მთავარი»პოლიტიკა»დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის, ვინც ქვას ისვრის, თუ ის, ვინც ამისკენ უბიძგებს?

დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის, ვინც ქვას ისვრის, თუ ის, ვინც ამისკენ უბიძგებს?

8
გაზიარებები
Pinterest Google+

„დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის, ვინც ქვას ისვრის, თუ ის ვინც ამისკენ უბიძგებს? აი, ამის გარკვევა უფრო მნიშვნელოვანია – ასე ეხმაურება „პროგრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე პასნკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. ექსპერტის აზრით, მომხდარში დანაშაული ორივე მხარეს მიუძღვის და პასუხისმგებლობაც ორივე მხარემ უნდა გაინაწილოს:

_ სამწუხაროდ, სახელმწიფომ  ძველი გამოცდილება არ გაითვალისწინა და „ცარიელ ადგილზე“  კონფლიქტი შექმნა. არ გაითვალისწინეს, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური რეგიონი და იქ სხვაგვარი მოქცევა არის საჭირო. საერთოდ, არა მარტო იქ, არამედ, ყველგან, სადაც საზოგადოება კონსოლიდირებულია თემის გარშემო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ აჩქარება სწორი არ იქნება. ჩვენ კი არ უნდა ჩავაქროთ ან გავაღვივოთ  ხანძარი, ჩვენ ხანრის პირობების ლიკვიდაცია უნდა მოვახდინოთ. უნდა მოვძებნოთ მიზეზი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. დასასჯელი ის კი არაა, ვინც ქვას ისროდა, დასასჯელი ისაა, ვინც პროვოკაცია მოაწყო და სხვათა შორის, ორივე მხრიდან. ამ რეგიონში, ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტას ვერ ან არ ახერხებენ ადგილობრივი ხელისუფალნი.
_ კონკრეტულად, რა სახის პრობლემებს გულისხმობთ?
_ ეს არის ინფრასტრუქტურული საკითხები, ეს არის წყლის პრობლემა, რომელიც მაგალითად, პანკისის ხეობას აწუხებს და ბევრი სხვა. ხალხს დაუჯერებდა ხელისუფლების დაპირებებს, რომლებსაც ამ ჰესის აშენების პროცესში ისმენდა ინფრასტრიქტურული პროექტების, დასაქმების მიმართულებით და ა.შ. ხელისუფლევამ ხალხი უნდა შეაჩვიოს პირობის შესრულებას. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ჩვენს მეზობელს, ზოგიერთ პოლიტიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს პანკისში არეულობა აწყობს და ამაზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამის შანსი მოვუსპოთ. ამისთვის ყოველდღიური მუშაობა და მცოდნე ადამიანებია საჭირო,  რომლებიც იცნობენ რეგიონის მოსახლეობის მენტალიტეტს და რომლებმაც კარგად იციან რა უნდა გააკეთონ. რასაკვირველია, ჰესები უნდა აშენდეს იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მომხმარებელთა რიცხვი იზრდება და ყველაფერ ამას ელექტროენერგია ჭირდება, მაგრამ პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს მოსახლეობასთან მუშაობა.
_ მთავრობაში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა მოხდა და მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა არ ჰქონიათ..
_ დიახ, ახლა ამბობენ, რომ შეხვედრები და კონსულტაციები ჩატარდა და საზოგადოებრივი აზრი შეისწავლეს. დიახ, მართლა ასე იყო, მაგრამ ეს შეხვედრები ჩატარდა ცალკეულ ჯგუფებთან, რომლებიც დიდად  არც არიან წინააღმდეგი ჰესების მშენებლობის. მოკლედ, ესეც სანახევროდ და არასერიოზულად გაკეთდა. ხეობის მაცხოვრებლებლების ერთი ნაწილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, თუმცა იქ რამდენიმე მარგინალური პიროვნება შევამჩნიე, რომელიც კონკრეტული რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი გახლავთ და ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებს. ასეთ პიროვნებებს ჰესის აშენებაც და სახელმწიფოებრიობაც ბოდიში და ფეხებზე კიდიათ. ასეთი ტიპის ჯგუფებთან კიდევ ცალკეა მუშაობა საჭირო. თუ სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი დაკავებაა აუცილებელი, უნდა დააკავონ, მაგრამ ყველაფერ ამას ჭირდება მცოდნე ხალხის სერიოზული მუშაობა. მხოლოდ იმ მეთოდით, როგორც დღეს მუშაობს ხელისუფლება შედეგი არ იქნება და მივიღებთ იმას, რაც გვაქვს.
_ სახელმწიფოს „ბეწვის ხიდზე“ გავლა მოუწევს, რომ არც სიტუაცია გაამწვავოს და პოლიციელებზე თავდამსხმელებიც დასაჯოს.
_ რასაკვირველია, ამას ყველაფერს  სხვანაირი მუშაობა ჭირდება.
პოლიციელისთვის ხელის ხლება და ქვის სროლა არაფრით შეიძლება. არ შეიძლება, რომ პოლიციელები გალახულები იყვნენ და ეს ვინმეს შერჩეს,მაგრამ არის სიტუაცია, როცა სხვა რამეზეც უნდა იფიქრო. დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის, ვინც ქვას ისვრის, თუ ის, ვინც ამისკენ უბიძგებს? ამაშია საქმე და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ვინც ეს დაუშვა, ორივე მხრიდან უნდა დაისაჯოს. ციხეში ჩასმაში არ არის საქმე, დასჯის მრავალი ფორმა არსებობს..

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

ბათუმში ამერიკულ სამხედრო გემს რუსული საპატრულო და სადაზვერვო გემები აედევნენ

შემდეგი პოსტი

ნოტრ-დამი შესაძლოა წვიმამ ჩამოანგრიოს