მთავარი»საზოგადოება»ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დაიშალოს!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დაიშალოს!

9
Shares
Pinterest Google+

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რაც ბიზნეს სკოლის გაუქმებას და ახალი მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის შექნას გულისხმობს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სასწავლებლის რექტორმა გიგა ზედანიამ 30 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც ბიზნესის სკოლის სტუდენტების საპროტესტო აქციები მოჰყვა. სტუდენტები რეორგანიზაციის შეჩერებას და ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ქადაგიძის მოსაშორებლად მიიღო და სტუდენტებთან კომუნიკაცია არ ყოფილა. ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პროგრესნიუსს“ თავისი პოზიცია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ეროვნული იდეოლოგიის პარტიის თავმჯდომარემ,  ზურაბ გაგნიძემ გაუზიარა:

 

_ დავიწყებ იმით, რომ ილიას სახელობის უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების რეალური მიზეზი არსებითად განსხვავდება რექტორის მიერ დასახელებული მიზეზისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესის სკოლის გაუქმება და გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გაშვება რექტორის მოახლოვებულ არჩევნებს უკავშირდება და არა რეორგანიზაციას.

_ რა კავშირია რექტორის არჩევნებსა და ქადაგიძის თანამდებობიდან გაშვებას შორის?

_ ჩემი აზრით, რექტორის მოახლოვებული არჩევნების წინ გიგა ზედანია პოტენციურ კონკურენტებს გზიდან იცილებს, ყველაზე დიდი კონკურენცია კი შეიძლება სწორედ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გაუწიოს, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ჰყავს და სურვილის შემთხვევაში, რექტორობის დიდი შანსები ექნება.

_მხარდამჭერებში თუ სტუდენტებს გულისხმობთ, როგორც ილიაუნის პროფესორმა გია ნოდიამ ბრძანა, მათი აზრი არსად, არასოდესაა გადამწყვეტი, როცა საქმე უნივერსიტეტის რეორგანიზაციას ეხება და ეს რეორგანიზაცია არ ცვლის სასწავლო პროგრამებს, რომელზეც სტუდენტები სწავლობენ.
_როგორც იცით, სტუდენტები დაანონსებულ რეორგანიზაციას აქციებით აპროტესტებენ და განათლების სამინისტროსა და აუდიტის სამსახურს საუნივერსიტეტო ფინანსებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. გიორგი ქადაგიძე სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ სტუდენტები დამკვეთები არიან, რადგან უნივერსიტეტი ძირითადად, მათი გადახდილი ფულით არსებობს. ზედანიას, ნოდიას, ჯგერენაიას თუ სხვების შეშფოთება სწორედ ამით არის გამოწვეული. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ქადაგიძის მოცილება არა მარტო ზედანიას, არამედ აკადემიურ საბჭოსაც აწყობს, რომელსაც არც მეცნიერებასთან და არც აკადემიურობასთან საერთო არაფერი აქვს. ილიას სახელობის უნივერსიტეტი დიდი ხანია რადიკალ-ლიბერალების ბუდედ იქცა, რომლებიც სასწავლებელსაც და მის ფინანსებსაც საკუთარი შეხედულებების მიხედვით განკარგავენ. სწორედ ამიტომ დასვეს სტუდენტებმა ბიუჯეტის შემოწმების საკითხი, სწორედ ამიტომ შეაგროვეს ხელმოწერები და გაუგზავნეს ხელისუფლებას. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსებში შესანიშნავად ერკვევა და საეჭვო რომ არაფერი იყოს, სტუდენტებს ამ მოთხოვნაში მხარს არ დაუჭერდა. მე, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ სასწავლებელში კორუფცია  ყვავის, ამიტომ სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს რადიკალური  ღონისძიებების გატარება, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ასე მოხდეს.
_ იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელ რადიკალურ ღონისძიებებს გულისხმობთ?
_ ჩემი აზრით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დაიშალოს. უნდა გამოეყოს პედაგოგიური და უცხო ენის ინსტიტუტები და თავის ძველ  მდგომარეობას დაუბრუნდეს. დიახ, როგორც შეუერთდა ნოღაიდელმა სულხან-საბას ინსტიტუტი, ისე უნდა გამოჰყოს ბახტაძემ. სხვათა შორის, რექტორად გიგი თევზაძის პირველი დანიშვნა უკანონო იყო, რადგან სააკაშვილმა არჩევნების გარეშე დანიშნა და არავითარ ავტონომიას ანგარიში არ გაუწია. არ გამოვრიცხავ, რომ რექტორად დაბრუნებას თევზაძეც აპირებდეს. ასეთ შემთხვევაში ზედანიასა და ქადაგიძეს შორის დაწყებული კინკლაობა მის ინტერესებში შედის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მალე ყველაფერი ნათელი გახდება.

 

9 თებერვალს, ტელეკომპანია იმედის ეთერში გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვას შეცდომა უწოდა და თქვა, რომ ინსტიტუცია, რომელიც ბევრ სახელოვან პედაგოგს აძლევდა განათლებას, არ უნდა დახურულიყო.

ვფიქრობ, პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვა ძალიან დიდი შეცდომა იყო.. დღეს როცა ვსაუბრობთ ამდენი პრობლემაა, იგივე კვალიფიკაცია, დახმარება სჭირდება ჩვენს პედაგოგებს, მით უმეტეს, ასეთი ინსტიტუტის გაუქმებით რა უნდა მიგვეღო? ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც მართლა ძალიან ბევრ სახელოვან პედაგოგს ამზადებდა. ეს იგივეა, ფეხბურთელებს სტადიონი აღარ მივცეთ და ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

 

 

წინა სტატია

"სომხური" მართვის მოწმობები - გზა ციხისკენ

შემდეგი სტატია

სააკაშვილი ზიმბაბვეშიც შეეცდება ამის გაკეთებას

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.