მთავარი»ქართული მწერლობა»ბოლო ნამუშევარი

ბოლო ნამუშევარი

0
Shares
Pinterest Google+

სამზარეულოში მაგიდას უჯდა და კაკალს ენერგიულად ამტვრევდა. დედის ოთახიდან ხმაური შემოესმა. კაკლის გასინჯვის მოლოდინში იქვე მდგომ შვილს მიმართა:

– აკო, ნახე ბებო რას შვება.

– რა უნდა ქნას, დე, ბებო ხომ ვერ დგება?!

– მიდი მეთქი, ნახე! აკო ბუზღუნით გავიდა სამზარეულოდან. ცოტა ხანში:

– დეე, დეე! მოდიიი! ფაცო სწრაფად შევიდა დედის ოთახში. დიდი ხნის მწოლიარე დედა უკვე თვეზე მეტი იყო, რაც მხოლოდ თავის სამყაროსთან ურთიერთობდა. ახლა ეს ურთიერთობა ფაცოს მეტად საინტერესოდ მოეჩვენა. მოხუცს მარჯვენა ხელში თითქოს ფუნჯი უჭირავსო და წინ მოლბერტი უდგასო, დროდადრო თვალს ჭუტავდა და წარმოსახვაში შედევრს ჰქმნიდა. დიახ შედევრს, რადგან მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ მუზეუმს ამშვენებდა და არაერთ კერძო კოლექციონერსაც ჰქონდა შეძენილი.

– აკო, კამერა! ჩქარა!

– რა კამერა, დე?

– დაიბნა ბიჭუნა.

– ვიდეო, ვიდეო, ჩქარა! აკომ ვიდეო კამერა შემოარბენინა. ფაცომ კამერა ჩართო. მხატვარი ფუნჯს ოსტატურად ხმარობდა. მის წინ დიდი ზომის ტილო უნდა ყოფილიყო. ფაცო იღებდა.

– აბა, გვითხარი რას ხატავ?

– ჰკითხა ოპერატორმა. მხატვარი არაფერს პასუხობდა, არც გაუგია ფაცოს შეკითხვა. ფაცო კი იღებდა დიდი მხატვრის მუშაობის უჩვეულო პროცესს. მხატვარი გაღიმებული სვამდა ფერებს ტილოზე. ორ სამჯერ ისევ მოჭუტა თვალები და მეტადაც გაიღიმა. მოწონდა! მერე ტილოს ზევით, მარჯვენა კუთხეს გახედა, ფუნჯი საღებავში ამოავლო და იქით, იმ კუთხისკენ გასწია. ვერ მისწვდა, წამოიწია და… ფუნჯი ხელიდან დავუარდა… მერე ხელიც… ფაცო გადაღებას განაგრძობდა. დიდი მხატვარი გაუნძრევლად იწვა. ოპერატორი მიუახლოვდა და ახლა სახეს იღებდა. მერე მსხვილ კადრზე გადავიდა და როდესაც კამერაში მხოლოდ უსიცოცხლო თვალები გამოჩნდა, ფაცომ მარჯვენა ხელი გაინთავისუფლა და თვალებზე დააფარა. ბოლო კადრმა გენიალური მხატვრის მშვიდი სახე აღბეჭდა. ფაცომ კამერიდან კასეტა ამოიღო და კარადის თაროზე სიღრმეში დადო და:

– ალო… ბესო, დედა აღარ არის. მერე ოთახიდან სამზარეულოში გავიდა. აკოს კაკალი ეჭირა ხელში.

– დე, ვჭამო?

– ჭამე.

– დე, ბებო აღარ არის?

– ჰო, ასეა. დაახლოებით ერთი წლის თავზე, ფაცოს დიდი მხატვრის ბოლო ,,ნამუშევარში’’ გაცილებით მეტი გადაუხადეს, ვიდრე თავის დროზე თავად მხატვარს საუკეთესო ნახატში… როდესაც წასვლის წინ უცხოელმა მყიდველმა კასეტა ჩანთაში სათუთად ჩადო, წამით ჩაფიქრდა, მერე ყურის ბიბილოს ორი თითით შეეხო და ფაცოს მიმართა:

– ეს მასალა გაცილებით მეტს ამბობს არა მხოლოდ გენიალურ მხატვარზე, არამედ ზოგადად ადამიანზე… როგორ მოახერხეთ? ალბათ გაგიჭირდათ? ფაცომაც გაუღიმა:

– არა, არა, რას ამბობთ? მე ხომ სწორედ გენიალური მხატვრის უკანასკნელ ნამუშევარს ვიღებდი!

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა… თქვენ გენიალური დედა გყავდათ!

მერაბ ჩხაიძე

წინა სტატია

ქართველი ბერი, რომელიც ებრაული ოჯახის გადასარჩენად გაზის კამერაში შევიდა...

შემდეგი სტატია

რა იყო სინამდვილეში მათი კავშირი - ულამაზესი წყვილის ტრაგიკული სიყვარული

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.