მთავარი»მწერლობა და პოეზია»გული არავის ეტკინება

გული არავის ეტკინება

0
Shares
Pinterest Google+

ქალბატონი ვენეცია, როგორც ამ მხარეში იტყვიან – კარგა ხნის იყო. არც გათხოვილა, არც შერცხვენილა და არც არავისთან არაფერში შემცდარა. მარტო ცხოვრობდა და ამას სრულებით არ განიცდიდა.

– რა მოხთა მერე? მარტუა მუედი და მარტუა წავალ! გული არავის ეტკინება! – ასე ამბობდა ვენეცია.

თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება მის სახელთან დაკავშირებით, მოგახსენებთ: ვენეციას ბაბუა იტალიაში ჩასულიყო და იქ მთელი წელიწადი დაჰყო, ვენეციაც უნახავს და სწორედ ამ შთაბეჭდილების შედეგი გახლავთ ერთადერთი შვილიშვილის სახელი. ვაჟი რომ გაჩენილიყო მაგისთვისაც მზად ყოფილა ვენეციას ბაბუა – მეორე ქალაქის სახელწოდება რომელიც ასევე ძალიან მოწონებია, თურმე ნეაპოლი ყოფილა.

,,ვენეცია ბებია,, – ასე ეძახდა თითქმის ყველა, რადგან მართლაც კარგა ხნის იყო. მიუხედავათ ასაკისა – ცოცხალი, და ამიტომ მშრომელი გახლდათ. მის გადაბიბინებულ ,,ბახჩა-ბოსტანისთვის,, , თითქმის დეკორატიულად შეკრეჭილ ხეხილისთვის და ტალავერზე კოპწიათ ,,აკონილ ადესასთვის,, რომ შეგეხედათ, თუ დამიჯერებთ ნამდვილად გაიხარებდით. ახლა ბოსტანში იყო, დაბალ ზურგიან სკამზე იჯდა და ,,ბულგარულ,, წიწაკას ძირიდან ბალახს აცლიდა.

– ვენეცია ბებია, გამარჯობა, რაფერ ხარ? – თავს წაადგა მეზობლის საშაიე, ასე თორმეტი წლის.

– ბიჯო, აბდალა ხარ, შეენ? – ამოხედა ვენეციამ.

– რეიზა?! – აბა რაფერ უნდა ვიყო ვოთხმოცდათვრამეტი წლის მალაზონი?

– მაი რა ვიცი მე?!

– მაი რომ არ იცი, იმიზა ხარ აბდალი!

– რა ამბავია ისე, ვენეცია ბებია, ამდენი ,,აბდალი, აბდალი,,? – იწყინა საშაიამ.

– მაი არ მიკვირს მეეც? კი წამევიდენ, მგონია, და!

– წამევიდეენ?

– გავს მაგას!

– ვერ ვხთები რას ჩივი, ვენეცია ბებია!

– ეე, ეგერ ეე! – ვენეციამ ცას გახედა – ღრუბლები წამევიდენ!

საშიამაც გახედა ცას:

– რაის ღრუბლები?! სა ხედავ ღრუბლებს?! თლათ მოწკრიალებულია ცაი!

– გაჩერდი, საშაია, თვარა ვიკივლეფ ახლა!

– კაი, არ იკივლო და გავჩერდები! – სხარტად მიუგო საშაიამ, რადგან კარგად იცოდა – ვენეციას კივილი, წივილი და ,,ხმამაღალიც,, კი, არავის გაუგია.

– რა გინდა, თქვი ახლა.

– ნენამ პაწა ქინძი, მაკიდო და ნიახური გამოგატანოსოო.

– მეტი აფერი? – არა, მეტი არაოო.

– ჩაი იქინე, ბახჩაში და ბღუჯა-ბღუჯათ მიაწყვიტე ძირში, ასე, ა! ხომ იცი რომელი რომელია?

– კი, ვიცი. ასე თქვა ნენამ – მაგას კაი მწვანილი აქოო – გააგრძელა ბახჩისკენ მიმავალმა საშაიამ.

– ,,ბულგარული,, არაო? – გასძახა ვენეციამ საქმეში გართულ საშაიას.

– არ უთქვამს!

– არც პატრიჯანი უთქვამს?

– არა, არ უთქვამს!

– არც პამიდორი, ბიჯო?! – არაა!

– უყურე შენ!

– არ უთქვამს დაა!

– კაი, მაშინ, რომ წააწყვიტავ მაგენს მოი ჩემთან!

ცოტა ხანში საშაია, ნენას შეკვეთით ხელში, ვენეციასთან მივიდა.

– გამოწიე, ბიჯო, მაი მაიკა – უთხრა და რაც ნენამ არ შეუქო ვენეციას, იმით გაუვსო მონდომებით გამოწეული, საშაიაზე ორი ზომით დიდი, მაისური.

– ახლა დაადევი მაი ყპაი და წუუღე დედაშენს, კაი აჯაბსანდალი იცის.

– მადლობა, ვენეცია ბებია, გეიხარე! – და საშაია წავიდა.

– შენ გეიხარე, შვილო, შენ გეიხარე და გეეზარდე დედაშენს, ეყოფა მაგას სიმწარე. ჩაილაპარაკა ვენეციამ.

– ვენეცია, უუუ! – დაიძახა ნაზიკომ.

– ჩამოი, ცა ნაზია, ჩამოი! აქით ვარ პერიცასთან!

– რას შობი, ვენეცია დეიდა? დეისვენე პაწა.

– რომ მოვკტები დევისვენებ მერე. რაფერ ხართ სახში?

– ვართ ნელ-ნელა, აგერ სუპს ვაკეთებ და…

– რამდენჯერ გითხრა, ნაზია ცა, ნუ მკითხავ, ჩამოი და წეიღე როიცხა გინდა, რაც გინდა და რამდონეთიც გინდა მეთქინ? მიი ჩაი და მერე გამეიარე ჩემთან.

– დღეეს?

– დღეს კი არა, ახლა, რომ გადმოხვალ ბახჩიდან, რაცხა სიტყვა მაქ.

– კაი, მუალ. ნაზიკო ბახჩისკენ წავიდა.

ვენეციამ მკერდზე ხელი მიიდო და – უჰ- ო, სკამიდან წამოდგა, ,,კუხნის,, წინ ,,ატამანკაზე,, ჩამოჯდა. ცოტა ხანში ნაზიკოც მიუჯდა მწვანილების კონით ხელში.

– ჰო, რა იყო, ვენეცია დეიდა?

– ნაზია, გუშინს აქეთ რაცხა ვერ ვარ თლათ კარქათ.

– რეიზა?

– გადამრევ ცა შენ! ცას ხომ არ გამევეკერები?

– ნუ გეშინია მაგის, ჯერ ადრეა.

– სუ, ცა! კაცს რომ კითხო – მაი სულ ადრეა! …ახლა რომელი იქნება?

– ხუთი იქნება.

– ჰო, და ასე შვიდზე გამეიარე ჩემთან!

– იმგვარად თქვა ვენეციამ, ნაზიკომ ვეღარ ჰკითხა – რატომო.

– კი, მუალ, მადლობა – და ნაზიკო წავიდა.

– აუცილებლათ, ნაზია!

– კი, კი, აბა რაი!

ვენეცია ცოტა ხანს კიდევ იჯდა ,,ატამანაკზე,, და მერე ისევ ,,ბულგარულს,, დაუბრუნდა. ნაზიკომ სუფი გააკეთა, სტუმრად მისული საშაიე დააპურა, ქათმებს საკენკი დაუყარა, ,,პამიდვრები,, მორწყა და ვენეციასთან წავიდა. არ დაუძახია ისე შევიდა ეზოში, სახლს ჩაუარა და … დაინახა – როგორ წამოდგა ვენეცია პატარა ზურგიანი სკამიდან, როგორ გასწორდა წელში, როგორ აღმართა ხელები ცისკენ, როგორ აიწია, ასცდა პატარა სკამს, ,,ბულგარულებს,, , ატმის ხეს, მერე ვაშლის ხესაც და ალვის ხის კენწეროსთან წამით შეჩერდა, ხელები დაუშვა, ნაზიკოს გაუღიმა, უცნაურად განათდა და საღამოს ცის ფონზე გაუჩინარდა! ნაზიკო, რა თქმა უნდა, პირღია დატოვა. გონს რომ მოეგო, ნაზიკომ მზერა ისევ სკამისკენ გადაიტანა და შეჰკივლა!………………………………………………..

– ნაზია, ცა, რა იყო იმ საღამოს სულ ალვის ხეს რომ მიშტერებოდი? ქოყანა მაგას ყობა! – უთხრა მეზობელმა ვარდიკომ ახლად მიწასმიბარებულის საფლავთან. სწორედ იმ წამს ნაზიკოც ამაზე ფიქრობდა, მაგრამ ასე ჰკითხა:

– როის მაი? ვენეცია რომ მოკტა?

– ჰო, ჰო, იმ საღამოს! – არ დამიჯერებ, ვარდიკო, და იმ საღამოს იმ ალვის ხის კენწეროზე იმფერი ნათება იყო, ცხოვრებაში რომ არ მინახავს!

– ამისთანა რა იყო?

– არ ვიცი. ვარდიკო, არ ვიცი… ,,რა მოხთა მერე? მარტუა მუედი და მარტუა წავალ! გული არავის ეტკინება!,, – აი აქ კი, ქალბატონი ვენეცია, ცხოვრებაში ალბათ პირველად, მაგრამ მაინც შეცდა…

მერაბ ჩხაიძე

 

წინა სტატია

ჟუბიე

შემდეგი სტატია

ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.