მთავარი»ხელოვნება»ამადეო მოდილიანისა და ანა ახმატოვას სიყვარულის ისტორია

ამადეო მოდილიანისა და ანა ახმატოვას სიყვარულის ისტორია

0
Shares
Pinterest Google+

ცნობილ რუს პოეტ ქალბატონს – ანა ახმატოვას (1889-1966) პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარდა. საკუთარ გრძნობებს ხშირად, ლექსებით ამხელდა. თუმცა, არსებობს ერთი ისტორია, რომელიც ახალგაზრდობაში გადახდა თავს და მთელი ცხოვრება საიდუმლოდ ინახავდა. მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, მცირედით ახადა ფარდა თავის რომანს იტალიელ მხატვარ – ამედეო მოდილიანისთან (1884-1920).

ისინი ერთმანეთს პარიზში, 1910 წელს შეხვდნენ. წარმოშობით ებრაელი მოდილიანი იტალიიდან საფრანგეთში საცხოვრებლად 1906 წელს გადავიდა, რათა ცნობილ ფრანგ ფერმწერებთან მხატვრულ ოსტატობას დაუფლებოდა. ის მაშინ ჯერ არ იყო ცნობილი, ძალიან ღარიბი გახლდათ. მისი ბიოგრაფიის შესახებ ბევრი რამ დაიწერა კიდეც და კინემატოგრაფიაშიც აღიბეჭდა, მაგრამ არაფერი თქმულა რუსი ახალგაზრდა პოეტი ქალის შესახებ.

ამ შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, 1910 წლის გაზაფხულზე, ანა ახმატოვა პოეტ ნიკოლაი გუმილიოვზე დაინიშნა. ისინი ერთად გაემგზავრნენ პარიზში. თანამედროვეთა გადმოცემით, ახალგაზრდა ქალი, თავისი მიმზიდველი გარეგნობით, უცნობი ადამიანების აღტაცებას იწვევდა, თვითონ კი ამას ასე ხსნიდა: “მე უბრალოდ, უცხო ვიყავი, ამოუცნობი უცხოელი ქალი”.
ლიტერატურულ წრეში ახმატოვას შესვლა მოულოდნელი იყო, მაგრამ ტრიუმფული. მისი ადრეული პოეტური მონაცემების შესახებ, მანამდე შეიძლება, მხოლოდ მისმა მეუღლემ იცოდა. ნიკოლაი გუმილიოვი 1910-იან წლებში უკვე ახალი პოსტსიმბოლისტური პოეტური მიმდინარეობის – ე.წ. “აკმეიზმის” აღიარებული ლიდერი გახლდათ.
ახალბედა მხატვარი მოდილიანი ახმატოვას პარიზის ცენტრში შეხვდა. არისტოკრატული გარეგნობის ამედეო განსაკუთრებული ექსტრავაგანტურობითა და მგრძნობიარობით გამოირჩეოდა, რაც რუსი გოგონასთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოგვიანებით იგონებდა, რომ პირველი შეხვედრისას, მხატვარს ყვითელი ველვეტის შარვალი და შესაფერისი ქურთუკი ემოსა. ამედეომ ფრთხილად სთხოვა ნებართვა – დაეხატა მისი პორტრეტი. ანა დათანხმდა. ასე დაიწყო მათი ურთიერთობა.

პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ, ახმატოვამ ლექსების წერა განაგრძო და ისტორიისა და ლიტერატურის კურსებზე შევიდა. სექტემბრის დასაწყისში მისი მეუღლე აფრიკაში გაემგზავრა და დაიბარა, რომ მომდევნო წლის გაზაფხულზე დაბრუნდებოდა. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხუმრობით “თივის ქვრივს” ეძახდნენ, დადარდიანდა. თითქოს მის აზრებს კითხულობდა, პარიზელმა მხატვარმა მოულოდნელად, ცეცხლოვანი წერილი მისწერა, რომელშიც გამოუტყდა, რომ მისი დავიწყება არ შეეძლო და ანასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. წერილები გახშირდა და ყოველ მათგანში მოდილიანი მას სიყვარულს უხსნიდა.
მეგობრებისგან, რომლებიც პა­რიზიდან ჩამოდიოდნენ, ახმატოვამ შეიტყო, რომ დედო (ასე ეძახდნენ ახლობლები მხატვარს) ღვინოსა და ნარკოტიკებს მიეძალა. მოდილიანს თრგუნავდა სიღატაკე და უიმედობა. რუსი გოგონა კი, რომელიც ასე მოულოდნელად “შეფრინდა” მის ცხოვრებაში, შორს იყო…
1911 წლის მარტს, გუმილიოვი აფრიკიდან დაბრუნდა. მეუღლეთა შორის უსიამოვნება მოხდა. განაწყენებული ახმატოვა პარიზში გაემგზავრა და თავისი თაყვანისმცემელი გაიხსენა. ანამ იქ სამი თვე გაატარა. მან სრულიად სხვაგვარი ამედეო იხილა: გამხდარი, ლოთობითა და უძილო ღამეებით გამოფიტული. დედო მრავალი წლით დაბერდა, წვერი მოუშვა და მოხუცს დაემსგავსა. თუმცა, ვნებიან იტალიელს ანა მაინც ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად მიიჩნევდა. ამედეო, თავისი იდუმალი, მრავლისმთქმელი მზერით თითქოს, ვნების ცეცხლში ახვევდა. მხატვარმა ანა ანდრეევნას დაუვიწყარი დღეები უსახსოვრა.
მრავალი წლის შემდეგ, თავის პროზაულ ჩანაწერებში ახმატოვა იგონებდა, რომ მოდილიანი ისეთი ღარიბი იყო, ვერსად ეპატიჟებოდა და ამიტომ, სულ ქალაქის ქუჩებში დაატარებდა. საყვარელ ლუქსემბურგის ბაღშიც კი, კომფორტულ სკამებზე დაჯდომა არ შეეძლოთ, რადგან საამისოდ საფასურის გა­დახდა იყო საჭირო. ისინი ღამის პარიზშიც დასეირნობდნენ, ძველ და ბნელ, ვიწრო ქუჩებში დაეხეტებოდნენ. ერთხელ გზაც კი აჰბნევიათ და მხატვრის სახელოსნომდე მხოლოდ გამთენიისას მიუღწევიათ.

პაწაწინა, მხატვრული ტილოებით დახვავებულ ოთახში, ახმატოვა მხატვრისთვის პოზირებდა. იმ სეზონზე მოდილიანმა – როგორც ანა ანდრეევნა იგონებდა, ქაღალდზე თურმე, ათზე მეტი მისი ჩანახატი გააკეთა, რომლებიც შემდეგ, ხანძრის დროს, თითქოსდა დაიწვა. თუმცა, ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის აზრით, ისინი თავად ახმატოვამ გადამალა, რადგან პორტრეტების ჩვენება მსოფლიოსთვის არ ისურვა. შესაძლოა, მაშინ პოეტ ქალს ეშინოდა, რომ ამით მათი ურთიერთობა გამოაშკარავდებოდა.
მათ ერთად ყოფნა შეეძლოთ, მაგრამ ბედისწერამ ისინი დააშორა. იმ წელს კი, შეყვარებულები ამაზე არ ფიქრობდნენ. ერთი – მარტოხელა და ღატაკი მხატვარი იყო, მეორე – გათხოვილი, მაგრამ მაინც მარტოსული პოეტი ქალი.
დღისით, მოდილიანს ანა მუზეუმებში დაჰყავდა. განსაკუთრებით ხშირად, ლუვრის ეგვიპტურ სარდაფს სტუმრობდნენ. ამედეო დარწმუნებული გახლდათ, რომ ყველაზე ღირებული ხელოვნების ნიმუშები სწორედ ეგვიპტური წარმოშობისა იყო. მხატვარი ფერწერის სხვა მიმართულებებს არ აღიარებდა. ხშირად, რუს მეგობარსაც ეგვიპტელი დედოფლებისა და მოცეკვავეების სამოსში გამოსახავდა.
ახმატოვა იხსენებდა, რომ წვიმაში, მზრუნველი დედო მის თავზე უზარმაზარ შავ ქოლგას შლიდა – თითქოს ამით ყველა ყოფითი საზრუნავისგან იცავდა. ასეთ წუთებში ანასთვის მხოლოდ ის არსებობდა, მისი უცნაური მეგობარი, რომელიც პატარა ბავშვად ეჩვენებოდა – უაზრო რომანტიკოსად, არამიწიერი სამყაროების მეხოტბედ.

ანა იგონებდა იმასაც, რომ ამედეო არასდროს უნახავს მთვრალი. მხო­ლოდ ერთხელ, ჰაშიშით გაბრუებულს ეჭირა მისი ხელი და იმეორებდა: “იყავი კეთილი, იყავი ნაზი”. მაგ­რამ, როგორც პოეტი ამტკიცებდა, “არც კეთილი და არც ნაზი მასთან არ ყოფილა”.
როცა ახმატოვა პარიზს ტოვებდა, მხატვარმა ნახატების შეკვრა გადასცა, როგორც ყოველთვის, მოკლე მინაწერით – “მოდი” (ფრანგულიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც – “შერისხული”). ამედეო ანას სთხოვდა, რომ მისი ნახატები სამშობლოში, საკუთარ ბინაში გამოეფინა, მაგრამ ახმატოვამ ისინი საიმედო ადგილას გადამალა. მხოლოდ ერთადერთი სურათი დაიკიდა საწოლის თავთან, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად იყო.
ანა ახმატოვა ამტკიცებდა, რომ მის შემოქმედებაში არც ერთი ლექსი მოდილიანს არ ეძღვნებოდა. თუმცა, ეს საეჭვოა. ზოგიერთ ლექსში აშკარად იკითხება მონატრება და სევდა, რომელიც პარიზთან და საყვარელ მამაკაცთან აკავშირებდა. ერთ-ერთ ასეთ ლექსში, “წარწერა დაუსრულებელ პორტრეტზე” რომ ჰქვია, ვკითხულობთ:
“ნუ სწუხართ ჩემზე,
დანაშაულებრივი და ამაოა დარდი,
ამ რუხ ტილოზე მე უცნაურად
და გაურკვევლად გავჩნდი”.
“…არა აქვს ბრალი დანაშაულში,
წავიდა, თვალებს სხვათა შესცქერის,
სულ არაფერი არ მეზმანება,
სიკვდილის წინა ლეთარგიაში”.
(1911 წ.)
დედო ქალებთან შეხვედრებს განაგრძობდა. ის მუდმივად ეძებდა ნატურასა და მუზას. მის სახელოსნოში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოცეკვავე გოგონები იაფფასიანი კაბარედან და ბორდელიდან; მოვაჭრენი; ქუჩის ქალები. მოდილიანი თვლიდა, რომ ქალის გამოსახვა ტილოზე მხოლოდ მისი გრძნობიერი შეცნობით იყო შესაძლებელი.

ამედეომ ისევ სმა დაიწყო, ეწეოდა ჰაშიშს, მისდევდა აღვირახსნილ ცხოვ­რებას და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას თავის გაუარესებულ ჯანმრთელობას.
1914 წელს მხატვარმა მდიდარი ინგლისელი – ბეატრის ჰასტინგსი გაიცნო, რომელიც მასზე 5 წლით უფროსი იყო. მათ მძაფრი რომანი ჰქონდათ. ორი წლისთავზე, ამედეოს მთვრალი დებოშებით თავმობეზრებული ბეატრისი მისგან წავიდა.
ერთი წლის შემდეგ, მოდილიანი 20 წლის ჟანა ებიუტერნმა გაიტაცა. მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს და 1918 წლის შემოდგომაზე ქალიშვილი შეეძინათ. ამედეომ, როგორც იქნა, ბედნიერება იგრძნო. მას ნანატრი ცხოვრება და სიმშვიდე ეღირსა. თუმცაღა, დღითი დღე ძალა ეცლებოდა. 1919 წლის ბოლოს, მოდილიანი ძლიერ გაცივდა და გავრცელებული აზრით, ამ მიზეზით, ერთ თვეში გარ­დაიცვალა. დარდით შეძრულმა მეუღლემ, რომელიც კვლავ ფეხმ­ძიმედ იყო (8 თვისა), ამას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა (ფანჯრიდან გადახტა). ეს ტრაგიკული ამბავი ახ­ლა მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი.

ანა ახმატოვამ მოდილიანის სიკვდილის შესახებ შემთხვევით გაიგო, როცა 1920 წლის იანვარში, ძველი ევროპული ხელოვნების ჟურნალი გადაშალა და პატარა ნეკროლოგი ამოიკითხა.
წლების შემდეგ, ამედეო მოდილიანის ქალიშვილმა მამაზე წიგნი დაწერა, რომელშიც მხატვრის ცხოვ­რება და ათობით სასიყვარულო რომანი აღწერა. მან ყველა მოიხსენია, ვისთანაც კი მამას ოდესმე გრძნობიერი კავშირი ჰქონია და არც ხანმოკლე ურთიერთობები გამორჩენია. ანა ახმატოვაზე კი სიტყვაც არ არის ნათქვამი. შესაძლოა, იტალიელი მხატვარი ისევე ფარავდა ამ ურთიერთობას, როგორც რუსი ქალბატონი…
1922 წელს მსოფლიომ მოდილიანი დიდ მხატვრად აღიარა. ჩვენს დროში კი, მისი ტილოები აუქციონებზე, 15 და მეტ მილიონ დოლარად იყიდება. 1960-იანი წლების დასაწყისში, ახმატოვამ მოინახულა იტალია, ინგლისი და საფრანგეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, გადაწყვიტა დაეწერა მოგონება იტალიელ მხატვართან შეხვედრების შესახებ. მაშინ ის გამოტყდა: “ყველაფერი, რაც ხდებოდა, ჩვენი: მისი – ხანმოკლე, ჩემი – ძალიან გრძელი ცხოვრების წინარე ისტორია იყო”.

მას შემდეგ, პოეტი აღარ უარყოფდა სიყვარულს ამედეო მოდილიანის მიმართ. ახმატოვა 1966 წლის 5 მარტს, მოსკოვთან ახლოს, დომოდედოვოში გარდაიცვალა. ის კო­მაროვოში, პეტერბურგთან ახლოს დაკრძალეს.
1990-იან წლებში, იტალიაში მოდილიანის გამოფენა გაიმართა. 100 ნახატს შორის, რომელიც იქ იყო ექსპონირებული, მნახველებმა მიმზიდველი შავთმიანი გოგონას გამოსახულებებიც იხილეს – ეს ცნობილი რუსი პოეტი ქალის, ანა ახმატოვას პორტრეტები გახლდათ.

წყარიო: http://gza.ambebi.ge/

წინა სტატია

პატარა ამბები

შემდეგი სტატია

გლობალური დათბობა ადამიანებს ქონდრისკაცებად აქცევს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.