აწი ნახოს!

1
Shares
Pinterest Google+

სონია ბოლო მაცხოვრებელი გახლდათ ამ, ახლა უკვე, სახურავჩანგრეულ, იატაკჩავარდნილ, უკარო და უფანჯრო სახლისა, ეზო რომ გაუვალ ტყეს მოუგავდა. ერთი ძროხა ჰყავდა, კარგად რომ იწველებოდა. სახლისთვისაც და გასაყიდადაც ყველა რძის პროდუქტი ჰქონდა. ეზოდან გადმოსულს მხოლოდ დილაობით თუ დაინახავდით, ძროხას რომ საბალახოდ გადენიდა. მეზობლებში არ დადიოდა, მხოლოდ სამძიმრებზე, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა. ქორწილებში არავინ ეპატიჟებოდა, რადგან იცოდნენ არ მივიდოდა. თუ კი მოხდებოდა და ვინმეს მის ეზოში ფეხი ჩაუცდებოდა, უპატივცემულოდ არ გამოუშვებდა. ტაბლას ძირითადად უგემრიელესი რძის პროდუქტებით გადაავსებდა.

სიტყვაძუნწი გახლდათ. თვალებში თითქმის არასოდეს შეგხედავდათ და თუ ეს მოხდებოდა, ვერასოდეს დაივიწყებდით ტკივილით სავსე ცისფერ თვალებს. თითქოს მთელი კაცობრიობის სევდისათვის წამით შეგახედებდათ, წამით, რადგან მეორე წამს ისინი მიწისკენ იხრებოდნენ. რამდენჯერ გამიგონია მეზობლებისაგან:

– ქია საკადრისად!

– უწიეს მამამისის ცოდვებმა!

– ჯერემ კიდო სადაა, აწი ნახოს! და კიდევ რამდენი…

სონია ყოველივეს გრძნობდა და ყველას თავს არიდებდა. ცხოვრობდა ასე მოკვეთილ-განდეგილად, სანამ ვინმეს ყველი, რძე ან რაიმე სხვა რძის პროდუქტი არ დასჭირდებოდა. ვფიქრობ ამის გამოც არ მივიდოდნენ სონიასთან, მაგრამ ამას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა – ის რომ სონია ძალიან მეიაფე გახლდათ და ის რაც ზემოთ ავღნიშნე, უგემრიელეს პროდუქტებს ამზადებდა.

მე მალულად დავდიოდი სონიასთან. არც არავინ მიკრძალავდა, მაგრამ მაშინ თითონ დავასკვენი – კარგ საქმეს არ ჩავდიოდი. ვგიჟდებოდი ,,სონიას ყველისთვის,, და ისიც ყოველ ჯერზე უხვად მიმასპინძლდებოდა.

სონიას რვა და ჰყოლია და ერთი ძმა. არც ერთ მათგანს შთამომავალი არ დარჩენია. არცერთს შვილი არ გაუჩნდა. სონია რომ გათხოვდა, არც მას ეყოლა შვილი. მას და მის ქმარს გოგონა აუყვანიათ, სულ ჩვილი. უბედნიერესი ყოფილან სონია და მასზე ოცი წლით უფროსი ქმარი. უბედნიერესი იმ დღემდე… სონიამ ქმარი ასაუზმა და ბაზარში გაისტუმრებია. ჩვილს რძე შეასვა და აკვანში ჩაუწვენია. აკვანი ეზოში გაუტანია და დიდი ხის ჩრდილში დაუდგამს, თითონ სახლში საქმიანობა დაუწყია. შუადღემდე ქმარიც დაბრუნებულა და შვილი მოუკითხავს. სონიამ ,,სძინავს,,-ო. კაცი აკვანთან მისულა და ერთი საზარლად დაუყვირია და იქვე გათავებულა. სონია იქით გაქცეულა, ჯერ ქმარს მივარდა მერე ბავშვს დახედა… სონიას შვილი ზეცაში იყო… თურმე ყვითელი ჭიები შესევია. სახე თითქმის აღარ ჰქონია.

– უწიეს მამამისის ცოდვებმა! – ო სონიას მამის სიკვდილს ვინც შეესწრო, გეტყოდათ: ,,რომ გეითიშა, რაცხა სახელების ჩამოთლა დეიწყო. ბეური ჩამოთვალა. მერე იმიორებდა, ბორგავდა. ქე იყო ასთე ერთი კვირა. მერე მოკტა. ახლა მაგას რამდონი ბაღანა ყავდა გაყიდული ოსმალეთში, მაი ვინ იცის?! ალბათ იგენს ხედავდა ბოლოს,,- ო. სონია ერთ დილით მეზობელს უნახავს ჭიშკართან გარდაცვლილი. იქვე მიწაზე პატარა ქვის ქვეშ ქაღალდის ნაგლეჯზე ეწერა: ,, მეზობლებო, არიკაცისთვის არასფელი არ მითხოვია. აი პირველია და რაფერც ხთებით უკანასკნელიც. გაყიდეთ ჩემი ძროხა და დამასაფლავეთ. მეტი აფერი არაა საჭირო. არიკაცზე წყენა არ მიმაქ. ამ სახში თუ ვინმე გადმუა, იცხოვროს ბედნიერათ. კაცებს იმას გეტყვით, რომე კაი მამები იყაით თქვენი შვილებიზა! სონია.,,

სონია ბოლო მაცხოვრებელი გახლდათ ამ სახლ-კარისა. მისი გარდაცვალება არ შემატყობინეს. ამას წინათ სონიას სახლთან მივედი. იქაურობას ვუცქერდი და მოხუცის თვალებში მოთავსებული ვეება ტკივილი, მხოლოდ ახლა გავიზიარე. უკან ვბრუნდებოდი და თან ,,სონიას ყველის,, გემო მომქონდა. მხოლოდ ერთხელ ჩამესმა – ,,ჯერემ კიდო სადაა, აწი ნახოს!,,

მერაბ ჩხაიძე

წინა სტატია

სიკვდილის შემდეგ “გვირაბის ბოლოს სინათლის“ ხილვას იკვლევენ

შემდეგი სტატია

"შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო!..." - გალაკტიონის წერილები დედას

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.