მთავარი»საზოგადოება»„არ მაჩვენებს შვილს და არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს“ – ავთანდილ ხარაძის პირველი კომენტარი

„არ მაჩვენებს შვილს და არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს“ – ავთანდილ ხარაძის პირველი კომენტარი

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ავთანდილ ხარაძე, რომლის მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, “ინტერპრესნიუსს” ექსკლუზიურად ესაუბრა.

ის კატეგორიულად გამორიცხავს ყოფილ მეუღლეზე, სოფო კილაძეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. როგორც თავად ავთანდილ ხარაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, ყოფილ მეუღლეებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი 5 წლის შვილია.

„6 წელია, სოფო კილაძესთან ვიმყოფები საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინებაში. 2 თვის წინ ვთხოვე გაყრის პროცედურის დაწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ თითებზე ჩამოსათვლელად, ხუთჯერ ვნახე. ვნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გამომყავს ბაღიდან, როდესაც პატარა დაღლილია, დღის ბოლოა. გვიანი შემოდგომაა, ადრე ღამდება, ფიზიკურად ბავშვის წაყვანის საშუალება არ მაქვს არსად, გარდა გასართობი ცენტრისა, სკვერისა და ა.შ. სოფო არ მაჩვენებს ჩემს შვილს და ჩემი აზრით, ის არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს. მით უმეტეს, ამას თან ერთვის, რომ ჩვენ ხელი გაწერილი არ გვაქვს და არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ერთი სრული დღე არ მანახოს ჩემი შვილი. მან იმისთვის, რომ არ მენახა ჩემი შვილი, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რათა არ მივსულიყავი ჩვენ სახლში. ასევე, პოლიციამ განმიმარტა, რომ არ უნდა დავკავშირებოდი არც ერთი კონუმიკაციის საშუალებით, არ უნდა მენახა პირადად და არ უნდა მივსულიყავი სახლში 30 დღის განმავლობაში, რასაც პირნათლად ვასრულებ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე“ ,- განაცხადა ავთანდილ ხარაძემ.

ხარაძის თქმით სანამ სოფიო კილაძე ტელეეთერით კომენტარებს გააკეთებდა, ამას წინ შვილთან დაკავშირებული უთანხმოება უძღოდა.

„2 ნოემბერს მე ვთხოვე ბავშვის წაყვანა ქუთაისში, ჩემ მშობლებთან. აქვე ვიტყვი, რომ დაბადებიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენ შვილს დედაჩემი ზრდიდა, მაშინ, როდესაც სოფოს არ ეცალა და კარიერის აწყობით იყო დაკავებული. 4 წლის რომ გახდა ბავშვი, ჩემი დაჟინებული თხოვნით წამოვიყვანეთ ჩვენთან თბილისში. იმაზე, რომ ბავშვი გამზრდელ ბებიას ენახა, სოფომ კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომაც მივედი იმავე პოლიციაში, სადაც შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს, დავწერე განცხადება რომ 24 საათით მიმყავდა შვილი ქუთაისში და 24 საათის შემდეგ ჩამოვიყვანდი უკან – ასეც მოვიქეცი. შაბათს წავიყვანე, კვირას დავაბრუნე და დღეს კი ტელეეთერებით ეს განცხადებები გაკეთდა სოფოს მხრიდან, რაც ყველამ მოისმინა“,- აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავთანდილ ხარაძე.

მისივე თქმით, ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მცირეწლოვანი სტრესის ქვეშ იმყოფება.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბავშვი არის შეშინებული. ჩემთან ერთად როცა არის, 5 წლის ბავშვი, რომელმაც საათის ცნობა არ იცის, მეუბნება, რომ ერთი საათი უკვე გავიდა და სახლში უნდა დავბრუნდე, იმიტომ, რომ დედა გაბრაზდება და გაღიზიანდება. ახლა ქუთაისში როცა მყავდა წაყვანილი, როცა ვბრუნდებოდით, შებინდდა, გვაგვიანდებოდა და ბავშვმა დაიწყო ტირილი, დედა არ გაგვიღებს კარს იმიტომ, რომ გვაგვიანდება უკვეო, დედა წაგვეჩხუბებაო – ამის ვიდეო მტკიცებულებაც მაქვს. მას ასწავლიან ტყუილებს, რომ თქვას ისეთი რაღაცეები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სოფოს თეორიულად“, – აცხადებს დეპუტატის მეუღლე.

„ახლა ამ ინტერვიუს მოცემაც ჩემთვის ჯოჯოხეთის გავლაა, მე არ ვარ ამ პროცესებს შეჩვეული, მაგრამ ჩემს შვილს ვერ დავთმობ. რომელ ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი – 6 წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი. ძალიან ადვილია, ვიღაცას რაღაც დააბრალო და შემდეგ იმან იმართლოს თავი. მარტივია მხოლოდ რაღაცეების დაბრალება და იმის თქმა, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარო. მან შელახა ჩემი რეპუტაცია, ფეხქვეშ გათელა და მთელი ქვეყნის სალაპარაკო გამხადა. ჯერ საზოგადოება იმაში ვერ გაერკვა ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი თუ ფიზიკურზე. ძალადობა იმდენად სენსიტიური თემაა, როდესაც ესმით ეს სიტყვა, სხვას არაფერს აქვს შემდეგ მნიშვნელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მას არა და ვერ დავთმობ. მით უმეტეს, როდესაც არც ერთი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ჩემს შვილთან თვეში 24 საათი მაინც არ გავატარო. აუცილებლად, ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად“,- განაცხადა ავთანდილ ხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

კილაძე ადასტურებს იმასაც, რომ მის ყოფილ მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას უარყოფს.

ინტერპრესნიუსი

წინა პოსტი

„დედა სიდონია შეუერთდეს ბაია პატარაიას, ანდრია სარიამ დაიწყოს რომანის წერა მე, პაატა და იღუმენია თამარი“

შემდეგი პოსტი

„ირანში,500-კაციან სუფრაზე მუსლიმანებმა ჩვენს პატრიარქს სთხოვეს ლოცვის წარმოთქმა“