მთავარი»საზოგადოება»გიორგი პაპუაშვილი, გიგლა აგულაშვილი – ჩინოსნები, რომელთაც სვანეთში ოქროს მოპოვების ლიცენზია ჩინურ კომპანიას გადასცეს

გიორგი პაპუაშვილი, გიგლა აგულაშვილი – ჩინოსნები, რომელთაც სვანეთში ოქროს მოპოვების ლიცენზია ჩინურ კომპანიას გადასცეს

12
გაზიარებები
Pinterest Google+

„ჩემთვის ნაკლებად  საინტერესოა რას ამბობს გიორგი ხვისტანი. გიორგი ხვისტანს დაეძახებინა ჩემთვის შეკრებაზე და გავცემდი პასუხს, თუკი რაიმე შეკითხვა ჰქონდა. კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ჩამოსული იყო მესტიაში, ბევრი ადამინი იყო შეკრებილი მათი წარმომადგენელი და საჯაროდ ყველასთან დავაფიქსირე ჩემი პოზიცია“, – ასე უპასუხა „პროგრესნიუსის“ შეკითხვას დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელსაც მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც, რამდენიმე დღის წინ სვანების შეკრებაზე, გაჟღერებულ იქნა ჯაფარიძის და სხვათა გვარები. შეგახსენებთ, რომ შეკრებაზე ერთ-ერთმა შეფიცულმა განაცხადა: „სვანეთმა უნდა იცოდეს მისი მოღალატეების სახელი, ესენი არიან სვანეთის და საქართველოს მოღალატეები: ვიქტორ ჯაფარიძე, კაპიტონ ჟორჟოლიანი და გიზო გერლიანი (გერლიანი კოდორშიც იყო ასული) და ჩვენი თემის წარმომადგენლებს შესთანვაზეს ოქროს წარმოება. სოფელი შეიკრიბა, ესენი უარით გაისტუმრეს და უთხრეს, შევიკრიბებით და უმრავლესობა გადაწყვეტს ვინ შემოვა აქ და ვინ –  არა“. ამავე შეკრებაზე შეფიცულმა ირაკლი იოსელიანმა განაცხადა: „როცა ჩვენ ხაიშში დავდეთ ფიცი, ზუსტად იგივე მანქანა ამუშავდა, იგივე პირები, იფარში რატომღაც სოზარ სუბარი არ ასულა, ჩვენთან ამოვიდა, ვიქტორ ჯაფარიძესთან და სხვებთან ერთად -ეს არ არის სიმართლე რომელსაც ვერ გავექცევით“. „პროგრესნიუსი“ დაუკავშირდა სოზარ სუბარსაც, რომელმაც, როგორც კი მოისმინა ჩვენი შეკითხვა, ტელეფონი გათიშა და არც ჩვენს ზარებს და არც სმს შეტყობინებენს აღარ უპასუხა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტი სახეზეა – სვანეთში ოქროს წარმოებას, მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„პროგრესნიუსი“ აგრძელებს თემას და ამჯერად გთავაზობთ, არასამთავრობო ორგანიზაციის – „მწვანე ალტერნატივა“ – დირექტორის, ნინო გუჯარაიძის მოსაზრებას, სვანეთში ოქროს მოპოვებასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნინო გუჯარაიძემ დაასახელა თანამდებობის ის პირები, ვინც ჩინურ კომპანიას „ოპტიკალ სერვისი“ სვანეთში ოქროს მოპოვების ლიცენზია მისცა ყოველგვარი კვლევისა თუ საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარეშე.

მაშ ასე: სვანეთის მოსახლეობა ასახელებს თანამდებობის პირებს, ვისაც პირადი ინტერესები აქვთ ოქროს მოპოვებაში და რომელთა გვარები, კომენტარებიც (თუკი ამას კომენტარი შეიძლება ვუწოდოთ) ზემოთ წაიკითხეთ. ნინო გუჯარაიძე ასახელებს იმ თანამდებობის პირებს, ვინც ჩინურ კომპანიას სვანეთისკენ გზა გაუკვალეს, ესენი არიან: 2006 წელს ლიცენზიას ხელს აწერს გიორგი პაპუაშვილი, 2016 წელს გიგლა აგულაშვილი.

ნინო გუჯარაიძე:

„ქვიშრობული ოქროს მოპოვება საქართველოში ჯერჯერობით არსად არ მომხდარა და სვანეთის მაგალითი არის პირველი შემთხვევა.  ეს ტექნოლოგია  ჩინეთში განვითარდა, ალბათ ნიშანდობლივია, რომ კომპანია, რომელიც დღეს ცდილობს სვანეთში ოქროს მოპოვება დაიწყოს ქვიშობრივი წესით, არის ჩინური კომპანია.

გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთში დღეს ამ ტიპის მოპოვება აკრძალულია! აღმოჩნდა, რომ ოქროს ამ წესით მოპოვებამ, ჩინეთს ძალიან დიდი პრობლემა გაუჩნდა – დაიკარგა მდინარეები, გაქრა ჭარბტენიანი ტერიტორიები, დაკარგეს დიდი ტყის მასივები, ამიტომ ჩინეთის მთავრობამ, მიიღო გადაწყვეტილბა და ოქროს ქვიშობული მოპოვების ტექნოლოგია აკრძალა.

შედეგად მივიღეთ, ის, რომ ამ კუთხით დაგროვილი ცოდნა, ტექნოლოგია, გავიდა გარეთ. პირველ რიგში ამ პროცესში მოექცა მონღოლეთი და მონღოლეთიდან უკვე რუსეთში გადავიდა. მონღოლეთში მოხდა იგივე, რაც ჩინეთში, იმდენად მასშტაბური იყო ზემოქმედება, რომ მონღოლეთში 2011 წელს, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,  ქვეყანაში აკრძალულიყო ამ ტიპის ოქროს მოპოვება.

რუსეთში დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც საქართველოში. იქ გამოაცხადეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაძლეულ იქნას სიღარიბე და ხელი უნდა შეუწყონ ოქროს ამ ტიპის მოპოვებას, ამიტომ რუსეთში საკმაოდ ფართოდ არის განვითერბული.

ჩინური კომპანიის – „ოპტიკალ სერვისი“ –  მიერ 2017 წელს გავრცელებული ვიდეოკლიპის მიხედვით, ხდება მიწის დიდი მასის მოჭრა, დამსხვრევა, შემდეგ გარეცხვა და ოქროს ამოღება. კომპანია ამბობს, ამოვიღებ ოქროს და მოჭრილი მიწის მასას დავაბრუნებ იქ, საიდანაც ამოვიღებ და ამით არაფერი დაშავდება.

ყოველგვარი მეცნიერული განათლების გარეშე იცის ყველამ – გამორეცხილ ნიადაგში არაფერი ცოცხალი არ რჩება, ხოლო ადგილზე დაბრუნებით ის ვერასდროს აღდგება, მითუმეტეს, ჩინეთის და მონღოლეთის გამოცდილება წინ გვიდევს.

კომპანია ამბობდა, რომ იქ ციანიდი არ გამოუყენებიათ, როცა მარაგების მოსაძიებლად სვანეთში სამუშაოები ჩაატარეს. არსებობს გარკვეული დოკუმენტაცია, რომლითაც კომპანია ცდილობდა მარაგების განმტკიცებას, სადაც წერია, რომ ოქროს მადანი არის სხვადასხვა ზომის, ზოგან შეიძლება იყოს დიდი ნაწილები, რომელსაც გრავიტაციული მეთოდით ამოკრეფენ, ზოგან შეიძლება იყოს ფენები, რომლის ამოკრეფა მარტივად ვერ მოხდება, ამ შემთხვევაში დოკუმენტებში წერია, მოხდება გამამდიდრებელ ფაბრიკაში გადატანა და იქ დამუშავება. საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი გამამდიდრებელი ფაბრიკა არის მხოლოდ ბოლნისში და ის არის სხვა კომპანიის კუთვნილება. ძნელად წარმომიდგენია, რომ სვანეთიდან ბოლნისში მოხდება უზარმაზარი მასების გადატანა, რათა მოხდეს ოქროს  გამდიდრება. მითუმეტეს, სხვა კომპანია კონკურენტს არასდროს მისცემს თავის მადანს. უნდა ვივარაუდოთ რომ გეგმაშია აშენდეს ახალი გამამდიდრებელი ქარხანა.

ასეთი ტიპით მოპოვებული მასიდან გამოტუმბვა ციანიდის ხსნარის დაპკურებით ხდება და ამის შემდეგ ხდება  ოქროს ამოკრეფვა მასებიდან. ჯერჯერობით გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის ნებართვა არ არსებობს და კომპანიას არასად განუცხადებია მშენებლობის გეგმების შესახებ, ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს პროცესი, რომლითაც კომპანია ცდილობენ იელში ააშენოს სამსახვრევი ქარხანა, სადაც მოჭრილი მასების დასამსხვრევად და გასარეცხად იქნება პირობები. ჯერჯერობით განცხადების განხილვა მეორე ეტაპზეა, არ არის ჩატარებული გარემოსზემოქმედებითი სამუშაოები, შესაბამისად, არც დასკვნა არსებობს, ველოდებით რომ ამ დოკუმენტის საჯარო განხილვა მოხდეს, სხვაგვარად სამინისტრო უბრალოდ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ ციანიდი. რათქმა უნდა, ციანიდის გამოყენებაში ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავთ, მაგრამ მოპოვება, ცალკე, დამუშავების გარეშე, პრობლემაა, ვინაიდან განსაკუთრებით დიდი მასების მოჭრა ხდება. შესწავლითი სამუშაოებისათვის კვლევის დროს, მოიჭრა მიწის მასები და ვნახეთ როგორაა განადგურებული ტერიტორია, ეს იყო მხოლოდ კვლევისთვის და როცა სამუშაოები დაიწყება ასჯერ მეტს უნდა ველოდოთ.

ეს არის უბრალოდ იმისთვის რომ ენახათ ღირს თუ არა მოპოვება, მაგრამ თუ ინტენსიურად დაიწყება სამუშაოები მასშტაბები იქნება ძალიან დიდი.

ჩვენ ვდგავართ ეკოლოგიური კატასტროფის წინ. ამჯერად მხოლოდ იელზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მარაგები ჯერჯერობით იქ არის დამტკიცებული – ლიცენზიას ვადა აქვს 2021 წლამდე და ეს პერიოდი სრულად შეუძლია კომპანიას გამოიყენოს იმისთვის, რომ სხვაგანაც,  390 კვადრატულ კილომეტრზე, ნებისმიერ ადგილზე, სადაც ჩათვლის, რომ შესწავლა სრულფასოვნადაა ჩატარებული, მოითხოვოს მოპოვების უფლება. ამიტომ პრობლემა არის გაცილებით მასშტაბური, ეს არ არის ერთი სოფლის პრობლემა.

გარდა მოპოვებისა, შეიძლება კონტრარგუმენტად ისიც მოისმინოთ, რომ 390 კვადრატული კილომეტრი არის გეოლოგიური მინაკუთვნი, მაგრამ ჯერჯერობით ყველგან, მოპოვების უფლება არა აქვთ. აქ გასათვალისწინებელი ის, რომ  ეს მიწა არის კომპანიაზე დამაგრებული. ეს არ არის აბსოლუტური საკუთრება, მაგრამ ნებისმიერი მშენებლობისთვის, მიწის დამუშავებისთვის, ადგილობრივ მოსახლეობას აუცილებლად სჭირდება კომპანიის თანხმობა. კომპანიის თანხმობის გარეშე ვერავინ ააშენებს იქ ხუხულასაც კი, ეს უფლება კომპანიას ლიცენზიასთან ერთად აქვს მოპოვებული და ლიცენზიის მოქმედების ბოლომდე ამ უფლებით ისარგებლებს. ამიტომ კომპანიას, ყოველთვის უჭირავს სპეკულაციური პოზიცია  – აი, შენ არ მომცემ მოპოვების საშუალებას? მე არ მოგცემ, ვთქვათ, მშენებლობის უფლებას.

გარდა მასების მოჭრისა და მიწის გამოფიტვისა, კიდევ ერთი პრობლემა, რაც ახლავს ქვიშობულ ოქროს მოპოვებას, არის მდინარეების გაქრობა. ასეთი ტიპის მოპოვებები ძირითადად მდინარეში მიმდინარეობს, ხდება მდინარის კალაპოტის შეცვლა. გადააგდებენ მდინარეს იმისათვის, რომ კალაპოტი გათავისუფლდეს, იქ მოიპოვებენ, სამუშაოს რომ დაასრულებენ, ხდება მდინარის გადმოგდება.

ამ მხრივ, ჩინეთის და მონღოლეთის მაგალითი არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, ვიფიქროთ რა ბედი ელის ჩვენს მდინარეებს –  ვიდრე მდინარეს უკან აბრუნებდნენ, მდინარე სხვა გზას პოულობდა, ან საერთოდ იკარგებოდა. აბსოლუტურად იცვლებოდა ეკოსისტემა. მდინარეების გარეშე დარჩენას მოჰყვა ცოცხალი არსებების გაქრობა.

საფრთხეები არის მრავალი. როდესაც ლიცენზია გაიყიდა, ამ დროისათვის, სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ ითხოვდა საზოგადოების მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი კონვენციაზე, რომელიც საქართველოში 2001 წლიდან მოქმედებს და ეს კონვენცია მკაცრად ითხოვს მსგავს პროცესებში საზოგადოების მონაწილეობას. რაც არ შესრულდა და პრობლემა იქნება ყოველთვის, ვიდრე საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ მოხდება, არ აგვიხსნიან რეალურად რა იგეგმება, რა შედეგები ექნება კონკრეტულ საქმიანობას.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თეორიით, ვიცით რომ რისკები არის, მაგრამ არსებობს სხვა რისკები, რაც არ ვიცით და არ გვითხრეს, საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს ყველა დეტალი, უნდა ვიცოდეთ როგორ ავირიდოთ ეს რისკები, შეიძლება თუ არა ასეთი საქმიანობის განხორციელება, თუკი ეს რისკები არსებობს, ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთი ერთიანები ხართ და მოითხოვთ ამ პროცესში იყოთ ჩართული. თქვენ გადაწყვიტოთ თქვენი სამოსახლო ტერიტორიის ბედი, თქვენი გარემოს დაცვა, არის თქვენი უფლება.

შეიძლება თუ არა ლიცენზიის გაუქმება? ლიცენზიის გაუქმება შესაძლებელია  სასამართლოში გასაჩივრებით, ზუსტად იმ საფუძველზე რომელზედაც ვთქვი – საერთაშორისო კონვენცია ითხოვს ასეთ პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობას, რაც არ მომხდარა. ამ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობას, რომელზედაც უშუალო ზემოქმედებას ახდენს ეს საქმიანობა, შეუძლია სასამართლოში წასვლა. სასამართლო ითხოვს, რომ მომჩივანი იყოს ადამიანი, რომელიც უშუალოდ ზემოქმედების ქვეშ არის,  ზიანი უნდა დასტურდებოდეს.

2005 წელს გაიცა ლიცენზია, ეს იყო შესწავლა-მოპოვების ლიცენზია, ამ ლიცენზიის საფუძველზე კომპანიას მხოლოდ შესწავლის უფლება ჰქონდა და შემდეგ უნდა დაემტკიცებინათ მარაგი. ლიცენზიას ხელს აწერს გიორგი პაპუაშვილი, მაშინდელი მინისტრი, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. მარაგები დამტკიცდა 2016 წელს, კომისიამ იმსჯელა რომ კომპანიამ შეისწავლა ტერიტორია და იელში უნდა დაიწყოს მოპოვება, ამ შემთხვევაში ლიცენზიას ხელს აწერს გიგლა აგულაშვილი. ლიცენზია ძალაში შევიდა 2005 წელს 2021 წელს ეწურება ვადა.

რამდენი გადაიხადა ჩინურმა კომპანიამ? ლიცენზია საბჭოს წესით გაიცემოდა, მაშინ აუქციონზე არ გაყიდულა ეს ლიცენზია, ამიტომ ჩინურმა კომპანიამ თანხის მინიმალური რაოდენობა გადაიხადა.

შეიძლება თუ არა ლიცენზიის ვადის გაგრძელება? ლიცენზიის ვადის გაგრძელება არის შესაძლებელი, თუ კომპანია დაასაბუთებს, რომ მან გარკვეული, მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, ვერ ისარგებლა მისი უფლებით და მოითხოვოს ვადის გაგრძელება, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მინისტრმა“.

დაბოლოს, „პროგრესნიუსი“ გთავაზობთ ამონარიდს სვანეთში ქვიშრობული ოქროს მარაგების დამტკიცების ოქმიდან. გიგლა აგულაშვილი, როგორც მინისტრი იყო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე: „გეთანხმებით, რომ ეს თემა გახდა ძალიან სენსიტიური, ვიცი, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობა დაძაბული იყო. სოფელში თუ 20 კომლია და 150 კაცი შეიკრიბა საპროტესტოდ, ფაქტია, რომ გარკვეული ძალები სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ჩვენი მხრიდანაც იყო გარკვეული სიფრთხილე გამოჩენილი იმისთვის, რომ არ გვინდოდა საქმე დაზარალებულიყო. ამიტომ მე მაინტერესებს ტექნოლოგია, რითაც თქვენ აპირებთ მოპოვებითი სამუშაოების წარმოებას, რამდენად იქნება პროცესი გარემოსდაცვითი, ამას ვკითხულობ იმისათვის, რომ იყოს შესაძლებლობა არგუმენტებით დავიცვათ წარმოება“.

თემაზე მუშაობდნენ: დარეჯან მეფარიშვილი, მალხაზ ასანიძე

წინა პოსტი

ექთნების შრომის პირობები კაბალურია!

შემდეგი პოსტი

ისინი ამბობენ,რომ...