მთავარი»ქართული მწერლობა»ერთი სიტყვა – ორი აზრი

ერთი სიტყვა – ორი აზრი

0
Shares
Pinterest Google+

მრავალი ხილი ხარობს ამ მხარეში, გემრიელი, არომატული, სურნელოვანი და შესახედათაც სასიამოვნო. აი კაკლის ხეს უჭირს. ვერადავერ შეეგუა დასავლეთის ნესტსა და ამინდებს. თითონ ხე კი იზრდება და საკმაოდ ტანადიც, მაგრამ თუ კი ნაყოფს მცირეს ისხამს და ისიც უგემურია? მაშინ აღარ დარგავ და ის იქნება! აქ ეს ყველამ თუ არა, ვისაც აინტერესებს ეს საკითხი მან იცის. მაგრამ ადამიანი რის ადამიანია თავისი რომ არ გაიტანოს? ჰო, და დაახლოებით ასი წლის წინათ კასიანეს ბაბუას დაურგავს ერთი კი არა, რამოდენიმე ნერგი. მერე იმათგან საუკეთესო სამი დაუტოვებია. ნიშანი ორ მათგანს დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიუცია. შემდგომ ის ერთმანეთზე დაემყნო და იმ ნამყენმა რომ გაიხარა და ნიშანიც მისცა, კახეთს გაემგზავრა, ნერგი თითონ შეურჩევია და მერე თავის გამოყვანილსაც დაამყნო და ახლა აქაურ ჰავასთან შეხმატკბილებული, კასიანეს და ვალერიანის ეზოს ზედ საღვარზე ამაყად და თავმომწონედ იდგა, რადგან უგემრიელეს ნაყოფს იძლეოდა და ბლომადაც, ტანადს ფესვებიც ღრმად გაედგა და, მართალია ვალერიანის ეზოში, მაგრამ უზარმაზარ ჩრდილსაც ჰქმნიდა.

შეუძლებელია ამგვარი მონაცემების ხეს, თანაც ამ მხარეში თავმომწონეობის ნაკლებობა ჰქონოდა. კი! უნდა გენახათ როგორ იდგა! კასიანე სამოცდაათ წელს გადაცილებული მშვიდი და ავ-კარგიანი კაცი გახლდათ, თუ მეტად დავაზუსტებთ- კეთილი. ვალერიანი ხშირად გახედავდა კაკლის ხეს და თავისთვის ჩაილაპარაკებდა:

-რამხელაა აი შობელძაღლი! კაკლის ხესთან ამგვარ დამოკიდებულებას ამ ხის ჩრდილი იწვევდა, რომელიც ზაფხულობით ვალერიანის ეზოს თითქმის მეხუთედს იკავებდა. არ უნდოდა ვალერიანს სხვისი ხის ჩრდილი თავის ეზოში. ჰო, ასეა კაცი. ერთხელ შესჩივლა კიდევაც კასიანეს  – მიჩრდილავს ეზოს-ო.

-ვალერიან, რა ვქნა შენს აქეთ ვცხოვრობ. ჩემს ეზოშიც კია ბიჭიკოს ხეების ჩრდილი მარა რა ამით? მერე კიდო აი ნიგოზი სანამ შენ აქანე დასახლდებოდი, მანამდია დარგული და ბაბუაჩემის რამდენი წლის ნაწვალებია მაგიც ქე იცი.რაფერც დგას ასე იდგება აი ხეი და ნუ გწყინს შენ მაი ამბავი.

-მალე გახმება მაი!

-რეიზა, კაცო, რეიზა უნდა გახმეს საღი ხეი?

-იმიზა რომე ვერ ძლებენ ჩვენთან, მაგიზა! ჯერ ნაყოფს მუუკლებს და მერე გახმება თლათ! ასე იქნება აი მე რომ ვთქვი! -კაი თქვი რაცხა, ვალერიან ,,გახმება გახმება,, რომ დაგიჩემებია! ჩრდილიზა ხეებს რგავენ და შენ ახმოფ?!

-მასე იქნება, მაი მასე! – თქვა და წავიდა. იწყინა კასიანემ კაცის ასეთი უგულობა. ოდის წინ სამფეხა ჯორკოზე ჩამოჯდა ჩაფიქრებული. ამ დროს მეზობელთან გადასული პელაგია, კასიანეს ცოლიც დაბრუნდა და ქმარს რომ უგუნებობა შეატყო, რა თქმა უნდა მიზეზი ჰკითხა. კასიანემ ასე უპასუხა: -უგულობა, პელაგია, კაცის უგულობაა მიზეზი.

-ჰოჰ! ახალი ამბავი! სხვაი მითხარი რაცხა! დაბერდი კაცი და მაი გაკვირვებს? მოი, მოი, კატუშამ ჭყინტი ყველი მომცა, ჭადს გამოუაცხოფ და წევიხემსოთ. ჰო! და იცოდე! სამ ჭიქაზე მეტი არ დალიო! -არც იი სამი ჭიქა არ მინდა…

-კაი, მაშინ მე დამისხი ერი რონკა ჭაჭა. ცოტაც და შემოდგომა მიიწურა. ზამთარმა ბუხრები და ღუმელები ააგიზგიზა. ამ ასაკის ხალხი პელაგია და კასიანე რომ იყვნენ, ასეთ ზამთარში აქ რომ ხშირად იცის, იშვიათად თუ გამოდიან სახლიდან, მხოლოდ აუცელებელ საქმეზე. და თუ მაინცადამაინც ამის საჭიროება არ არის, უსხედან ბუხრებს ან ღუმელებს და იხსენებენ ძველ ამბებს და თუ ამ უამინდობაში სტუმარს მისვლა არ დაეზარება, პატარა სუფრაც იშლება და გაყავთ ზამთარიც და ცხოვრებაც. გადააგორეს ეს ზამთარიც კასიანემ და პელაგიამ. გაზაფხულზე აპოლონი გარდაიცვალა. პატივით დაკრძალეს, კარგი კაცი იყო და იმიტომ. მერე კასიანემ ვაზი გასხლა, ,,ადესა,, რა თქმა უნდა. ხეხილიც შეალამაზა, მიბარა, მობარა, და პელაგიამ რაღაცაები დათესა. მალევე სიმწვანემაც გამოყო თავი და უფრო მძალვრად დასჭექეს შაშვებმა და სხვა მგალობლებმა. კასიანე ეზოში იყო გასული. პელაგია შემონახული ,,ტკბილით,, ფელამუშს ადუღებდა.

-პელაგია! – ისეთი ხმით დაიძახა კასიანემ პელაგია შეკრთა. ეზოში გავარდა:

-რა იყო, კასიანე?!

-მოი აგერ, პელაგია! მიირბინა პელაგიამ.

-შეხედე! – კასიანემ კაკლის ხისკენ მიუთითა.

-შევხედე, რა იყო მერე?

-კვირტები! -რა, კვირტები? – ვერ მიმხვდარიყო პელაგია. -სადაა კვირტები?!

– სახე შეშლოდა კასიანეს. დაიბნა პელაგია. კაკლის ხეზე კვირტები მართლაც არსად სჩანდა.

-გამუუვა…იგვიანებს…ალბათ… – წარმოსთქვა საფიქრალს მიცემულმა.

-აღარ გამუუვა, პელაგია ამას კვირტები, აღარ! -რეიზა ვითომ? -ძირში შეხედე, პელაგია, ამ საცოდავს. -რაია აი, კასიანე? – გაოცდა ქალი. კაკლის ხის ქვეშ მიწა სულმთლად გაშავებულიყო და ბალახი ამომწვარიყო.

-აი რაია და გლახა კაცის ნამოქმედარია, პელაგია. თურმე მთელი ზამთარი მაზუთს უსხამდა.

-ვალერიან!!! – იკივლა პელაგიამ.

-სუ, ქალო! შედი სახლში! ჩქარა! მე ვეტყვი სათქმელს! ცოლს კასიანეც უკან გაჰყვა.

-აბა, ,,მე ვეტყვი,,-ო?!

-ვეტყვი ამის დროი რომ მუა, არ მინდა ამ ცხელ გულზე…არ ივარგებს…შედი სახლში. ჩუმად ისხდნენ…დიდხანს…მერე ვითომ ივახშმეს და ჩაწვნენ. მეორე დღეს კასიანემ – სუფრა გააწყვე ნაშუადღევისთვისო – დაუბარა პელაგიას და ეზოდან გადავიდა.

-ყველა კაი მეზობლები ხართ ვინც აქანა ხართ, კაი ხანია ასე ერთად არ დავმჯდარვართ.

-ისე ხომ მშვიდობაა, კასიანე? ვინმე ხომ არ კვტებით თუ იცი? – იხუმრა მელიტონმა.

-მელიტონ, ჯერ არა ალბათ, მარა გული კი მაქ ისე მკტარი

-რეიზა, კასიანე, რეიზა?

-კაცის სიავემ მომიკლა გული, მეზობლებო.

-რომელი იყო მაი და რა ქნა? – იკითხა პლატონმა.

-რომელი და აი აგერ – საუბარში ჩართვა სცადა პელაგიამ.

-სუ, პელაგია! – მკაცრად გააწყვეტინა კასიანემ – არ შეიძლება მაგის თქმა!..სირცხვილია…

-რა მოხთა ამისანა, კასიანე, გვითხარი – თქვა გაბომ.

-არა! ვერ ვიტყვი მაგას!

-შე კაცო, თუ დეიწყე დაამთავრე კიდევაც! -ჰო, კასიანე, ვინაა ჩვენში არვარგი არ უნდა ვიცოდეთ? – ეს იაკინთემ თქვა.

კასიანე დუმდა. თავჩაღუნული იდგა. არავინ ხმას არ იღებდა. მერე კასიანემ თეთრი ნაჭერი ამოიღო ჯიბიდან და თვალებზე მიიდო რამოდენიმეჯერ.

– ჰო, კაი! ჩვენ გაგვიმარჯოს, კაი მეზობლებს! – და სასმისი დაცალა. მთელი საღამო იქეიფეს, იმღერეს, ცისა და ქვეყნის ამბებს მოყვნენ, ძველი გაიხსენეს, აი ახალს კი არ შეხებიან კასიანეს ხათრით. მეორე დილით კივილმა შესძრა სამეზობლო. ეს პელაგიამ შეიცხადა კასიანე, დილით რომ ადრე ამდგარიყო, ეზო რომ შემოევლო, სათითაოდ ყველა ხესთან მისულიყო და ისევ დაწოლილიყო. მიიცვალა წინადღით გულმკვდარი კასიანე. პელაგიამ მიუხედავად მრავალი მცდელობისა ამა თუ იმ მხრიდან, არ გასცა კაკლის ხის ამბავი. ვალერიანი გასვენებაში არ მისულა, მოიმიზეზა – სოფელში ბადიში მყავს ავათო – და წასულა. როდესაც ვალერიანი დაბრუნდა პელაგიამ თავისთან დაიბარა. ვალერიანი თვალებს ვერ უსწორებდა პელაგიას. (მაინც კარგია). ოდის წინ იმ სამფეხა სკამზე დასვა კასიანე რომ ჯდებოდა: – ვალერიან, მაგდენს კი ვხთები კასიანეს სიკვტილი რომ არ გინდოდა, მარა მე ჩემი რაფერ მტკივა ხომ იცი? -…კი.. -ჰო, და თუ არ გინდა მაი ამბავი ვინმემ გეიგოს რასაც გეტყვი იმას იზამ! მეორე დღეს ვალერიანმა თავისი ხელით მოჭრა კასიანეს კაკლის ხე. მთელი ზაფხული აშრობდა. მერე დაჭრა, ფიცრებათ დახერხა და თავისივე ხელით თავისთვის კუბო დაიმზადა. ეს იყო პელაგიას მოთხოვნა, ასე დასაჯა ვალერიანი, რადგან ფიქრობდა, რომ სიკვდილის შიში ყველას აქვს, ვალერიანს კი ყოველი დღის უნდა ეშინოდესო! ვერაფერს ვიტყვი ამ მოსაზრების მართებულობის შესახებ, მაგრამ უნდა ითქვას ვალერიანის ნახელავი დიდხანს არ ყოფილა ცარიელი… ერთი სიტყვა და ორი აზრი: ჩრდილი – ეზოს მოცილებული და კაცის სახელს აცილებული…

მერაბ ჩხაიძე

წინა სტატია

საცოდავი დედაჩემი - თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული... - რევაზ ინანიშვილი დედაზე

შემდეგი სტატია

ლევან კალანდარიშვილი – იტალიელი არქიტექტორების თავგადასავალი თბილისში

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *