მთავარი»საზოგადოება»ღმერთო, ნეტავ ეს არ გამეგო, ლეღვის ხის ტოტზე მოხდა სამარცხვინო გაუგონარი რამ…

ღმერთო, ნეტავ ეს არ გამეგო, ლეღვის ხის ტოტზე მოხდა სამარცხვინო გაუგონარი რამ…

10
Shares
Pinterest Google+

ღმერთო, ნეტავი ეს არ გამეგო, ლეღვის ხის ტოტზე მოხდა სამარცხვინო გაუგონარი რამ, მამალს გააზმორა და ხიდან გადმოვარდა, შერცხვა, ერთი სიკვდილი გაათავა, მიიხედ მოიხედა, არავის დაუნახავს მადლობა ღმერთს დედლებს ძინავთ…
ეს ჩვენი პატარა ქალაქი მდებარეობს, აგერ ა ლიხს იქეთ, მდინარე რიონის პირას. მისი პოეტური ეპითეტია სავარდო, სამაისო. ეგერ ე ბაღის კიდეა, ასე უწოდებდნენ ოდითგან ტროტუარს, ხოლო თვით ბაღს კი ბულვარს. გაღმელი, დახავსებული ხალხი კი გულვარდს. ამ ბაღის საუკეთესო დრომ უკვე დიდიხნის წინათ განვლო. რა არ ახსოვთ ჭადრების ხეივნებს. ახსოვთ პოეტი, ახსოვთ პოეტის ეტლში შებმული სტუდენტები, სუნამოთი დანამული მარაოები, სიმფონიური და აზიური ორკესტრებიც კი ახსოვთ, ქველმოქმედებითი ლატარეები, ღარიბი ბავშვებისათვის ნაძვისხის ფულის შესაგროვებლად, ახლა ხანდახან თუ ჩაივლის ერთობ სევდიანი ქალბატონი იანგაროზა, კრასნაია მასკვათი მკრთალად დანამული ბარხატის კაბაში გამოწყობილი, მშვენიერი უდროოდ და იოლად წასული საკომისიოს დირექტორის ქვრივი. ეჰ ნათელი დაადგეს რაფიელს რა სალამი იცოდა, რა ტკბილი სიტყვა. ეგერ ე ეკლარის ქვით ნაგები სახლიდან მუდამ ჟამს გიტარის სევდიანი ხმა ისმოდა. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი უფრო მთვრალი. ანდა პირიქით. ღორები ქუჩებში სამყურას გლეჯდნენ. ღამღამობით მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ, მოკლეზე. თეატრში ბილეთებათ ლობიო გადიოდა, სიმინდი, წველა ყველი, შილერზე და შექსპირზე წველა ნახევარი. ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ, უყვარდათ სიტყვები „გრადუზი“, „გენიოზი“. სწამდათ ჭინკების, ჭიამაიების, მარჩიელების, სწამდათ რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი ასე ა წინიდან. ოქროთი სავსე თასით მთელ ქალაქს მოივლიდა კაცი უშიშრად, ურთიერთობა ადამიანებს შორის ისეთი იყო როგორიც გაჩენის პირველ დღეს. ბულვარს რომ ჩაივლით კათოლიკების ეკლესიის დაჟანგულ სახურავს დაინახავთ პირამიდალურ კვიპაროსთა შორის, ცოტა მარჯვნინ რაბინმა რომ ტროტუარზე ჩაიარა, სინაგოგა მოსჩანს, აქეთ კი გამჩენის დიდებული საჩუქარი წარმოგვიდგება მეათე საუკუნეა დგას კუთხეებ დაბლაგვული, პერანგ გახეული მონასტერი, სამკედლოვანი და თაღიანი. აქეთ შეიძლება თამარ მეფის საფლავიც იყოს.. ა? იმისდროინდელი მუხნარი ისევ შრიალებს. საცაა გათენდება. ეგერ ე თითქოს მუჭიდან დაყრილ გორაზე მყუდრო სასაფლაოა რომელზედაც ბარე ორად დამსწრე მაყურებელს ყავს მიბარებული თავისი მიცვალებული. რამდენი ადამიანი წავიდა მოუსვლელში, რამდენი ოცნება დარჩა იქ იმ გორაზე, მწუხარება სიყვარული, გაცრუებული იმედი. ეგერ ე ეიმ მთის ძირას პატარა მდინარე დაბნეული რო გამოვარდება ხოლმე ცხოვრობენ ჩვენი პოლონელები იაბლონსკები, მიცკევიჩები, ბელეცკები დიდებული, მშვენიერი გვარები. მას შემდეგ რაც მათმა დაქვეითებულმა შთამომავლობამ რილების წარმოებას მიჰყო ხელი ჩვენში ღილს ფოლაქი ეწოდა. აქეთ კი ქარში გადაგდებული რკინიგზის სადგურია.

რეზო გაბრიაძე – ჩვენი პატარა ქალაქი

წინა სტატია

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა კონფერენცია - „ენერგეტიკა და გარემო“ გაიხსნა

შემდეგი სტატია

„იაგო ნებიერიძე ჯანმრთელია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას"

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.