მთავარი»ეს საინტერესოა»გზა მიშას პირველად მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე

გზა მიშას პირველად მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე

9
Shares
Pinterest Google+

„ყველა ერთმანეთს ჭამს, ყველა ერთმანეთზე ჭორაობს. მაგალითად, ქართველმა თუ გაიგო, რომ ვიღაც სხვა ქართველმა წარმატებას მიაღწია კალიფორნიაში, წესით უნდა გაგიხარდეს, ხო? იტყვის, – ვინ, ბიჭო, იმ დებილმა? ეგ ჩემ გვერდით კლასში სწავლობდა, ეგ რა დებილი იყო, მაგას სულ თავში ვურტყამდით, რანაირად მიაღწია წარმატებას?! ცხვირმოუხოცავი, ჟღვლინტიანი დადიოდა, წავუთაქებდით ხოლმე, სიგარეტზე ვაგზავნიდით ხოლმე. გვშურს სომხების. სომეხს რომ ჰკითხო, ყველა სომეხია. ვენაცვალე. ქართველს რომ ჰკითხო, ვინც არ მოსწონს, ის არის სომეხი. ამაში ჰყავს ჩაწერილი ნახევარი საქართველო ჩემი ჩათვლით“, – ეს ყველაზე მაღალხარისხიანმა თქვა ამასწინათ და იმ „ვიღაცა“ „კალიფორნიაში წარმატებულში“, დიდი ალბათობით, საკუთარი თავი იგულისხმა. აბა სხვას, ვის ეძახიან საქართველოსა შინა „ცხვირმოუხოცავი, ჟღვლინტიანი დადიოდა, წავუთაქებდით ხოლმე“-ს? არავის!

„ნუ გგონიათ, რომ საქართველო უნდა მივატოვო გასაჭირში. რა თქმა უნდა, ჩემი სიცოცხლე, ჩემი გული უკრაინასთან ერთად არის, თქვენთან და ამ ორს შორის მე განსხვავებას ვერ ვხედავ“ – ეს ადრე იყო და და ის მზად იყო გამხდარიყო უკრაინის პრემიერ-მინისტრი. ჯერ უკრაინას ამოიყვანდა ჭაობიდან, შემდეგ საქართველოს და… როდესაც მისმა ალალმა ბიძამ, გაამერიკელებულმა კგბ-ს ნომეკლატურამ, იმ ხალხს, ვინც „მაღალი“ პრეზიდენტად აირჩია, აგინა, სიტყვისშეუბრუნებლად დაეთანხმა – ჩაკეტილ სივრცეში (ლიფტში) იყვნენ და ეპატიება.

„…სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი ეხლა მოხდება, აი ეხლა მოხდება“, – ეს მალე არ მოხდა, ბიძას ოცნება არ აუსრულდა, საერთოდ არ მოხდა, განა დაიგვიანა და: „საქართველო, როცა მე იქ ჩავედი, იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, უყვარდათ ცეკვა, თამაში, იცოდნენ სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი“…

„იქიდან“ „აქ“ არაფერი გამოუვიდა, ამიტომ დღეს არის ასე: „ქართველი პატრიოტების ჯგუფმა მომმართა. მათ შექმნეს მოძრაობა „ერთად სახლში“. ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე, და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ. წამოვალ, არაფრის მეშნია, ბოლომდე გავალთ… ჩვენ, სამშობლოს გარდა, არაფერი გვაქვს დასაკარგი. აუცლებლად გავიმარჯვებთ”.

და, ემიგრანტთა ერთი ნაწილი (რა მნიშვნელობა აქვს ბევრი თუ ცოტა) “მონობაში” გამომუშავებულ ხელფასს ჩუქნიან. ეს ყველაზე საინტერესო დეტალია ამ “ჩეხარდაში”.

მოკლედ, მას შემდეგ რაც მიშა გახდა მიჰა და უკრაინაში დაიპყრო ყველა „კრიშა“, საქართველოში კი მას, ვისი ულვაშებიც თავადაც არ მოსწონდა, ხმა უმცირესობამ მისცა, მსოფლიოში ყველაზე მარალხარისხიანმა ბელადმა, ემიგრანტებთან ერთად საქართველოში შემოსვლა დაგეგმა.

და, ეს იქნება მეორედ მოსვლა, ბიძინას დარად…

ვინ იცის…

აქა ამბავი მიშას საქართველოში პირველი შემოსვლისა

ქართული სინამდვილის საუკუნის აფერა დაიწყო 1993 წლის 2 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკში შევიდა ფირმა „თრიალეთის“ წერილი, რომლითაც ითხოვდნენ კრედიტს 102 მილიარდ 700 მილიონი მანეთის ოდენობით. წერილში აღნიშნული იყო, რომ ეს თანხა გადაირიცხებოდა რუსეთის ცენტრალურ ბანკში, სადაც მოხდებოდა კონვერტაცია და უკან, საქართველოში დაბრუნდებოდა. ეროვნულმა ბანკმა, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტებს არ გასცემდა და იმ დროისათვის საბანკო გადარიცხვები შეჩერებული იყო,  მოთხოვნა დააკმაყოფილა და წერილი „აგრობანკს“ გადაუგზავნა.

ამ ოპერაციიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს (ე.წ. მური) ტელეფონოგრამა: „რუსეთის ცენტრალურ ბანკში გამოცხადდა ორი მოსკოველი აფერისტი – სათვალიანი ჰომოსექსუალი და მოსკოველი მეძავი. მათ ხელზე აქვთ საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი ავიზო 103 მილიარდ რუბლზე“. მოსკოვი თბილისს სთხოვდა თანამშრომლობას ამ საქმის გასახსნელად. დადგინდა, რომ ავიზო ყალბი არ იყო, მას ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის იმჟამინდელი მმართველი დემურ დვალიშვილი აწერდა. მოგვიანებით, 103 მილიარდ 700 მილიონიდან საქართველოში ნაწილი დაბრუნდა, დიდი ნაწილი კი „დაიკარგა“, ეს თანხა მაშინდელი გაცვლითი კურსის მიხედვით მილიონობით აშშ დოლარს შეადგენდა.

საინტერესო ისაა, რომ იმხანად ამ აფერის „შემოქმედად“ „მწვანეთა“ ლიდერი ზურაბ ჟვანია და გიორგი ბარამიძე დასახელდნენ. ჟურნალისტებმა რამდენჯერმე დაუსვეს შეკითხვა როგორც ჟვანიას, ისე ბარამიძეს, მაგრამ მათ პასუხი არ გაუციათ კითხვებზე. კითხვებზე პასუხი არც დემურ დვალიშვილს გაუცია, შსს-ში დაკითხვაზე დაბარებულმა დვალიშვილმა შსს-შივე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

2013 წელს, ჟურნალისტთან საუბრისას დემურ დვალიშვილის ქალიშვილი აცხადებს: „ლაპარაკია მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრების თენგიზ სიგუასა და რომან გოცირიძის რეზოლუციებით გაცემულ სოლიდურ კრედიტებსა და ქვეყნის გარეთ გადარიცხულ თანხებზე. ეროვნულ ბანკში არის ყველა ინფორმაცია, რა რაოდენობის სესხები გაიცემოდა მათი ნებართვით, ვისზე და რომელ ქვეყანაში. ე.წ. ჟურნალი და „შავი სიაც“, რომელიც თურმე, მამას ჰქონდა, მოგონილია. მამას მკვლელობა დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. მას ხშირად უწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება. ერთხელ ჩეხეთში იმყოფებოდა ვიზიტით და როგორც ითქვა, აპირებდნენ, რომ თვითმფრინავი, რომლითაც იგი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოეგდოთ. ამის შემდეგ თვითმფრინავი საიდუმლო მარშრუტით დაბრუნდა საქართველოში. ჩემი ვარაუდით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესახებ მამას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება-გახმაურებაც მათ ხელს არ აძლევდათ. მამას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა“…

სტატიის თემა არ არის დემურ დვალიშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა, ნინო დვალიშვილის ინტერვიუდან ციტატა მხოლოდ ერთი მიზნით გამოვიყენეთ – ინტერვიუს ამ მონაკვეთში ნინო დვალიშვილი საეჭვო გადარიცხვების სავარაუდო პირებსაც ასახელებს და არაპირდაპირ „პანდორას ყუთზეც“ მიანიშნებს. მთავარი ის კი არაა, ე.წ. შავ სიას ადგენდა თუ არა დვალიშვილი, მთავარი ის ინფორმაციებია, რომელისაც ფლობდა. 2013 წელს ამავე ინტერვიუში ნინო დვალიშვილი აცხადებს: „დარღვევები რომ ჰქონოდა დააკავებდნენ, მისი მოადგილე ფიჩხაძე, რომელიც უკანონოდ გასცემდა კრედიტებს, მაშინ უკვე დაკავებული იყო. მამას მკვლელობის შემდეგ  ეს ადამიანი ისრაელში გამოჩნდა. ველოდები როდის შეიტანს საჩივარს ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია. ამის შემდეგ ჩავერთვები პროცესში და მოვითხოვ გამოძიებას, რა ხდებოდა ეროვნულ ბანკში მამას მისვლამდე და მისი წამოსვლის შემდეგ“… ამავე ინტერვიუში ნინო დვალიშვილი აცხადებს: „ჩემთვის თენგიზ სიგუა მამის მკვლელთან ასოცირდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ყველაფერი ის, რასაც სიგუა 1993 წლის დასაწყისიდან აკეთებდა“… გამოცემა ინტერვიუს ბოლოს თენგიზ სიგუას კომენტარსაც გვთავაზობს: „… კრედიტების 90%-ი გაცემულია დემურ დვალიშვილის მიერ. შევარდნაძე ურეკავდა დვალიშვილს – დეპუტატები რომ მოვლენ, გაეცი კრედიტიო. დეპუტატები კრედიტებს თავისთვის კი არ იღებდნენ, სხვადასხვა ფირმას შუამავლობდნენ. მას კი ეს ყველაფერი ჟურნალში ჰქონდა აღრიცხული. ცნობილი იყო, რომელი ფირმების სახელზე იყო გაცემული კრედიტები, მაგრამ არ ჰქონდათ გამჟღავნებული ვინ იყო გასვრილი ამ საქმეში და ამიტომაც გადამალეს ეს ჟურნალი“.

მოკლედ, რაღაც ჟურნალის არსებობა სულაც არაა საჭირო, როცა ოფიციალურ დოკუმენტაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ 2013 წლიდან დღემდე არ მსმენია, რომ ამ საქმეების გამოძიების შესახებ, ვინმეს პროკურატურისათვის მიემართოს. ფაქტია ის, რომ დემურ დვალიშვილის თვითმკვლელობის შესახებ გავრცელებული ვერსიისა, არასდროს არავის სჯეროდა. იმხანად უამრავი საწინააღმდეგო არგუმენტი სახელდებოდა, მათ შორის 103 მილიარდ 700 მილიონიც და ამ კრედიტის გაცემის თუ მიმღების კვალის დაფარვაც.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჟვანიამ და ბარამიძემ „მურის“ ტელეფონოგრამაში მითითებული პირების გამოყენებით მოახდინეს ეროვნული ბანკის ავიზოში მითითებული თანხის კონვერტაცია, ნაწილი დააბრუნეს, ნაწილი მიითვისეს. როდესაც შსს-ს შენობაში კვალი დაიფარა (მთავარმა მოწმემ თავი მოიკლა), შევარდნაძის „ბარტყებმა“ პოლიტიკის მწვერვალების დაპყრობიკენ აიღეს გეზი. მაგრამ ეს არის იმხანად გავრცელებული ვერსია (მოარული ხმები, ასე ვთქვათ) და არა დადასტურებული, მტკიცებულებებით გაჯერებული  ინფორმაცია, იმ „უბრალო“ მიზეზის გამო, რომ დემურ დვალიშვილის გარდაცვალების ფაქტი არავის გამოუძიებია.

მომავალი „დიდი პოლიტიკოსების“ ცხოვრებაში არის კიდევ ერთი „მაგრამ“: „საქართველოს მწვანეები“ 1988 წელს დაარსდა. ეს არ არის „გადასარევი დემოკრატიის“ ეპოქა, ამ დროს სამი კაცი „ბირჟაზე“ რომ დადგებოდ კგბ დოსიეს ადგენდა, იჭერდა და ჯურღმულებში თუ არ აწამებდა, არც ეფერებოდა. აი, სწორედ ასეთ დროს შექმნა ზურაბ ჟვანიამ „საქართველოს მწვანეები“. გაერთიანება, რომელიც არც თუ ისე სუსტი და არც თუ ისე ლმობიერი იყო ხელისუფლების მიმართ. აი, სწორედ ამ დროს „საქართველოს მწვანეებს“ ჰქონდათ სამუშაო პირობები, იმ დროისათვის ძვირადღირებული ტექნიკით აღჭურვილი ოფისი და რაც მთავარია, იყვნენ ხელშეუხებელნი. იმდენად ხელშეუხებელნი, რომ „საქართველოს მწვანეებმა“ შესძლეს „ხუდონჰესის“ კაშხალის მშენებლობის შეჩერება, ასევე რამდენიმე ენერგო-ობიექტის ბლოკირება.

იმ დროსაც კი, როცა საქართველო სიბნელეში ჩაიძირა და „ილიჩის ნათურის“ ანთება ხალხს სანატრელი გაუხდა, ზურაბ ჟვანიას და მის ჯგუფს არავინ ადანაშაულებდა, პირიქით „ხუდონის“ მშენებლობის ჩავარდნა, გმირობად ჩაუთვალეს. მათ პასუხი არც მას შემდეგ მოსთხოვა ვინმემ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და უფრო მეტად გახდა  რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებული, ვიდრე ეს საბჭოთა პერიოდში იყო. სხვათაშორის, ე.წ. ვარდების რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ენერგოკრიზისი იყო. სააკაშვილი და მისი ე.წ. გუნდი, დღემდე გვაყვედრის, რომ თურმე სიბნელიდან გამოგვიყვანეს.

1995 წელს, როცა საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე, ბარამიძე კი ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა. მოგვიანებით, ჯგუფს მიხეილ სააკაშვილი და იმჟამად თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დოცენტი, ნინო ბურჯანაძე შეემატა. შევარდნაძემ ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბურჯანაძე მას ამერიკაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს შესთავაზეს – თქვენთან არის საერთაშორისო სამართლის კარგი სპეციალუისტი, რომელიც ჩვენი იურისტთა ასოციაციის წევრიც არის.

რაც ეხება სააკაშვილის აღზევებას: 1994 წელს, აშშ-ში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ შევარდნაძის პროტოკოლში, ნიუ-იორკში მდებარე ტრანსნაციონალური კომპანია „PATERSON,BELKNAF, VEB@TAILER“-ის სათაო ოფისში სტუმრობა და სიტყვით გამოსვლა შედიოდა. ზურაბ ჟვანიამ შევარდნაძეს გააცნო ამავე კომპანიის სტაჟიორი, როგორც მას ამერიკული სპეც.სამსახურები უწოდებდნენ „ენერგიით დატენილი“ ახალგაზრდა კაცი საქართველოდან, მიხეილ სააკაშვილი. სწორედ ამ დროს მიიღო სააკაშვილმა შეთავაზება საქართველოში ჩასვლისა და „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში“ ჩართვის შესახებ. სააკაშვილს ამ დროისთვის დამთავრებული ჰქონდა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მოხდილი ჰქონდა სამხედრო ვალდებულება სსრკ-ის უშიშროების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში, თანამშრომლობდა ნორვეგიის საერთაშორისო ინსტიტუტთან და იყო „PATERSON,BELKNAF, VEB@TAILER“-ის სტაჟიორი.

კომპანია „PATERSON,BELKNAF, VEB@TAILER“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო გაეროში სომხეთის ყოფილი მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ვან გრიგორიანი, ხოლო დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი მისტერ სკოტ ჰორტონი, სააკაშვილის კურსელი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. გრიგორიანი ამავე ფირმაში ითავსებდა უკრაინისა და საქართველოს კოორდინატორის ფუნქციასაც.

2001 წლამდე კომპანია „PATERSON,BELKNAF, VEB@TAILER“-ის ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია, რომ კომპანიას საქართველოში ჰყავდა წარმომადგენელი იურიდიული ფირმა „GCG”, ამ ფირმის დამფუძნებლებად მოხსენიებულნი იყვნენ სააკაშვილი და მისი თანაკურსელი კიევის უნივერსიტეტიდან, კონსტანტინე რიჟინაშვილი. კომპანია ასევე აღნიშნავდა, რომ: „მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პარლამენტის დამსხურებული წევრი და კომპანიის საკონტაქტო პირი საქართველოში დიდ დახმარებას გვიწევს ჩვენს საქმიანობაში“… ისინი წერდნენ, რომ ჩვენი წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი „GCG”-ისა, კონსტანტინე რიჟინაშვილთან ერთად და რომ კომპანიის იურისტები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ „GCG”-ის  იურიდიულ ოფისთან პროექტებზე  რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ოქროს საბადოების ექსკავაციის სამუშაოებზე, ნავთობისა და გაზის პროექტებზე.  ეს ყველაფერი ეწერა ოფიციალურ საიტზე და იმ დროს, როცა სააკაშვილი საქართველოში უკვე საჯარო მოხელე იყო – დეპუტატი.

კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კი, ნებისმიერ ჩინოვნიკს, მათ შორის, დეპუტატ სააკაშვილსაც, უკრძალავდა ნებისმიერ  ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა, სახელოვნებო და პედაგოგიური მოღვაწეობისა.  ინფორმაცია 2001 წელს სანახევროდ გაქრა – საქართველოს ნაწილში ფირმის ინფორმაცია იგივეა, ამოღებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გვარი. სააკაშვილის ინფორმაციიდან ამოღება ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ აშკარად გამოიკვეთა მისი და მისი ჯგუფის პირდაპირი კავშირი საქართველოს მსხვილ საწარმოებში ფინანსურ ინტერესებთან და გარკვეულ დაკარგულ თანხებთან…

“პეტერსონ ბელქნაფის” საინფორმაციო გვერდში აღარ არის სააკაშვილის გვარი, თუმცა იგი მაინც შემორჩა ერთ-ერთ გვერდზე, ფირმის დსთ-ს ქვეყნებსა და ფილიალებში საკონტაქტო პირების ჩამონათვალში. საკონტაქტო პირებად კი საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, კონსტანტინე რიჟინაშვილი და გიორგი ბაზღაძე ეწერა. სააკაშვილის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ფირმა “ჯი-სი-ჯი”-ს დამფუძნებლობა არაა ნახსენები და საერთოდაც,  ეს ფირმა სააკაშვილის “გამჭვირვალე” ცხოვრებაშიც კი არ ჩანს.

1977 წელს ამერიკის  შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა საერთაშორისო აქტი მექრთამეობის წინააღმდეგ. აქტი ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს, თავიანთი ბიზნეს-ინტერესებიდან გამომდინარე უცხოეთის მთავრობების მოსყიდვას. ანალოგიური აქტი, გასული საუკუნის 70-იან წლებში კი არა, დღესაც, 21-ე საუკუნეში, არც ერთ  ქვეყანას არ გამოუცია. ეს აქტი მართალია, გარკვეულ აკრძალვებს უწესებს თავის კომპანიებს, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი უცხოურ წარმომადგელობებზე, ფილიალებსა თუ პარტნიორებზე. ეს „PATERSON,BELKNAF, VEB@TAILER“-ს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. თავის მხრივ „პეტერსონ ბელქაფის“ პარტნიორ იურიდიული ფირმა „GCG”-ს (ჯი-სი-ჯის), როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ინტერესი ჰქონდა ენერგეტიკაში, ოქროში, მედიაში, სამთო და სხვა ბიზნესებში.

უფრო კონკრეტულად: იურიდიული ფირმა “ჯი-სი-ჯი” საქართველოში 500-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენდა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიის “პეტერსონ ბელქნაფის” წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი იყო საქართველოში. “პეტერსონ ბელქნაფის” ინტერესები და მოღვაწეობა მთელს მსოფლიოში საკმაოდ ფართოა, დაწყებული ნავთობისა და გაზის პროექტებიდან, დამთავრებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებით, ელექტროენერგეტიკითა და ტელეკომუნიკაციებით. იგი ერთ-ერთი აქტიური ფირმა იყო საქართველოში და წარმოადგენდა  უდიდესი ინვესტორის ინტერესებს, რომელიც ფოთის პორტის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში იყო  ჩართული, უდიდეს ნავთობკომპანიას, რომელიც ეწევა სამუშაოებს საზღვაო შელფის ასათვისებლად, ასევე ავსტრალიელ და ამერიკლ ინვესტორებს, რომლებიც აწარმოებენ ინვესტიციებს სამთო-საძიებო და ლითონის დამუშავების სფეროებში და ასევე მუშაობდნენ სხვა მრავალი ერთობლივი საწარმოს პროექტებზე საქართველოში. სწორედ ამ ჯგუფმა დაისაკუთრა საქართველოს სიმდიდრე და თუ როგორ მოახერხეს ეს, სხვა დროს გიამბობთ.

დაბოლოს, სტატიას თან ერთვის აგვისტოს ომში (რომელსაც ქვეყნის მთავარსარდალმა აგვისტოს მოვლენები უწოდა, ხოლო დაკარგულ ტერიტორიებს ქვების გროვა) გადაღებული ფოტო. არ მოვყვები ისტორიას, ყველას გვახსოვს იქ, სადაც მტრისთვის უნდა გაეთხარათ, მიჰას რომ გათხარეს. ფოტო, ბუნებრივია, ინტერნეტიდან ამოვიღე. კიდევ ერთხელ დააკვირდით მრავალჯერ ნანახს – შეხედეთ, ხალხი დგას, მხოლოდ ქვეყნის მთავარსარდალი გარბის…

 

დარეჯან მეფარიშვილი

წინა სტატია

ახლა გინდა ახტით, გინდა დახტით!

შემდეგი სტატია

ექსკლუზივი - შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მსურველებს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.