მთავარი»Slider»„აზიელი მიგრანტების მასიურად შემოდინებას სამშენებლო ბიზნესი ლობირებს“ – ზვიად ტომარაძე

„აზიელი მიგრანტების მასიურად შემოდინებას სამშენებლო ბიზნესი ლობირებს“ – ზვიად ტომარაძე

20
გაზიარებები
Pinterest Google+

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჩავეტავდი საზღვარს და არ შემოვუშვებდი არც ერთ ირანის მოქალაქეს საქართველოში… იმიტომრომ საფრთხეა ეს ქვეყანა დღეს – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც

თავისი საპრეზიდენტო ვადის უკანასკნელ თვეებში რეკორდული რაოდენობის თურქეთის მოქალაქეს გამარტივებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივაზე და 
ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე „პროგრესნიუსს“ ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო”- ლიდერ

ზვიად ტომარაძე ესაუბრა:

_ დავიწყოთ იმით, რომ სწორედ სააკაშვილის დროს მოხდა საზღვრების მოღიავება.  2006 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა კანონი: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”, რომლის ძალითაც, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ უვიზოდ შემოსვლა და დარჩენა. 2009 წელს კი ვადა 360 დღემდე გაიზარდა. შედეგად მივიღეთ ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმი 118 ქვეყნის მიმართ. უვიზოდ შემოსვლა და 360 დღით დარჩენა შეეძლოთ მათ შორის ისეთი სახელმწიფოების მოქალაქებს, როგორიცაა: ბაჰრეინი, ანტიგუა და ბარბუდა, ტრინიდადი და ტობაგო, ბოსტვანა, მალაიზია, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაცია, ომანი, ბელიზი… საზღვრების ჩაკეტვაზე საუბარი სააკაშვილს ახლა, საარჩევნოდ, მოსახლეობის გულის მოსაგებად დასჭირდა. ესაა და ეს.  სინამდვილეში, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი, მილევად რეჟიმში მყოფი ერისთვის, რომელსაც შობადობიდან გამომდინარე,  კიდევ უფრო ცუდი პერსპექტივა აქვს, აზიური ქვეყნებიდან მიგრაციის გაზრდა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი გახლავთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ აზიის ქვეყნებში ზოგან ცუდი პოლიტიკური ვითარებაა, ზოგან ომი, ზოგან უწყლობა და  ცუდი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, თბილისი მათთვის ოაზისია, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ კარი მოვაღოთ და აზიელ მიგრანტებს აქ დამკვიდრების საშუალება მივცეთ. მიგრაციული პოლიტიკა თუ არ შეიცვალა მალე მკვიდრი მოსახლეობა საქართველოში უმცირესობაში აღმოვჩნდებით! აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა გავამკაცროთ.
_ ერთ თვეში პარლამენტში კენჭისყრაზე გავა თქვენი კანონპროექტი ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვაზე. რა მოლოდინი გაქვთ?
_ ეს კანონპროექტი ორი წლის წინ დაიწერა. მაშინ 23 კაციანი საინიციატივო ჯგუფი  შევქმენი და  35 000-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ, რომელიც პარლამენტში შევიტანეთ. კანონპროექტმა სამივე კომიტეტის განხილვა გაიარა, მაგრამ სამწუხაროდ, პარლამენტმა დრო მაქსიმალურად გაწელა და ძალიან ბევრი პეროცედურული ნორმა დაარღვია. ნაციონალური მოძრაობაც კი აღიარებს, რომ მოკლევადიანი ბინადრობის უფლება უნდა გაუქმდეს, ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა მოთხოვნა შარშანწინ, 31 აგვისტოს შეიტანა, ხოლო 17 სექტემბერს, ანუ მალევე, ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ეს თემა საარჩევნოდ ჭირდებოდა. გემახსოვრებათ, 2018 წელს გამოვიდა კახა კალაძე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრება დააანონსა.
საუბარი იყო კანონპროექტზერომლის მიხედვითბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 35 000 დოლარის ნაცვლად, 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონებას მოითხოვდნენ.
_ მიმაჩნია, რომ ამით კანონმდებლობა არ გამკაცრებულა, უბრალოდ, გაძვირდა.  35 ათას, 100 ათასი ჯობია, მაგრამ ეთნოკულტურული ბალანსის დარღვევის საფრთხეების პრობლემას ვერ მოაგვარებს. აზიელი მიგრანტები ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000$ უპრობლემოდ გადაიხდიან. რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, კანონპროექტს პარლამენტში შეხვდება წინააღმდეგობა იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებიც სამშენებლო ბიზნესში არიან. მხედველობაში მყავს ივლიანე წულაია და გოჩა ენუქიძე. სწორედ მათ წარადგინეს „გაძვირების კანონპროექტი“ რადგან  მათ ინტერესებში შედიოდა ბინადრობის უფლების 35 000-დან 10000-მდე გაძვირება. ეს იყო სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპროექტი და გულისხმობდა ერთი მხრივ იმას, რომ ახალი მიგრანტებისთვის ბინების შეთავაზება 100 000-ზე ზევით მოხდებოდა და მეორე, ვისაც აქამდე ჰქონდა შესყიდული 35 000-დან 100 000-მდე, ვალდებული იყო ბინადრობის უფლების გასაგრძელებლად, ბინები 100 000-ს ზემოთ ეყიდათ. მოკლედ, სამშენებლო კომპანიებმა ორმაგი სარგებლი ნახეს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის წინააღმდეგი იქნებიან. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი დეპუტატი დაინახავს პრობლემას და კოლეგიალობაზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებს. რაც შეეხება სააკაშვილს,  მას მშვენივრად ეხერხება მოსახლეობის განწყობებზე თამაში, მაგრამ ხალხს ასე მოკლე მეხსიერება არ აქვს და ყველას ყველაფერი ახსოვს.
_ როგორც აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის ავტორი, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს?
_ მინდა დიდი მადლობა მოვუხადო პირველ არხს და კიდევ რამდენიმე კომპანიას, რომელმაც ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ეს ბევრს არაფერს შეცვლის.  რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2012 წელს დავწერე და კობა დავითაშვილმა 2013 წელს პარლამენტში გაიტანა, პირველი მოსმენით გავიდა და მეორე მოსმენაზე ჩააგდეს.. 13 ხმა დააკლდა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ პირველსა და მეორე მოსმენას შორის, ერთთვიან ინტერვალში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ დეპუტატებს აზრი შეცვლოდათ. მაშინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ აზარტული თამაშების ბიზნესმა ზეგავლენა მოახდინა დეპუტატებზე. ზეგავლენის მოხდენა აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ თანხები ჩამოურიგეს და მოისყიდეს, მაგრამ შეიძლება დაარწმუნეს იმაში, რომ ეს ბიუჯეტს დააზარალებდა და ა.შ.
_ თუ შეიძლება, რომ პარლამენტის დეპუტატი სამშენებლო ბიზნესს ლობირებდეს, რატომ გამორიცხავთ, რომ ვიღაც სათამაშო ბიზნესსაც „კრიშავს“?
_ არ გამოვრიცხავ. 2018 წელს სათამაშო ბიზნესს 14 მილიარდი ლარის ბრუნვა ჰქონდა. როცა ბიზნესს ამხელა ბრუნვა აქვს, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ლობისტებიც ეყოლება. აქედან ზოგი წილშია და ზოგიც შემდეგ ჩაჯდება, იმიტომ, რომ ამ ბიზნესს წინააღმდეგობა არ გაუწიონ და შეზღუდვები არ დაუწესონ. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთებს სოლიდური თანხებიც გადაუხადეს, მაგრამ მთავარი მაინც ხალხის მოთხოვნა და მონდომებაა.
_ დღეს „ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ ივლისის შემდეგ ეკლესიის რეიტინგი 14%-ით შემცირდა. თქვენი აზრით, ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულმა, გამოუცხადებელმა ომმა თავისი საქმე გააკეთა?
_  2013 წელს, როდესაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე დასავლური ქვეყნების მაგალითზე კანონი დავწერე, უმრავლესობა რელიგიურ ფანატიკოსს მეძახდა, სანამ ყველაფერი წმინდა არ შეგვიგინეს… მე ხშირად მიწევდა ამ საკითხებთან დაკავშირებით, დებატებზე მისვლა და ოპონენტებს ყოველთვის ვეკითხებოდი – თუ უმცირესობებზე რაიმეს თქმაც კი დასჯადია, მაშინ  ღმერთის და სასულიერო იერარქების ლანძღვა თქმა რატომ ითვლება სიტყვის თავისუფლებად? თუმცა, ამაზე პასუხი რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ.
_ სულ ახლახან, კენტუკის სკოლამ 15 წლის გოგონა ფეისბუქში დადებული ფოტოს გამო გარიცხა, სადაც ის ცისარტყელასფერებიან მაისურშიცისარტყელასფერებიან ტორტთან პოზირებდა. დირექციის განმარტებით, ეს ფოტო სკოლის მორალსა და სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა. წარმომიდგენია, რა ამბავი ატყდებოდა, იგივე ჩვენთან რომ მომხდარიყო.
_ ამერიკა ერთფეროვანი არ არის. ისევე როგორც საქართველოში, იქაც არსებობს პურიტანული საზოგადოება,რომლისთვისაც თანამედროვე ლიბერალების მოქმედებები სრულიად მიუღებელია. ბუნებრივია, იქაც ძალიან დიდი და სერიოზული ბრძოლაა განსაკუთრებით, ისეთ შტატებში როგორიცაა ტეხასი, არიზონა და ა.შ. აქ კი ქართველი ლიბერალები  შეგნებულად თუ შეუგნებლად, საზოგადოების თვალში დასავლეთის დისკრედიტაციას ახდენენ. როდესაც საზოგადოებას ეუბნები, რომ უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა და ქორწინების დეფინიცია ფაშიზმი და პრორუსული ნარატივია, ხოლო ჰომოსექსუალური ქორწინებები და ყველაფერი უკუღმართობა დემოკრატია და დასავლური ღირებულებები, რა თქმა უნდა, ის ფიქრობს, ვისი მხარე დაიჭიროს, რაც ძალიან სამწუხაროა. დიახ, სწორედ ეს ადამიანები უბიძგებენ საზოგადოებას პრორუსული კურსისკენ და ამ კურსის მებაირაღეებად გვევლინებიან. დასავლურ ქვეყნებშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ძალიან ძლიერია კონსერვატიული საზოგადოება. ამაზე მეტყველებს ტრამპის მოსვლა ამერიკაში, უნგრეთში ორბანი, იტალიაში სალვინი, ავსტრიაში კურცი და ა.შ. თანამედროვე ლიბერალიზმმა, რომელიც დაუპირისპირდა ღმერთს, კაცობრიობას და ყველანაირ სიწმინდეს.ყველას მოაბეზრა თავი და ამაზე ფრენსის ფუკუიამამაც განაცხადა.  სამწუხაროა, რომ საქართველო პერიფერიად ითვლება და ეს ევროპული ტენდენცია ჩვენამდე წლების მერე მოაღწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივიღებდით 488-ე დადგენილებას, რომელიც 2024 წელს უნდა ამოქმედდეს.
_ რას გულისხმობს ეს დადგენილება და რატომაა საშიში მისი ამოქმედება?
_ ამ დადგენილებაში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მიიღეს, პირდაპირ წერია, რომ საბავშვო ბაღმა  გენდერულად ნეიტრალური თაობა უნდა აღზარდოს და ბაღის აღმზრდელმა გოგო და ბიჭი არანაირ აქტივობებში არ უნდა  გამოარჩიოს. როგორც ვთქვი, დადგენილება 2024 წელს უნდა ამოქმედდეს. მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომ სერიოზული პროტესტისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა მალე ამასაც დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, ამაზე გიორგი კვირიკაშვილმა ხელი სრულიად გაუაზრებლად მოაწერა. სავარაუდოდ,  ეს საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი, სადაც საუბარი ძირითადად შემეცნიებით, აღმზრდელობით და ჰიგიენის საკითხებზეა, შეაპარეს, თუმცა ეს ასე არ დარჩება.  ჩვენ ამისთვის არ გვცალია.. როგორც ერი ვნადგურდებით, ტერიტორიები დასაბრუნებელია და არა გვაქვს უფლება, რომ მომავალი თაობა ულტრალიბერალური  იდეოლოგიით  გავზარდოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვერ აცნობიერებს ჩვენი ხელისუფლება
სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იდეოლოგიური კუთხით გააგრძელა ნაციონალური მოძრაობის გზა. მეტიც, საკანონმდებლო დონეზე, ნაციონალურ მოძრაობას იმდენი არ დაუშავებია, რაც ქართულმა ოცნებამ. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე სრულყოფილად ვერ ასრულებდა დავალებას და სააკაშვილი ამიტომ ჩაანაცვლეს. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე მგონია. შეიძლება ივანიშვილს არც სურს, რომ მოვლენები ასე ვითარდებოდეს, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევს. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან შედეგი ორივე შემთხვევაში, ერთია.
საუბარს ჩემი ფეისბუქ-პოსტით დავასრულებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე:
2012 წელს, როდესაც აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას და აზარტული ბიზნესის რეგულაციას ვითხოვდი, ხალხი დაიღუპება და მოსახლეობა გაღატაკდებათქო, ბევრი მეწინააღმდეგებოდა, ბიუჯეტში ფული შედისო…
2013 წელს, როდესაც კანონპროექტი დავწერე და ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვითხოვდი სავიზო რეჟიმის დაწესებას აზიის ქვეყნებთან, მეუბნებოდნენ ტურიზმის მტერი ხარო…
2013 წელს, როდესაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე დასავლური ქვეყნების მაგალითზე კანონი დავწერე, უმრავლესობა რელიგიურ ფანატიკოსს მეძახდა, სანამ ყველაფერი წმინდა არ შეგვიგინეს…
2014 წელს კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას რომ ვეწინააღმდეგებოდი, ბევრი დამცინოდა, სანამ ახალგაზრდები არ დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად…
2015 წელს, როდესაც ქართული მიწის დაცვის კომიტეტი შევქმენი, ბევრი მეუბნებოდა ინვესტიციას ნუ აბრკოლებ, უცხოელები მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ და წაიღებენო…
2016 წელს, როდესაც კანონპროექტით კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციას ვითხოვდი, ბევრი მეუბნებოდა, რომ ამის აუცილებლობა არ იყო და პოპულიზმში მადანაშაულებდა…
2016 წელს, როდესაც კანონპროექტით ვცდილობდი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების: “სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა” ამოღებას, ბევრი მეუბნებოდა რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა…
2017 წელს, როდესაც კანონპროექტით აბორტის შეზღუდვას ვითხოვდი, ბევრი მეუბნებოდა რომ ეს ქალის უფლებაა, სანამ ტრამპმა არ დაიწყო აშშ–ში აბორტის შეზღუდვის კამპანია…
2017 წელს, როდესაც კანონპროექტით უცხოელებზე მოქალაქეობის გამკაცრებას ვითხოვდი, მეუბნებოდნენ რომ ეს დისკრიმინაციულია, საბედნიეროდ დიდი ბრძოლის შედეგად მაინც გავამკაცრებინეთ!
2018 წელს, როდესაც კანონპროექტით უცხოელებზე ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვას და აზიის ქვეყნებთან (საიდანაც მიგრაცია მოდის) სავიზო რეჟიმის დაწესებას ვითხოვდით, 5 ოქტომბერს კანცელარიასთან აქციაზე მხოლოდ 300 კაცი ვიდექით და არცერთი ტელევიზია არ მოსულა…

დრომ გამოაჩინა რომ მართალი ვიყავი და წინასწარ პრობლემის დადგომამდე, წლებით ადრე, ვცდილობდი მეგობრებთან ერთად მის მოგვარებას…

„პროგრესნიუსი“

 

წინა პოსტი

,,ენდიაი”-ს რეიტინგით, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს 12 %-ით უსწრებს

შემდეგი პოსტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადება