ბინაზე მომსახურების მეშვეობით იღებდა და დაავადებულებთან კონტაქტი არ ჰქონია.

საქართველოს მოქალაქე გუშინ გამოფრინდა შანხაიდან ტრანზიტული რეისით და საქართველოში მოსკოვისა და ერევნის გავლით ჩამოვიდა.

„როდესაც უკვე ჩვენთან შემოვიდა სადახლოს კონტროლის პუნქტზე, იქ აღინიშნა, რომ ტემპერატურა აქვს 37,5 გრადუსი და იშვიათი ხველა. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგიურად ჩინეთში იყო ნამყოფი და ინკუბაციის პერიოდი არ არის გასული, აქვს დაბალი ტემპერატურა და ხველა, პაციენტი ჩვენთან მოიყვანეს. ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდა. აღებულია კვლევები. პნევმონია გამოირიცხა, სისხლისა და ანთების მარკირებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. შემოსვლის შემდეგ ტემპერატურის მატება არ დაფიქსირებულა, პირიქით, ტემპერატურა თითქმის უკვე ნორმალურია და 37 გრადუსს აღარ აღემატება. ლუგარის ლაბორატორიის სამსახურიდან მოვიდნენ, აიღეს ცხვირ-ხახის ნაცხი ახალ კორონავირუსზე ტესტისთვის, რაც წაღებულია და დღის მეორე ნახევარში ალბათ ახალი კორონავირუსის ტესტის პასუხი იქნება. ამ სიტუაციას თუ შევაჯერებთ, რაც მოგიყევით, დიდი ალბათობით, არ უნდა ველოდოთ ტესტის დადებით პასუხს, ადამიანი გააგრძელებს ჩვეულებრივად მკურნალობას და მეთვალყურეობას ჩვენს ცენტრში, როგორც ჩვეულებრივი, სხვა ვირუსული ინფექცია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ექიმის ინფორმაციით, 30 იანვრის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, აღნიშნული პაციენტის გარდა, კიდევ 14-მა ადამიანმა ჩაიტარა კვლევა და მკურნალობა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა.

წინა პოსტი

„კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს“

შემდეგი პოსტი

პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს