მთავარი»Slider»ჰაკერული თავდასხმა, რომელმაც მსოფლიოს 150 ქვეყანა დააზარალა, ჩრდილოეთ კორეიდან წამოვიდა

ჰაკერული თავდასხმა, რომელმაც მსოფლიოს 150 ქვეყანა დააზარალა, ჩრდილოეთ კორეიდან წამოვიდა

5
Shares
Pinterest Google+

“დღეს, ვისაც არ დაეზარა ოპოზიციური თუ ვითომ ნეიტრალური სპექტრიდან, ყველამ უაპელაციოდ ხელისუფლება დაადანაშაულა “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერშეტევაში. თუმცა, როგორც „ტვ პირველის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნანა აბურჯანიძე აცხადებს, ტელეკომპანიის სერვერზე ჰაკერებმა კრიპტოვირუსი, ასე ვთქვათ, შეუშვეს. „ფაილებს მოჰყვება წარწერა, თუ გარკვეული ოდენობის კრიპტოვალუტას გადაიხდი, სანაცვლოდ ფაილები აღდგება. დაახლოებით ამდაგვარი შინაარსის დაშიფვრა აქვს“, – ამბობს აბურჯანიძე და დასძენს, რომ კიბერშეტევის შემდეგ კავშირზე არავინ გასულა.
ცხადია, ოპოზიციურ ე.წ. მეინსტრიმულ ნარატივში (მძაგს ბარბარიზმები, თუმცა მათ გასაგონად ვწერ) არავინ ახსენა (შეიძლება გამომრჩა) თუ რა არის კრიპტო-გამომძალველი ვირუსი სახელად WannaCry, რომელიც 2017 წლიდან ტალღისებურად ვრცელდება მსოფლიოში და დააზარალა 150-მდე ქვეყანა. ამ კიბერბოროტების სათავედ მიჩნეულია ჩრდილოეთ კორეა…
ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა გამოძიებაზეა. თუმცა, გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ ყველაფერში ხელისუფლების “ბოროტი ხელის” დანახვა და საზოგადოებისათვის ამის წარმოჩენის მცდელობა კი სხვა რამეზე უფრო მეტყველებს…. ცნობისათვის, შარშან, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჰაკერებმა სერვერის განბლოკვისთვის კრიპტოვალუტა მოთხოვეს. P.S. არც ჩემი მოსაზრებაა უაპელაციო” – ასე გამოეხმაურა ტვ პირველზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ანალიტიკოსი გია აბაშიძე და 2018 წელს, მაისში გავრცელებული ინფორმაცია მოიყვანა მაგალითად: “სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ პირველადი მონაცემებით, მათ სერვერზე “რამსონ ვეარის” ვირუსი დაფიქსირდა. სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან კარანაძე აცხადებს, რომ თავდასხმა ქვეყნის ფარგლებს გარედან მოხდა, თუმცა რომელი ქვეყნიდან, ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ. კარანაძის თქმით, სერვერი 2 მაისს დაახლოებით დილის 10:00 საათზე დაიბლოკა. რა რაოდენობის კრიპტოვალუტა მოითხოვეს ჰაკერებმა, კარანაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამის გადახდას არ აპირებს. მისივე განმარტებით, შემთხვევიდან მალევე სისტემა ალტერნატიულ მექანიზმებზე გადაეწყო და კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულა. სააგენტოში ასევე ამტკიცებენ, რომ უცხო პირებს საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა ვერ ექნებოდათ, რაც შეეხება არსებულ მონაცემებს, ისინი წაშლილი არ არის”.
“ნაკლები ვიშვიში და მეტი კომპიუტერების დაცვა მეგობრებო – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიმართ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ დაწერა: „მიუხედავათ ჩემი უდიდესი პატივისცემისა არ შემიძლია არ ავღნიშნო კიბერშეტევა დღევანდელ სამყაროში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა, ნაკლები ვიშვიში და მეტი დაცვა კომპიუტერებს მეგობრებო“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველზე“ კიბერშეტევა განხორციელდა – ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამ შეფერხების გამო არხზე საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები ვერ გადის: „დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა საქმიანი დილა და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“.
გუშინ რ2-მა გაავრცელა ინფორმაცია და ტვ პირველზე განხორციელებული კიბერშეტევა პოლიტიკას და თავისუფალი სიტყვის დევნას დაუკავშირა. რ2-ის სიუჟეტის მიხედვით:
„ტვ პირველი“ მთელი დღე ავარიულ რეჟიმში მაუწყებლობს. დღეს არცერთი საინფორმაციო გამოშვება, ეთერში არ გასულა.
ქვეყნის ერთ-ერთი კრიტიკული და დამოუკიდებელი ტელეარხი, სასამართლო სანქციების, მფლობელის დაკავების და წილების გაყიდვის გარეშე, ჰაკერული შეტევით, სულ რამდენიმე წამში გააჩუმეს.
გამთენიისას მწყობრიდან გამოვიდა არხის მთავარი სერვერი და მთელი ტელევიზიის კომპიუტერული სისტემა. ჰაკერული თავდასხმის შედეგად დაშიფრეს ტელევიზიის კომპიუტერული ქსელი, ამ დრომდე „ტვ პირველს“ არ აქვს წვდომა არცერთ ვიდეომასალაზე, რომელსაც არხი ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა.
ავარიულ რეჟიმში არხმა მაუწყებლობის განახლებიდან გათიშვიდან ათი საათის თავზე შეძლო. ჩაირთო კამერები და ვიდეოპულტი, თუმცა სერვერები ისევ გათიშულია, ჟურნალისტები ვერ იყენებენ ახალი ამბების მართვის სისტემას და კომპიუტერებს.
ჰაკერების მიერ კარგად ორგანიზებული კიბერშეტევის შედეგად კრიპტოვირუსმა „ტვ პირველის“ სერვერზე შეაღწია და იქ არსებული ინფორმაცია მთლიანად დაბლოკა. ჰაკერებმა „ტვ პირველის“ ქსელში ელექტრონული ფოსტების მისამართები დატოვეს, სადაც სისტემაში შესასვლელად აუცილებელი კოდების მიღება, სავარაუდოდ, გარკვეული პირობის ან გამოსასყიდის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.
კიბერთავდასხმიდან რვა საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლები ტელევიზიის შენობაში გამოჩნდნენ. სანდრო წყარო სამინისტროს კიბერუსაფრთხოებასთან ბრძოლის სამმართველოდან „კურიერს“ უყვება, რომ „ტვ პირველზე“ თავდასხმის საქმე იგივე გამომძიებლებს ჩააბარეს, ვისაც ერთ წლის წინ, “თიბისი ბანკზე” კიბერშეტევის საქმე.
მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უწყებამ ძიება „ტვ პირველში“ შესაძლო კიბერშეტევის ფაქტზე 2 – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მონაცემის ხელყოფის შესახებ მუხლებით დაიწყო.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს საქმეც საგამოძიებო უწყების მტვრიან თაროზე შემოდების ისეთივე კანდიდატია, როგორც „თიბისიზე“ მომხდარი შეტევა.
ბოლო პერიოდის 2 ხმაურიან კიბერშეტევას – „ტვ პირველსა“ და „თიბისი ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმას შორის პარალელის გავლება დღეს აქტუალური იყო სამოქალაქო სექტორშიც”.
აქვე შეგახსენებთ 2017 წლის ივნისში გავრცელებულ ინფორმაციას:
“მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან, რომელიც 150 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციებს შეეხო, მათ შორის საქართველოს, ჩრდილოეთ კორეის ჰაკერები დგანან. ამის შესახებ BBC-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრი აცხადებს. “კასპერსკის ლაბორატორიასა” და Symantec-ში მანამდეც აცხადებდნენ, რომ ვირუსი WannaCry ფხენიანიდან წამოვიდა. ექსპერტების თქმით, ჰაკერების დაჯგუფებას Lazarus-ი ჰქვია. გარდა ამ მეტსახელისა, ეს ჯგუფი ცნობილია Hidden Cobra და Guardians of the Peace-ის სახელით.  ვირუსი Ransomware WannaCrypt/WannaCry 12 მაისიდან გავრცელდა. ჰაკერებმა 150-ზე მეტი ქვეყნის 200 000-მდე ობიექტი დააზიანეს. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კომპიუტერულ სისტემებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე”.
ამავე წლის 12 მაისის პირველადი ინფორმაცია BBC-იმ გაავრცელა: “ევროპისა და აზიის მრავალი ორგანიზაცია მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. თავდასხმისთვის აქამდე უცნობი ვირუსული პროგრამაა გამოყენებული.  ორგანიზაცია MalwareHunterTeam-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ვირუსული შეტევისგან ყველაზე მეტად რუსეთის და ტაივანის ტერიტორიაზე არსებული სერვერები დაზიანდა.  მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კომპიუტერულ სისტემებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე.  სპეციალისტების თქმით, ვირუსი საშინელი სისწრაფით ვრცელდება. პროგრამა კომპიუტერებს ბლოკავს და შემდეგ ბლოკის მოხსნისთვის ბიტკოინების გადახდას ითხოვს. რამდენიმე საათის წინ მწყობრიდან გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოების კომპიუტერული ქსელი. თავდასხმა 16 სამედიცინო დაწესებულებაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ჰაკერულმა შეტევამ დააზიანა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და კავშირგაბმულობის ოპერატორების სერვერები. რუსული მედიის ნაწილი წერს, რომ შეტევა შსს-ს წინააღმდეგ მიმართული არ იყო, უბრალოდ რუსული სერვერები ვირუსს დაუცველები დახვდნენ”.

 

 

წინა სტატია

"კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს“ - პუტინს ჩაფხუტის გარეშე მოტოციკლის ტარებისთვის უჩივლეს

შემდეგი სტატია

27 წლის წინ: 300 ათასი დევნილი, 10 ათასი დაღუპული და გზა, რომელიც გასავლელია