მთავარი»კულტურა»გრიგოლ რობაქიძის მისტიკური სიყვარული

გრიგოლ რობაქიძის მისტიკური სიყვარული

6
Shares
Pinterest Google+

თავისი ცხოვრების მწუხრის ჟამს საბჭოთა კავშირში მიჩქმალული და ფაშისტად შერაცხული გრიგოლ რობაქიძე სინანულს გამოთქვამდა, რომ დედამიწაზე სიყვარულისთვის ცოტა დრო რჩებოდა. სიცოცხლის ბოლოს მხცოვანი ქართველი მწერალი ახალგაზრდა გერმანელ ქალზე იყო პლატონურად გამიჯნურებული, რასაც ამ ქალისადმი მიწერილი წერილებიც ადასტურებს. ეს იშვიათი წერილებია, რაც მწერლისგან შემორჩა, რადგან რობაქიძისეული უძვირფასესი არქივი შვეიცარიაში დაკარგულია, ხოლო საქართველოში ოჯახში გამოგზავნილი რობაქიძის მოკითხვის ბარათები “წითელი ფაშისტების” შიშით მისი დის ოჯახმა ბუხარში შეუკეთა.

რობაქიძე, როგორც გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საბჭოურ ლიტერატურაში განდევნილ მწერლად ითვლებოდა. მით უფრო, მისი ცხოვრებისეული დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. მასზე საბჭოეთის მესვეურნი მწარედ რეაგირებდნენ. მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. მისი რომანის– “გველის პერანგიდან” გამომდინარე, რობაქიძის შესახებ წერდნენ,– გველმა ტყავი გამოიცვალა, მაგრამ გველი გველად დარჩაო.

1996 წლის 24 მაისს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა ძვირფასი საჩუქარი მიიღო. გერმანიაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დავით მაღრაძემ მუზეუმში მიიტანა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი გერმანულენოვანი პირადი წერილები, რომლებიც გრიგოლ რობაქიძის მიერ 1961-62 წლებში დაიწერა, ასევე, მისი ლექსები და საქმიანი ბარათები.

ამ უნიკალური ჩანაწერების ასლები ბავარიის ქალაქ ინგოლშტადტში დავით მაღრაძეს მხატვარმა გერდა ვანდა ჰოლეიმ გადასცა. იმხანად, 1994 წელს, ინგოლშტადში საქართველოს დღეები იმართებოდა, რომლის მონაწილეც იყო მაღრაძე. მოგვიანებით ქალბატონ გერდას ლეონიძის მუზეუმის ყოფილი დირექტორი იზა ორჯინიკიძეც შეხვდა და ჰკითხა, საიდან ჩაუვარდა ხელთ რობაქიძის ნაწერები. აღმოჩნდა, რომ გერდა ჰოლეის ქართველი მწერლის გარდაცვალების შემდეგ შვეიცარიაში დაცული გრიგოლ რობაქიძის არქივიდან გადაუღია გრიგოლის მეგობარი ქალის –გიტა შტრახვიტცის სახელზე გაგზავნილი ბარათების ასლები.

როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძე ყველა გაგზავნილი წერილის ასლს იტოვებდა. ეტყობა, სურდა, რომ ქალბატონი გიტა მისი მომავალი ბიოგრაფიის მიღმა არ დარჩენილიყო.

როგორც წერილებიდან ირკვევა, გიტა შტრახვიტცი, ეს მხატვარი ქალი, იმხანად ვენაში ცხოვრობდა. გრიგოლ რობაქიძესთან შეხვედრისას 31 წლის უნდა ყოფილიყო. ერთმანეთი 1961 წელს ჟენევაში გაუცვნიათ. გრაფინია შტრახვიტცის რობაქიძესთან შეხვედრა რაღაც მისტიურ საბურველშიც კია გახვეული. ჯერ კიდევ 19 წლის გრაფინიას გრიგოლი სიზმრად გამოცხადებია. გაცნობის შემდეგ პირველი წერილიც ქართველი ემიგრანტისთვის ფრაუ გიტა შტრახვიტცს მიუწერია. ამ ქალბატონის შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. ფაქტია, რომ აპირებდნენ კიდეც დაქორწინებას, ნოემბერში გრიგოლთან უნდა ჩასულიყო გიტა, 19 ნოემბერს კი რობაქიძე გარდაიცვალა.

ლიტერატორები მათ სიყვარულს პლატონურად მიიჩნევენ. გრაფინია გიტა შტრახვიტცისა და გრიგოლ რობაქიძის მიმოწერა უაღრესად საინტერესოა. დიდი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, ეს სიყვარული პლატონური და იმდენად ამაღლებულიცაა, რომ ჩვენს საზოგადოებას, შესაძლოა, გრიგოლ რობაქიძის ზეაწეული გრძნობიერების გათვალისწინებით, მწერლის ფანტაზიის ნაყოფადაც კი ეჩვენოს. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ, თუკი გოეთეს შეიძლებოდა 82 წლის ასაკში ყვარებოდა 17 წლის ახალგაზრდა გოგონა, რობაქიძის საქციელშიც არაფერი დასაძრახისი არაა.

თუ გავითვალისწინებთ გრიგოლ რობაქიძის სიმბოლურ-სახეობრივ აზროვნებას, გიტასადმი გერმანულად მიძღვნილი ეს წერილებიც მეტაფორული შინაარსისაა. გრიგოლ რობაქიძის გერმანული ენის ზედმიწევნით და ღრმა ნიუანსებში ცოდნის შესახებ ბევრი თქმულა, გერმანულად დაწერილი ეს ბარათები გრიგოლ რობაქიძისთვის დამახასიათებელი სიმბოლურ-მეტაფორული სტილითაა ნაწერი. გრიგოლი გიტა შტრახვიტცს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: “ჩემო შეუდარებელო გიტა!” ზოგან გრიგოლის მიმართვა ასე იწყება: “ჩემო ძვირფასო შეგირდო!”. გრიგოლი წერილის დასაწყისშივე არ ღალატობს ჩვეულ სტილს და ბარათს ასეთნაირადაც იწყებს: “ჩემო ღვთიურო მეგობარო: ენგადი!”

გრიგოლ რობაქიძისთვის გიტასთან შეხვედრის პირველი წუთებიც მისტიურ საბურველში იყო გახვეული. ეს ქალი მას ლეგენდარულ ბერძენ წინასწარმეტყველ ქალს – სიბილას (სხვათაშორის, სიბილამ მშვენიერი ელენეს გამო ტროას დაღუპვა იწინასწარმეტყველა) აგონებდა. გრიგოლი შეხვედრის პირველ წუთებს ასეთნაირად ახსენებდა საოცნებო ქალს: “სიბილასავით ამბობ, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეხვევით, შენ სხვა გზას გადიხარ, მე– სხვას. შეიძლება, მაგრამ ჩემ გზას შენთან მოვყავარ, ისევე, როგორც შენსას– ჩემთან. მაღალი ღმერთი წვრილმანებშიც მონაწილეობს. თუ მაღალი ღმერთი არაა, ადამიანი ხომ დაადასტურებს? ხომ გახსოვს ის შემთხვევა, როცა ქალაქში მოულოდნელად ერთმანეთს შევეჯახეთ. ასეთი რამ ათასში ერთხელაც არ ხდება. არ იყო ეს საოცრება? კიდევ ერთი დეტალი, თუმცა ნაკლებმნიშვნელოვანი. შენს წერილში იდო ბარათი, მასზე გამოსახული სტელით–ქვადიის მეფე, რომელიც გველების მეფედაა წოდებული. მერე, ჩემი “გველის პერანგის” ქართულ გამოცემაზე იგივე ნახატია. ეს “დამთხვევაა?”

გიტასადმი მიწერილ წერილებში გრიგოლ რობაქიძის შეგონებანიც იკითხება. იგი ერთგან წერს, რომ “სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არასდროს არის სრულყოფილი სიყვარულში.” გრიგოლი ჩვეულ სტილში მხატვრულად აზროვნებს და ქალური ბუნების უპირატესობას აღიარებს მამაკაცურის წინაშე. იგი წერს გიტას: “მე შენს ქალურ არსებას “ქალწულებრივი” განსაკუთრებული მნიშვნელობით ვუწოდე. გერმანული ენა ამბობს: ზღვა (დი ზეე) მდედრობითი სქესისაა, ტბა (დერ ზეე)–მამრობითი სქესის. გენიალურია. ქალი ნამდვილად უსაზღვროა, როგორც ზღვა და კაცი ნამდვილად შემოსაზღვრულია, როგორც ტბა. არსებობს კიდევ შემზარავი ქალური “რაღაც.” თუ ის ერთხელ ქალში გამომჟღავნდა, იგი პიროვნებიდან უპიროვნო არსებად გადაიქცევა: ბრმა, ქაოტურ, ალოგიკურ, უხეშ. აქ შენ ბედნიერი გამონაკლისი ხარ. ის “რაღაც” ქალური შენს პიროვნებას აქცევს უფრო ზეპიროვნებად და არა უპიროვნო არსებად. “ბრმის” ნაცვლად ხდები “ნათელი.” აქედანაა შენი შეუდარებელი ნათელმხილველობის უნარი. თუ ყველაფერ ამას თავს მოვუყრით, მე ვიტყოდი: შენი ქალური არსება შეედრება მაგდალინელს, ის წმინდაა, “ქალწულებრივი.”

ცნობილია, რომ გიტასთან ურთიერთობისას გრიგოლ რობაქიძე მტკივნეულად განიცდიდა საკუთარ ასაკს. ამას არც წერილებში მალავდა. ერთ-ერთ წერილში პირდაპირ წერდა კიდეც, რომ დედამიწაზე სიყვარულის გაცემის დრო უმცირდებოდა: “სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი. ეს ნიშნავს, მემსახურა შენთვის. ქვეცნობიერად მჯერა, რომ გრძნობ ჩემს ტკივილს. ჩემი გული უერთდება შენს გულს და გადაიქცევა შენს გულისცემად. მაგრამ ჩემი გული ერთხელ რომ შეწყვეტს ცემას! მერე? რა მოუვა შენს გულს, გიტა? იყავი მშვიდად! შენი ენგადი დაგამშვიდებს, რადგანაც მისი სუნთქვა ჩემს სუნთქვასთან მისტიურად დაქორწინდება.”

გრიგოლ რობაქიძის პლატონური ვნება წარმოუდგენელია გრაალის თასის სიმბოლიკის გარეშე. გიტასთან ურთიერთობაში ამ მისტიურ თასს თავისებური დატვირთვა აქვს. გიტასთან მიმოწერაში გრიგოლი გრაალის თემატიკას უბრუნდება, ლაშარის რაინდად იხსენიებს საკუთარ თავს და არწმუნებს გიტას, რომ მისგან მოშორებული ისევე გრძნობს გიტას ფასს, როგორც ლაშარის რაინდი: “არ იცი, რომ ჩემი გულის თასი გადაიქცა თავისებურ გრაალის თასად შენთვის. ამ თასში შენს გულს მზესავით შეუძლია იბრწყინოს”. გრიგოლი აღტაცებულია, რომ მისი რომანი “გრაალის მცველნი” გიტას წაკითხული ჰქონია. მეტიც, ეს წიგნი გიტასთვის გრიგოლთან შინაგანი შეხვედრის წყარო გახდა. “ჩემს რომანში იბრძვიან გრაალის თასისთვის. გავიგე, რომ თქვენი სიმბოლო თასი ყოფილა. ჩემი რომანი მზიურს წარმოაჩენს. იქ ცხენის ჯირითშიც კი მზე გამოვლინდება. გავიგე, რომ თქვენ ასტროლოგიურად მზესთან ხართ დაქორწინებული, გილოცავთ ამას.”

გრიგოლი გიტა შტრახვიტცს თავისი ლიტერატურული პრობლემების შესახებაც წერს. კერძოდ, რობაქიძე განიცდის, რომ მას არ უბეჭდავენ ნიცშეს შესახებ გამოკვლევას. ჯერ კიდევ 1948 წლიდან მის მიერ დაწერილი “ნიცშეს პორტრეტი” კარადაში იყო ჩაკეტილი. გრიგოლი ნიცშეს დაუბეჭდაობას იმით ხსნიდა, რომ ერთმა გამომცემელმა რობაქიძის მიერ ადრე დაწერილი ნაშრომის– “ჰიტლერის” გამო არ მოინდომა მისი “ნიცშეს პორტრეტის” გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნდა, ეს ნიცშეს კვლევის თვალსაზრისით, სიახლე იყო. შემდეგ გრიგოლმა “ნიცშეს პორტრეტი” შესთავაზა მისი წიგნების ერთ-ერთ მთავარ გამომცემელს გერმანიაში. 9 თვის მანძილზე ამაოდ ელოდა პასუხს, საბოლოოდ გამომცემელმა გრიგოლს მისწერა, ფილოსოფიურ წიგნებს დღეს გასავალი არ აქვთო. თავად გრიგოლი ნიცშეს შესახებ მისი კვლევის თაროზე შემოდებას იმითაც ხსნიდა, რომ ერთ-ერთ გამომცემელს მიუწერია, ნიცშეს თემა დღეს აქტუალური არაა. თუმცა რეალობა ალბათ სხვა იყო. გრიგოლი დარწმუნებული იყო, რომ მის წიგნს, სადაც სრულიად ახლებურად იყო წარმოდგენილი ნიცშე, ოდესმე გაუმართლებდა.

რობაქიძეს დღემდე ვერ პატიობენ ფაშისტების მიმართ თანაგრძნობას, თუმცა ჩვენი ემიგრანტები ამას საქართველოს გათავისუფლების დიდი სურვილით ხსნიდნენ და, თუ ვინ მიიღებდა ამაში მონაწილეობას, თუნდაც ფაშისტები, მათთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. თანაც, იმ დროს, როცა რობაქიძე თავის ნაშრომს ჰიტლერს უძღვნიდა, 1938 წელი იდგა და ჯერ კიდევ ნაკლებად იცოდნენ ჰიტლერის შინაგანი ბუნება. თუმცა მოგვიანებით ქართველებმაც დაინახეს ჰიტლერის რეალური სახე. დამარცხდა ჰიტლერი და გერმანიაში უკვე ქართველობას აღარ დაედგომებოდა. გრიგოლ რობაქიძე შვეიცარიაში გადაიყვანა ხარიტონ შავიშვილმა და იმისთვის, რომ გრიგოლი ფიზიკურად გადაერჩინა, მას ინტელექტუალური ლტოლვილი უწოდა. შვეიცარიის ხელისუფლება რობაქიძეს სწორედ ამიტომ უხდიდა გარკვეულ თანხას, რითაც გრიგოლი ფიზიკურად გადარჩა.

რობაქიძის ბოლოდროინდელი გატაცება გიტა შტრახვიტცის მიმართ შესაძლოა, ზოგიერთს ალოგოკურადაც ეჩვენოს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უყვარდა მას მეორე მეუღლე–ლენა კოგორელოვა, რომლის ავადმყოფობასა და გარდაცვალებას იგი ძლიერ განიცდიდა და განსაკუთრებულად უვლიდა მომაკვდავს. სხვათაშორის, ორივე ცოლი რუსი ჰყავდა. პირველი ქორწინებიდან (ნინა დანევსკაიასთან) გრიგოლს შეეძინა ორი ქალიშვილი, მეუღლის მშობლები ბაქოში ცხოვრობდნენ და ქალსაც მოუსურვებია მშობლებთან გამგზავრება, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ყოფილა რობაქიძე. მაგრამ ცოლმა თავისი გაიტანა. ბაქოში თურმე ეპიდემია იყო გავრცელებული, ეს სენი შეეყარა ბავშვს, რომელიც გარდაიცვალა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გრიგოლმა ვეღარ გააგრძელა მეუღლეთან თანაცხოვრება და ასე დაინგრა მათი ოჯახი. რაც შეეხება პირველ ცოლთან შეძენილ მეორე გოგონას, საერთოდ მკვლევარები ამ თემაზე ნაკლებად საუბრობენ. რატომღაც რობაქიძის შვილებისა და შთამომავლების არსებობაზე საუბარი იყო შეწყვეტილი. ამბობენ, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი უკრაინაში ცხოვრობს. ხოლო მეორე ქორწინებაში გრიგოლს შვილი არ ჰყოლია.

შვეიცარია გრიგოლისთვის ტრაგიკული ქვეყანა აღმოჩნდა. იგი სწორედ შვეიცარიაში გარდაიცვალა, უფრო სწორად, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, პოლიციამ მის გვამს რომ მიაკვლია და დალუქა სახლი. ამ სახლში მეორე მეუღლის– ლენას გარდაცვალების შემდეგ გრიგოლი მარტო ცხოვრობდა.

წყარო:http://presa.ge

 

წინა სტატია

როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე და როგორ მოვუაროთ მას

შემდეგი სტატია

ალექსანდრე გრიბოედოვის წერილი ნინო ჭავჭავაძეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.