მთავარი»საზოგადოება»გორგასლის ქუჩას იბრაჰიმ ისპაჰანლის სახელი უწოდეს

გორგასლის ქუჩას იბრაჰიმ ისპაჰანლის სახელი უწოდეს

144
Shares
Pinterest Google+

ის, 80 წლისაა, გორგასლის ქუჩის მეოთხე შესახვევის აღმართს ყოველდღე, 1946 წლიდან მიუყვება. 72 წელია ამ გზით მიდის სახლში – გორგასლის მეოთხე შესახვევის 8 ნომრამდე. მას უყვარს თავისი სახლი, თავისი ქუჩა, თავისი ქალაქი, ისტორია, პოეზია. აქ გაიარა მისმა ბავშვობამ, ახალგაზრდობამ, აქ გაზარდა შვილები, შვილიშვილები…

ავთო ქიზიყურაშვილი და მისი ოჯახი ძალიან ბევრი წლის წინ გავიცანი. ცოტა ხნის წინ დამირეკა – უნდა დამეხმაროო. მეორე დღესვე ავუყევი გორგასლის მეოთხე შესახვევს. თვალწინ გამირბინა ჩემი ცხოვრების  ბედნიერმა წლებმა. ამ ქუჩაზე ხომ ერთ დროს მეც ვცხოვრობდი, მართალია რამდენიმე წელი და ქირით, მაგრამ აქ აიდგა ჩემმა ორმა შვილმა ფეხი…

ავთო ძიას სახლთან საბავშვო ბაღი იყო –  ულამაზესი შენობითა და ულამაზესი ეზოთი. მთელი დღე ისმოდა  ბავშვების ჟრიამული, სიმღერა. სიჩუმეც კი – შუადღით, ბავშვებს რომ ეძინათ იმ დროს.

_ საჩვენებელი ბაღი იყო, შვილო, გიგა ბათიაშვილის დაპროექტებული. გიგა ხომ იცი ბათიაშვილი, ძალიან კარგი ქართველი. გიგა ბათიაშვილის გაკეთებულია მეტროსადგური “300 არაგველი”, ფუნიკულიორის ქვედა სადგური, გახსოვს რა ლამაზი იყო? იტალიაში, პერეზაში წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი დააპროექტა. იტალიალებს არ ჰყავთ თავისი არქიტექტორი? ჰყავთ, მაგრამ გიგას სთხოვეს. გესმის, შვილო, რა კაცია გიგა?  თბილისის ისტორიული უბნები გიგას დაპროექტებულია – შარდენის ქუჩა, ბამბის და რკინის რიგები, ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩები, ღვინის აღმართი, ქარვასლა, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. გიგასია ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია, მეიდანი, ქეთევან წამებულის პროსპექტი და ბარათაშვილის აღმართი. არქიტექტურის საერთაშორისო რანგის აკადემიკოსია. ჰოდა, შვილო, ამ კაცის დაპროექტებული საბავშვო ბაღი დაანგრიეს, გაასწორეს მიწასთან.

_ მახსოვს ეს ბაღი, ჩემი გიორგი დადიოდა მანდ. გახსოვს ჩემი მარიამი და გიორგი? ორივე სამტრედიაშია.  გიორგის საკუთარი სათბური აქვს, მარიამი კარგად ხატავს. არა უშავს, კარგად სწავლობენ… ძალიან კარგი ბაღი იყო, მართლაც. როგორ დამწყდა გული რომ დაანგრიეს, აქ ვცხოვრობდი მაშინ.

_ ჰო, ჰო, მაშინ შენ ჩვენთან ცხოვრობდი, ბავშვები როგორ არ მახსოვს, ვენაცვალე მაგათ. ძალიან მეწყინა დედაშენის გარდაცვალება რომ გავიგე… ჩემი მეუღლეც გარდამეცვალა…  აი, ეს (ადგილი მაჩვენა) მისი კუთხეა, ჩემთან ვინც მოდის,  წასვლამდე  ყველა სანთელს ანთებს მის სურათთან, ისე არ წახვიდე სანთელი რომ არ დაანთო…

_ აუცილებლად დავანთებ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბაღში დევნილები რომ შეიყვანეს, გახსოვს?

_ კი, დევნილები შევიდნენ. მესამე დღეს ბულდოზერებით მიადგა მიშა ბაღს და ფანჯრებიდან გადმოყარეს დევნილები. დაანგრიეს და გააცამტვერეს ბაღი. ამ ბაღის დანგრევას გიგა ლამის გადაჰყვა, ძალიან ინერვიულა. ეეჰ, რამდენი რამ გვაკავშირებს ამ ადგილთან… ეჰ, რა კარგი ბაღი იყო. ბაღის ადგილას აზერბაიჯანის საელჩო ააშენეს, ჩვენი ბავშვები კი სხვაგან გადაიყვანეს,  არც ეზოა იქ,  არც სათანადო პირობები, ეეეჰ….

ცრემლებით აევსო, ავთო ბიძიას, თვალები…

ისტორია კი ასეთია:

ერთ დღესაც, ავთანდილ ქიზიყურაშვილმა მეზობლისაგან გაიგო, რომ გორგასლის მეოთხე შესახვევში კი არა, იბრაჰიმ ისპაჰანლის ქუჩაზე ცხოვრობს. გადაირია მოხუცი, კომუნალურების საგადასახადო ქვითრებს დაჰხედა, სადაც შავით თეთრზე ეწერა – გორგასლის მეოთხე შესახვევი. საჯარო რეესრტში მივიდა, სად ვცხოვრობ გამაგებინეთო, გააგებინეს –  გორგასლის მეოთხე შესახვევში ცხოვრობო, ოფიციალური დოკუმენტიც მისცეს.

ეგებ მეზობელი შეცდაო, – იფიქრა მოხუცმა და საკრებულოს მიმართა, გამაგებინეთ რა ხდებაო – 18 წელია იბრაჰიმ ისპაჰანლის ქუჩაზე ცხოვრობო, – უთხრეს. სხვა გზა არ ჰქონდა ავთანდილ ქიზიყურაშვილს, საკრებულოს მიმართა განცხადებით, რომელსაც 193 მეზობელი აწერდა ხელს.

_ 1997 წელს მობინადრეთა ნებისა და სურვილის უგულებელყოფით, მალულად მომხდარა ჩვენი სამისამართო საცხოვრებლის სახელდების შეცვლა. ვინმე იბრაჰიმ ისპაჰანლის სახელი დაარქვეს ქუჩას, რაც 18 წლის შემდეგ გავიგეთ. მივიჩნიეთ ეს ქმედება უკანონოდ და 2015 წელს, ორჯერ, აპრილსა და სექტემბერში,  მივმართეთ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს თინათინ ნიბლიაშვილს. საკითხი დადებითად არ გადაწყდა, უპასუხისმგებლო და არაეროვნული მიდგომის გამო! 2015 წლის 24 აპრილს შეგვატყობინეს: „საკრებულოში ვახტანგ გორგასლის მეოთხე შესახვევთან დაკავშირებით საქმის წარმოება დღემდე არ მმიმდინარეობს, ვინაიდან ხსენებულ ქუჩას სახელი შეეცვალა და იბრაჰიმ ისპაჰანლის სახელი ეწოდა 1997 წელს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მიმდინარე საკითხის განხილვის პროცესში თქვენ, როგორც დაინტერესებული მოქალაქეები, არ ყოფილხართ ჩართული.  ქუჩისთვის სახელის შეცვლის საკითხზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია იმსჯელებს შესაბამისი მომართვის შემთხვევაში“. რაღა შესაბამისი მოთხოვნა იყო საჭირო? განცხადება დავწერეთ და „შესაბამისობა“ აქციის მოწყობა და გზის გადაკეტვაა? 2015 წლის 7 აგვისტოს გვაცნობეს: „ქართული ენციკლოპედიის თბილისის ქუჩები, გამზირები, მოედნები – 2008 წლის მიხედვით იბრაჰიმ ისპაჰანლის ქუჩა მდებარეობს გორგასლის ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩამდე. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კომუნალური შესახვევი. თბილისის 1960 წლის ცნობარში შეტანილია ვახტანგ გორგასლის მეორე შესახვევის სახელწოდებით, შემდეგ მეოთხე შესახვევი დაერქვა. 1997 წელს იბრაჰიმ ისპაჰანლის სახელი ეწოდა“. 2016 წლის 22 თებერვლის კი წერილით N8771-ით გვამცნეს: „როგორც მოგეხსენებათ, ვახტანგ გორგასლის ქუჩის მეოთხე შესახვევს იბრაჰიმ ისპანაჰლის სახელი დაერქვა 1997 წელს. ტერიტორიის დამუშავებისას დადგინდა, რომ აღნიშნული ქუჩა ერთმანეთთან აკავშირებს გორგასლის და გრიშაშვილის ქუჩებს და მასთან არსებობს დამატებითი  ჩიხები, რაც გამორიცხავს მისი, როგორც რომელიმე ქუჩის შესახვევად არსებობას. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია იბრაჰიმ ისპაჰანლის ქუჩისთვის შესახვევის სტატუსის დაბრუნება, შესაბამისად კომისია მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუ რამდენად სამართლიანია საკითხის ამგვარად გადაწყვეტა ეროვნულ-ზნეობრივი პრინციპით, გთხოვთ განსაზღვროთ თქვენ“. რა უნდა განვსაზღვროთ, შვილო? რა უნდა ვქნათ? გორგასალი გააგდეს მისი ქალაქიდან, გესმის რას აკეთებენ?

_ 2009 წლის შემდეგ რომ მომხდარიყო, ვიტყიოდი აზერბაიჯანის საელჩოს სცეს პატივი-მეთქი…  ნეტავ ვინაა იბრაჰიმ ისპაჰანლი?

_ საქართველოს დამსახურებული მსახიობიაო, ასე გვითხრეს. ამოვაწერინე ჩემს შვილიშვილს ინტერნეტიდან, წაგიკითხავ: „ტფილისში აზერბაიჯანულ ენაზე სცენისმოყვარეთა წარმოდგენების გამართვა დაიწყო XIX ს. 80-იანი წლებიდან. 1912 წელს ზუბალაშვილების სახალხო სახლთან არსებობდა თათრული დრამატული საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ,,თათრული დრამატული საზოგადოების მმართველობა”. თეატარის ხელმძღვანელობა მიმართავდა მთელ რიგ ორგანიზაციებს, რომ დასახელება ,,თათრული” შეეცვალათ ,მუსულმანური” სახელწოდებით. მოგვიანებით, თეატრი გადავიდა მაედანზე, რომელსაც ,,აუდიტორია” ერქვა. გახსნას ესწრებოდა ქალაქის თავი ხატისოვი. ტფილისში ჩამოდიოდნენ მსახიობები ბაქოდან და სპექტაკლების გამართვაც გახშირდა. ამ დროს ,,თათრების დრამატულ საზოგადოებას” ხელმძღვანელობდა იუსუფ-ბეკ ტაიროვი. გამგეობის წევრები იყვნენ: ქერიმბეკ ვეკილოვი, ნარიმანოვი, მურზა-ჰუსეინჰასან ზადე, ჰუსეინ ახმედოვი,ზაკირ ღარიბოვი და ალი მამედოვი. თეატრის რეჟისორი იყო მირზა ალი აბასოვი. 1922 წ. ჩამოყალიბდა პროფესიული კოლექტივი, რომელსაც 1938 წ. ეწოდა მირზა ფატალი ახუნდოვის სახელი. თეატრის დირექტორები იყვნენ: ჰასან ახუნდოვი (1938-41), ვასილი ბელსკი (1941-43), ერვანდ ნასიბოვი (1943-46). სამხატვრო ხელმძღვანელი იყი იბრაჰიმ ისპაჰანლი“.

გესმის, შვილო, ვახტანგ მეფე ვისით „ჩაანაცვლეს“? ხედავ რა გააკეთეს? აი, ხომ გვეუბნებიან 18 წლის წინ გადაარქვეს ქუჩას სახელიო, თუ ასეა, როგორაა რომ საჯარო რეესტრით დღემდე გორგასლის მეოთხე შესახვევში ვცხოვრობ? მე მალე წავალ ამქვეყნიდან, ნუ გამატან ჯავრს, გააგებინე ყველას. პირადობის მოწმობაში მისამართად გორგასლის მეოთხე შესახვევი გვიწერია, გადასახადების ქვითარი ამ მისამართით მოდის, საკრედიტო ორგანიზაციები გორგასლის მეოთხე ჩიხით გვაძლევენ სესხს და საკრებულო გვეუბნება რა გორგასალი, რის გორგასალი, იბრაჰიმ ისპაჰანლიო.

_ რაღა ამ ქუჩას ეცნენ, ცოტაა ქუჩები?

_ წრეს კრავენ: მარცხნივ ალიევის ბიუსტი, მარჯვნივ აზერბაიჯანის საელჩო. ახლა ქუჩებსაც აითვისებენ და 300 არაგველსაც გააქრობენ, საელჩოს შენობას ხედს უფუჭებსო, გვეტყვიან. რა, თურქული სკოლის აშენების გამო, არაგველების ძვლები არ ამოჰყარეს საფლავებიდან? ვინ და რამ შეუშალათ ხელი? არაფერმა! ახლაც ასე მოხდება და დამეხმარე, ხალხმა გაიგოს…

აუცილებლად დაგეხმარები-მეთქი დავამშვიდე ავთო ძია და უკვე აზერბაიჯანის საელჩოსთან მისულს გამახსენდა, რომ სანთელი არ დამინთია ავთო ძიას გარდაცვლილი მეუღლის სახელზე… ალბათ, მერია ან საკრებულო, თუ გაითვალისწინებს 193 თბილისელის მოთხოვნას და გორგასალს „თავის ადგილზე დააბრუნებს“, კიდევ მომიწევს ავთო ძიასთან სტუმრობა და სანთელსაც მაშინ დავუნთებ მისი მეუღლის სულს…

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

 

 

 

 

 

 

 

 

წინა სტატია

ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა

შემდეგი სტატია

სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას - გედევან ფოფხაძე

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.