მთავარი»საზოგადოება»ღრმად პატივცემულო მიხეილ ნიკოლოზის ძევ, მე ემიგრანტი ვარ…

ღრმად პატივცემულო მიხეილ ნიკოლოზის ძევ, მე ემიგრანტი ვარ…

3
Shares
Pinterest Google+

დიდი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, მივმართო და კეთილი რჩევა მივცე საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

ღრმად პატივცემულო მიხეილ ნიკოლოზის ძევ,

მე ემიგრანტი ვარ. ემიგრანტები კი, მოგეხსენებათ, ორ კატეგორიად ვიყოფით – ჩვენ და ისინი.
ჩვენ ვართ უმადურები, დაუნახავები, გულღრძოები და მეწვრილმანენი. ჩვენ დროულად ვერ ჩავწვდით თქვენი მონუმენტური პოლიტიკური ფიგურის სიდიადეს, მხარი არ დაგიჭირეთ და უდროოდ ჩამოგაცილეთ ხელუსუფლებას.
ისინი არიან შორსმხედველნი, მადლიერნი, დამნახავნი და დამფასებელნი. ისინი მხარში გედგნენ ურთულესი რეფორმების გატარების დროს და არ მიგატოვეს ყარიბობის წლებშიც, სამშობლოდან განდევნილი და ნიდერნალდებში გადახვეწილი.
ჩვენ, ახალი დროის გობსეკებს, წარბიც არ შეგვირხევია თქვენს დაძახილზე მამულის გამოსახსნელად თანხის შეგროვების შესახებ.
ისინი დაფაცურდნენ, ჯიბიდან უკანაკნელი ცენტები ამოიღეს და საქვეყნო ყულაბაში ჩარიცხეს.
როდესაც თქვენ ემიგრანტებს ყველას ერთნაირად მოგვმართავთ, ეს დიდი უსამართლობაა. ჩვენ ხომ მათთან ერთად მოხსენიება არ დაგვიმსახურებია. თქვენგან წამოსული სითბო, სიყვარული და ყურადღება ერთნაირად ნამდვილად არ უნდა გადნაწილდეს ღირსეულებსა და უღირსებზე.
ამიტომ გირჩევთ, რომ მომავალში ემიგრანტებთან დაკავშირებით მიმართვის დიფერენცირებული ფორმა შეიმუშაოთ. ჩვენ, დამცირების, ზიზღისა და მიწასთან გასწორების ნიშნად, მოგვმართეთ ასე: შე ემიგრანტო, ან თქვე ემიგრანტებო. რაც შეეხება თქვენს თანამოდასეებს, განსაკუთრებული დაფასებისა და სიახლოვის ხაზგასასმელად, უპრიანია, ისინი მოიხსენიოთ ასეთი ფორმით: შე ჩემისგრანტო, ან, მრავლობითში – თქვე ჩემისგრანტებო!
ამით არა მხოლოდ შიდა აღრიცხვიანობას მოაწესრიგებთ ემიგრანტთა შორის. თქვენი გულანთებული მომხრეები კიდევ უფრო აენთებიან და ამსტერდამს თავს დააცხრება გრანტები -ევროების წვიმა და დოლარების სეტყვა. მერე ამ ფულით აღიჭურვება ქრისტეს მხედრობა, ნიაღვარივით გადაივლის ბებერ ევროპას და მიადგება სატახტო ქალაქს, რათა შემუსროს უწმინდურ დრაკონთა ორგია და იხსნას სამშობლო თვისი გეორგია. ამით აღდგება სამართლიანობა და გაგრძელდება 2003 წელს დაწყებული, მაგრამ 2013 წელს უსამართლოდ შეწყვეტილი საქართველოს ისტორია.

P.s. კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, სახელს არ ვიტყვი და ზოგიერთ სააგენტოს მივმართავ, გამივრცელეთ ეს მიმართვა. მიშა ფრენდებში არ მყავს, არა და ძალიან მინდა, წაიკითხოს ეს რჩევა. ამაზე უარესი სისულელეები დამიწერია და პოსტის გაცივებამდე მჭადივით დაგიკრავთ გახურებულ კეცზე. ამ სტატუსმა რაღა დააშავა?
თქვენი მუხლების ჭირიმე, დამეხმარეთ, აგრემც შეგეწევათ დომეინის მადლი! – წერს სოცილაურ ქსელში, კანადაში მცხოვრები ჟურნალისტი ზურა დათუაშვილი.

წინა სტატია

იქნებ მთელ მსოფლიოს აუკრძალოთ დიდების მემორიალების, უცნობი ჯარისკაცის საფლავების გვირგვინებით შემკობა?!

შემდეგი სტატია

გიორგი ოკრიბელაშვილის კითხვები მიხეილ სააკაშვილს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *