ასე დაგვიბარა…

5
Shares
Pinterest Google+

სამტრედიიდან 15 წუთში ქუთაისში ვიყავით. დილას კი ძლიერ იწვიმა, მაგრამ მაინც ცხელოდა. მანქანას რაღაც ჭირდა. ავტოსადგურზე ჩამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. მძღოლი მანქანას უჩხიკინებდა, როგორც სამტრედიაში. ორმოცდათხუთმეტიოდე წლის კაცი, რომელსაც ფეხსაცმელებით სავსე ორი დიდი ჩანთა ზურგზე შემოეგდო, პირდაპირ მძღოლთან მივიდა და საშინლად დამანჭული სახით მიმართა
– შვილიკო, ძამია არ მითხრა უარი ხაშურამდე უნდა წამოგყვე, არ მითხრა უარი ბოვშებს გაფიცებ.
– დაჯექი თუ ადგილს ნახავ, როდის მითქვია უარი აბდალო ზაურა? მძღოლი ეტყობა იცნობდა მოსულს.
– ა აქანა დავჯდები წინ.
– მად ზილარიენ. უთხრა სამტრედიაში ამოსულმა ახალგაზრდამ ზაურას. თვითონ შეტრიალდა და მენაყინესთან მივიდა.
– ცივია? კითხა
– კი. მიუგო მენაყინემ
– ტკბილია?
– კი.
– აბა რეიზა არ ჭამ? გაეხუმრა და არც მის პასუხს დალოდებია ისე შემობრუნდა და ტრანსპორტში ავიდა. გამეღიმა და ვიფიქრე ნაყინს ვიყიდი მეთქი. წავიწიე მაგრამ ჩემ წინ მოხუცი აღმოჩნდა, რომელიც წეღან ვერ შევამჩნიე.
– მეიტა ერთი. უთხრა მოხუცმა მენაყინეს. ქალი ძლივს მომუშავე მაცივარში ჩაეყუდა და იქიდან, როგორც იმ დროს შეეფერებოდა, შეუფუთავი და კარგად დაჭეჭყილი ნაყინი ამოაძვრინა. მოხუცმა დახედა
– რაია აი კამეჩის ნაღეჭია? იკითხა და შემობრუნდა. ქალმა პასუხი არ გაცა. მე ყიდვის ხალისი დამეკარგა. მძღოლმა მანქანა დაქოქა და წავედით.
– იყიდე ბიძიკო ამგენს თბილისში 40 ლარად ყიდიენ მე 25 ში გაძლევ, ა ნახე ძირები, ვეჩნია. ზაურა სამტრედიელს მიჯდომოდა.
– აი “მარკა” რაია? იკითხა სამტრედიელმა
– მაი არ იცი ამხელა კაცმა? თითქმის სერიოზულად კითხა ზაურამ. აი იაპონური ტუფლებია და აწერია ტოიამა ტოკანავა. გამეღიმა
– მერე რაია მაი?
– იამა და კანაო არ იცი რას ნიშნავს ბოშო? მაი ჩვენი გზებიზაა სპეციალურად გამოშვებული. მიხვდე იქნებ რამეფრად 24 და მორჩა. მარა შენ სანამ თბილისში არ ჩახვალ და რამეს არ მეიჯიბგირებ ჯიბაში არაფერი გექნება. შეწითლებულ სამტრედიელს ზურგი მიაქცია, მოხუცს მოუბრუნდა და სხვა წყვილი მიაწოდა.
– ა ნახე ბაბუ იყიდე და ას წლამდე გეყოფა.
– ვაი შე მართლა აბდალო, შენ რო გისმინო 4 წლის მკვდარი უნდა ვიყო უკვე. ოცად ევიღებ მეტს ვერ მოგცემ.
– რას ამბობ შე კაიდედმამისშვილო, ოცად მე თვითონ ძლივას ვშოულობ. 23 და ასოც წლამდე გატარებს. ზაურამ ცადა ესიამოვნებინა მოხუცისთვის.
– ასოცის მერე რა ვქნა? იხუმრა მოხუცმა.
– მერე? ზაურამ თვალები დაპრაწა…
– დაზღვევა გააკეთე. გადმოიძახა მძღოლის დამხმარემ, რომელიც მთელი გზა დაზღვევის ფირნიშის მიკვრას ცდილობდა საქარე მინაზე. ატყდა სიცილი.
– კაი ზაურა ნუ შეჭამე ტვინი. უთხრა მძღოლმა
– ტვინი თორე ერბოში, კვერცხში და სულგუნში არ გქონდეს ჩაშუშული. ყველა იღიმის. ზაურა თამამდება. ტვინი რო გქონდეს ორი დიპლომის პატრონი მაქანე რულს კი არ უნდა ღრეცავდე? ჩემი არ იყოს. – დააყოლა და ატყდა ხარხარი.
მძღოლმა ორმოს ვერ აუქცია და კარგად ჩაარტყა
– იამა ისკატელი გიყენია ბოშო თუ იაპონელი სნაიპერი ხარ? ზაურა არ ჩერდებოდა?
– ეგ როგორაა გამახსენე? იკითხა მომღიმარმა დამხმარემ.
– ტოკოსა ტომიმა. შეიფერა „ცოდნა“ ზაურამ. – ახალი გევიგე კიდე. იცი ბუასილი როგორაა იაპონურად? ზაურამ პაუზა გაჭიმა.
– თქვი მიდი. არ ეშვება დამხმარე. ზაურამ მიმოიხედა ქალები ვერ დაინახა და თქვა.
– ტაკოში ვავა. ატყდა ხარხარი.
საშინელი ღრჭიალით მანქანამ გზა გადაგვიკეტა. გავჩერდით. ავტომატიანებმა ძირს გადმოგვყარეს. გაგვჩხრიკეს და ნადავლით უკმაყოფილოებმა ზაურას ჩანთებს დაადგეს თვალი.
– წამოიღე ეგ რა არის? უთხრა ერთმა მეორეს.
– არ დამღუპოთ ბიძიკოებო, ბოვშებს რა ვაჭამო ეს რო წამართვათ? სხვა არაფერი მაბადია… მუხლებში ჩაუვარდა ზაურა ახალგაზრდა კაცს.
– წამოიღე რას უსმენ მაგის დედაც…
– არ დამღუპო შენი ჭირიმე… ხუთიოდე წუთი ეხვეწა, ემუდარა, ეომა ზაურა და ბოლოს ნაგინები, შეურაცხოფილი, გალახული და გაძარცული ჩაჯდა მანქანაში.
გზა დუმილით გაგრძელდა. ერთადერთი ზაურამ ამოიგმინა რამდენიმე წუთის შემდეგ
– ვაი შე საწყალო ზაურა? ვაი ბაღნებო… და თავი ხელებში ჩარგო. დიდი გზა არ გვქონია გავლილი, წინ ბოლში გახვეული მანქანა დავინახეთ.
– მაგნები არიენ? თქვა სამტრედიელმა. მანქანა ზედ ხევის პირას გაჩერებულიყო. ყველა კარი ღია ქონდა და შიგნიდან თეთრი მკვრივი ბოლი გამოდიოდა. ორი ბიჭი კარებთან ეგდო და მანქანისგან მიფორთხავდა. მძღოლმა გაზს ფეხი მიადგა.
– რას შობი გააჩერე. დაიძახა ზაურამ
– კიდე შარი გინდათ? იკითხა მძღოლმა
– გააჩერე! ერთად ვიყვირეთ მე და მოხუცმა.
მძღოლმა მუხრუჭს ფეხი დაადგა, მანქანა ღრჭიალით გაჩერდა. ზაურა სწრაფად ჩახტა და ბიჭებისკენ გაიქცა ხელი დასტაცა და ორივე ერთად მანქანიდან გამოათრია. მოხუცი, სამტრედიელი, და მძღოლები ბიჭებს მიცვივდნენ. ზაურა გაიმართა და თავისი ჩანთებისკენ წავიდა, რომლებიც გზაზე ეყარა. ნელა აიღო და სამარშუტო ტაქსში ავიდა. უცბად ჩამოხტა და იყვირა
– ის სადაა, ქე რო უფროსობდა? ბიჭები ისე იყვნენ პასუხის თავი არ ქონდათ. ზაურა მდინარისკენ გაიქცა.
– აუ ბიჭო ქვემოთ ჩავარდნილა. ე, წყალში აგდია, წეიღებს წყალი და დაახრჩობს. უშველეთ ვინმემ თუ ცურვა იცით. ზაურამ მძღოლებს შეხედა, მერე მოხუცს, სამტრედიელს და ჩემ ყავარჯენს
– ვაი ბაღნებო,.. თქვა, მოხუცს პასპორტი მიაწოდა და ხევში დაეშვა. წაიქცა, გახოხდა, გადაგორდა, და ქვას მიენარცხა. ძლივს ადგა. ნაპირი იქვე იყო, მაგრამ ბიჭი უკვე წყალმა წაიღო. ზაურამ საწყლად მოიხედა და წყალში შევიდა. ბიჭს დაეწია, ხელი ჩაჭიდა. ვერ მოერია. ისევ ჩაეჭიდა. წყალმა ორივე დაფარა. სამტრედიელი ჯერ ნელა, მერე სირბილით დაეშვა გზადაგზა ქვემოთ. სამი საათის მერე დაბრუნდა. მარტო ვიჯექი ჩანთებთან და ზაურას პასსპორტს ვათვალიერებდი უკვე მერამდენედ…
იმ წლების მერე ქუთაისის ავტოსადგურში პირველად მოვხვდი. მგზავრებს კუთხეში ვიღაც მიემწყვდიათ და ხარხარებდნენ. ვიფიქრე ზაურა იქნებ იყოს მეთქი და იქით წავედი. ახლოს არ ვიყავი მისული, წრე გაირღვა და ვიღაც ნასვამი მაწანწალა რკინიგზის სადგურისკენ გაიქცა. ზაურა არ იყო. გული დამწყდა. თვალი მენაყინე ქალისკენ გამექცა, რომელიც დაჟინებით მაკვირდებოდა. ქალმა მეზობელ გამყიდველს რაღაც გადაულაპარაკა და ჩემთან მოვიდა.
– უკაცრავად. ფრთხილად მომმართა ქალმა. ზაურას ხომ არ ეძებთ?
– დიახ. მივუგე მე. ქალის სიჩუმემ მიმახვედრა, რაღაც ნიშანს ელოდა ჩემგან. – თხუთმეტიოდე წლის წინ ერთად ვიმგზავრეთ… ბიჭის გადასარჩენად შევიდა ადიდებულ მდინარეში. ქალი მიხვდა, რომ არ ცდებოდა ჩემში და საოცრად ბედნიერი სახით მიიხედა უკან, თითქოს ვიღაცას უსიტყვოდ ნიშანს აძლევსო.…
– გადაარჩინა… 17 წელი გავიდა უკვე, ზაურა დიდი ხანი გელოდათ. სულ თქვენს ლოდინში იყო. ამბობდა ახალგაზრდა, მაგრამ ჭაღარა კაცი მოვა ყავარჯნით ხელშიო..
– ხო მაღალი კაცი იქნება, ლამაზი შავი თვალებით ”აკურატნად” ჩაცმულიო. საუბარში მოხუცი დალაქი ჩაერთო. რომლის მოსვლაც ვერ შევამჩნიე. – ნინო მიდი გოგო ჩანთა მეიტანე. ჩანთის ხსენებაზე დავიბენი. ვიფიქრე რაღაც გაუგებრობაა მეთქი. რამოდენიმე კაცი ახლოს მოვიდა. რამოდენიმე კი ინტერესით იყურებოდა ჩვენკენ.
– ზაურამ გამეიყვანა ის ბიჭი, მარა თვითონ ძალიან გლახათ იყო. დაიწყო ქალმა. ორი კვირა გონზე ვერ მოდიოდა საავადმყოფოში. ი ბიჭი მეორე დღეს გოუწერიათ და აღარავის უნახავს მას მერე.… სამი თვე სიკვდილს ეომა ზაურა. მერე ადგა რავარც იქნა, მარა ფეხი გოუფუჭდა და დაკოჭლდა. სულ თქვენს ლოცვაში იყო. ავადმყოფი კაცი შეწუხდა და ჩემი გულისთვის სოფელში, ღამით, ორი ბარდანა ტუფლი ეიტანაო….
– მაი კაცს ფული რომ არ დეეტოვა, ოჯახი შიმშილით გამიწყდებოდაო. შორიახლოდან შემოგვეხმიანა ძონძების მაღაზიის გამყიდველი. მეუხერხულა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.
– ხო ბიძიკო. გააგრძელა დალაქმა. 10 წელი აქანა იჯდა და გელოდა. შებრუნდა გოგონას ჩანთა გამოართვა და მომაწოდა. ა ეს ჩანთა სულ თან დაქონდა და გელოდებოდა. შენ ლოცვაში იყო სულ,7 წლის უკან დაიღუპა……
– რამდენი?
– 7 წელიწადია უკვე გასული, დაგვიბარა მოვაო. მაი ჩანთა შენია.
– ამდენი ხალხი მე მელოდით? – გაოგნებული ვიყავი. ჩანთაში ჩავიხედე. “აი იაპონური ტუფლებია” ჩამესმა ყურში. – 7 წელი მელოდით? – სხვა ვერაფერი ვთქვი.
– 17 ბიძიკო, 10 ზაურასთან ერთად, 7 მას მერე. ასე დაგვიბარა…

გიგა ვეფხვაძე, 2013.

 

წინა სტატია

ტაძრიდან წმინდა ნიკოლოზის მკლავი გამოიტანეს და საჯაროდ დაწვეს - „უღმერთოები“

შემდეგი სტატია

საქართველოში თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა - Freedom House

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.